გადაწყვეტილება №20551/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.10.2023
№ დოკუმენტი 20551/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20551/2/2023

12 .10. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „----- ---- ---- ------ი“ (ს/ნ ---------- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „----- ---- ---- ------ი“-ს 11.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20551/2/2023).

 

დავის საგანი:

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №006-650 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18778 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 293 ლარი.

მათ შორის:

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 1 120

ჯარიმა - 560

საურავი - 613

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის 2019 წლის საანგარიშო პერიოდის მიწაზე ქონების გადასახადის ვალდებულების დეკლარირების სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 18.09.2015 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 25.09.2015 წლიდან. კომპანიის დაფუძნება მოხდა აქციონერების შპს -----ის და „----------ის“-ის მიერ. აღნიშნული კომპანიების მიერ სს ----------ის კაპიტალის ფორმირება მოხდა შემდეგნაირად: შპს კ-----------ს მიერ შეტანილ იქნა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №----- (86 107,699 ჰა), ხოლო „-------“-ის მიერ კაპიტალი შევსებულია ფულადი სახსრებით. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახორციელებდა სასარგებლო წიაღისეულის მხოლოდ კვლევა-ძიებას. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს №------ ლიცენზიის მიხედვით 4.12.2015 წელს სარგებლობაში გადაეცა ბოლნისის, მარნეულის, დმანისის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 86 107 ჰა ტყის ფონდის მიწები. ხოლო 20.02.2020 წლის №213/ს ბრძანებით ცვლილება შევიდა მომჩივანზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში, რის საფუძველზეც კომპანიის სალიცენზიო ფართობად განესაზღვრა 373.2 ჰა და გაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა №------. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული და გადახდილი არ აქვს აღნიშნულ მიწაზე ქონების გადასახადი. საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №006-650 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18778 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 11.08.2005 წლის №136 დადგენილების მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, 41 მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, 204-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს №---- ლიცენზიის მიხედვით, 4.12.2015 წელს სარგებლობაში გადაეცა სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 86 107 ჰა ტყის ფონდის მიწები, ხოლო 20.02.2020 წელს №213/ს ბრძანებით ცვლილება შევიდა სს --------ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში, რის საფუძველზეც კომპანიის სალიცენზიო ფართობად განესაზღვრა 373,2 ჰა და გაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა №------. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული და გადახდილი არ აქვს აღნიშნულ მიწაზე ქონების გადასახადი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბუნებრივი რესურსები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, მიუხედავად იმისა, ტერიტორიულად იგი მიკუთვნებულია სახელმწიფოს თუ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. შესაბამისად, ლიცენზიის ფარგლებში გამოყოფილ ტერიტორიაზე პირს ნებადართული აქვს აღნიშნული ტერიტორიებით სარგებლობა ბუნებრივი რესურსების შესწავლა-მოპოვების მიზნით. ამასთანავე, აღნიშნული ლიცენზია არ აწესებს შეზღუდვას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 4.03.2019 წლის №22/96 წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს 5.05.2014 წლის №12-15/1541 წერილი განმარტავს შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელის სტატუსს შესწავლის ეტაპზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლით დაბეგვრის მიზნებისთვის.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირი შეიძლება იყოს, როგორც ის პირი, რომელზეც გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, ასევე ის პირი, რომელზეც გაცემულია წიაღით სარგებლობის ლიცენზია, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლამოპოვების მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური დადგენილად მიიჩნევს, რომ მომჩივანი შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარგებლობს ბუნებრივი რესურსებით (წიაღით) და შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნისთვის წარმოადგენს ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 20.02.2020 წლის №213/ს ბრძანების საფუძველზე კომპანია ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) მოპოვების ლიცენზიას, რომელიც მოიცავს 373,2 ჰა სალიცენზიო ფართობს.

მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლზე, 204-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და იმ ფაქტზე, რომ ერთადერთი განმარტება, თუ ვინ არის ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე, მოცემული არის ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებლის შესახებ კანონში, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა არის გარემოდან სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის მერქნული რესურსების, მცენარეული არამერქნული რესურსების (მათ შორის, სოჭის, გირჩის), ზედაპირული წყლის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების ამოღება.

კანონმდებლობის თანახმად, კომპანიას უნდა დაუმტკიცდეს ათვისების გეგმა მოსაპოვებელი ოდენობების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მას შეუძლია დაიწყოს მოპოვება და ისარგებლოს ბუნებრივი რესურსებით. აღნიშნული პროცედურების გავლამდე კომპანია ვერ იქნება ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე, რადგან ეკრძალება მოპოვებითი საქმიანობა, რაც წარმოადგენს კომპანიის ძირითად მიზანს.

აუდიტის დეპარტამენტის შინაარსობრივად მსგავსი დარიცხვა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გაუქმებული აქვს და გადაწყვეტილება გამოტანილი აქვს მეწარმე სუბიექტის სასარგებლოდ (საქმის ნომრები: ბს-245-245(2კ-18) თარიღი 7.06.2018 წ. და ბს-218-216-(2კ-17) თარიღი 11.05.2017 წ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ გადასახადის მართლზომიერებას და მიაჩნია, რომ დარიცხვა ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.

საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმით გამოყოფილი მიწა იბეგრება ერთ ჰექტარზე არაუმეტეს 3 ლარით.

შემოწმებით დადგენილია რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახორციელებდა სასარგებლო წიაღისეულის მხოლოდ კვლევა-ძიებას. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს №----- ლიცენზიის მიხედვით 4.12.2015 წელს სარგებლობაში გადაეცა ბოლნისის, მარნეულის, დმანისის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 86 107 ჰა ტყის ფონდის მიწები. ხოლო 20.02.2020 წლის №213/ს ბრძანებით ცვლილება შევიდა მომჩივანზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში, რის საფუძველზეც კომპანიის სალიცენზიო ფართობად განესაზღვრა 373.2 ჰა და გაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა №10001309. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული და გადახდილი არ აქვს აღნიშნულ მიწაზე ქონების გადასახადი.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპის დამკვიდრებით, გარემოს პოტენციური შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა განმარტებულია როგორც სასარგებლო წიაღისეულის, ტყის რესურსების, ზედაპირული წყლის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების გარემოდან ამოღება.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წიაღით სარგებლობა მოიცავს:

ა) წიაღის შესწავლას;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას;

ბ1) სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავებას ან სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებას;

გ) სამთომომპოვებელ საწარმოთა ნარჩენების გამოყენებას;

დ) მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების გამოყენებას, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების ისეთ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობასა და ექსპლუატაციას (მათ შორის ნავთობის, გაზის, წარმოების ნარჩენების შესანახად და ჩამდინარე წყლების ჩასაშვებად), რომლებიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან; ე) გეოლოგიური, მინერალოგიური, პალეონტოლოგიური კოლექციებისა და სამუზეუმო ექსპონატების შეგროვებას.

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ნებადართულია ერთდროულად წიაღით სხვადასხვა სახის სარგებლობის (შესწავლა, დამუშავება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავება, სამთამადნო და მასთან დაკავშირებული მრეწველობის ნარჩენების გადამუშავება და ა. შ.) ლიცენზიის გაცემა.

ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სარგებლობისათვის გამოყოფილი მიწა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ლიცენზიის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმით გამოყოფილი მიწა იბეგრება 1 ჰექტარზე არაუმეტეს 3 ლარით.

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს წიაღით სარგებლობის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებულ განმარტებას. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წიაღის შესწავლა წარმოადგენს წიაღით სარგებლობის ერთ-ერთ სახეს და შესაბამისად, წიაღის შესწავლის ლიცენზიის მფლობელი - წიაღით მოსარგებლეს.

შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის გათვალისწინებით, მიწაზე ქონების გადასახადის მიზნებისთვის ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე უნდა განიმარტოს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც მოცემულ სფეროში წარმოქმნილი ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი ნორმატიული აქტია და არა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც წიაღის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის განმარტებას განსაზღვრავს მითითებული კანონის მიზნებიდან (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის განსაზღვრა) გამომდინარე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მითითებული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის 2019 წლის საანგარიშო პერიოდის მიწაზე ქონების გადასახადის ვალდებულების დეკლარირების სისწორე.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული და გადახდილი არ აქვს აღნიშნულ მიწაზე ქონების გადასახადი. საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №006-650 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №18778 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მითითებული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2; 203( „ბ“); 204(3); 275;

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი;2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; 3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი;

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი;9 მუხლის მე-8 პუნქტი;