ბრძანება N 918

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.01.2025
№ დოკუმენტი 918
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 918

30 იანვარი 2025

ბრძანება

შპს „------“ (ს/ნ „------“)

(მის.: „------“)

2025 წლის 14 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 14 იანვრის №93660/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 დეკემბრის №006-506 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებული პირი - „--------.-სგან (ყოფ. "--------") აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის კორექტირებას და პროცენტის განაკვეთის შემცირებას. წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული კვლევის საფუძველზე დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, არასრულყოფილად იქნა შესწავლილი შემოწმებას დაქვემდებარებულ სესხის ოპერაციაში არსებული დაფინანსების წყაროები. კერძოდ, გამსესხებლის „შეწონილი“ საპროცენტო ხარჯი შესამოწმებელ პერიოდში უფრო მაღალია ვიდრე შემოწმებით დადგენილი საბაზრო დიაპაზონი. ცხადია, რომ რაციონალური ბიზნეს ინტერესის მქონე დამოუკიდებელ კომპანიას სურვილი ექნებოდა არა მარტო დაეფარა საკუთარი დაფინანსების ხარჯი, არამედ მიეღო გარკვეული სარგებელი აღნიშნული ფინანსური რესურსის შპს „------ -ზე“ გადასესხებისას. განმარტავს, რომ 14.84%-იანი შედეგი განისაზღვრა ისე, რომ არ იქნა გამოყენებული მოგების მარჟა, რომელიც ----------ს უნდა გამოემუშავებინა, რათა უზრუნველყოფილიყო ადეკვატური უკუგება გამოყენებულ კაპიტალზე. შესაბამისად, დადგენილი 7.74% ოდენობის საპროცენტო განაკვეთი არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ვინაიდან აღნიშნული საპროცენტო განაკვეთის პირობებში გამსესხებელი ვერ უზრუნველყოფდა საკუთარი დაფინანსების ხარჯის დაფარვას და ვერ მიიღებდა მოგებას ტრანზაქციის განხორციელებისას.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიის მიერ კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში მიღებული სესხის მსგავსი სესხების/ობლიგაციების მოძიება განხორციელებულია საინფორმაციო-ანალიტიკურ ბაზა Bloomberg-ში, სადაც შემმოწმებლის ანალიზის თანახმად, მოძიებულ იქნა დოლარში ნომინირებული შესადარებელი მონაცემები. ვინაიდან, კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში გაცემული სესხი ნომინირებულია ევროში, შემმოწმებელმა განახორციელა კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების შესწორება საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისად განსაზღვრული პროპორციით. ამასთან, საბანკო დაწესებულებებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის ფულადი სახსრების მოზიდვის დანახარჯებზე არსებული სხვაობის აღმოფხვრის მიზნით, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, განახორციელა ინდუსტრიის რისკის კორექტირება 3.26%-ის ოდენობით. კომპანიისთვის არ იქნა წარმოდგენილი რა სახის ინფორმაცია იქნა მიღებული ეროვნული ბანკისგან და რის საფუძველზე ხორციელდება სესხის პროცენტის ამდენად მნიშვნელოვანი შესწორებები. ამასთან, თუ ეს ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, საგადასახადო ორგანო, საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, არაა უფლებამოსილი გამოიყენოს ეს ინფორმაცია შედარებადობის შესწორების შეტანის მიზნით. ანალოგიურს მიუთითებს კონტროლირებული ოპერაციების შეფასების საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სახელმძღვანელო მითითებების 3.36 მუხლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანოს მიერ მოპოვებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, ეს ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო გადასახადის დარიცხვას, უპირობოდ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ 2021 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ურთიერთდამოკიდებული პირისგან აღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი სრულ შესაბამისობაშია საბაზრო პრინციპთან და შემოწმების მიერ განხორციელებული დარიცხვა აღნიშნულ ნაწილში არამართლზომიერია.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ საბაზრო პროცენტსა და გადახდილ საპროცენტო თანხებს შორის გამოვლენილი სხვაობის დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სხვაობის თანხის პროცენტის სახით განაცემად კვალიფიკაცია შეუსაბამოა საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის დებულებებთან. ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, აცხადებს, რომ შეთანხმების მე-11 მუხლის დებულებები (მათ შორის, საკუთრივ პროცენტის განმარტება) შესაძლოა გავრცელდეს და პროცენტის კვალიფიკაცია შესაძლოა მიენიჭოს განაცემის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა მხარეთა შორის განსაკუთრებული ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაში. გადამხდელის განმარტებით, ზემოაღნიშნულს ადასტურებს მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი კლაუს ვოგელი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენციებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ვრცელ კომენტარებში. კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ პროცენტი იმ მნიშვნელობით, რაც მას გააჩნია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენციის მე-11 მუხლის მიზნებისთვის, შესაძლოა ეწოდოს მთლიანი თანხის მხოლოდ იმ ელემენტს, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა მხარეთა შორის სპეციალური ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაში. ასევე მიუთითებს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ მოდალურ კონვენციასთან დაკავშირებით OECD-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ კომენტარებში აღწერილ მსჯელობებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და ის უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 დეკემბრის №25548 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 11 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რაზეც გამოიცა 2024 წლის 16 დეკემბრის №26377 ბრძანება და ამავე თარიღის №006-506 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 35 924 ლარი, მათ შორის, გადასახადი 25 057 ლარი, ჯარიმა 10 858 ლარი, საურავი 9 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

2023 წლის 22 დეკემბერს აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებგვერდზე გაგზავნილია საგადასახადო რისკების მიმოხილვის დასკვნა. რისკის მიმოხილვის შედეგების პირველი საკითხის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს მშობელი კომპანიისგან მიღებული აქვს სესხი, რომელიც 2021- 2022 წლების განმავლობაში სრულად არის დაფარული. სესხის ნაშთი 2021 წლის ბოლოსთვის შეადგენს 5 168 400 ლარს, სესხის პროცენტი - 13%-ს. აღნიშნული ოპერაცია მოცულია 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით, რომლის თანახმადაც სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთი არის 7.74%. რისკების მიმოხილვის დასკვნით გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 134-ე და 131-ე მუხლების პირველი ნაწილების მოთხოვნების გათვალისწინებით, გადახდილ პროცენტის თანხასა და საბაზრო პროცენტს შორის სხვაობა დაუქვემდებაროს დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეკომენდაციაში დაფიქსირებული გარემოებების გათვალისწინებით, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში გადახდილი პროცენტის თანხასა და საბაზრო პროცენტის თანხას შორის სხვაობით, 105 123 ლარის ოდენობით, გაიზარდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება კონტროლირებული ოპერაციის განხორციელება, თუ ამ ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის XVII თავით დადგენილი წესით გამოანგარიშებული კორექტირების თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ორი პირი ურთიერთდამოკიდებულია, თუ ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში.

ამავე კოდექსის 127-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილების თანახმად:

1.ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.

2.საწარმოს, რომელიც ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, დასაბეგრი მოგების ოდენობა საბაზრო პრინციპის შესაბამისია, თუ ოპერაციის პირობები არ განსხვავდება დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებად ვითარებაში განხორციელებული შედარებადი ოპერაციების დროს შესათანხმებელი პირობებისგან.

4.დამოუკიდებელი ოპერაცია შედარებადია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციასთან, თუ:

ა) მათ შორის არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ფინანსურ მაჩვენებელზე, რომლის შემოწმებაც ხდება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესაბამისი მეთოდით;

ბ) მათ შორის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შედარებისას აღნიშნული განსხვავების შედეგების გამორიცხვის მიზნით, განხორციელდა დამოუკიდებელი ოპერაციის ფინანსური მაჩვენებლის გონივრულად ზუსტი შესწორება.

6. კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში შესამოწმებელი ოპერაციების ფასი ამ თავის მიზნებისათვის საბაზრო ფასად ჩაითვლება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ამავე კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დასაბეგრი მოგების ოდენობის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებისათვის მიღებულია შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებული ფასი უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებულ ფასს. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პრინციპის შესაბამისი ფასი განისაზღვრება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის შეფასების შემთხვევის მიმართ ყველაზე უკეთ მისასადაგებელი მეთოდით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებაზე, რომლის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი იბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ეს რეზიდენტი წარმოადგენს პროცენტის ფაქტობრივ მფლობელს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პროცენტის გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, პროცენტები ამ კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით.

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2023 წლის 22 დეკემბერს აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ შედგენილია საგადასახადო რისკების მიმოხილვის დასკვნა, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს მშობელი კომპანიისგან მიღებული აქვს სესხი. აღნიშნული სესხი 2021-2022 წლების განმავლობაში სრულად არის დაფარული. სესხის ნაშთი 2021 წლის ბოლოსთვის შეადგენს 5 168 400 ლარს, სესხის პროცენტი - 13%-ს. აღნიშნული ოპერაცია მოცულია 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით, რომლის თანახმადაც სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთი არის 7.74%. რისკების მიმოხილვის დასკვნით გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია გადახდილ პროცენტის თანხასა და საბაზრო პროცენტს შორის სხვაობა დაუქვემდებაროს დაბეგვრას, თუმცა ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, შემოწმებით, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში გადახდილი პროცენტის თანხასა და საბაზრო პროცენტის თანხას შორის სხვაობით გაიზარდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დასაბეგრი ბაზა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართლზომიერად განხორციელდა შემოწმებით დადგენილ საბაზრო პროცენტსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ თანხას შორის გამოვლენილი სხვაობის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებული პირის მიერ აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის კორექტირებას და პროცენტის განაკვეთის შემცირებას.

2.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ საბაზრო პროცენტსა და გადახდილ საპროცენტო თანხებს შორის გამოვლენილი სხვაობის დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 11 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რაზეც გამოიცა 2024 წლის 16 დეკემბრის №26377 ბრძანება და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 35 924 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართლზომიერად განხორციელდა შემოწმებით დადგენილ საბაზრო პროცენტსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ თანხას შორის გამოვლენილი სხვაობის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

134,131.