დასაბეგრი თანხა

ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) გადაწყვეტილება 11.11.1988
№ დოკუმენტი C-230/87
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო

📄 სრული ტექსტი

#assignedTableId-1674200009358 {width: 503.4pt; margin-left: -17.95pt; border: none; margin: 0 auto !important; }წევრი სახელმწიფო:

გაერთიანებული სამეფო

საქმის ნომერი:

C-230/87

მხარეები:

Naturally Yours CosmeticsLimited v. Commissioners of Customs and Excise

თარიღი:

23/11/1988

სამართლებრივი საფუძველი:

· დღგ-ისმეორედირექტივის მე-8 მუხლის „ა“ პუნქტი (2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის 73-ემუხლი)

· დღგ-ის მე-2 დირექტივის „ა“ დანართის მე-13 პუნქტი

· 1977წლის 17 მაისის დღგ-ის მე-6 დირექტივის მე-11ა მუხლის პირველი ნაწილის„ა“ პუნქტი (2006 წლის 28 ნოემბრისდირექტივის 73-ე მუხლი)

შესაბამისი ნორმები საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან:

· 164-ემუხლის პირველი ნაწილი

დასაბეგრი თანხა

ფაქტობრივი გარემოება

Naturally Yours Cosmetics Limited-ის (შემდეგში „კომპანია“) საქმიანობას წარმოადგენს კოსმეტიკური საშუალებებით საბითუმო ვაჭრობა, კერძოდ, შემდგომი გადაყიდვის მიზნით პროდუქციის საცალო მოვაჭრეებისთვის - სილამაზის კონსულტანტებისთვის, მიწოდება. კონსულტანტები, თავის მხრივ, აღნიშნული კომპანიის პროდუქციას ყიდიან მესამე პირების მიერ მოწყობილ სხვადასხვა კერძო ღონისძიებაზე.

სილამაზის კონსულტანტები კომპანიისგან საბითუმო ფასად იძენენ კოსმეტიკას და ღონისძიებებზე ყიდიან საცალო ფასად. ამ ორ ფასს შორის სხვაობა წარმოადგენს კონსულტანტების კუთვნილ მოგებას.

კომპანია სილამაზის კონსულტანტებს კონკრეტულ ნივთს გადასცემს საბითუმო/საბაზრო ფასზე დაბალ ფასად კერძო ღონისძიებების ორგანიზატორებისთვის საჩუქრის სახით გადასაცემად.

კომპანიის მიერ სასაჩუქრედ გადასაცემი კოსმეტიკის მიწოდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მიჩნეულ იქნა საბითუმო/საბაზრო ფასით რეალიზაციად. საგადასახადო ორგანოს შეფასების საფუძველს წარმოადგენდა დღგ-ს შიდა რეგულაცია, რომლის თანახმადაც, თუ მიწოდება არ ხორციელდება ანაზღაურების სანაცვლოდ, ან ხორციელდება ისეთი ანაზღაურების სანაცვლოდ, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ არის არაფულადი, მაშინ აღნიშნული მიწოდების ღირებულება უნდა შეფასდეს საბაზრო ფასით.

კომპანიის მტკიცებით აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება 2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის 73-ე მუხლის შინაარსს, რომლის თანახმადაც, დასაბეგრი თანხა უნდა იყოს სილამაზის კონსულტანტების მიერ კომპანიისთვის პროდუქტის სანაცვლოდ ფაქტობრივად გადახდილი თანხა.

ლონდონის დამატებული ღირებულების გადასახადის ტრიბუნალმა ევროსასამართლოს მიმართა დღგ-ის 2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის 73-ე მუხლის განმარტების თაობაზე.

დასმული კითხვა

კომპანიის მიერ სილამაზის კონსულტანტისთვის ღონისძიების ორგანიზატორი მესამე მხარისთვის სასაჩუქრედ გადასაცემი საქონლის იმაზე დაბალ ფასად მიწოდებისას, ვიდრე ანალოგიურ პროდუქტს მას მიაწვდიდა შემდგომი გადაყიდვის მიზნით, დასაბეგრი თანხა წარმოადგენს:

ფულადი ანაზღაურების ოდენობას, რომელსაც სასაჩუქრე პროდუქტის სანაცვლოდ იღებს კომპანია,ანაზღაურებას, ანუ საბითუმო/საბაზრო ფასს, რომელსაც იღებს იდენტური პროდუქტის შემდგომი გადაყიდვის მიზნით რეალიზაციისას,სახელმწიფოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად განსაზღვრულ ანაზღაურებას,ფულად ანაზღაურებასთან ერთად იმ სერვისის ღირებულებას, რომელსაც სილამაზის კონსულტანტები პროდუქტის ფასდაკლებით მიწოდების სანაცვლოდ უწევენ კომპანიას (და ამ შემთხვევაში როგორ განისაზღვრება აღნიშნული მომსახურების ღირებულება), თუ

სხვაგვარად განსაზღვრულ ღირებულებას?

სასამართლოს გადაწყვეტილება

2006 წლის დირექტივის 73-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს, რაც წარმოადგენს მყიდველისგან, მომხმარებლისგან ან მესამე მხარისგან მიღებულ ან მისაღებ ანაზღაურებას, მათ შორის ფასთან პირდაპირ დაკავშირებულ სუბსიდიას.

N154/80 საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მომსახურების გაწევის შემთხვევაში დასაბეგრი თანხა არის ოდენობა, რომელსაც შეადგენს მომსახურების სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება. ამდენად, უნდა არსებობდეს პირდაპირი კავშირი გაწეულ მომსახურებასა და მიღებულ ანაზღაურებას შორის. აღნიშნული პირდაპირი კავშირის არსებობა აუცილებელია დირექტივის 73-ე მუხლის მიზნებისთვისაც. შესაბამისად, უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა პირდაპირი კავშირი საბითუმო/საბაზრო ფასზე დაბალ ფასად საქონლის მიწოდებასა და სილამაზის კონსულტანტების მიერ გაწეულ მომსახურებას შორის.

მოცემულ შემთხვევაში, თუ კონსულტანტი ვერ შეძლებს ღონისძიების მომწყობის მოძიებას და შესაბამისად ვერ გაუწევს კომპანიას მომსახურებას, შეძენილი სასაჩუქრე კოსმეტიკური პროდუქტი უბრუნდება გამყიდველს ან მის სანაცვლოდ ხორციელდება საბაზრო ფასის გადახდა. ასეთ შემთხვევაში სახეზეა პირდაპირი კავშირის არსებობა კოსმეტიკის დაბალ ფასად მიწოდებასა და სილამაზის კონსულტანტის მიერ გაწეულ მომსახურებას შორის.

ამ ეტაპზე უკვე შეფასებას საჭიროებს როგორ უნდა იქნას განსაზღვრული სილამაზის კონსულტანტის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ანაზღაურება უნდა იყოს ფულადი გამოხატულების მქონე. ამასთან, ანაზღაურება წარმოადგენს გარიგების სუბიექტურ ღირებულებას, რამდენადაც გადასახადის დარიცხვა ხორციელდება ფაქტობრივად მიღებულ ანაზღაურებაზე და არა ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე გამოთვლილ ოდენობაზე.

წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული გარიგების ფარგლებში სილამაზის კონსულტანტებისთვის ხორციელდებოდა პროდუქტის ფასდაკლებით გადაცემა მათ მიერ ორგანიზატორების მოძიების და ღონისძიების მოწყობის სანაცვლოდ. აღნიშნული მომსახურების ფულადი ღირებულება წარმოადგენს სხვაობას პროდუქტის დადგენილ საბითუმო ფასსა და მასში ფაქტობრივად გადახდილ თანხას შორის.

შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დასაბეგრ თანხას წარმოადგენს კომპანიის მიერ სილამაზის კონსულტანტებისგან ფაქტობრივად მიღებულ ანაზღაურებასთან ერთად მიღებული მომსახურების ღირებულებაც. აღნიშნული მომსახურების ღირებულება კი არის სხვაობა პროდუქტის დადგენილ საბითუმო/საბაზრო ფასსა და მასში ფაქტობრივად გადახდილ ანაზღაურებას შორის.