ბრძანება N 12193
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12193
01 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ქ. თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას ქ. N22)
2023 წლის 8 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №80848/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №CB1463694 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ორგანიზატორის მიერ მოსაკრებლის გადახდა განხორციელდა დადგენილ ვადაში და სხვა დამატებითი ქმედების განხორციელების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა. ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის N---------- ნებართვის საფუძველზე 2023 წლის 9 მარტიდან 2023 წლის 21 აპრილის ჩათვლით მართავდა წამახალისებელი გათამაშების მეორე ეტაპს. მის მიერ აღნიშნული წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე არ იქნა მოთხოვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი (ნებართვის მფლობელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი შეძენილი აქვს 2023 წლის 3 მაისს). ამასთან, წამახალისებელი გათამაშების მოწყობისთვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ნებართვის მფლობელს გადახდილი აქვს 2023 წლის 9 მარტს. ვინაიდან შპს „----------“ (ს/ნ ----------) წამახალისებელი გათამაშების მეორე ეტაპი ჩაატარა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე, მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 27 აპრილს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB1463694 და შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 990.5 ლარი, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდის (9 905 ლარი) 10 პროცენტის ოდენობით.
რაც შეეხება გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას, რომ მათთვის არ იყო ცნობილი, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვისთვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდასთან ერთად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში ელექტრონული ფორმით განაცხადის წარდგენის ვალდებულების შესრულების შესახებ და რომ მათ მიერ ვერ იქნა მოძიებული მოცემული ვალდებულების განმსაზღვრელი შესაბამისი ნორმა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შესაძენად, მოსაკრებლის გადამხდელი შემოსავლების სამსახურში ელექტრონული ფორმით წარადგენს განაცხადს მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემის მოთხოვნით. აღნიშნული ქმედება შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ ერთხელ უკვე განხორციელებული იქნა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის N---------- ნებართვის საფუძველზე ჩატარებული წამახალისებელი გათამაშების პირველ ეტაპისთვის. კერძოდ ნებართვის მფლობელმა წამახალისებელი გათამაშების პირველი ეტაპის დაწყებამდე, 2022 წლის 2 დეკემბერს შემოსავლების სამსახურში წარადგინა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნუმერაციის ველის გამოყოფის შესახებ ID ---------- განცხადება მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემის მოთხოვნით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების, სამორინის, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეძენისას.
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმის, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის მოწყობის უფლებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, იწვევს დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე, არ იქნა მოთხოვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი. ვინაიდან წამახალისებელი გათამაშების მეორე ეტაპი ჩატარდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე, მომსახურების დეპარტამენტის მიერ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 276; 269(7);
ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება - მუხლი 99(1)
საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ - მუხლი 6(4)