გადაწყვეტილება №23034/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.07.2024
№ დოკუმენტი 23034/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23034/2/2024

30 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 11.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23034/2/2024).

 

დავის საგანი:

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №007-45 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 აპრილის №9654 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 138 222 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 88 424

დღგ - 44 650

მოგების გადასახადი - 43 774

ჯარიმა - 44 212

საურავი - 5 586

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 მარტის №5938 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 20 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №15769 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, მომჩივანს გამოუვლინდა 292 702 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი. გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შესაბამისი პერიოდის მოგების და დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის თაობაზე, რაც მომჩივნის მიერ განხორციელებული არ არის. საგადასახადო კოდექსის 98-ე და 161-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დღგ. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №6223 ბრძანება და №007-45 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 138 222 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 17 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 24 აპრილის №9654 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 286-ე, მე-8, 158-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 97-ე, 983 , 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ინვენტარიზაციის შედეგები გასაჩივრებულია სასამართლოში და ამჟამად მიმდინარეობს დავა აღნიშნულ საკითხზე. ვინაიდან ეს დავა ჯერ სასამართლოს მიერ განხილული არ არის, მოულოდნელი აღმოჩნდა შემოსავლების სამსახურის 19.03.2024 წლის №5938 ბრძანება კომპანიის „საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ“. ამ ბრძანებით განისაზღვრა, რომ „შემოწმდეს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 04 ივლისის №15769 ბრძანებით განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებად აღიარების და აქედან გამომდინარე, სათანადო გადასახადების დეკლარირების სისწორე“, ხოლო „შემოწმების ვადა განისაზღვროს 2024 წლის 19 მარტიდან 2024 წლის 17 აპრილის ჩათვლით“.

არ გონიათ, რომ იმ დროს, როდესაც დანაკლისის გამოვლენაზე (ჩატარებულ ინვენტარიზაციაზე) შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრებულია მომჩივნის მიერ, გონივრული იყოს ზემოაღნიშნული დანიშნულებით კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნა. გადასახადის გადამხდელმა ზეპირ საუბარში საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს არაერთხელ უთხარა, რომ თუ სასამართლოში საჩივარი არ დაკმაყოფილდებოდა, მაშინ საგადასახადო დეკლარაციებს თავადვე დააზუსტებდა (სასამართლო ხომ სწორედ სამართლის დადგენისთვის არის მოწოდებული!), რაც ჯარიმების გარეშე მოხდებოდა. ახლა კი, შემოსავლების სამსახური ცდილობს გადასახადებთან ერთად ჯარიმებიც დაარიცხოს, რაც ბუნებრივია პროტესტს იწვევს. კომპანია ისედაც კრიტიკულად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია.

ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ 20.03.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით და 21.03.2024 წლის №007-45 საგადასახადო მოთხოვნით გადასახადების დარიცხვა ისე მოხდა, რომ მომჩივანი არც კი იყო გაცნობილი ამ შემოწმების დანიშვნის შესახებ 19.03.2023 წლის №5938 ბრძანებას (ასეთი რამ არც სმენიათ...). კერძოდ, ეს ბრძანება მომჩივნის მიერ წაკითხული იქნა მხოლოდ 31.03.2024 წელს, რაც ჩანს rs.ge-ზე.

ასევე, აღნიშვნის ღირსია ის, რომ როგორც ჩანს, ეს შემოწმება ფაქტობრივად არც კი ჩატარებულა. აბა, რა უნდა მოესწრო შემოწმებას მხოლოდ 1 დღეში?

მხოლოდ ეს მიზეზებიც კი საკმარისია იმისთვის, რომ აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2024 წლის №007-45 საგადასახადო მოთხოვნა ბათილად იქნეს ცნობილი, ამიტომ ითხოვს მის გაუქმებას და დარიცხული გადასახადების მოხსნას.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 აპრილს გამოცემულ ბრძანებაში №9654 მომჩივნის არგუმენტების საწინააღმდეგო არგუმენტაცია საერთოდ მოყვანილი არ არის, ანუ ფაქტობრივად მსჯელობა/განხილვა არ გამართულა. 3-გვერდიანი ბრძანების ტექსტი თითქმის მთლიანად შედგება საგადასახადო კანონმდებლობისა და შემოწმების აქტიდან მოყვანილი ციტატებისგან და მხოლოდ ეს ერთადერთი ზოგადი შინაარსის აბზაცი აქვს დათმობილი გადასახადის გადამხდელის საჩივარს: „ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს“.

ანუ, არცერთ მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახურს კომენტარი არ გაუკეთებია!

დამატებით აღნიშნავს, თუ რატომ არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ჩატარებულ ინვენტარიზაციაზე. ამის მიზეზები შემდეგია:

ჯერ ერთი, ინვენტარიზაციის რაოდენობრივ შედეგებს რომც ეთანხმებოდეს, მიუღებელია მისი თანხობრივი შედეგები. საბაზრო ფასნამატის განსაზღვრისთვის საშუალოდ აღებულია 6%, რაც შეიძლება შეესაბამება კომპანიის საშუალო სავაჭრო ფასნამატს, მაგრამ საქმე სწორედ ის არის, რომ ამ „დანაკლისებული“ საქონლისთვის, თუ მათი შესყიდვის ვადებს დავაკვირდებით, ეს ფასნამატი შეუსაბამოა რეალობასთან. საქმე ის არის, რომ ხშირად შესყიდული საქონელი ვერ იყიდება დროულად მცირედი დეფექტების გამო (ნაფხაჭნები) ან ადგილობრივ ბაზარზე მათი ანალოგიური, მაგრამ უფრო ახალი და უკეთესი მოდელების სწრაფი გამოჩენის გამო, რის გამოც ასეთი მორალურად მოძველებული საქონელი იყიდება (თუ იყიდება საერთოდ) თვითღირებულებით ან თვითღირებულებაზე სიმბოლურად აღმატებული თანხით (მაქსიმუმ 1%-ით). შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს საბაზრო ფასის განსაზღვრისთვისთვის შეეძლოთ და უნდა აეღოთ სწორედ ეს 1 პროცენტი.

მეორეც, ეს სხვაობები ინვენტარიზაციისას, როგორც მომჩივანი ფიქრობს, გამოწვეულია არა საქონლის დანაკლისით, როგორც ასეთი, არამედ საქონლის გაყიდვების ასახვისას გამორჩენილი საბუღალტრო შეცდომებით. ანუ, რეალურად, ეს საქონელი გაყიდულია და დაბეგრილია შესაბამისად საცალო გაყიდვებით, ჩეკებიც ამორტყმულია შესაბამისად, მაგრამ საქონლის ჩამოწერა არ არის გატარებული ბუღალტრის მიერ სააღრიცხვო პროგრამაში (გამორჩენილია). ამის დანამდვილებით გადამოწმება ამჟამად შეუძლებელია, რადგან საწარმოს ყოფილმა ბუღალტერმა ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ უარი განაცხადა თანამშრომლობის გაგრძელებაზე და მყისიერად შეწყვიტა შრომითი ურთიერთობები, იმდენად სწრაფად, რომ საგადასახადო შემმოწმებლებისთვის ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება მოუწია სპეციალურად ამ მიზნით საწარმოს მიერ დაქირავებულ გარეშე ფიზიკურ პირს...

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ინვენტარიზაციის შედეგები დანაკლისის ნაწილში საერთოდ ბათილად იქნეს ცნობილი, დამატებით დარიცხული გადასახადები მოხსნილი იქნას (გაუქმდეს) და კომპანიის საგადასახადო შემოწმება დაინიშნოს სასამართლოში მიმდინარე დავის დასრულების შემდეგ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება, ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 160- ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №15769 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რა დროსაც გამოვლინდა 292 702 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი. აღნიშნული დანაკლისი საწარმოს მიერ არ იყო დაბეგრილი და დეკლარირებული შესაბამის პერიოდში.

ვინაიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი საგადასახადო კანონმდებლობით განიხილება გამოვლენის მომენტში ამ საქონლის მიწოდებად, რაც წარმოადგენს მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით დაბეგვრის ობიექტს, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, მომჩივანს გამოუვლინდა სმფ-ების დანაკლისი. გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შესაბამისი პერიოდის მოგების და დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის თაობაზე, რაც მომჩივნის მიერ განხორციელებული არ არის. საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 983(2); 159; 286(9);