ბრძანება N 12701

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.06.2026
№ დოკუმენტი 12701
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12701

10 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ----)

(მის.: ---) 2026 წლის პირველი, 4 და 20 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 21 მაისისა და 4 ივნისის სხდომებზე (ოქმი №41 და №47) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2026 წლის პირველი მაისის №102102/1/2026, 4 მაისის №102164/1/2026 და 20 მაისის №102482/1/2026 საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 მარტის №001-61 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის შესაბამისად განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღს. აცხადებს, რომ გადამხდელს გააჩნია საბანკო ამონაწერები, რეალიზაციის პირადი ჩანაწერები, საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები, რომლებითაც შესაძლებელი იყო რეალური ბრუნვის განსაზღვრა. მიუთითებს, რომ რეგისტრაციის თარიღის დადგენისთვის აუცილებელია რეალური დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დადგენა და არა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ბრუნვა. განმარტავს, რომ იდენტური საქონლის რეალიზაციის ფასების გამოყენება არ არის დასაბუთებული, რადგან არ არის დადგენილი საქონლის იდენტურობა, რეალიზაციის პირობები და ბაზრის სეგმენტი. განმარტავს, რომ ფასის გაანგარიშებისას შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა პროდუქტის მალფუჭებადობა, შრობა, წონის დანაკარგი, საქონლის საბითუმო რეალიზაციის შემთხვევები და სხვა. აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში წარადგინა საქონლის შეძენის ცხრილი, სადაც ასახულია საქონლის დასახელება და რაოდენობა, თუმცა შემოწმების მიერ არასწორად განხორციელდა ნაშთის საბაზრო ფასისა და თვითღირებულების განსაზღვრა. განმარტავს, რომ იმპორტირებული პროდუქტების მალფუჭებადობიდან გამომდინარე, მათი რეალიზაცია ხორციელდებოდა საცალოდ, უმნიშვნელო ფასნამატით და ხშირად ზარალითაც. მიაჩნია, რომ არასწორია საცალო რეალიზაციის შემთხვევაში დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქტის ფასნამატის გავრცელება. განმარტავს, რომ პროდუქციის იმპორტი ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო თანხის გადახდა ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მეშვეობით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და გონივრულ ვადას საქონლის მომწოდებლებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტების წარმოსადგენად, რომლითაც შემცირდება დარიცხული თანხები.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, კერძოდ, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ აღნიშნული თანხის ხელფასად კვალიფიცირება მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს, რადგან ხელფასად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის შემოსავალი, რომელიც გაცემულია დაქირავებით მუშაობის ფარგლებში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის სახეზე. განმარტავს, რომ შემოწმების მასალებში არ მოიპოვება ხელფასის დარიცხვის ან გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი. მიაჩნია, რომ დირექტორის სტატუსი არ გულისხმობს ხელფასის მიღებას. ამასთან, მიუთითებს, რომ ერთი და იგივე თანხა დაბეგრილია როგორც დღგ-ით, ასევე საშემოსავლო გადასახადით, რაც ქმნის ორმაგი დაბეგვრის რისკს. აცხადებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ იძლევა შესაძლებლობას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი მაჩვენებლები ავტომატურად გადაკვალიფიცირდეს კონკრეტული სახის შემოსავლად (ხელფასად) დამატებითი მტკიცებულებების გარეშე. ითხოვს საკითხის შესწავლას და სატრანპორტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობას.

3. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, ხოლო სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით, არ წარმოადგენდა მიზანმიმართულ ქმედებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 დეკემბრის №27041 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 18 ნოემბრიდან 2025 წლის 8 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 26 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 30 მარტის №6998 ბრძანება და ამავე თარიღის №001-61 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 209 236 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 051 374 ლარი, ჯარიმა 1 024 437 ლარი, საურავი 133 425 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს მწვანილის, დაფნის, მოცვის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე საბითუმო რეალიზაცია (ძირითადად იმპორტირებულია მოცვი). საწარმო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2025 წლის 28 ივლისს. შემოწმების პროცესში საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებულ იქნა საქმის მასალები და საბანკო ამონაწერების ელექტრონული ვერსიები, ასევე, გადამხდელის მიერ წარდგენილი პირადი ჩანაწერები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციის შესახებ (ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს). აღნიშნულის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმომ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია განახორციელა საქართველოში შემოტანისთანავე, რადგან არ გააჩნია სამაცივრე მეურნეობა. საწარმოს 2024 წლის დეკემბერის თვეში იმპორტირებული აქვს 96 456 ლარის ღირებულების 21 285 კგ დაფნის ფოთოლი, 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდებში 1 122 757 ლარის ღირებულების 549 944 კგ მოცვი და 2025 წლის ოქტობრის თვის საანგარიშო პერიოდში 59 058 ლარის ღირებულების 29 000 კგ მწვანილი (ოხრახუში და კამა). შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (2025 წლის აგვისტოსა და ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდებში) შეადგენს 187 756 ლარს. აღნიშნული ბრუნვები დეკლარირებულია შესაბამის პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალური მონაცემების მიხედვით (სალარო აპარატის მონაცემებით გადამხდელს 2025 წლის დეკემბერის თვეში უფიქსირდება 1 092 298 ლარის შემოსავალი).

შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი საქონლის რეალიზაციის პირადი ჩანაწერები ექსელის ფორმატში, სადაც, გადამხდელის განმარტებით, ასახული იყო დაფნის, მოცვისა და მწვანილის სარეალიზაციო ფასები. აღნიშნული მონაცემებიდან მხოლოდ მწვანილის სარეალიზაციო ფასი (4,5 ლარი) იყო თანხვედრაში ბაზარზე არსებულ სარეალიზაციო ფასთან. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სმფ-ის დოკუმენტური რეალიზაცია/საკონტროლო შესყიდვა არ უფიქსირდება.

შემოწმებით პირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლის განსაზღვრა ვერ მოხერხდა, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, მოძიებულ იქნა იდენტური საქონლის იმპორტიორი კომპანიები და შესწავლილ იქნა სარეალიზაციო ფასები შესაბამის საგადასახადო პერიოდებში. მოცვის საშუალო შეწონილმა ფასმა 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდებში შეადგინა 10,75 ლარი, ხოლო დაფნის 8,98 ლარი. შემოწმებით დადგენილი სარეალიზაციო ფასების მიხევით გადამხდელის შემოსავალმა შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა ჯამში 6 232 586 ლარი. ამასთან, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2024 წლის 15 დეკემბერი. შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 6 132 586 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). გადამხდელი 2025 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა და საშემოსავლო გადასახადის დაბეგრვის ობიექტის დადგენის მიზნით ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია.

შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცით და საოპერაციო შემოსავლები/ხარჯები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით ჯამურმა შემოსავალმა შეადგინა 6 232 586 ლარი. ხარჯების მოცულობის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ხარჯი. შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას, აღმოჩნდა რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი უნდა ჰქონოდა 4 609 727 ლარი. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განისაზღვრა ფულადი სახსრების მოცულობა 5 762 159 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), რომელიც შესაბამის პერიოდში განხილულ იქნა საქმიანობის პერიოდში დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2026 წლის 21 მაისს 11:10 საათზე ჩანიშნული საჩივრების განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრების განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2026 წლის 4 ივნისს თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრების განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმომ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია განახორციელა საქართველოში შემოტანისთანავე, რადგან არ გააჩნია სამაცივრე მეურნეობა. საწარმოს 2024 წლის დეკემბერის თვეში იმპორტირებული აქვს 96 456 ლარის ღირებულების 21 285 კგ დაფნის ფოთოლი, 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდებში 1 122 757 ლარის ღირებულების 549 944 კგ მოცვი და 2025 წლის ოქტობრის თვის საანგარიშო პერიოდში 59 058 ლარის ღირებულების 29 000 კგ მწვანილი (ოხრახუში და კამა). შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (2025 წლის აგვისტოსა და ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდებში) შეადგენს 187 756 ლარს. აღნიშნული ბრუნვები დეკლარირებულია შესაბამის პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალური მონაცემების მიხედვით (სალარო აპარატის მონაცემებით გადამხდელს 2025 წლის დეკემბერში უფიქსირდება 1 092 298 ლარის შემოსავალი). შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი საქონლის რეალიზაციის პირადი ჩანაწერები ექსელის ფორმატში, სადაც, გადამხდელის განმარტებით, ასახული იყო დაფნის, მოცვისა და მწვანილის სარეალიზაციო ფასები. აღნიშნული მონაცემებიდან მხოლოდ მწვანილის სარეალიზაციო ფასი (4,5 ლარი) იყო თანხვედრაში ბაზარზე არსებულ სარეალიზაციო ფასთან. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სმფ-ის დოკუმენტური რეალიზაცია/საკონტროლო შესყიდვა არ უფიქსირდება. შესაბამისად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, მოძიებულ იქნა იდენტური საქონლის იმპორტიორი კომპანიები და მათი სარეალიზაციო ფასები შესაბამის საგადასახადო პერიოდებში. აღნიშნულის მიხედვით, მოცვის საშუალო შეწონილმა ფასმა 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდებში შეადგინა 10,75 ლარი, ხოლო დაფნის 8,98 ლარი.

შემოწმებით დადგენილი სარეალიზაციო ფასების მიხევით გადამხდელის შემოსავალმა შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა ჯამში 6 232 586 ლარი, ხოლო შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2024 წლის 15 დეკემბერი. ამასთან, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციასთან, ურთიერთშედარების აქტებისა და ხარჯების დასადასტურებლად დამატებითი დოკუმენტაციების წარმოდგენასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელს პირველადი საჩივრის წარმოდგენის თარიღიდან დღემდე არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება/დოკუმენტაცია, ასევე, მოწვეულ იქნა დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე, მაგრამ არ გამოცხადდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, გადამხდელის მიერ იმპორტირებულ საქონელზე იდენტური საქონლის იმპორტიორი კომპანიების სარეალიზაციო ფასის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას;

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას;

3. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, ხოლო სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით, არ წარმოადგენდა მიზანმიმართულ ქმედებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმომ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია განახორციელა საქართველოში შემოტანისთანავე, რადგან არ გააჩნია სამაცივრე მეურნეობა. საწარმოს 2024 წლის დეკემბერის თვეში იმპორტირებული აქვს 96 456 ლარის ღირებულების 21 285 კგ დაფნის ფოთოლი, 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდებში 1 122 757 ლარის ღირებულების 549 944 კგ მოცვი და 2025 წლის ოქტობრის თვის საანგარიშო პერიოდში 59 058 ლარის ღირებულების 29 000 კგ მწვანილი (ოხრახუში და კამა). შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი საქონლის რეალიზაციის პირადი ჩანაწერები ექსელის ფორმატში, სადაც, გადამხდელის განმარტებით, ასახული იყო დაფნის, მოცვისა და მწვანილის სარეალიზაციო ფასები. აღნიშნული მონაცემებიდან მხოლოდ მწვანილის სარეალიზაციო ფასი (4,5 ლარი) იყო თანხვედრაში ბაზარზე არსებულ სარეალიზაციო ფასთან. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სმფ-ის დოკუმენტური რეალიზაცია/საკონტროლო შესყიდვა არ უფიქსირდება. შესაბამისად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, მოძიებულ იქნა იდენტური საქონლის იმპორტიორი კომპანიები და მათი სარეალიზაციო ფასები შესაბამის საგადასახადო პერიოდებში. აღნიშნულის მიხედვით, მოცვის საშუალო შეწონილმა ფასმა 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდებში შეადგინა 10,75 ლარი, ხოლო დაფნის 8,98 ლარი.

შემოწმებით დადგენილი სარეალიზაციო ფასების მიხევით გადამხდელის შემოსავალმა შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა ჯამში 6 232 586 ლარი, ხოლო შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2024 წლის 15 დეკემბერი. ამასთან, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და სანქციის შეფარდება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1); 269 (7); 165 (1,2).