საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 2/3480-23

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 02.05.2024
№ დოკუმენტი 2/3480-23
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული სხვა

📄 სრული ტექსტი

საქმე N2/3480-23წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

ქ. ზუგდიდი

02 მაისი, 2024წელი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ფატი ფურცხვანიძე

სხდომის მდივანი-სალომე ქობალია

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების

სამსახური წარმომადგენელი- ------

მოპასუხე - ------

დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე -------ს სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 58 865 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ------ _ სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის N----- საქმე შპს „------“ (ს/ნ -----) დირექტორის ------ის მიმართ ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების და გასაღების და მოტყუებით, ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის N1/886-19 განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის N1/ბ-113-2019 განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის N760აპ-20 განჩინებით დადგენილია, შემდეგი:

შპს „-------“ დირექტორის მიერ შპს „------“ სახელზე გამოწერილი, ჯამში 34 902 375 ლარის ღირებულების ფიქტიური (ყალბი), თითქოსდა ლითონის ემალირებული ავზების და მეორადი ლითონის მასალების ნასყიდობის შესახებ, სამეურნეო ოპერაციის ამსახველი საგადასახადი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს „-------“ გადამხდელის ბარათზე აისახა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობა 5 324 091 ლარის ოდენობით. აღნიშნული (ყალბი) ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე წარმოქმნილი ზედმეტობის თანხიდან ნაწილი - 29 882 ლარი, შპს „------“ დირექტორ ------- მიერ სრულად იქნა გამოყენებული 2019 წლის 23 მარტიდან აპრილამდე პერიოდში იმპორტირებული – ავტო-მანქანების განბაჟების პროცესში 2019 წლის 04 წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების გასაქვითად, ხოლო 28 983 ლარი ------ გამოიყენა დღგ-ს დეკლარაციის საფუძველზე წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულების გასაქვითად. რითაც სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ჯამში 58 865 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მიყენებული ზიანის გამო შემოსავლების სამსახური ცნობილი იქნა დაზარალებულად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის N1/886-2019 განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის N1/ბ-113-2019 განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის N760აპ-20 განჩინებით -------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ------ სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ------ სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის N------- _ საქმე შპს „------“ (ს/ნ -----) დირექტორის ------ მიმართ ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების და გასაღების და მოტყუებით, ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მიყენებული ზიანის გამო შემოსავლების სამსახური ცნობილი დაზარალებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ----- სამმართველოს გამომძიებლის წერილი.

-დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.

-დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის 2023 წლის 05 ივლისის N13/28- 45923 წერილი.

-ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი.

 

3.1.2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით დადგენილია, რომ შპს „-----“ დირექტორის მიერ შპს „-----“ სახელზე გამოწერილი, ჯამში 34 902 375 ლარის ღირებულების ფიქტიური (ყალბი), თითქოსდა ლითონის ემალირებული ავზების და მეორადი ლითონის მასალების ნასყიდობის შესახებ, სამეურნეო ოპერაციის ამსახველი საგადასახადი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს „-----“ გადამხდელის ბარათზე აისახა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობა. აღნიშნული (ყალბი) ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე წარმოქმნილი ზედმეტობის თანხიდან ნაწილი 29 882 ლარი, შპს „-----“ დირექტორ ----- მიერ სრულად იქნა გამოყენებული 2019 წლის 23 მარტიდან - 2019 წლის 04 აპრილამდე პერიოდში იმპორტირებული ავტო-მანქანების განბაჟების პროცესში საგადასახადო დავალიანებების გასაქვითად, ხოლო 28 983 ლარი ----- გამოიყენა დღგ-ს დეკლარაციის საფუძველზე წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულების გასაქვითად. რითაც სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი, ჯამში 58 865 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ

-დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის 2023 წლის 05 ივლისის N13/28- 45923 წერილი

-ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი

-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის განაჩენი

-საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენი

-აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 31 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნა N074-4

 

3.1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის N1/886-2019 განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის N1/ბ-113– 2019 განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის N760აპ-20 განჩინებით ------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის განაჩენი

-საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენი

 

3.1.4. შპს „------“ (ს/ნ ------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 07 დეკემბერს. საწარმოს 100% წილის მფლობელი და დირექტორია ------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს; კერძოდ, მოპასუხე ------ სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მოცემულ საქმეში დავის საგანია სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტური ვალდებულებიდან.

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება, რაც არასახელშეკრულებო კატეგორიას მიეკუთვნება. იგი ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა და იგი პასუხისმგებელი პირისათვის კანონისმიერი ვალდებულებაა. ასეთი ურთიერთობის მარეგულირებელია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

აღნიშნული ნორმები განსაზღვრავენ იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, აღნიშნული მუხლის შემადგენლობას. ამასთან, დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს „სამართალდარღვევის” შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობას.

სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი, ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისად, ნაწილდება მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე დაყრდნობით, დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს . ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ მოცემულ შემთხვევაში გაართვა თავი მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან ამ შემთხვევაში დასტურდება სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის კერძოდ -------- მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა და გაუფრთხილებლობა), ასევე შედეგი მისი ქმედებით დამდგარი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ------- ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.

ქუთაისის საქალაქო სასამარლოს 2019 წლის 19 დეკემბრის N1/886-2019 განაჩენით,ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის N1/ბ-113-2019 განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის N760აპ-20 განჩინებით -------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის, რითაც სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი, ჯამში 58 865 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.

ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა მოპასუხე - ------- მიერ წერილობითი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა სამართალდარღვევის შემადგენლობის სამივე ნიშანი, აღნიშნული კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის - მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო, შესაბამისად, სარჩელის სრულად დაკმაყოფლების შემთხვევაში, სარჩელზე გადახდილი ბაჟის თანხა 1765,95 ლარი ეკირება მოპასუხე მხარეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 259, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2 ------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 58 865 ლარი;

3. ------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის 1 765,95 ლარის გადახდა;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. No12) მეშვეობით;

5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

ფატი ფურცხვანიძე

 

სადავო საკითხი

დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

ფაქტობრივი გარემოება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე შპს-ს დირექტორის მიმართ ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების და გასაღების და მოტყუებით, ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მიყენებული ზიანის გამო შემოსავლების სამსახური ცნობილი დაზარალებულად.

 

გადაწყვეტლება

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს; კერძოდ, მოპასუხეს სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

დასაბუთება

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 259, 364-ე, 369-ე მუხლებით