გადაწყვეტილება №18125/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18125/2/2022
25.11.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------------“-ის 3.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18125/2/2022).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2020 წლის №021-233 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.09.2022 წლის №23594 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 499 567 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 151 771
დღგ - 106 871
მოგების გადასახადი - 12 279
საშემოსავლო გადასახადი - 30 531
ქონების გადასახადი - 90
ჯარიმა - 153 831
საურავი - 193 965
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2014 წლიდან 1.08.2016 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2017 წლის 27 დეკემბერს შედგა შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2017 წლის №35960 ბრძანება და №021-237 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2018 წლის №5362 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის ვადის გაზრდის თაობაზე, გადასახადის გადამხდელის განცხადება, შემოსავლების სამსახურის 2.05.2018 წლის №10498 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელმა მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომელმაც 8.06.2018 წლის გადაწყვეტილებით (№5930/2/2018) საჩივარი დააკმაყოფილა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2.05.2018 წლის №10498 ბრძანება. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 მარტის №5362 ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების, ინფორმაცია/მტკიცებულებების აუდიტის დეპარტამენტში წარსადგენად, გადასახადის გადამხდელს დამატებით მიეცა 5 სამუშაო დღე ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 118 693 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.01.2019 წლის №387 ბრძანება და 16.01.2019 წლის №021-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2019 წლის №13400 ბრძანებით საჩივარი კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2019 წლის №13400 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2.10.2019 წლის №9211/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად გაეგზავნა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 7.10.2019 წლის №34589 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომლის აღსრულების შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 47 994 ლარით, აღნიშნულზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 10 დეკემბრის დასკვნა, მის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 17.12.2020 წლის №37598 ბრძანება და №021-233 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 20 სექტემბრის №29188 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით (№14701/2/2021) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 15 მარტს (№44364/21) და 29 მარტს (№54511/21; №54512/21), აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 17 დეკემბრის №021-233 საგადასახადო მოთხოვნა კვლავ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.09.2022 წლის №23594 ბრძანებით, ვინაიდან არსებობდა იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ანალიზით არ გამოვლენილა ახალი გარემოება, რომელიც გახდებოდა წარდგენილი საჩივრის ვადის აღდგენისა და წარმოებაში მიღების საფუძველი, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივნის 2022 წლის 15 და 29 მარტის საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 17 დეკემბრის №021-233 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა ვერ დასძლია მტკიცების ტვირთი და ვერაფრით დაადასტურა მისთვის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 10 დეკემბრის დასკვნის, 2020 წლის 17 დეკემბრის №37598 ბრძანების და №021-233 საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების ფაქტი. ადმინისტრაციული ორგანო საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლით ხელმძღვანელობს და ამით ცდილობს დაადასტუროს არარსებული ფაქტი.
კომპანია დროებით არ ფუნქციონირებს და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე მხოლოდ დროდადრო შედის, ამიტომ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 10 დეკემბრის დასკვნის, 2020 წლის 17 დეკემბრის №37598 ბრძანების და №021-233 საგადასახადო მოთხოვნის შესახებ მხოლოდ 2021 წლის 27 ივლისს შეიტყო.
საჩივრის განხილვისას, შემოსავლების სამსახურში ეცნობა, რომ ხსენებული დოკუმენტები ჯერ კიდევ 2021 წლის 5 იანვარს ფოსტით ქონდა მიღებული, რასაც არ დაეთანხმა და ექსპერტიზის ჩასატარებლად, მისთვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი მოითხოვა. შემოსავლების სამსახურიდან 2021 წლის 14 სექტემბერს მიღებული წერილით გაიგო, რომ გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანის მისაღებად შპს საინფორმაციო კომუნიკაციის სისტემებისათვის უნდა მიემართა.
2021 წლის 17 სექტემბერს გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანის მისაღებად წერილით მიმართა შპს -------------, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიუღია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 10 დეკემბრის დასკვნა, 2020 წლის 17 დეკემბრის №37598 ბრძანება და №021-233 საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 5 იანვარს ფოსტით არ ჩაბარებია და შემოსავლების სამსახურიდან გადაგზავნილ ჩაბარების დოკუმენტის ასლზე მისი ხელმოწერა არ არის.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცნობით გრაფოლოგიური ექსპერტიზა მხოლოდ დოკუმენტის დედანზე ტარდება, დოკუმენტის დედანის მოძიება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მხრიდან სრულიად უსაფუძვლოა მტკიცება იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ზემოაღნიშნული დოკუმენტები 2021 წლის 5 იანვარს ფოსტით ჩაბარდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც აღნიშნა შემოსავლების სამსახურმა ვერ დასძლია მტკიცების ტვირთი და უტყუარად ვერ დაადასტურა გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნის მისთვის ჩაბარების ფაქტი, ვერც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანის წარდგენა ვერ შეძლო. ამდენად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება უსაფუძვლოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ისეთი გარემოება, ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 სექტემბრის №23594 ბრძანების ბათილად ცნობას, გასაჩივრების ვადის აღდგენას და შემოსავლების სამსახურისათვის დავალებას, რათა საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაადასტუროს მის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევის ფაქტი ან აღუდგინოს გასაჩივრების ვადა და განიხილოს მისი საჩივარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არაერთხელ გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 7.10.2019 წლის №34589 ბრძანების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2020 წლის №37598 ბრძანება და №021-233 საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2021 წლის 20 სექტემბრის №29188 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული გადაწყვეტილება მომჩივნის მიერ გასაჩივრებულია ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც განიხილა მომჩივნის არგუმენტები, რომელიც ამჟამად წარმოდგენილი არგუმენტების ანალოგიურია და საჩივარი არ დააკმაყოფილა 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით (№14701/2/2021).
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამასთან მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება ახალი გარემოება, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება რაც ვადის აღდგენის საფუძველი შესაძლებელია გამხდარიყო, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.