გადაწყვეტილება №18535/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18535/2/2022
17.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ „-----“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 26.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18535/2/2022).
დავის საგანი:
1. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება;
2. ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და გადახდილი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2022 წლის №081-109 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30933 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 057 680 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 566 211
დღგ - 416 463
მოგების გადასახადი - 71 204
საშემოსავლო გადასახადი - 78 544
ჯარიმა - 381 781
საურავი - 109 688
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2022 წლის №081-109 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30933 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს„-----“-ზე (ს/ნ „-----“) გადარიცხული აქვს 401 946 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, გამოძიების ამ ეტაპზე ვერ დგინდება აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე, თუმცა საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ვერ დასტურდება აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული მომსახურების რეალურობისა და საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებში მომსახურების სახედ დაფიქსირებულია საშუამდგომლო მომსახურება, თუმცა აღნიშნული მომსახურების საჭიროება, ან საკუთრივ რა სახის საშუამდგომლო მომსახურების გაწევა განხორციელდა, ვერ დგინდება. ასევე, არ ფიქსირდება რაიმე სხვა სახის დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების საფუძველზე შპს „-----“-ზე ს/ნ( „-----“) გადახდილი თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შპს „-----“ (ს/ნ „-----“ ) მიღებული აქვს ანგარიშფაქტურები, რომლის მიხედვითაც ჩათვლილი დღგ-ის თანხა ჯამურად შეადგენს 350 591 ლარს.
შემოწმების შედეგად 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე მუხლების მიხედვით მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაკორექტირდა (შემცირდა) 350 591 ლარის ოდენობით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ შპს „-----“-ზე გადარიცხულია თანხები, თუმცა აღნიშნული ხარჯების გაწევის რეალობა არ დასტურდება, კერძოდ, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, გამოძიების ამ ეტაპზე ვერ დგინდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე, თუმცა საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ვერ დასტურდება აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული მომსახურების რეალურობისა და საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. აგრეთვე, მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული მომსახურების საჭიროება და რეალურად გაწევა არ დგინდება. ამასთან, არ ფიქსირდება რაიმე სახის დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია მითითებული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც
შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივარში დეტალურად იყო მითითებული საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებითი გადასახდელის დარიცხვის საფუძვლად მითითებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით პოზიცია, თუმცა წარდგენილი არც ერთი პოზიცია არ იქნა გაზიარებული.
მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და გამოძიების მიერ მიწოდებულია ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ჩადენილი არის სისხლის სამართლის დანაშაული და დანაშაულის ჩამდენ პირს არ წარმოადგენს არც შპს „-----“ და არც მისი დამფუძნებლები და დირექტორები. გამოძიების მასალების მიხედვით არ არის დადგენილი შპს „-----“ -ის მიერ შპს „-----“ (ს/ნ „-----“ ) გადარიცხული თანხების შესაბამისად გაცემული ანგარიშფაქტურების სიყალბე, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შპს „-----“-ზე (ს/ნ „-----“ ) გადარიცხული აქვს 401 946 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების 1.01.2021 წლიდან მოქმედი რედაქციით:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს შპს „-----“-ზე (ს/ნ „-----“) გადარიცხული აქვს 401 946 ლარი. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შპს „-----“ (ს/ნ „-----“) მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები, რომლის მიხედვითაც ჩათვლილი დღგ-ის თანხა ჯამურად შეადგენს 350 591 ლარს. მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებში მომსახურების სახედ დაფიქსირებულია საშუამდგომლო მომსახურება, თუმცა აღნიშნული მომსახურების საჭიროება, ან საკუთრივ რა სახის საშუამდგომლო მომსახურების გაწევა განხორციელდა, ვერ დგინდება. ასევე, არ ფიქსირდება რაიმე სხვა სახის დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი). საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ვერ დასტურდება გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული მომსახურების რეალურობისა და საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ დასტურდება შპს „-----“-ის (ს/ნ „-----“) მიერ მომჩივნისთვის მომსახურების გაწევა, შემმოწმებელთა მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება და გადახდილი თანხის არაეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად მიჩნევა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და გადახდილი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შპს „-----“ (ს/ნ „-----“) და შპს „------ “(ს/ნ „-----“) მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები, რომლის მიხედვითაც ჩათვლილი დღგ-ის თანხა ჯამურად შეადგენს 65 880 ლარს. შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „-----“ (ს/ნ „-----“) და შპს „-----“ (ს/ნ „-----“) მიღებული ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს და არის ყალბი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემცირდა საწარმოს მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა 65 880 ლარი. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით.
შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით, საწარმოს ანგარიშვალდებულ პირს (ბუღალტერი) „-----“ (პ/ნ „-----“) საწარმოსგან მიღებული სახსრებიდან, 83 000 ლარის გადახდა დაფიქსირებული აქვს შპს „-----“- ზე (ს/ნ „-----“ ). საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით შპს „-----“ (ს/ნ „-----“ ) მიღებული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი და შესაბამისი ოპერაციები ფიქტიური, ხოლო ანგარიშსწორება არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის, „-----“-ის (პ/ნ „-----“) მიერ მიღებულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გადასახდელი თანხის შემცირებისთვის და ამავე კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, განაცემთა ინფორმაციის არასწორად წარმოდგენისთვის 100 ლარი.
შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტერზე „-----“-ზე განხორციელებულია გადახდა ჯამურად 230 818 ლარის ოდენობით. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით „-----“ სხვადასხვა კომპანიების (შპს „-----“ (ს/ნ „-----“) და შპს „-----“ (ს/ნ „-----“)) სახელით ახორციელებდა ყალბი საგადასახდო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას, ასევე საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით გადარიცხვის ოპერაციებს ახორციელებდა „-----“, შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს წარმომადგენლების მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად გადარიცხული თანხა 230 818 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა ფ/პ„-----“-ზე (პ/ნ „-----“ ) გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და 81-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გადასახდელი თანხის შემცირებისთვის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 175- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 280-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველ პუნქტზე და 563 მუხლის მე-5 პუნქტზე და იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების მიხედვით, საგამოძიებო სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაციით დადგენილია, რომ შპს „-----“ (ს/ნ „-----“) და შპს „-----“ (ს/ნ „-----“) მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული ოპერაცია იყო ფიქტიური. აგრეთვე, შპს „----- -გან “ მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული ოპერაციების რეალურობა და საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი ვერ იქნა დადგენილი, კერძოდ, მომსახურების სახედ დაფიქსირებულია საშუამდგომლო მომსახურება, თუმცა აღნიშნული მომსახურების საჭიროება, ან საკუთრივ რას სახის საშუამდგომლო მომსახურების გაწევა განხორციელდა, ვერ დგინდება. ასევე არ ფიქსირდება რაიმე სხვა სახის დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი). ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამდენად, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია შემოწმებით უსაქონლო ოპერაციის/ფიქტიური გარიგების მიხედვით მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შესაბამისი პერიოდის ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება, აგრეთვე, იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ს ჩათვლილი თანხების შემცირება, რომელთა რეალურობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ვერ დადასტურდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და იმ გარემოებაზე, რომ შემოწმებით დადგინდა საწარმოს ბუღალტრის მიერ საწარმოსგან მიღებული ფულადი სახსრებიდან 83 000 ლარის გადახდა შპს „------ზე “(ს/ნ „-----“ ), რასთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით დადგენილია, რომ შპს „-----“ მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული ოპერაციები იყო ფიქტიური, ხოლო ანგარიშსწორება არ განხორციელებულა. აგრეთვე, დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტერზე,„-----“-ზე განხორციელებულია გადახდა ჯამურად 230 818 ლარის ოდენობით. საქმის მასალებით და საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ საწარმოს ბუღალტერი სხვადასხვა კომპანიების სახელით ახორციელებდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენებას, ასევე საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, გადარიცხვის ოპერაციებს ახორციელებდა „-----“-ზე .მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მართლზომიერად მიაჩნია ზემოაღნიშნული თანხების გაცემულ სარგებლად დაბეგვრა. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნული სადავო საკითხების ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „-----“ და შპს „-----“ მიღებული ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს და არის ყალბი. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩათვლილი დღგ-ის თანხა ჯამურად შეადგენს 65 880 ლარს. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით საწარმოს ანგარიშვალდებულ პირს „-----“-ს (ბუღალტერი) საწარმოსგან მიღებული სახსრებიდან, 83 000 ლარის გადახდა დაფიქსირებული აქვს შპს „-----“- ზე (ს/ნ „-----“). შპს „-----“ მიღებული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი და შესაბამისი ოპერაციები ფიქტიური, ხოლო ანგარიშსწორება არ განხორციელებულა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ფ/პ „-----“ სხვადასხვა კომპანიების (შპს „-----“ (ს/ნ „-----“ ) და შპს„-----“ (ს/ნ „-----“ ) სახელით ახორციელებდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას, ასევე საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, გადარიცხვის ოპერაციებს ახორციელებდა „-----“-ზე , შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტერზე „-----“-ზე განხორციელებულია გადახდა ჯამურად 230 818 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საქმე გვაქვს დანაშაულთან და დანაშაულის ჩამდენი პირი არ არის შპს „-----“, პასუხი უნდა აგოს დანაშაულის ჩამდენმა პირმა და არ უნდა მოხდეს შპს „----- - თვის “იმ გადასახდელების დაკისრება, რომელიც არ გამომდინარეობს მისი სამეწარმეო საქმიანობიდან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება,შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლიდან მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შპს „-----“ (ს/ნ „-----“) და შპს „-----“ (ს/ნ „-----“) მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები, რომლის მიხედვითაც ჩათვლილი დღგ-ის თანხა ჯამურად შეადგენს 65 880 ლარს. საწარმოს ანგარიშვალდებულ პირს (ბუღალტერი) „-----“ (პ/ნ „-----“ ) საწარმოსგან მიღებული სახსრებიდან, 83 000 ლარის გადახდა დაფიქსირებული აქვს შპს„-----“-ზე (ს/ნ „-----“). შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტერზე„-----“-ზე განხორციელებულია გადახდა ჯამურად 230 818 ლარის ოდენობით.
სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „-----“ (ს/ნ „-----“) და შპს „-----“ (ს/ნ „-----“) მიღებული ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს და არის ყალბი. შპს „-----“ (ს/ნ „-----“ ) მიღებული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი და შესაბამისი ოპერაციები ფიქტიური, ხოლო ანგარიშსწორება არ განხორციელებულა. გადარიცხვის ოპერაციებს ახორციელებდა „-----“ , შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს წარმომადგენლების მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიინევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვის კორექტირების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.