ბრძანება N 31074
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 31074
15/10/2020
შპს ---------------------
(იურ. მის.: ქ. -------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრების დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 07 აგვისტოს და 24 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №57 და №71) განიხილა შპს -------- ს წლის 28 იანვრის №17211/21 და 2020 წლის 29 იანვრის №18349/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 31 დეკემბრის №007-697 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი განმარტავს, რომ საწარმოს ე.წ. "მშრალი იჯარის" ხელშეკრულებით აქვს ---------- ს რეზიდენტი კომპანიებისგან იჯარით აღებული საჰაერო ხომალდები. მომჩივანი არ ეთანხმება საიჯარო ქირის საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად განხილვას დაწყაროსთან დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ საქმიანობა ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასევე, მიუთითებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულების მე-9 მუხლზე და აღნიშნავს, რომ გააჩნია რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა ერთ კომპანიაზე, ხოლო დანარჩენ კომპანიებთან მიმართებაში წარმოდგენილი აქვს სერთიფიკატები, რომლითაც დასტურდება ამ კომპანიების რეგისტრაცია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში და ფლობენ ------------ ის ----------ის მთავრობის, ---------- ის საერთაშორისო აეროპორტის თავისუფალი სავაჭრო ზონის ორგანოს სალიცენზიო მოწმობებს. მომჩივანი ითხოვს აღნიშნული მოწმობები იქნეს განხილული რეზიდენტობის ცნობებად, ვინაიდან კომპანიები უარს აცხადებენ რეზიდენტობის ცნობის წარმოდგენაზე იმ მოტივით, რომ მათი რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ელექტრონულ სივრცეში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 18 იანვრის №815 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს -------- ს გასვლითი საგადასახადო შემოწმება. 2016 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 30 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2019 წლის 31 დეკემბრის №47674 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-697 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 927 595 ლარი, მათ შორის: გადასახადი 506 735 ლარი, ჯარიმა 253 367 ლარი, საურავი 167493 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს -------- სთვის თავისი საქმიანობის ფარგლებში შპს -------- ს ICAO 83-- (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) დოკუმენტის მე-5 ნაწილის საფუძველზე, „მშრალი იჯარის" შესახებ ხელშეკრულებით აღებული აქვს საჰაერო ხომალდი ----- სგან. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სავალდებულოა საჰაერო ხომალდი რეგისტრირებული იყოს საქართველოში და ოპერირება უნდა განხორციელდეს საქართველოს CAA მოთხოვნათა შესაბამისად. რეისების შესრულებისას შპს ----- მომსახურების მიმღებ სუბიექტებს უფორმებს რეისების შესრულებაზე ე.წ ,,სველი იჯარის" ხელშეკრულებას, რომელიც ICAO 83-- დოკუმენტით განმარტებულია, როგორც მეიჯარის მიერ მოიჯარის მიმართ რეისებთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა ყველა ასპექტის გათვალისწინებით და არა, როგორც მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების იჯარა. შპს ----- ს მიერ გაწეული ე.წ ,,სველი იჯარის" მომსახურების ღირებულება მოიცავს საჰაერო ხომალდის, ეკიპაჟის, ტექნიკური მომსახურების და თვითმფრინავის დაზღვევის ხარჯებს.
ვინაიდან საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია, ფრენები და ოპერირება უნდა მოხდეს საქართველოს მოთხოვნათა შესაბამისად, ამიტომ, საჰაერო ხომალდის იჯარით გაცემა და გამოყენება ხდება საქართველოში, ხოლო ---------- ს მომსახურებას უწევს დაქირავებული პერსონალით არარეზიდენტი კომპანიები. შპს -------- ს შესამოწმებელ პერიოდში საჰაერო ხომალდი აღებული აქვს იჯარით ---------- ის რეზიდენტი კომპანიისგან .---------- ის მთავრობასთან საქართველოს მთავრობას დადებული აქვს „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება (2011 წლის 28 აპრილიდან ძალაში შესული), რომლის მე-9 მუხლის მიხედვით საჰაერო ხომალდის ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი. აღნიშნული კომპანიებიდან შპს ----- ს მიერ მხოლოდ ორ კომპანიაზე იქნა წარმოდგენილი რეზიდენტობის ცნობები. შესაბამისად დანარჩენი კომპანიებზე საწარმოს მიერ გადახდილი თანხები დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით განსაზღვრული 10 პროცენტიანი განაკვეთით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთნ დაკავშირებით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე ამავე მუხლის შესაბამისად დადგენილი განაკვეთების მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში გამოყენებული მოძრავი ქონების იჯარით ან/და სხვა სახელშეკრულებო სარგებლობის უფლების გადაცემით მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების მხოლოდ ლიზინგით, უზუფრუქტით, იჯარით, ქირით ან/და სხვა ამგვარი ფორმით გაცემა არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი პირადად, წარმომადგენლის ან დაქირავებული პერსონალის მეშვეობით სისტემატურად ახორციელებს ქონების მიმღების საქმიანობის მომსახურებას და ზედამხედველობას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ:
ა) არარეზიდენტ კომპანიას (მეიჯარეს) არ გააჩნია რაიმე ტიპის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში;
ბ) იჯარის საგნის (საჰაერო ხომალდის) გადაცემა არ მომხდარა საქართველოს ტერიტორიაზე;
გ) შპს --------- სსა და მეიჯარე არარეზიდენტ კომპანიას შორის გაფორმებულია მხოლოდ ე.წ „მშრალი იჯარის“ ხელშეკრულება, რაც გამორიცხავს იმ შემთხვევას, როდესაც მეიჯარე პირადად, წარმომადგენლის ან დაქირავებული პერსონალის მეშვეობით ახორციელებს მოიჯარის საქმიანობის მომსახურეობას ან ზედამხედველობას.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე მეიჯარეს არ წარმოეშვება არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულება საქართველოში.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლის წყარო განისაზღვრება პირის მიერ განხორციელებული ქმედების (მაგალითად, პირის მიერ დაქირავებით მუშაობა, მომსახურების გაწევა, საქონლის მიწოდება და ა. შ.) ან/და მის მიმართ განხორციელებული ქმედების ადგილმდებარეობის მიხედვით. შესაბამისად, მოძრავი ქონების იჯარით გადაცემით მიღებული შემოსავლის მიღების წყაროც უნდა განისაზღვროს მეიჯარის ქმედების განხორციელების ადგილის მიხედვით, კერძოდ იყენებდა თუ არა ის იჯარის საგანს იჯარით გაცემამდე საქართველოში ეკონომიკურ საქმიანობაში, მათ შორის მოიჯარეს ქონება სარგებლობაში გადაეცა თუ არა საქართველოში. მხოლოდ ის ფაქტი რომ იჯარით აღებული საჰაერო ხომალდი შპს --------- ს მიერ რეგისტრირებულია საქართველოს საჰაერო ხომალდების შესაბამის სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო და ეროვნულობის დამადასტურებელი ამოსაცნობი ნიშნები, ვერ ჩაითვლება საქართველოში გამოყენებული ქონების დამადასტურებელ ფაქტად.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით იჯარით აღებული ქონების საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენების ფაქტი არ ფიქსირდება. არც რაიმე კონტრაქტით და არც შემმოწმებით გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის გადაზიდვების ან/და შემოსავლის მიღების ფაქტი, პირიქით, ირკვევა რომ, შემოსაწმებელ პერიოდში შპს -------- ს მიერ იჯარით აღებული საჰაერო ხომალდები სრულად გამოიყენებოდა იჯარის გაცემისათვის მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ იკვეთება მეიჯარე არარეზიდენტი კომპანიის მიერ საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიღების ფაქტი, შესაბამისად შპს -------- ს არ წარმოეშვება საგადასახადო აგენტის ვალდებულება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შპს -------- ს რეზიდენტი კომპანიებისგან იჯარით აღებული საჰაერო ხომალდებზე გადახდილი საიჯარო ქირის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივრები სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;
2.სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს რეზიდენტი კომპანიებისგან იჯარით აღებული საჰაერო ხომალდებზე გადახდილი საიჯარო ქირის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიებისგან იჯარით აღებული საჰაერო ხომალდების საიჯარო ქირის საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად განხილვას და წყაროსთან დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელი „მშრალი იჯარის" შესახებ ხელშეკრულებით აღებული აქვს საჰაერო ხომალდი არარეზიდენტი კომპანიებისგან. გადამხდელი მომსახურების მიმღებ სუბიექტებს უფორმებს რეისების შესრულებაზე ე.წ. ,,სველი იჯარის" ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს საჰაერო ხომალდის, ეკიპაჟის, ტექნიკური მომსახურების და თვითმფრინავის დაზღვევის ხარჯებს.
ვინაიდან საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია, ფრენები და ოპერირება უნდა მოხდეს საქართველოს მოთხოვნათა შესაბამისად, ამიტომ, საჰაერო ხომალდის იჯარით გაცემა და გამოყენება ხდება საქართველოში, ხოლო მომჩივანს მომსახურებას უწევს დაქირავებული პერსონალით არარეზიდენტი კომპანიები. აღნიშნული კომპანიებიდან საწარმოს მიერ მხოლოდ ორ კომპანიაზე იქნა წარმოდგენილი რეზიდენტობის ცნობები. შესაბამისად დანარჩენი კომპანიებზე საწარმოს მიერ გადახდილი თანხები დაიბეგრა სსკ-ს 134-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არარეზიდენტი კომპანიებისგან იჯარით აღებული საჰაერო ხომალდებზე გადახდილი საიჯარო ქირის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 29(12); 104(1,,ლ“); 134(1,,ე“)