გადაწყვეტილება №22239/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22239/2/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 12.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22239/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2183 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №071-19 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1262 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 397 458,46 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 148 314
დღგ - 68 607
მოგების გადასახადი - 7 126
საშემოსავლო გადასახადი - 72 581
ჯარიმა - 133 682
საურავი - 115 462,46
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სხვადასხვა ობიექტების სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორცილება.
აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიღებული აქვს ჩათვლები შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ 2019 წლის ივნისის, ივლისის და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი ავ----------, ეა---------- №----------, ეა---------- №----------საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე და შესაბამისი თანხები გადარიცხული აქვს აღნიშულ შპს-ზე, თუმცა აღნიშნული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შეძენილი მომსახურების შინაარსის, ასევე მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი ვერ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების შესაბამისად, შემცირდა საწარმოს 2019 წლის შესაბამისი პერიოდის ჩასათვლელი თანხები. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №071-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2183 ბრძანებით, შპს „----------“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის გაუქმების მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2183 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და დამატებითი შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე, არ გამოიკვეთა სათანადო საფუძველი საგადასახადო შემოწმების შედეგების კორექტირებისათვის.
აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №071-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1262 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, შპს „----------“-ს არ აქვს მასალა შესყიდული, არ აქვს ხელფასი გადახდილი, სამშენებლო სამუშაოები კი მასალისა და მომსახურე პერსონალის გარეშე ვერ იქნება შესრულებული. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში საჯაროდ არის გამოქვეყნებული ყველა სახელმწიფო შესყიდვა და აღნიშნულის შედეგად შედგენილი დოკუმენტაცია, თუმცა შემოწმებამ დაუსაბუთებლად ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუცვლელობაზე და არ შეამცირა დარიცხული თანხები. მიუთითებს, რომ კომპანიას ზედმიწევნით კარგად აქვს შესრულებული სამუშაოები შემსყიდველი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ მისივე დაქირავებული კომპანიით, ასევე შემსყიდველ ორგანიზაციასთან შესრულებული სამუშაოების ღირებულებები ფორმა 2-ები იდენტურად ემთხვევა ერთმანეთს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2183 ბრძანება, შემოწმების მიერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, შემოწმების მიერ არ არის დასაბუთებული შპს „----------“-ის მიერ შპს „----------“ შეძენილ მომსახურებაზე ჩათვლილი დღგის გაუქმების საფუძვლები, ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს საქმის შესწავლის შემდეგ, მათ შორის დავის პროცესში, განსხვავებული არგუმენტი ან დასაბუთება არ წარმოუდგენია. ამდენად, სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის გაუქმების მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
2019 წელს საწარმო ახორციელებდა ააიპ „----------“ დაკვეთით მომსახურების გაწევას, აღნიშნული მომსახურების ფარგლებში შპს „----------“ შეძენილია სარემონტო მომსახურება, რაც დასტურდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, მიღებაჩაბარების აქტებით, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და თანხის გადახდის ქვითრებით.
აუდიტის დეპარატამენტი დასკვნაში ფაქტობრივად არაფერს არ განიხილავს და ამბობს მხოლოდ ერთს, რომ იგი ძალაში ტოვებს მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში აუდიტის დეპარატამენტი საერთოდ არ იკვლევს იმ ფაქტს ნამდვილად შესრულდა თუ არა შპს „----------“-ის სახელმწიფო ტენდერი, მიიღო თუ არა სახელმწიფომ შპს „----------“-ისგან ის მომსახურება, რასაც თავად შპს „----------“ იღებდა შპს „----------“.
თუკი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას დავეყრდნობით მაშინ ამ მოცემულობიდან გამომდინარე შპს „----------“-საც არ შეუსრულებია შემსყიდველი სახელმწიფო ორგანიზაციისათვის სამუშაოები, რადგან არ აქვს მასალა შესყიდული, არ აქვს ხელფასი გადახდილი, სამშენებლო სამუშაოები კი მასალებისა და მომსახურე პერსონალის გარეშე ვერ იქნება შესრულებული.
შემოსავლების სამსახურმა არც კი მოითხოვა დოკუმენტაცია შემსყიდველ ორგანიზაციასთან გაფორმებული, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია რომ არც ყოფილიყო მიწოდებული, ეს არის სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა, რომელშიც საჯაროდ არის გამოქვეყნებული ყველა სახელმწიფო შესყიდვა და ამის შესყიდვის შედეგად შედგენილი დოკუმენტაციები, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა კვლავ დაუსაბუთებლად ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მიიღო გადაწყევტილება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუცვლელობაზე და არ შეამცირა დარიცხული თანხები, რაც მიუღებელია, ვინაიდან კომპანიას ზედმიწევნით კარგად აქვს შესრულებული სამუშაოების შემსყიდველი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ მისივე დაქირავებული კომპანიის მეშვეობით, რომელსაც გადაუხადა თანხა სამუშაოების შესრულებაში. ასევე შემსყიდველ ორგანიზაციასთან შესრულებული სამუშაოების ღირებულების ფორმა №2-ები იდენტურად ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა აუდიტის დეპარტამენტს არც კი მოუთხოვია მსგავსი სახის დოკუმენტაცია შპს „----------“-ისგან.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში, რომელმაც საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ბრძანებაში მითითებულია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა სადავო საკითხი კიდევ ერთხელ უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა არ არის მითითებული რა ნაწილში არ დაკმაყოფილდა და რატომ არ დააკმაყოფილა დარჩენილი ნაწილი. ამიტომ შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1262 ბრძანება ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება მართლაც არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მაგრამ იმისათვის, რომ დადგეს გარიგების დადებით მისაღწევი შედეგი, უნდა მოხდეს გარიგებაში მხარეთა მიერ გამოხატული ნების რეალიზაცია.
ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას გამოკვლეული უნდა იქნეს, თუ რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შერჩეული საკითხის გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს ფაქტების ობიექტურ გამოკვლევას, დადგენას და შეფასებას, დავის სასამართლოში გაგრძელების შემთხვევაში, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შერჩეული გადაწყევტილების მიზანშეწონილობა, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა. ეს კი ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა აისახოს არსებული ალტერნატიული შესაძლებლობებიდან ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში, შეუძლებელია აქტის შინაარსისა და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რადგან აუდიტორს არ მოუთხოვია ზოგიერთი დოკუმენტი, რითაც დაადასტურებდა კომპანიის კეთილსინდისიერ ქმედებას.
კომპანიას გადასახადები არ დაუმალავს და სახელმწიფოსთვის ზიანი არ მიუყენებია.
უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და დარიცხული ჯარიმა და პირგასამტეხლო, რათა კომპანიამ შეძლოს სამუშაოების გაგრძელება.
კომპანიას აღნიშნული დავის გამო მნიშვნელოვნად ეშლება ხელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღებაში, ვინაიდან უმეტეს წილად ტენდერებში მოთხოვნილია ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ, ხოლო რადგან დღეს არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც კომპანიისათვის აღიარებული და აუღიარებელი ვალი ვალად ითვლება, ამიტომ ეზღუდება ტენდერებში მონაწილეობის უფლება, ასევე კომპანია სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებით წლების განმავლობაში იყო თეთრ სიაში და სარგებლობდა უპირატესი მდგომარეობით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას, თუმცა რადგან დღეს აქვს აუღიარებელი დავალიანება არ არის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობიდან გამომდინარე თეთრ სიაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტენდერში ხარჯს. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია ყოველი გასაჩივრების დროს საკმაოდ დიდ თანხებს იხდის იურიდიულ მომსახურებაში და ამითაც იღებს მნიშვნელოვან ზიანს. უმოკლეს ვადებში უნდა იქნას განხილული საჩივარი და მიიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიღებული აქვს ჩათვლები შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ 2019 წლის ივნისის, ივლისის და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი ავ---------- №----------, ეა---------- №----------, ეა---------- №----------საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე და შესაბამისი თანხები გადარიცხული აქვს აღნიშულ შპს-ზე, თუმცა აღნიშნული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შეძენილი მომსახურების შინაარსის, ასევე მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი ვერ დასტურდება.
შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2183 ბრძანებით, შპს „----------“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის გაუქმების მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და დამატებითი შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე, არ გამოიკვეთა სათანადო საფუძვლები საგადასახადო შემოწმების შედეგების კორექტირებისათვის.
აუდიტის დეპარტამენტის 19.02.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმების შედეგად დგინდება, რომ შპს „----------“-ს, მიღებული აქვს ჩათვლები შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ 2019 წლის ივნისის, ივლისის და სექტემბრის პერიოდებში გამოწერილი ავ---------- №----------, ეა---------- №----------, ეა---------- №----------ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე და შესაბამისი თანხები გადარიცხული აქვს აღნიშულ შპს-ზე, თუმცა აღნიშნული თანხების მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი ვერ დასტურდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საწარმოს (შპს ----------) დირექტორს წარმოადგენს შპს „----------“-ის მინდობილი პირი ---------- (პ/ნ ----------). შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების ანალიზით გაირკვა, რომ შპს „----------“ ოპერაცია განხორციელებული აქვს მხოლოდ შპს „----------“-სთან, რაც შემოიფარგლება მხოლოდ ზემოაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განსაზღვრული ოპერაციის განხორციელებით. ამასთან, შპს „----------“ არასრულყოფილ ფუნქციონირებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ საწარმოს დარიცხული გადასახადი საერთოდ არ აქვს ბიუჯეტში გადახდილი და მიმდინარე პერიოდის მდგომარეობით უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების შესაბამისად შემცირდა საწარმოს 2019 წლის შესაბამისის პერიოდის ჩასათვლელი თანხები. გამომდინარე აქედან, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2183 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის გაუქმების მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და დამატებითი შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე, არ გამოიკვეთა სათანადო საფუძველი საგადასახადო შემოწმების შედეგების კორექტირებისთვის, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და მიმდინარეობს საკითხის დამატებითი გამოკვლევის პროცესი.
საქმის გარემოებებით ირკვევა, რომ მხარეებს შორის გამოწერილია ავანსის ანგარიშ-ფაქტურა და თანხის ყველა გადარიცხვა შესრულებულია ბანკიდან. შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ მომჩივნისთვის შესაბამისი მომსახურება შესრულებულია. საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ მომსახურება შეძენილია, თუმცა არ დასტურდება მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. საგადასახადო შემოწმების და საგადასახადო დავის ეტაპზე დადგენილი არ არის, რომ მხარეებს შორის დადებულია ფიქტიური გარიგება.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის მიერ სატენდერო პირობები შესრულებულია და სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულია ააიპ ----------.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ შეძენილი მომსახურების მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოუყენებლობის საფუძვლით დღგ-ის ჩათვლის გაუქმება არამართლზომიერია. ამ ეტაპზე არც საგადასახადო შემოწმებით და არც წარმოდგენილი მტკიცებულებებით თუ სხვა გარემოებებით დადგენილი არ არის, რომ ეს მომსახურება არ გამოყენებულა მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობაში. ამავდროულად, დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სხვა საფუძვლები აუდიტის დეპარტამენტის მიერ არც საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული და არც დავის ეტაპზეა წარმოდგენილი.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ შპს „----------“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუქმება უსაფუძვლოა. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შემცირებას დაუქვემდებაროს აღნიშნულის ფარგლებში შპს „----------“ მიერ მომჩივნისთვის გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძვლით დარიცხული თანხები.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1262 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №071-19 საგადასახადო მოთხოვნა;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2183 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს მიღებული აქვს ჩათვლები საწარმოს მიერ 2019 წლის ივნისის, ივლისის და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე და შესაბამისი თანხები გადარიცხული აქვს აღნიშულ საწარმოზე, თუმცა აღნიშნული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შეძენილი მომსახურების შინაარსის, ასევე მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი ვერ დასტურდება. შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2183 ბრძანებით, საწარმოსგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის გაუქმების მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და დამატებითი შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე, არ გამოიკვეთა სათანადო საფუძვლები საგადასახადო შემოწმების შედეგების კორექტირებისათვის. აუდიტის დეპარტამენტის 19.02.2024 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმების შედეგად დგინდება, რომ მომჩივანს, მიღებული აქვს ჩათვლები საწარმოს მიერ 2019 წლის ივნისის, ივლისის და სექტემბრის პერიოდებში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე და შესაბამისი თანხები გადარიცხული აქვს აღნიშულ საწარმოზე, თუმცა აღნიშნული თანხების მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი ვერ დასტურდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საწარმოს დირექტორს წარმოადგენს მომჩივანის მინდობილი პირი. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების ანალიზით გაირკვა, რომ საწარმოს ოპერაცია განხორციელებული აქვს მხოლოდ მომჩივანთან, რაც შემოიფარგლება მხოლოდ ზემოაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განსაზღვრული ოპერაციის განხორციელებით. ამასთან, საწარმოს არასრულყოფილ ფუნქციონირებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ საწარმოს დარიცხული გადასახადი საერთოდ არ აქვს ბიუჯეტში გადახდილი და მიმდინარე პერიოდის მდგომარეობით უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირდა საწარმოს 2019 წლის შესაბამისის პერიოდის ჩასათვლელი თანხები. გამომდინარე აქედან, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2183 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის გაუქმების მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და დამატებითი შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე, არ გამოიკვეთა სათანადო საფუძველი საგადასახადო შემოწმების შედეგების კორექტირებისთვის, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და მიმდინარეობს საკითხის დამატებითი გამოკვლევის პროცესი.საქმის გარემოებებით ირკვევა, რომ მხარეებს შორის გამოწერილია ავანსის ანგარიშ-ფაქტურა და თანხის ყველა გადარიცხვა შესრულებულია ბანკიდან. საწარმოს მიერ მომჩივნისთვის შესაბამისი მომსახურება შესრულებულია. საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ მომსახურება შეძენილია, თუმცა არ დასტურდება მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. საგადასახადო შემოწმების და საგადასახადო დავის ეტაპზე დადგენილი არ არის, რომ მხარეებს შორის დადებულია ფიქტიური გარიგება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ საწარმოსგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუქმება უსაფუძვლოა. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შემცირებას დაუქვემდებაროს აღნიშნულის ფარგლებში საწარმოს მიერ მომჩივნისთვის გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძვლით დარიცხული თანხები.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 173(1,2); 174(1); 275.