გადაწყვეტილება №19420/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19420/2/2023
19.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 13.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19420/2/2023).
დავის საგანი:
1. შეძენილი სმფ-ების ღირებულების ფიზიკურ პირზე გადახდილ ანაზღაურებად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის (3%) დარიცხვა;
2. მეორადი აკუმულატორების დღგ-ით დაბეგვრა;
3. ერთობლივი შემოსავლის და გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშების მეთოდი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 აპრილის №053-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მარტის №5713 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 305 725 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 183 275
დღგ - 34 986
საშემოსავლო გადასახადი - 148 289
ჯარიმა - 83 960
საურავი - 38 489
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3345 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 აპრილის №8897 ბრძანება და №053-1 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 8 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 23 მარტის №5713 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შეძენილი სმფ-ების ღირებულების ფიზიკურ პირზე გადახდილ ანაზღაურებად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის (3%) დარიცხვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი ახდენს ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების შეძენას სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილით და გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 393 მუხლით, რომლის მიხედვით შემოწმების მიერ დადგენილი შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების (აკუმულატორის გარდა) ღირებულება ჩაითვალა ფიზიკურ პირებზე გადახდილ ანაზღაურებად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 49-ე, 1333 , 154-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლზე და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შეძენის დამადასტურებელი ვერანაირი დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, შესყიდვის აქტი, ჯართის ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი). შესაბამისად, შეძენილი სმფ-ების ღირებულება წლების მიხედვით გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით, აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით. კერძოდ, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების მონაცემების გამოყენებით.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მართალია მომჩივანი ნამდვილად წარმოადგენს ლითონების შემძენ პირს, თუმცა არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებულ გაანგარიშებებს და ითხოვს თანხების ხელახალ განხილვას. ამასთან, საკითხის განხილვამდე, მოიძიებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ხელახალი განხილვისთვის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი ახდენს ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების შეძენას სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან. საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის და გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 393 მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ დადგენილი შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების (აკუმულატორის გარდა) ღირებულება ჩაითვალა ფიზიკურ პირებზე გადახდილ ანაზღაურებად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 3%- იანი განაკვეთით.
მომჩივანი ადასტურებს, რომ წარმოადგენს ლითონების შემძენ პირს, თუმცა არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებულ გაანგარიშებებს და ითხოვს საკითხის ხელახლა განხილვას.
გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ საკითხის განხილვამდე მოიძიებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. მეორადი აკუმულატორების დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მეორადი აკუმულატორების შეძენა და რეალიზაცია. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ დღგ-ში დადგენილი შეღავათი არ ეხება მეორადი აკუმულატორების მიწოდებას. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართს და არც მათ ნარჩენებს, მეწარმის მიერ აკუმულატორების რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 165-ე, 159-ე, 172-ე, 43-ე, 282-ე მუხლებზე და საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა მეორადი აკუმულატორების შეძენას და რეალიზაციას. შესაბამისად, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აკუმულატორების შეძენისა და მისი რეალიზაციის შესახებ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ აკუმულატორებს იყენებდა ლითონის მოპოვების მიზნით და რეალიზაციაც ხდებოდა ფერადი ლითონის სახით და არა როგორც ელექტრონული მოწყობილობის. ამდენად, შემოსავლების სამსახურის მსჯელობა, რომ აღნიშნული პროდუქტი დღგ-სგან არ უნდა გათავისუფლებულიყო, არ არის რელევანტური, რამდენადაც ფერადი ლითონების რეალიზაცია ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებულია. შესაბამისად, არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის პოზიციას და ითხოვს ხელახალ განხილვას.
მომჩივანი ითხოვს დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდეს აკუმულატორში არსებული ფერადი ლითონის რეალიზაცია, როგორც ლითონის და არა ტექნიკური საშუალების.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამავე ქვეპუნქტის შენიშვნის მიხედვით, ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით განსაზღვრულია სასაქონლო ნომენკლატურა, რომლის მიხედვით, ლითონები, კონკრეტულად კი არაძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი წარმოდგენილია XV კარში, ხოლო ამავე ბრძანების შესაბამისად, მეორადი აკუმულატორი წარმოდგენილია XVI კარში, კერძოდ, 85-ე ჯგუფში. (ელექტრული მანქანები და მოწყობილობები).
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა მეორადი აკუმულატორების შეძენას და რეალიზაციას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, დღგ-ში დადგენილი შეღავათი არ ეხება მეორადი აკუმულატორების მიწოდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართს და არც მათ ნარჩენებს, მეწარმის მიერ აკუმულატორების რეალიზაცია მართლზომიერად დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, მომჩივანს მართებულად დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ერთობლივი შემოსავლის და გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშების მეთოდი
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ზედნადებების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მეწარმეს არასწორად აქვს დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი. შესაბამისად, დაკორექტირდა დეკლარირებული მონაცემები და გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი.
ასევე, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ანალიზი. ვინაიდან ვერ იქნა წარდგენილი შეძენის დამადასტურებელი ვერანაირი დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, შესყიდვის აქტი, ჯართის ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი), საგადასახადო კოდექსის 105-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, შეძენილი მარაგების ღირებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, მომჩივნის მიერ გამოწერილ ზედნადებებში დაფიქსირებული სხვადასხვა სახეობის ფერადი ლითონის და აკუმულატორების ჯართის შეძენის ღირებულებად აღებული იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მონაცემები (ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების აუდირებული მონაცემები), რამაც გამოიწვია დეკლარირებული მონაცემების ცვლილება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა.
სხვა ხარჯების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მეწარმეს არასწორად აქვს დეკლარირებული სხვა გამოსაქვითი ხარჯები. კერძოდ, ხარჯებში ასახული არ არის საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი. აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს სს „თიბისი ბანკში“ უფიქსირდება სესხის პროცენტის გადახდა, რაც ასევე არ არის ასახული და გამოქვითული წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში. აღნიშნულის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები და გაეზარდა გამოსაქვითი ხარჯი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მეწარმეს გაეზარდა დასაბეგრი შემოსავალი. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 49-ე, მე-100, 102-ე, მე80, 105-ე, 72-ე მუხლებზე და შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გამოწერილი ზედნადებების ანალიზის მიხედვით, გადამხდელს არასწორად ჰქონდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი. შესაბამისად, დაკორექტირდა დეკლარირებული მონაცემები და გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი. ასევე, ვინაიდან შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შეძენის დამადასტურებელი ვერანაირი დოკუმენტი, გადამხდელის ხარჯების გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არასწორად აქვს დეკლარირებული გამოსაქვითი ხარჯები. გადამხდელს გაეზარდა გამოსაქვითი ხარჯი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დასაბეგრი შემოსავალი დათვლილია არა ფაქტობრივი ანგარიშების საფუძველზე, არამედ სხვა მსგავსი ობიექტების შესაბამისად, დაახლოებით, რაც ვერ იქნება ავთენტური. შემოსავლების სამსახურს უნდა მოეთხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც მოხდებოდა დასაბეგრი შემოსავლის დათვლა და შეფასება. შესაბამისად, ამ ნაწილში შემოსავალი არასწორადაა დათვლილი და ხელახლა უნდა განხორციელდეს მისი დათვლა შესაბამის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რომელსაც წარმოადგენს განხილვის მომენტისთვის.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და საგადასახადო ვალდებულებები გადაანგარიშდეს რელევანტურ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად ჰქონდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი. შესაბამისად, დაკორექტირდა დეკლარირებული მონაცემები, რამაც გამოიწვია მომჩივნის ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. ამასთან, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შეძენის დამადასტურებელი ვერანაირი დოკუმენტი. შესაბამისად, მეწარმის ხარჯების გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს დეკლარირებული გამოსაქვითი ხარჯები. მომჩივანს გაეზარდა გამოსაქვითი ხარჯი.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ თანხებს და ითხოვს, ხელახლა განხორციელდეს დათვლა შესაბამის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რომელსაც წარმოადგენს განხილვის მომენტისთვის. თუმცა, მომჩივანს დამატებით რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება:
1. შეძენილი სმფ-ების ღირებულების ფიზიკურ პირზე გადახდილ ანაზღაურებად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის (3%) დარიცხვა;
2. მეორადი აკუმულატორების დღგ-ით დაბეგვრა;
3. ერთობლივი შემოსავლის და გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშების მეთოდი.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელი ახდენს ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების შეძენას სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან. საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის და გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 393 მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ დადგენილი შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების (აკუმულატორის გარდა) ღირებულება ჩაითვალა ფიზიკურ პირებზე გადახდილ ანაზღაურებად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 3%- იანი განაკვეთით. მომჩივანი ადასტურებს, რომ წარმოადგენს ლითონების შემძენ პირს, თუმცა არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებულ გაანგარიშებებს და ითხოვს საკითხის ხელახლა განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა მეორადი აკუმულატორების შეძენას და რეალიზაციას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, დღგ-ში დადგენილი შეღავათი არ ეხება მეორადი აკუმულატორების მიწოდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართს და არც მათ ნარჩენებს, მეწარმის მიერ აკუმულატორების რეალიზაცია მართლზომიერად დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, მომჩივანს მართებულად დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
3. გადასახადის გადამხდელს არასწორად ჰქონდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი. შესაბამისად, დაკორექტირდა დეკლარირებული მონაცემები, რამაც გამოიწვია მომჩივნის ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. ამასთან, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შეძენის დამადასტურებელი ვერანაირი დოკუმენტი. შესაბამისად, მეწარმის ხარჯების გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს დეკლარირებული გამოსაქვითი ხარჯები. მომჩივანს გაეზარდა გამოსაქვითი ხარჯი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი სამივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102(1„ა“); 105(1); 1333(1); 154(1); 159(1„ა“ „ბ“); 172; 275; 282(1)