გადაწყვეტილება №23351/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23351/2/2024
01 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 24.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23351/2/2024).
დავის საგანი:
1. შემოწმებით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების რეალიზებულად განხილვა;
2. ჯართის შეძენის ხარჯის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფიზიკური პირების მიერ მიღებული შემოსავლების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
3. ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2024 წლის №227-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12962 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 251 358,89 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 167 196
დღგ - 13 851
საშემოსავლო გადასახადი - 153 345
ჯარიმა - 80 621
საურავი - 3 541,89
პროცედურული გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენდა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის 20.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 8.06.2023 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2024 წლის №227-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12962 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმებით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების რეალიზებულად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.02.2024 წლის №4172 ბრძანებით დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის თანახმად პირის მარაგების ფაქტობრივი ნაშთების ღირებულება განისაზღვრა 0 ლარი. გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადები და გაირკვა, რომ პირს შიდა გადაზიდვებით მიჰქონდა მასალები მისამართზე და ძირითადად ამ მისამართიდან ახორციელებდა რეალიზაციის ზედნადებების გაწერას. საქონლის მოძრაობის ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური მარაგები. სმფ-ების ნაშთი რეალიზებულ იქნა გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასებით. გამოვლენილმა დამატებითმა რეალიზაციამ ჯამში შეადგინა 190 806 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მოხდა მიმღები მხარის იდენტიფიცირება, გამოვლენილი რეალიზაციები მიჩნეული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებად.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი 2024 წლის პირველი თებერვლიდან, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 165-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 172-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 27.02.2024 წლის №4172 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად პირის მარაგების ფაქტობრივი ნაშთების ღირებულება განისაზღვრა 0 ლარით.
შემოწმების მიერ შედგენილი იქნა საქონლის მოძრაობა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები ჩაითვალა რეალიზებულად გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასებით. ასევე, ვინაიდან, შემოწმებით ვერ მოხერხდა საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება დამატებით გამოვლენილი რეალიზაციები მიჩნეული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებად. კომპანიას განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დაერიცხა დღგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ვინაიდან, შემოწმებით ვერ მოხერხდა საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება, დამატებით გამოვლენილი რეალიზაციების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებად განხილვა და კომპანიის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასებით რეალიზებულად მიჩნევა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორმა არასწორად შეადგინა საქონლის მოძრაობის უწყისები, თვითნებურად განსაზღვრა საწყისი/საბოლოო ნაშთები, სარეალიზაციო ფასები, ამასთან, გადასახადის გადამხდელის საქმიანობა გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. არასამართლიანია შემოწმების მხრიდან თვითნებურად სმფ-ების ნაშთების განსაზღვრა მხოლოდ შიდა გადაზიდვის დოკუმენტაციის საფუძველზე და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა, ვინაიდან შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები არ წარმოადგენს საგადასახადო-სააღრიცხვო დოკუმენტს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის, შესაბამისად ადგილობრივ ბაზარზე მისი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან გადამხდელის და მისი მსგავსი კომპანიების კლიენტურას წარმოადგენენ ექსპორტიორი საწარმოები, რომლებიც დოკუმენტის გარეშე არ ყიდულობენ საქონელს იმ მიზეზით, რომ შემდგომში შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ექსპორტიორები ვერ მოიპოვებენ ექსპორტის განსახორციელებლად საქონლის წარმოშობის სერთიფიკატებს, შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგსაც სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ან სხვა საგადასახადო სამართალდარღვევაზე არ გამოუვლენია გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად აუდიტორის მიერ გამოვლენილი ე.წ „დამატებითი 190 806 ლარის რეალიზაცია“ არ მომხდარა, შესაბამისი წესებით შემოწმებასაც არ გამოუკვლევია სრულად გარემოებები და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ზერელედ აქვს გამოყვანილი.
აუდიტორს მოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოს თანახმად უნდა მოეძიებინა აუდირებული ფასნამატები, ვინაიდან 25%-იანი რენტაბელობა შავი და ფერადი ლითონების ჯართის/ნარჩენების საბითუმო ვაჭრობაში არარეალურია, ამასთან არსებობს უამრავი აუდირებული მონაცემები, რომელთა ფასნამატები მერყეობს 5%-დან მაქსიმუმ 10%-მდე.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველმე-3 ნაწილებზე და 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა არასწორად შეადგინა საქონლის მოძრაობის უწყისები, თვითნებურად განსაზღვრა საწყისი/საბოლოო ნაშთები და სარეალიზაციო ფასები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად: 1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შიდა გადაზიდვებით მიჰქონდა მასალები მისამართზე და ძირითადად ამ მისამართიდან ახორციელებდა რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებების გამოწერას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.02.2024 წლის №4172 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის თანახმად, საწარმოს მარაგების ფაქტობრივი ნაშთების ღირებულება განისაზღვრა 0 ლარი. შემოწმების შედეგად შედგენილი საქონლის მოძრაობის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური მარაგები. ვერ მოხდა საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება, რის შედეგადაც დამატებით გამოვლენილი რეალიზაციები მიჩნეული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ვინაიდან მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. ჯართის შეძენის ხარჯის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფიზიკური პირების მიერ მიღებული შემოსავლების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდებოდა შეძენები. ამასთან, არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია შეძენილი მასალების და გაწეული ხარჯების შესახებ. სავარაუდოა, რომ შესყიდვებს ახდენდა ფიზიკური პირებისაგან. შესამოწმებელ პერიოდზე საგადასახადო დეკლარაციები წარდგენილი არ ჰქონია.
ვინაიდან გადამხდელს ჯართის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნდა, ხარჯი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, გამოითვალა მიღებული შემოსავლებიდან, №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასდა 25%-იანი რენტაბელობით.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე, გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით დაიბეგრა ფიზიკური პირის მიერ შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან ნარჩენის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 101, 1333 მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე, 105-ე, 72-ე და 43- ე მუხლებზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდებოდა შეძენები. შემოწმების ვარაუდით კომპანია შეძენებს ახდენდა ფიზიკური პირებისგან, თუმცა შემოწმებისათვის არ წარდგენილა რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია შეძენილი მასალების და გაწეული ხარჯების შესახებ. ვინაიდან გადამხდელს ჯართის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნდა, შემოწმებამ იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯი გამოითვალა მის მიერ მიღებული შემოსავლებიდან. ამასთან, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე საგადასახადო დეკლარაციები წარდგენილი არ ჰქონია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შეძენების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განპირობებულია საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილით და გამოყენებულია იმ შეძენებზე, რაზეც არ ყოფილა სასაქონლო ზედნადები გამოწერილი. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის როგორც პირდაპირი (დოკუმენტური), ისე არაპირდაპირი მეთოდის მიზანი ერთია - მაქსიმალურად ობიექტურად და სამართლიანად განისაზღვროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება. ამასთან, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება დოკუმენტაციის ნაკლებობითაა განპირობებული, მოცემული ნაკლებობა უნდა შეივსოს შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის ყოველმხრივი, ლოგიკური, ობიექტური ანალიზით. შესაბამისად, თუ არსებობს საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობა და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კერძოდ, სავაჭრო საქმიანობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია ფასნამატის მეთოდის გამოყენება, მაშინ საგადასახადო ორგანომ სრულად უნდა გაანალიზოს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია საქონლის შესყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით.
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით ფასნამატის გამოანგარიშება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, არსებული ინფორმაციის სრული და ყოველმხრივი ანალიზით, ვინაიდან „ცალსახაა, რომ რაც უფრო მაღალია ფასნამატი, მით უფრო იზრდება საბოლოო მოხმარებისათვის გამიზნული საქონლის ფასი და შესაბამისად საწარმოს მოგება“ და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24392 ბრძანებით დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა ხორციელდება ორი სავალდებულო საფეხურის გავლით: ა) პირველი საფეხური - საფუძვლის დადგენა; ბ) მეორე საფეხური - მეთოდის შერჩევაგამოყენება.
მეთოდური მითითების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდის შემდეგი სახეები: ა) ფასნამატის მეთოდი; ბ) დანახარჯების მეთოდი; გ) შედარების მეთოდი; დ) სხვა ალტერნატიული მეთოდი.
მეთოდური მითითების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდების გამოყენება რეკომენდებულია: ა) ფასნამატის მეთოდი - ვაჭრობაში; ბ) დანახარჯების მეთოდი - წარმოებაში და მომსახურების გაწევაში; გ) შედარების მეთოდი - სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობისას.
მეთოდური მითითების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ფასნამატების დადგენის წყარო შეიძლება იყოს: ა) პირველი - სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც იდენტიფიცირებადია პირის რეალიზაცია (შემდგომში - „დოკუმენტური ფასნამატი“); ბ) მეორე - პირთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებ(ებ)ით, კერძოდ ინვენტარიზაციითა და დათვალიერებით, დაფიქსირებული ინფორმაცია (შემდგომში - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“); გ) მესამე - შესადარისი პირის ან ამავე პირის სხვა საგადასახადო შემოწმების მასალები (შემდგომში - „სხვა შემოწმების ფასნამატი“); დ) მეოთხე - შესადარისი მესამე პირებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (შემდგომში - „მესამე პირების ფასნამატი“); ე) მეხუთე - საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია (შემდგომში - „სხვა ფასნამატი“).
მეთოდური მითითების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ფასნამატები გამოიყენება შემდეგი რიგითობით: ა) პირველი - „დოკუმენტური ფასნამატი“; ბ) მეორე - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“; გ) მესამე - „სხვა შემოწმების ფასნამატი“; დ) მეოთხე - „მესამე პირების ფასნამატი“; ე) მეხუთე - „სხვა ფასნამატი“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყოველი მომდევნო ფასნამატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ფასნამატის თაობაზე არ მოიპოვება სათანადო ინფორმაცია ან/და ვერ კმაყოფილდება შესაბამისი ფასნამატის დადგენილად მიჩნევის პირობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, დაევალოს დავების დეპარტამენტს საჩივრის ხელახლა განხილვა და დაავალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება. კერძოდ საგადასახადო შემოწმების აქტის პირველი საკითხის თანახმად დაავალოს აუდიტის დეპარტამენტს შედგენილი საქონლის მოძრაობის უწყისებიდან არ გაითვალისწინოს გადამხდელის მიერ გამოწერილი შიდა გადაზიდვის დოკუმენტები. ხოლო, შემოწმების აქტის მე-2 და მე-3 საკითხების თანახმად დაავალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს აუდირებული ფასნამატებით.
შემმოწმებელ აუდიტორს მოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოს თანახმად უნდა მოეძიებინა აუდირებული ფასნამატები, ვინაიდან 25%-იანი რენტაბელობა შავი და ფერადი ლითონების ჯართის/ნარჩენების საბითუმო ვაჭრობაში არარეალურია, ამასთან არსებობს უამრავი აუდირებული მონაცემები, რომელთა ფასნამატები მერყეობს 5%-დან მაქსიმუმ 10%-მდე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება შეძენები. არ არის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შეძენილი მასალების და გაწეული ხარჯების შესახებ. არ ხდება საქონლის მიმწოდებელი მხარის იდენტიფიცირება. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ჯართის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების დროს არ წარუდგენია და არც დავის განხილვის ეტაპზე არ წარმოადგენს საქონლის შეძენასთან დაკავშირებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას, ჯართი ფიზიკური პირებისგან შეძენილად მიჩნეულია მართლზომიერად, ხოლო შეძენის ხარჯი განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებისას, შემოსავალში ჩაირთო შემოწმების პერიოდში განხორციელებული რეალიზაციის სრული თანხები, ხოლო გადახდილ თანხებად შემოწმებით დადგენილი ხარჯი. სხვაობამ შეადგინა 447 367 ლარი. სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად (საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.02.2024 წლის №4184 ბრძანება) სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა განისაზღვრა 0 ლარით. აღნიშნული თანხების საწარმოში არსებობა ან რაიმე ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დადასტურდა.
შედეგად, ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში და საწარმოს საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები, შემოწმების მიერ დადგენილი ხარჯის გათვალისწინებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 27 თებერვლის №4184 ბრძანების საფუძვლით სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა განისაზღვრა 0 ლარი, გამომდინარე აქედან აღნიშნული თანხების საწარმოში არსებობა ან რაიმე ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დადასტურდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია მე-2 დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
რეალიზაციის სრული თანხების, შემოწმების შედეგად განსაზღვრული ხარჯის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.02.2024 წლის №4184 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის მონაცემებით, შემოწმების შედეგად დადგინდა საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი.
ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის და ასევე, დავის განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული მონაცემები, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 76 673 ლარი, 291-ე მუხლით 100 ლარი და 3 848 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2024 წლის №227-8 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 3 541,89 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე 275-ე, 282-ე და 291-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ამასთანავე დაევალოს დავების დეპარტამენტს გამოიყენოს მასზე დელეგირებული უფლებამოსილება და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლოს საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული სანქციებისაგან, ასევე დამატებით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშების შემდგომ დამატებით დასარიცხი სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმებით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების რეალიზებულად განხილვა;
2. ჯართის შეძენის ხარჯის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფიზიკური პირების მიერ მიღებული შემოსავლების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
3. ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ შედგენილი იქნა საქონლის მოძრაობა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები ჩაითვალა რეალიზებულად გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასებით. ასევე, ვინაიდან, შემოწმებით ვერ მოხერხდა საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება დამატებით გამოვლენილი რეალიზაციები მიჩნეული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებად. კომპანიას განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების დროს არ წარუდგენია საქონლის შეძენასთან დაკავშირებულ ინფორმაციას/დოკუმენტაცია, შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აღნიშნული მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილით საშემოსავლო გადასახადით დაიბეგვრა იმ შეძენები, რაზეც არ ყოფილა სასაქონლო ზედნადები გამოწერილი.
შემოწმების მიერ შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში და საწარმოს საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები, შემოწმების მიერ დადგენილი ხარჯის გათვალისწინებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ვინაიდან მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 159; 165(1); 172(4-ძ); 282; 1333(2); 101; 154; 269(7); 291; 275