გადაწყვეტილება №19858/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19858/2/2023
05 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 2.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19858/2/2023).
დავის საგანი:
1. საწარმოს მიერ იჯარით გაცემული ფართის სანაცვლოდ მიღებული კეთილმოწყობის მომსახურების (რემონტი) ოპერაციის ბარტერულ ოპერაციად დაკვალიფიცირება;
2. გადახდილი კომუნალური გადასახადების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიწოდებად განხილვა;
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №001-275 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10714 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 69 368 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 42 492
ჯარიმა - 20 013
საურავი - 6 863
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საკუთარი არასაცხოვრებელი ფართების გაქირავება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2022 წლის №33709 ბრძანება და №001-275 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10714 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საწარმოს მიერ იჯარით გაცემული ფართის სანაცვლოდ მიღებული კეთილმოწყობის მომსახურების (რემონტი) ოპერაციის ბარტერულ ოპერაციად დაკვალიფიცირება ფაქტების აღწერა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 7 ივლისს. დღგ-ის გადამხდელად ფიქსირდება 9.12.2019 წლიდან. შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იჯარის ხელშეკრულებები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ კომპანიას ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს „---ან“ (ს/ნ ---) გაფორმებული აქვს იჯარის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც მოიჯარე 12 თვის განმავლობაში სარგებლობს საშეღავათო პერიოდით და სანაცვლოდ, ვალდებულებას იღებს იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე. შემოწმების ჯგუფის მიერ გამოთხოვილ იქნა რემონტის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, გაშიფრულია სარემონტო სამუშაოების ყოველთვიური დანახარჯი. ჯამურად შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული რემონტის ღირებულება შეადგენს 146 267 ლარს. აღნიშნული ოპერაცია შემმოწმებლის მიერ განხილულია ბარტერულ ოპერაციად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ შპს „---თან“ 2021 წლის 14 დეკემბრის თარიღით დადებულია საიჯარო ხელშეკრულება (დანართი N5). ხელშეკრულების მიხედვით კომპანია მოიჯარეს გადასცემს შენობას დროებით სარგებლობაში, 5 წლის ვადით. იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის შემდეგ საიჯარო ქირად ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრა 7080 ლარი დღგ-ის ჩათვლით. ამ პერიოდამდე კი (12 თვის ვადით), შეთანხმების მიხედვით მოიჯარე სარგებლობს შეღავათით, თუმცა სანაცვლოდ მოიჯარე იღებს ვალდებულებას საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს საიჯარო ფართის კეთილმოწყობა/რემონტი.
მოიჯარის მიერ ზემოხსენებული პირობების გათვალისწინებით ფართის კეთილმოწყობის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ იქნა შემდეგი სახის სამუშაოები: მთლიანი სართულის დემონტაჟი; ფართის გამოთავისუფლება დემონტაჟით წარმოქმნილი ნაგვისგან; არმირებული ბეტონის იატაკის დაგება; კედლებისა და ჭერის დამუშავება/შეღებვა; ვიტრაჟების დემონტაჟი და ახალი მინების ჩასმა; ოთახების ტიხრებისა და სველი წერტილების მოწყობა; ელექტროობასა და სანტექნიკასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება; სამუშაო სივრცეების მოწყობა და სხვა.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შემდგომ მოიჯარის მიერ საიჯარო ფართი გამოყენებულ იქნა ავეჯის მაღაზიისთვის. შემფასებელმა საიჯარო ქირის სანაცვლოდ მოიჯარის მიერ სარემონტო სამუშაოების განხორციელება განიხილა ბარტერულ ოპერაციად. მართალია საქართველოს კანონმდებლობაში არსად მოცემული არ არის „ბარტერის“ განმარტება, თუმცა საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად კვალიფიკაციისთვის, არსებით საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ოპერაციას საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის მოჰქონდეს სარგებელი. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მხარის მიერ ამ ოპერაციით სარგებლის მიღებას არ აქვს ადგილი, მაშინ მისი ბარტერულ ოპერაციად განხილვა, არ არის ლოგიკური. ზემოთ აღწერილ შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულებით მოიჯარემ ისარგებლა საშეღავათო პერიოდით და საიჯარო ქირის გადახდა განახორციელა ერთი წლის შემდეგ, თუმცა აღნიშნული შეღავათის სანაცვლოდ, მეიჯარის მხრიდან არანაირი სარგებლის მიღება არ მომხდარა. მოიჯარის მიერ განხორციელებული სარემონტო სამუშაოები ჩატარებულ იქნა მხოლოდ ფართის კეთილმოწყობის მიზნით, რათა ავეჯის მწარმოებელი კომპანიის მიერ მომხდარიყო ფართის ბიზნეს საქმიანობაში გამოყენება და მწარმოებლურობის შენარჩუნება. ფაქტობრივად, სარემონტო სამუშაოები ჩატარებულ იქნა მხოლოდ მოიჯარის ინტერესებიდან გამომდინარე და ამას კომპანიის საქმიანობისთვის არანაირი ბენეფიტი არ მოუტანია. თანაც, საიჯარო ხელშეკრულება დადებულ იქნა 5 წლის ვადით. 5 წლიანი პერიოდი საკმარისია განხორციელებული სარემონტო სამუშაოების გაცვეთისთვის, ფინანსურადაც კი მოსალოდნელია, რომ 5 წლის შემდეგ მთლიანად ამორტიზირდება რემონტის ხარჯები და მეიჯარეს საიჯარო ფართის დაბრუნებისას აღნიშნული რემონტით სარგებლობა აღარ შეეძლება. 5 წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, თუნდაც კვლავ ჰქონდეს შენარჩუნებული ფართს ჩატარებული რემონტი, მეიჯარის მიერ ამ რემონტით სარგებლობას ადგილი მაინც არ ექნება გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ფართი გამიზნულია მუდმივად გაქირავების მიზნებისთვის და ყოველი ახალი დამქირავებლის მიერ ხდება არსებულის დემონტაჟი და შესაბამისი სარემონტო სამუშაოების განხორციელება საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
ამდენად, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით მოიჯარის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოებით სარგებელს მეიჯარე ვერ იღებს. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი მიზანი, რისთვისაც კომპანიის მიერ განხორციელდა მოიჯარისთვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზება, გახლდათ მხოლოდ გრძელვადიანი გაქირავების პერსპექტივა, კომპანიისთვის, ამ შემთხვევაში პრიორიტეტული იყო ფართის 5 წლის ვადით იჯარით გაცემის გარანტიის უზრუნველყოფა. რაც შეეხება ფართის კეთილმოწყობას, აღნიშნულით კომპანიას სარგებელი არ მიუღია და საიჯარო პერიოდის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, რომ ის აღნიშნულით სარგებლობას ვერ მოახერხებს. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ საიჯარო ქირის სანაცვლოდ საშეღავათო პერიოდში კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელების განხილვა ბარტერულ ოპერაციად ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ ეთანხმება აღნიშნულ კვალიფიკაციას. შესაბამისად, მოითხოვს ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის მიხედვით:
1. საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
2. მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სარემონტო მომსახურება და ქონების გაცემა ქირით, იჯარით ან ლიზინგით.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საგადასახადო შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანიას ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს „---თან“ (შპს ---) (ს/ნ ---) გაფორმებული აქვს იჯარის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც მოიჯარე 12 თვის განმავლობაში სარგებლობს საშეღავათო პერიოდით და სანაცვლოდ, ვალდებულებას იღებს იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე. შემოწმების ჯგუფის მიერ გამოთხოვილ იქნა რემონტის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, გაშიფრულია სარემონტო სამუშაოების ყოველთვიური დანახარჯი. ჯამურად შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული რემონტის ღირებულება შეადგენს 146 267 ლარს. აღნიშნული ოპერაცია განხილულია ბარტერულ ოპერაციად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე წარმოდგენილი მხარეებს შორის 2021 წლის 14 დეკემბერს გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით, მეიჯარე მოიჯარეს გადასცემს შენობას იჯარით დროებით სარგებლობაში, 5 წლის ვადით (14.12.2021 წლიდან 14.11.2026 წლამდე). საიჯარო ქირა ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 7080 ლარს დღგ-ის ჩათვლით იჯარის გაფორმებიდან 1 წლის შემდეგ. შესაბამისად საშეღავათო პერიოდი შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს. ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის პერიოდში მოიჯარე ვალდებულია მოახდინოს საიჯარო ფართის კეთილმოწყობა საკუთარი სახსრებით და განმარტავს, რომ მომჩივანმა მოიჯარისთვის საშეღავათო პერიოდის დაშვების სანაცვლოდ მიიღო რემონტის მომსახურება. შესაბამისად, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციისათვის ბარტერის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. გადახდილი კომუნალური გადასახადების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიწოდებად განხილვა ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ კომპანიას გადახდილი აქვს კომუნალური გადასახადები, რომელთა გადახდის ვალდებულებაც ეკისრებოდა მოიჯარეს. გადამხდელის მიერ გამიჯნულია პირადი მოხმარების, სასაწყობე ფართების და წარმოებაზე გაცემული ფართის კომუნალური გადასახადები.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით და გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებით, გამოანგარიშებულ იქნა მისაწოდებელი კომუნალური გადასახადების სიდიდე. კომპანიის მიერ შეძენილი კომუნალურების ის ნაწილი, რომლის გადახდის ვალდებულება ჰქონდა მოიჯარეს დაექვემდებარა მიწოდებად განხილვას და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს არასაცხოვრებელი ფართების გაქირავება. კომპანია აღნიშნულ ფართებს იჯარით გასცემს როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებზე საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე. კომუნალური გადასახადების გადახდის ნაწილში, კომპანია თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალურად ათანხმებს აღნიშნულ პირობას, თუ ვის ექნება მათი გადახდის ვალდებულება. ზოგიერთ მოიჯარესთან მიმართებით კომუნალური გადასახადების გადახდის პირობის განსაზღვრა ხორციელდება ძირითადად ზეპირი შეთანხმების ან დამატებით გაფორმებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. შემმოწმებლის მიერ გადასახადის დარიცხვა მოხდა იმის საფუძველზე, რომ კომპანიას გადახდილი ჰქონდა კომუნალური გადასახადები, თუმცა ხელშეკრულებით გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა მოიჯარეს.
შემმოწმებლისვე მითითებით, დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგრილია მხოლოდ წარმოებისთვის გამოყენებული საიჯარო ქონების კომუნალური გადახდები, რომლის ყოველთვიური ელექტროენერგიის ხარჯი (გადასახდელი თანხა) აჭარბებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ იჯარის თანხას. წარმოებისთვის გამოყენებულ საიჯარო ქონებებზე გაფორმებულია დამატებითი შეთანხმებები, რომლის მიხედვითაც მეიჯარეს აქვს ვალდებულება გადაიხადოს კომუნალური გადასახადები (ერთ-ერთ შეთანხმებას წარმოადგენს დანართი №6-ის სახით). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ კომპანიას გადახდილი აქვს კომუნალური გადასახადები, რომელთა გადახდის ვალდებულებაც ეკისრებოდა მოიჯარეს. გადამხდელის მიერ გამიჯნულია პირადი მოხმარების, სასაწყობე ფართების და წარმოებაზე გაცემული ფართის კომუნალური გადასახადები.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კომპანიის მიერ შეძენილი კომუნალურების ის ნაწილი, რომლის გადახდის ვალდებულება ჰქონდა მოიჯარეს დაექვემდებარა მიწოდებად განხილვას.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანიას გადახდილი აქვს კომუნალური გადასახადები, რომელთა გადახდის ვალდებულებაც ხელშეკრულებით ეკისრებოდა მოიჯარეს. ამასთან, თავად მომჩივანს გააშიფვრინა კომუნალური გადასახადები და დღგ-ით დაბეგრა მხოლოდ წარმოებისთვის გამოყენებული საიჯარო ქონების კომუნალური გადახდები, რომლის ყოველთვიური ელექტროენერგიის ხარჯი (გადასახდელი თანხა) აჭარბებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საიჯარო თანხას.
მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე მხარის მიერ ზემოთ დასახელებული არგუმენტების გამაბათილებელი არგუმენტების/მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №001-275 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა: ჯარიმა - 20 013 ლარი და საურავი - 6 863 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ფაქტობრივი გარემოებებიდან ნათლად ჩანს, რომ კომპანიას გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მოტივი არ ჰქონია, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს, გათავისუფლდეს სადავო აქტებით დარიცხული სანქციისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან, პირველი სადავო საკითხის ნაწილში, დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა და შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.
შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს პირველი სადავო საკითხის ნაწილში, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის ამავე კოდექსის 275-ე მუხლით დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს პირველი სადავო საკითხის ნაწილში, ამავე კოდექსის 275-ე მუხლით დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საწარმოს მიერ იჯარით გაცემული ფართის სანაცვლოდ მიღებული კეთილმოწყობის მომსახურების (რემონტი) ოპერაციის ბარტერულ ოპერაციად დაკვალიფიცირება;
2. გადახდილი კომუნალური გადასახადების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიწოდებად განხილვა;
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2022 წლის №33709 ბრძანება და №001-275 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10714 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ და მეორე სადავო საკითხის ნაწილში საჩივრი არ დაკმაყოფილდა.
მესამე სადავო საკითხი დაკმაყოფილდა, გადამხდელი გათავისუფლდა, პირველი სადავო საკითხის ნაწილში, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 16; 14; 73; 18; 49; 61; 163; 159; 164; 269.