გადაწყვეტილება №23388/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23388/2/2024
09 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ფ/პ ----- (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ. ბარათაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), 20.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ფ/პ -------ს 27.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23388/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32249 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2024 წლის №081-87 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.06.2024 წლის №13482 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 190 561 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 672 666
დღგ - 125 414
მიწა-არასასოფლო - 7 388
საშემოსავლო გადასახადი - 481 697
ქონების გადასახადი - 58 167
ჯარიმა - 316 003
საურავი - 201 892
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლების
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
- შემოწმების პროცესში, ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი, ინვესტირების მიზნით, საქართველოში ყიდულობს ბინებს შავი კარკასის მდგომარეობით, არემონტებს და ყიდის მათ. ამასთან, გადასახადის გადამხდელს საბაჟოზე უფიქსირდება სერვერების, კომპიუტერებისა და ანტიმაინერების შემოტანა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არ არის ინფორმაცია აღნიშნული ტექნიკის ადგილმდებარეობის ან მიზნობრიობის შესახებ. შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნული ტექნიკა ჩაითვალა მიწოდებად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, აუდირებული ფასნამატით. ასევე, შემოწმებით დაიბეგრა რეალიზებული ბინების მიწოდება, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების გათვალისწინებით, მიწოდების საანგარიშო პერიოდში.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და წარდგენილი ინფორმაციის შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ გადაჭარბა 100 000 ლარს. საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები. ასევე გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციებით მიღებულმა ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადაჭარბა 2021 წლის 30 ნოემბერს. ოპერაცია, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა შეადგენს 2 074.26 ლარს (დღგ-ის გარეშე). დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 847 528 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის. საგადასახადო კოდექსის 174-ე 175-ე, 176-ე მუხლების შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა საბაჟო დეკლარაციები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სულ 23 309 ლარი (დღგ);
- 2021-2023 წლებში გადასახადის გადამხდელს არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე ჩუქებით გადაცემული აქვს ბინები და მიწები. საგადასახადო კოდექსის 103-ე, 104-ე და 154-ე მუხლების თანახმად, გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკურ პირებზე უსასყიდლოდ გადაცემული ბინების საბაზრო ღირებულება, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;
- შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ პირს 2020-2022 წლებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რისი მიხედვითაც, საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დადგინდა 2021 და 2022 წლებში ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილი არ არის.
შემოწმებით გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, 2020-2022 წლებში გადასახადის გადამხდელის საკუთრებაშია 28 ერთეული უძრავი ქონება მ.შ. ავტოსადგომი, ბინა, სარდაფი მდებარე ქ. ---, -----, ----- (საკადასტრო კოდები ------;------;------;------;------;------;------;------;------;------;------;------; ------;------; ------; ------;------;------;------;------;------;------;------;------;------; ------; ------;) და ავტოსატრანსპორტო საშუალებები (------; ------; ------;). ამასთან, საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება ძირითადად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ, რომელიც არსებითად ემთხვევა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ქონებების სარეალიზაციო ღირებულებას, ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში (------;------;------; ------;------;------;) გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულია შედარებით დაბალი ღირებულებები, ამიტომ გათვალისწინებული იქნა საჯარო რეესტრში არსებული ხელშეკრულებებიდან ინფორმაცია. ------ში - -- - ---- ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობა, საჯარო რეესტრში არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, შეძენილია 2014 წლის 11 აპრილს 9 000 ლარად, აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელმა დატოვა იგივე ღირებულება 2020-2022 წწ-ში.
შემოწმების მიერ მოძიებული იქნა ინფორმაცია მსგავსი ძირითადი საშუალებების ღირებულების შესახებ, რამაც შეადგინა 18 200 დოლარი საჯარო რეესტრში არსებული იპოთეკის ხელშეკრულებით. ასევე, ---- - საკადასტრო კოდზე შეძენილია ბინა ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით 112.21 კვ.მ. 15 000 დოლარად, რომელზეც გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული ოპერაცია შინაარსით წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებას. შემოწმების პროცესში მოძიებული იქნა იმავე ტერიტორიაზე არსებული ძირითადი საშუალების ღირებულება, რამაც 120 000 დოლარი შეადგინა. გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულია შედარებით დაბალი ღირებულებები, ამიტომ გათვალისწინებული იქნა საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია.
გადასახადის გადამხდელს არცერთ საანგარიშო პერიოდში არ განუხორციელებია ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაერიცხა ქონების გადასახადი და განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის №25408 ბრძანება და №081-259 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32249 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრის დანართად წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვროს ფ/პ ----, ----ის საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული ბრძანება გადასახადის გადამხდელს არ გაუსაჩივრებია.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32249 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მარტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 56 073 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2024 წლის №081-87 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №081-87 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან და 2023 წლის 12 ოქტომბრის №081-259 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 7.06.2024 წლის №13482 ბრძანებით:
- აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №081-87 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით
- არ დაკმაყოფილდა;
- აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №081-259 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით - საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 7.06.2024 წლის №13482 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხის ნაწილში, გასაჩივრდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №081-87 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, ეყრდნობა ფაქტობრივ გარემოებებს, აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს ამ ნაწილში წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დაერიცხა თანხები გადასახადებისა და სანქციის ნაწილში. არ ეთანხმება აქტით დარიცხული თანხების სისწორეს და წარმოადგენს არგუმენტებს დარიცხვების არამართებულობასა და მათი მოსაზრებების სისწორესთან დაკავშირებით.
მიაჩნია, რომ შემოწმების აქტში მოცემული თანხები დათვლილია არასწორად, გარდა ამისა არ არის გათვალისწინებული დარიცხულ თანხებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება და ადეკვატური ანალიზი მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ აქტით დარიცხული თანხების დიდი ნაწილი დარიცხულია არასწორად, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია შემმოწმებლებსა და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებს შორის საკმარისი კომუნიკაციის არ არსებობით.
საკითხი 1 - საცხოვრებელი დანიშნულების ფართებისა და საბაჟო დეკლარაციებით შემოტანილი ნივთების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა.
შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ფართების მიწოდების ოპერაციები ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობად და მოხდა მათი დღგ-ით დაბეგვრა, რის შედეგადაც დაერიცხა დღგ და დაეკისრა სანქცია. აღნიშნულ პროცესში შემმოწმებლების მიერ დაშვებულ იქნა მთელი რიგი შეცდომები.
შემმოწმებლის მიერ დაშვებული მთავარი შეცდომა არის ის, რომ არ მოხდა ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი ანალიზი. პირველ რიგში, დამახინჯებულია ინფორმაცია თითქოს პირი შემდგომში რეალიზაციის მიზნით ყიდულობდა ბინებს მშენებარე ან შავი კარკასის მდგომარებით, არემონტებდა და ახდენდა მათ მიწოდებას. პირის მიერ შეძენილი ბინების უმეტესობა შეძენის მომენტში გახლდათ თეთრი კარკასის კონდიციაში, ზოგ შემთხვევაში კი სრულად გარემონტებული და საცხოვრებელი ტექნიკითა და ავეჯით სრულად უზრუნველყოფილი. ყოველივე აღნიშნულის დასამტკიცებლად, შესაძლებელია ნასყიდობის ხელშეკრულებებით ხელმძღვანელობა, სადაც აღწერილია ნასყიდობის საგნის მდგომარეობა საკუთრების უფლების გადასახადის გადამხდელისთვის გადაცემის მომენტში. ასევე, წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები ფოტო მასალის სახით, სადაც ნათლად ჩანს უძრავი ნივთების მდგომარეობა წინა მესაკუთრისა და გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში რეგისტრაციის დროს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, შემმოწმებლების მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი ბინების ნაწილი გაჩუქებულია, ხოლო ბინების აბსოლუტური უმრავლესობა რეალიზებულია დროის დიდი ინტერვალით, მინიმალური ფასნამატით, ან ზარალით. ასევე, ბინა საკადასტრო კოდით ------ პირს არ აქვს შეძენილი, მან აღნიშნული ბინა მიიღო ჩუქებით სიძისგან და შემდგომ მოახდინა მისი რეალიზაცია.
შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, იმის მტკიცება, რომ პირი დაკავებული იყო ეკონომიკური საქმიანობით და ვაჭრობდა ბინებით არასწორია. გადასახადის გადამხდელის მიზანს წარმოადგენდა ფულადი სახსრების უძრავ ქონებებში დაბანდება და არა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, შემმოწმებლის მიერ მოხდა პირის მიერ საბაჟო დეკლარაციებით შემოტანილი სერვერების, კომპიუტერებისა და ანტიმაინერების, მიწოდებად განხილვა, რომელიც კვლავ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაშია და დღემდე განთავსებულია პირის პირადი მოხმარების საწყობში. აღნიშნულის დასამტკიცებლად წარადგინა შესაბამისი აუდიტის დასკვნა და ფოტო მასალები.
შესაბამისად, არ ეთანხმება შემმოწმებელების მიერ საცხოვრებელი ფართების მიწოდებისა და დღემდე პირის პირად საკუთრებაში არსებული ნივთების მიწოდებულად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია, შემმოწმებლის მიერ გადასახადის გადამხდელთან შესაბამისი თანამშრომლობის უზრუნველყოფა. შედეგად კი, არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხების შემცირება.
საკითხი 2 - გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი.
შემოწმების აქტის მიხედვით, შემმოწმებელმა გადახდის წყაროსთან დაბეგრა გადასახადის გადამხდელის მიერ არამეწარმე ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების ჩუქება, რაც არასწორია იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ იყო ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე პირი და მას არ ევალებოდა საგადასახადო აგენტის როლის შესრულება.
გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღნიშნა, ამ შემთხვევაშიც, ადგილი ჰქონდა გადასახადის გადამხდელსა და შემმოწმებელს შორის არასათანადო კომუნიკაციას და შემმოწმებლის მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასრულ შესწავლას. საგადასახადო შემოწმების აქტში მოხსენიებული ოპერაციები შინაარსით არ წარმოადგენს ჩუქებას. მაგალითად, ქ. -----ში --- ქ. --ში მდებარე უძრავი ქონების, კერძო სახლის (ს.კ. ------) გადაცემა შემმოწმებლის მიერ განხილულია უძრავი ნივთის ჩუქებად და დაბეგრილია გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. სინამდვილეში კი, 2022 წლის 15 იანვარს „გამჩუქებელ“ ------- და „მჩუქებელ“ ე------ს შორის ----ში დადებულია გაცვლის ოპერაცია, რომლის თანახმად, არაუმეტეს 5 წლის ვადით, პირებმა გაცვალეს 140 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონებები, ასევე აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ქონებები მესაკუთრეებისთვის დაბრუნებულია 2023 წლის სექტემბრის თვეში,----- ქონება დაუბრუნა („აჩუქა“) -----ეს მეუღლეს ----ს. შესაბამისად, შემმოწმებლის მიერ აღნიშნული საცხოვრებელი ფართის გადაცემის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა არასწორია, ვინაიდან ადგილი ჰქონდა აქტივების დროებით გაცვლას, რის დასამტკიცებლადაც წარადგინა, ----სა და ------ს შორის 2022 წლის 15 იანვარს გაფორმებულ აქტივების დროებით გაცვლის ხელშეკრულება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, შემმოწმებლის მიერ გადახდის წყაროსთან დაბეგრილია -----ეს მიერ ---სა და -----ის უძრავი ნივთის (ს.კ. -----) „ჩუქება“. სინამდვილეში კი, ნივთის გადაცემის საფუძველს წარმოადგენს 2021 წლის 15 მაისს და 23 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც -----მ პირებისგან სესხის სახით მიიღო ჯამში 140 000 აშშ დოლარი, რომლის ნაწილის, კერძოდ, 70 000 აშშ დოლარის დასაფარად მან 2022 წლის 15 მაისს პირებს გადასცა 70 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ნივთი. წარადგინა შესაბამისი ხელშეკრულებები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მიწის ნაკვეთების (ს.კ.----- და -----) გადაცემა თავისი შინაარსით ასევე არ წარმოადგენს ----სა და ----ზე უძრავი ნივთების ჩუქებას, ვინაიდან აღნიშნული პირები და ----მე ერთობლივად წარმოადგენენ რამდენიმე საწარმოს მეწილეებს და აღნიშნული მიწის ნაკვეთები პირების მიერ ნაყიდია ერთობლივად. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით -----, -----ეს მიერ პირებისთვის გადაცემის შემდეგ შეტანილია შპს -----ში, სადაც მეწილეებს წარმოადგენენ ----მე, -----ი და ----ი. რაც შეეხება, მიწის ნაკვეთებს, საკადასტრო კოდებით ------ და -------, მომავალში ისინიც შეიტანება პირების მიერ დაფუძნებულ საწარმოში. წარდგენილი შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე მტკიცდება, რომ რეალურად აღნიშნული მიწის ნაკვეთები ნაყიდია სამივე პირის თანადაფინანსებით. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა მიწის ნაკვეთების შესყიდვისა და საპროექტო ნებართვის ხარჯები გაწეულია სამივე პირის მიერ ერთობლივად, დაუშვებელია მიწის ნაკვეთების გადაცემის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, ვინაიდან აღნიშნული ფართების გადაცემა თავისი შინაარსით არ იყო უსასყიდლო.
ზემოაღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ საკითხი საჭიროებს სიღრმისეულად შესწავლას, ვინაიდან შემმოწმებლების მიერ არასწორად არის დარიცხული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია, შემმოწმებელმა უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელთან შესაბამისი თანამშრომლობა. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.
საკითხი 3 - არასწორად დარიცხული ქონების გადასახადი.
შემმოწმებლების მიერ გადასახადის გადამხდელზე დარიცხული იქნა ქონების გადასახადისა და სანქციის თანხები, კერძოდ, პირის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონება დაიბეგრა ქონების გადასახადით, მაშინ როდესაც თავის მხრივ, პირის მიერ აღნიშნული ქონებების მიწოდება მიჩნეული იქნა ეკონომიკურ საქმიანობად და ოპერაციებზე პირს დაერიცხა დღგ.
აღნიშნული ორი საკითხი მოდის ურთიერთდაპირისპირებაში, ვინაიდან თუ აუდიტის დეპარტამენტმა ჩათვალა, რომ პირი ერთის მხრივ ვაჭრობდა საცხოვრებელი დანიშნულების ფართებით, მაშინ პირისთვის ზემოაღნიშნული ფართები წარმოადგენდა სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობებს და არა ძირითად საშუალებებს, შესაბამისად არ უნდა მომხდარიყო აღნიშნულ ქონებაზე ქონების გადასახადის დარიცხვა. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ფიზიკური პირი ქონების გადასახადს იხდის მის ბალანსზე აღრიცხულ ძირითად საშუალებებზე და არა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ფიზიკური პირი ნაჰიბ ტოჰმე წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელიც 2019-2023 წლებში, არც ერთი წლის მიხედვით, არ წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს, ვინაიდან მთელი ამ პერიოდის მანძილზე, დღეების აბსოლუტური უმრავლესობა გატარებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, პირის ქონების გადასახადის გადამხდელად მისაჩნევად დაწესებული 40 000 და 100 000 ლარიანი ზღვრების მიზნებისთვის არ უნდა იქნეს გათვალისწინებული პირის მიერ მიღებული შემოსავლები, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებს. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით. შემმოწმებელმა პირის შემოსავლებში გაითვალისწინა საქართველოში ონლაინ კაზინოებიდან მიღებული შემოსავლები ისე, რომ არ მომხდარა აღნიშნული შემოსავლებთან დაკავშირებული ხარჯების ანალიზი, წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები, პირის მიერ შესაბამის კაზინოებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რისი მიხედვითაც ცალსახად ჩანს, რომ პირი განიცდიდა ზარალს.
ზემოაღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ საკითხი საჭიროებს გაცილებით სიღრმისეულად შესწავლას, ვინაიდან შემმოწმებლების მიერ არასწორად არის გაანგარიშებული ქონების გადასახადი, შესაბამისად არასწორად არის დარიცხული ქონების გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადასახადის გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.
საკითხი 4 - ჯარიმები
გადასახადის გადამხდელი საქართველოს მოქალაქეობის მიუხედავად ვერ ფლობს ქართულ ენას, რომ თავად შეძლოს საკანონმდებლო აქტებისა და მის წინაშე დამდგარი საგადასახადო ვალდებულებების გაცნობა. შესაბამისად, მას დაქირავებული ჰყავდა პიროვნება, რომელსაც უნდა უზრუნველეყო პირის საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, აღნიშნული პირის მიმართ ხდებოდა შესაბამისი ანაზღაურების გადახდაც შესასრულებელი სამუშაოს პირნათლად შესასრულებლად, თუმცა პირი არასათანადოდ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, არ აგზავნიდა კანონმდებლობით დადგენილ დეკლარაციებს. შემოწმების მიმდინარეობის პროცესშიც დაგვიანებით მოხდა აღნიშნული პიროვნების ჩანაცვლება სხვა მაღალკვალიფიციური ბუღალტრით, რამაც დროის სიმცირის გამო გამოიწვია გადასახადის გადამხდელსა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს შორის არასათანადო კომუნიკაცია.
გამომდინარე იქედან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ითხოვს ზემოთ ხსენებული თანხების მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხების შემცირებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32249 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, საჩივრის დანართად წარდგენილის) შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების განსაზღვრა და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება).
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 21 დეკემბრის №32249 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მომჩივანს არ გაუსაჩივრებია.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32249 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მარტის დასკვნით ირკვევა შემდეგი:
1. გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი იქნა გაცვლის ხელშეკრულებები, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე რეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრში ოფიციალურად რეგისტრირებულია ჩუქების ხელშეკრულებები საკუთრების უფლების გადაცემის მომენტში. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული.
საბაჟოზე შემოტანილი სერვერების, კომპიუტერებისა და ანტიმაინერების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია მხოლოდ ფოტომასალა, არ არის წარდგენილი რაიმე მაიდენტიფიცირებელი საშუალება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული საქონლის ფ/პ -----თვის მიკუთვნება. ამასთან, ფოტომასალაზე ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული ტექნიკა მუშა მდგომარეობაშია, ხოლო კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდება ეკონომიკური საქმიანობაა და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს.
რაც შეეხება ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს, შემოწმების პროცესში, ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც ფ/პ ------ ინვესტირების მიზნით საქართველოში ყიდულობს ბინებს შავი კარკასის მდგომარეობით, არემონტებს და ყიდის მათ. საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობა განხილული იქნა ეკონომიკურ საქმიანობად;
2. გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი იქნა გაცვლის ხელშეკრულებები, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე რეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრში ოფიციალურად რეგისტრირებულია ჩუქების ხელშეკრულებები საკუთრების უფლების გადაცემის მომენტში. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული.
შემოწმების პროცესში, ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც ფ/პ---- ინვესტირების მიზნით საქართველოში ყიდულობს ბინებს შავი კარკასის მდგომარეობით, არემონტებს და ყიდის მათ. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საქმიანობა განხილული იქნა ეკონომიკურ საქმიანობად. გათვალისწინებულია საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯებიც.
ქ. ----ში, ---ის ქ. №--ში მდებარე უძრავი ქონების მეუღლეზე ჩუქების ოპერაციის შემთხვევაში, საჩივართან ერთად წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი;
3. გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, 2020-2022 წლებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი მიღებულია საქართველოში არსებული წყაროდან, რაც დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერითაც. საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, ფ/პ ---ეს დაუდგინდა 2021 და 2022 წლებში ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა.
მომჩივანი სადავოდ ხდის შემოსავლების სამსახურის 7.06.2024 წლის №13482 ბრძანებას მისი საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში, წარმოადგენს არგუმენტებს/მოსაზრებებს შემოწმების აქტით დღგ-ის, საშემოსავლო და ქონების გადასახადების ნაწილში განხორცილებული დარიცხვების არამართებულობაზე, მიაჩნია, რომ შემოწმების აქტში მოცემული თანხები დათვლილია არასწორად, არ არის გათვალისწინებული დარიცხულ თანხებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები, აქტით დარიცხული თანხების დიდი ნაწილის არასწორად დარიცხვა მიიჩნევს, რომ გამოწვეულია შემმოწმებლებსა და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებს შორის საკმარისი კომუნიკაციის არ არსებობით და რომ შემმოწმებლის მიერ დაშვებული მთავარი შეცდომაა, რომ არ მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი ანალიზი, ფაქტობრივი გარემოებების სრულად შესწავლა. შესაბამისად, არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ საცხოვრებელი ფართების მიწოდებისა და პირის პირად საკუთრებაში არსებული ნივთების მიწოდებულად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან მტკიცება, რომ პირი დაკავებული იყო ეკონომიკური საქმიანობით და ვაჭრობდა ბინებით, მიიჩნევს რომ არასწორია, რადგან გადასახადის გადამხდელის მიზანს წარმოადგენდა ფულადი სახსრების უძრავ ქონებებში დაბანდება და არა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. აღნიშნავს, რომ არასწორად არის დარიცხული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხები, შემმოწმებლის მიერ უძრავი ნივთების „ჩუქებად“ განხილვის შემთხვევები, სინამდვილეში წარმოადგენს ერთ შემთხვევაში აქტივების დროებით გაცვლას, ხოლო მეორე შემთხვევაში ნივთის გადაცემას, რომლის საფუძველს წარმოადგენს მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, ხოლო იმ პირობებში, როდესაც მიწის ნაკვეთების შესყიდვისა და საპროექტო ნებართვის ხარჯები გაწეულია სამი პირის (მეწილეების) მიერ ერთობლივად, დაუშვებელია მიწის ნაკვეთების გადაცემის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, ვინაიდან აღნიშნული ფართების გადაცემა თავისი შინაარსით არ იყო უსასყიდლო. აღნიშნავს, რომ სიღრმისეულად შესწავლას მოითხოვს საკითხები ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ თუ აუდიტის დეპარტამენტმა ჩათვალა, რომ პირი ერთის მხრივ ვაჭრობდა საცხოვრებელი დანიშნულების ფართებით, მაშინ პირისთვის ზემოაღნიშნული ფართები წარმოადგენდა სასაქონლომატერიალურ ფასეულობებს და არა ძირითად საშუალებებს, შესაბამისად არ უნდა მომხდარიყო აღნიშნულ ქონებაზე ქონების გადასახადის დარიცხვა. 2019-2023 წლებში, არც ერთი წლის მიხედვით, პირი არ წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს, ვინაიდან მთელი ამ პერიოდის მანძილზე, დღეების აბსოლუტური უმრავლესობა გატარებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, პირის ქონების გადასახადის გადამხდელად მისაჩნევად დაწესებული 40 000 და 100 000 ლარიანი ზღვრების მიზნებისთვის არ უნდა იქნეს გათვალისწინებული პირის მიერ მიღებული შემოსავლები, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებს. ხოლო, პირის მიერ შესაბამის კაზინოებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე წარდგენილა შესაბამისი დოკუმენტებით ჩანს, რომ პირი განიცდიდა ზარალს. ამდენად, მიიჩნევს, რომ შემმოწმებლების მიერ არასწორად არის დარიცხული დღგ, საშემოსავლო გადასახადი და გაანგარიშებული ქონების გადასახადი, ითხოვს, საჩივარში დაფიქსირებული საკითხების ხელახალი და სიღრმისეულ შესწავლას, თანამშრომლობის უზრუნველყოფას გადასახადის გადამხდელთან, შედეგად კი, დარიცხული გადასახადებისა და სანქციების შემცირებას.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების ანალოგიური გარემოებები. კერძოდ აღნიშნა, რომ საჩივარში სამი საკითხია გასაჩივრებული, მიწოდებული და გაჩუქებული ქონების, ასევე მაინერების (რომელიც კვლავ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაშია) დღგ-ით დაბეგვრა, გაჩუქებული ქონების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა და ქონების გადასახადის დარიცხვა. გადასახადის გადამხდელმა შეიძინა უძრავი ქონებები მისი ნათესავებისთვის და მისი ნაწილის გაჩუქება (არა გაყიდვა) მოხდა სხვადასხვა პირებზე. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ვითომდა შემმოწმებელს მიეცა ფიზიკური პირის მიერ ახსნა-განმარტება, რომ იძენდა ქონებას შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ანუ ვაჭრობით არის დაკავებულიო. შემოწმების პერიოდში და არც დავის პროცესში არ იყო ჩართული, მაგრამ შემდგომ, ფიზიკური პირის გამოკითხვის, ამოღებული ამონაწერების საფუძველზე, ასევე პირი საუბრისას აღნიშნავს, რომ ყიდულობდა ბინებს ნათესავებისთვის და აღნიშნული იყო შეძენის საფუძველი, ანუ ის რომ ბინებს ყიდულობდა გასაყიდად, ეს ფაქტი არ შეესაბამება სინამდვილეს და არასწორია. ნაწილი ბინების რეალიზაცია მოხდა, მაგრამ 9 ერთეული რეალიზებულია და 6 ერთეული გაჩუქებულია. პირს, მას შემდეგ რაც შემოვიდა საქართველოში და იყიდა უძრავი ქონებები, საბანკო ანგარიშები დაუხურეს, ვერანაირი საქმიანობა ვერ განახორციელა და ამ გარემოების გამო, გადაწყვიტა ბინების ნაწილის გაყიდვა და ნაწილის გაჩუქება, მაგრამ ორივე დაუბეგრეს დღგ-ით იმ პირობებში, რომ არ არის ინდ. მეწარმე, ანუ დასაბეგრი პირი. შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითების ჩანაწერის მიხედვით, არასამეწარმეო მიზნით რეალიზაცია (თუ კომერციულ ფართს არ ეხება) დღგ-ით არ იბეგრება, ანუ თუ ადამიანი წავიდა საზღვარგარეთ, 5 ბინაც რომ გაყიდოს, თუ ნათესავისთვის იყიდა და მერე გადაწყვიტა გაყიდვა, არ არის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია. მაინერებიც დაიბეგრა დღგ-ით, რომელიც პირს დღესაც საკუთრებაში, სახლის პირობებში გააჩნია, რომლის ფოტომასალაც წარუდგინა შემოწმებას, მაგრამ არ გადამოწმდა მათ მიერ. ფიზიკურმა პირმა, რადგან ვერ ახორციელებდა ბიზნეს საქმიანობას, ნაწილი ქონებისა გაყიდა, ნაწილი გააჩუქა, ხოლო შემოწმებით დაიბეგრა გაყიდვაც და ჩუქებაც დღგ-ით. აქ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ პირი არ არის მეწარმე ფიზიკური პირი და 5 ბინის, თუ 15 ბინის გაყიდვაც კი არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად, წარადგინეს არგუმენტები რატომ არ არის ეს ფიზიკური პირი ინდ. მეწარმე, რადგან არ არის პირი დაკავებული ბინების ვაჭრობით, ვისაც აჩუქა დიდი ნაწილი ნათესავები არიან. მეუღლის ნაწილში მოხდა დარიცხული თანხის შემცირება, სხვები არიან მეუღლის და ფიზიკური პირის ბიძაშვილები. ანუ, გაჩუქების ერთ ნაწილში გაჩუქებას ადასტურებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში არ იყო გაჩუქება, ჩუქება კი არის, მაგრამ ერთ შემთხვევაში შეთანხმდნენ, რომ მის სანაცვლოდ მომჩივანს უნდა მიეღო გარკვეული ღირებულების ქონება, ანუ გაცვლა მოხდა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის გაჩუქება, რადგან რეალურად წარდგენილი აქვს გაცვლის შეთანხმება და არა ჩუქება. აღსანიშნავია, რომ ქონების ნაწილზე უკან დაბრუნება მოხდა, მაგრამ მაინც არის დაბეგრილი შემოწმების მიერ. ასევე, მეორე შემთხვევაში არის გაჩუქების კონტრაქტი, მაგრამ წარადგინეს მტკიცებულება, რისი მიხედვითაც პირებს შორის არის სასესხო ურთიერთობა და ამ გაჩუქებით მოხდა სასესხო ვალდებულებებში გაქვითვა. მესამე შემთხვევაა, როცა გაჩუქება არის, მაგრამ პირმა სხვა ადამიანებთან ერთად იყიდა გარკვეული ქონება, მაგრამ რადგანაც ისინი ვერ ყიდულობდნენ (საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ), მათზე გაჩუქება მოხდა. ეს სამი შემთხვევაა, როცა ნათესავებზე არ მოხდა გაჩუქება. რაც შეეხება ქონების გადასახადის დარიცხვას აქ კიდევ უფრო მეტი კითხვები ჩნდება. პირი არ არის ინდივიდუალური მეწარმე, შემოწმებით ჩაითვალა მეწარმე ფიზიკურ პირად და მისი ყველა უძრავი ქონება დაიბეგრა ქონების გადასახადით. თუ შემმოწმებელმა ჩათვალა, რომ პირი ვაჭრობდა საცხოვრებელი დანიშნულების ფართებით, მაშინ პირისთვის სადავო ფართები წარმოადგენდა სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობებს და არა ძირითად საშუალებებს, შესაბამისად არ უნდა მომხდარიყო აღნიშნულ ქონებაზე ქონების გადასახადის დარიცხვა. ქონების გადასახადით იბეგრება საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტი პირის მიერ 40 000 ლარზე მეტი საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, მოცემულ შემთხვევაში ეს პრინციპიც დარღვეულია. ქონების გადასახადი არის მცირე ნაწილი დარიცხული თანხებისა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირი არ არის მეწარმე ფიზიკური და ამაზე აფუძნებს მის არგუმენტებს. ამასთან აღნიშნავს, რომ არ იყო ჩართული შემოწმების და შემოსავლების სამსახურში დავის პროცესში, მაგრამ ყველა მიმოწერის გავლა მოხდა და არ არის ის რასაც ეფუძნება შემოწმება, ამდენად ახსნა-განმარტების ნამდვილობას არ ადასტურებს, მთავარია ის, რასაც ამბობს მომჩივანი, რომ ნათესავებისთვის ვყიდულობდიო, შემოწმებით კი გასაყიდად ნაყიდად ჩაეთვალა, საბანკო ანგარიშები დაუხურეს, რაც გახდა პირის მიერ ქვეყნის დატოვების საფუძველი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფაქტობრივ გარემოებებში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე დამატებით განმარტა, რომ შემოწმების პროცესში გამოითხოვა ახსნა-განმარტება გადასახადის გადამხდელისაგან, რომელმაც 2023 წლის 23 აგვისტოს გადაუგზავნა ახსნა-განმარტება ინგლისურ ენაზე, რომლითაც აღნიშნავს, შეძენის მიზნობრიობას, ანუ თვითონ განმარტა, რომ ბინებს იძენდა გაყიდვის მიზნით, ამდენად ჩათვალეს დასაბეგრ ოპერაციად. რაც შეეხება საბანკო ანგარიშების დახურვას, 2023 წელსაც ფიქსირდება მის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. თავდაპირველად ჩუქება ყველა დაიბეგრა, რადგან ბიძაშვილები არ გადიოდა შეღავათებში, მათ შორის ერთ-ერთი აღმოჩნდა მეუღლე, რომელზეც შემოწმების პერიოდში არ ჩანდა ინფორმაცია ბაზებში, გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი იქნა ქორწინების მოწმობა და ეს შემთხვევა ამოღებული იქნა დარიცხვიდან. რაც შეეხება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, პირი ჩაითვალა მეწარმე ფიზიკურ პირად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. ქონების გადასახადის ნაწილში იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადს იხდის მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე და აქ იგულისხმება მეწარმეც და არამეწარმეც, ანუ ნებისმიერი ფიზიკური პირი.
ამგვარად ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32249 ბრძანების აღსრულების საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით. კერძოდ, უძრავი ქონების მეუღლეზე ჩუქების ოპერაციის შემთხვევაში, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შემცირდა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა გაცვლის ხელშეკრულებები, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე რეგისტრირებული არ არის, ხოლო საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ჩუქების ხელშეკრულებები საკუთრების უფლების გადაცემის მომენტში. ასევე, საბაჟოზე შემოტანილი სერვერების, კომპიუტერებისა და ანტიმაინერების თაობაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა მხოლოდ ფოტომასალა და არა რაიმე მაიდენტიფიცირებელი საშუალება, რაც ფ/პ -----ის მიკუთვნებას შესაძლებელს გახდიდა. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32249 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს, დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში წარდგენილ დავის საგნებთან მიმართებით, მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება), ასევე, ზემოაღნიშნულთან მიმართებით მიღებული შედეგების გათვალისწინებით, წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების განსაზღვრა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება).
ამგვარად საბჭო აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა, გადასახადის გადამხდელს წინადადება მიეცა წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, მომჩივანს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა მისთვის მიცემული დავალების შესრულება ხსენებული შემოსავლების სამსახურის ბრძანების ფარგლებში. შესაბამისად, საბჭო აფასებს ხსენებული ბრძანების შესრულებას იმ ფარგლებში, რაზეც იქნა მიღებული შემოსავლების სამსახურის მიერ გადაწყვეტილება და ვერ შეაფასებს არსებითად საკითხებს, მათ შორის ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში, რაზეც საუბრობს მომჩივნის წარმომადგენელი.
ამასთან, რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული სანქციის თანხების შემცირების თაობაზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32249 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32249 ბრძანების აღსრულება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №081-87 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში, მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32249 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში, ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი ინვესტირების მიზნით საქართველოში ყიდულობს ბინებს შავი კარკასის მდგომარეობით, არემონტებს და ყიდის მათ. საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობა განხილული იქნა ეკონომიკურ საქმიანობად;
გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, 2020-2022 წლებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი მიღებულია საქართველოში არსებული წყაროდან, რაც დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერითაც. საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად,გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა 2021 და 2022 წლებში ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა.
ამგვარად ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32249 ბრძანების აღსრულების საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32249 ბრძანების აღსრულება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №081-87 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში, მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 9(1);201;202