საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/809-23
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N 3/809-23
24 დეკემბერი, 2024 წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
ქ.ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე სალომე ჯაბიძე
სხდომის მდივანი ელისო ჟორჟოლიანი
მოსარჩელე - შპს „--------“
წარმომადგენლები - -------
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური, მომსახურეობის დეპარტამენტი,წარმომადგენელი - ------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურეობის დეპარტამენტის გადაწყვეტილება შპს "--------" უცხოურ საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობა N -----
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 თებერვლის N 1981 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელს 2023 წლის 15 დეკემბრის N ----- საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობის ბათილად ცნობაზე;
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურეობის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება შპს "-----" საგადასხადო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ როგორც უცხოური საწარმო. გამოწერილი იქნა გადასახადს გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის მოწმობა) N------. აღნიშნულით ------- რეგისტრირებული შპს "--------" მიჩნეულ იქნა უცხოურ საწარმოდ, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით უცხოურ საწარმოდ საქართველოში ითვლება საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობს ან/და მართვის ადგილია საქართველო, რაც ამ შემთხვევაში არ დასტურდება. შპს "--------" არანაირ საქმიანობას საქართველოში არ აწარმოებს და არც რაიმე საწარმოს მართავს საქართველოს ტერიტორიაზე. მოსარჩელეს საქართველოში არსებული მისი ქონება მართვაში აქვს გადაცემული 2022 წლის 7 თებერვლის საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საქართველოში რეგისტრირებულ ქართულ კომპანიაზე შპს "-------" ს/კ:------. შპს "-------", როგორც მინდობილი - მესაკუთრე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 724- 729 მუხლების თანახმად) საქმიანობს საქართველოს ტერიტორიაზე და ამ საქმიანობაში იყენებს შპს "--------" ქონებას, მდებარე: ქ. -------, ისე რომ მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს "------“ კუთვნილი შენობის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებას ახორციელებს მხოლოდ მინდობილი მესაკუთრე შპს "-------", რომელსაც გააჩნია ამ საქმიანობის ამსახველი ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ქონების დაბეგვრასთან დაკავშირებით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შპს "--------" რეგისტრირებულია -------- კორპორატიული საქმეების რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სერტიფიკატი ( ----- )
3.2. 2022 წლის 7 თებერვალს შპს "-----" და შპს "-----" შორის დაიდო საკუთრების მინდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს "------" მართვაში გადაეცა შპს "-------" საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ნაწილი, მდებარე: ქ. ----- ----- ქ. N -- . ს/კ -----. შენობა N -- 13346.40 კვ.მ-დან 5000 კვ.მ.
ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად საკუთრების მიმდობი უზრუნველყოფს ხარჯებს დაკავშირებულს მინდობილ საკუთრებასთან;
ამავე ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად საკუთრების მიმდობის საკუთრებას წარმოადგენს ქონების ყველა ნაყოფი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ. 76 77)
3.3. 2023 წლის 15 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის მიერ შპს "-----" აღირიცხა გადასახადის გადამხდელად, უცხოურ საწარმოდ, რაზედაც გაცემულ იქნა 15.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) N------- მოწმობა.
აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს ეცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის წერილით.
მითითებული აქტები შპს "-------" მიერ გასაჩივრებულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ----- მოწმობა (ს.ფ. 75)
წერილი (ს.ფ. 74)
3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 05.02.2024 წლის ბრძანებით უცხოური საწარმო --------- საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ბრძანება (ს.ფ. 141–148)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „------- “ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
"გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანება;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მივრ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტები გადაწყვეტილება შპს "------" უცხოურ საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობა N------ და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 თებერვლის N 1981 ბრძანება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქართველოს სატადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. ამავე კოდექსის 21-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოდ ითვლება წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები; ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება; გ) გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 22 ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხოურ საწარმოდ ითვლება საწარმო, რომელიც ამ მუხლის მიხედვით არ არის საქართველოს საწარმო.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად: 1. საქართველოში უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილი, რომლის გამოყენებითაც ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში, რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით, გარდა ამ მუხლის მე-6, მე-9 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კერძოდ, უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საწარმოების ფასიანი ქაღალდების, კაპიტალის წილების, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრების მხოლოდ ფლობის ფაქტი ამ მუხლის პირველი და მე 2 ნაწილებით გათვალისწინებული მუდმივი დაწესებულების ნიშნების არქონის შემთხვევაში არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში არ მიეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დაწესებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ა) ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის კუთვნილი საქონლის შენახვის ან დემონსტრირების მიზნით; ბ) ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის კუთვნილი საქონლის მარაგის შესანახად – სხვა პირის მიერ მისი გადამუშავების მიზნით; გ) ამ უცხოური საწარმოსათვის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის საქონლის შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით და ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის ინტერესებიდან გამომდინარე მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის გახნორციელების მიზნით; ე) ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის სახელით სესხების გაცემასთან, საქონლის მიწოდებასთან ან ტექნიკური ხასიათის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადების ან/და ხელმოწერის მიზნით; ვ) ამ ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის სახეობების ნებისმიერი კომბინაციით განხორციელების მიზნით. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება საქართველოში ასეთად ითვლება მისი ამ მუხლის მე 11 ნაწილის თანახმად რეგისტრაციის, მისთვის შესაბამისი უფლებამოსილებების მინდობის ან მის მიერ წარმომადგენლობითი საქმიანობის განხორციელების დაწყების მომენტიდან. საქართველოში უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრება საგადასახადო ორგანოს, რომელიც აწარმოებს შესაბამის რეესტრს. რეგისტრაციისა და რეესტრის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
მოსარჩელე უთითებს, რომ მხარეთა შორის დადებულია საკუთრების მინდობის ანუ ტრასტის ხელშკრულება, რომელიც გამორიცხავს მოსარჩელის ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისად სწორედ ეს გარემოება გახდა წარმოდგენილი სარჩელის ძირითადი საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს "-----" რეგისტრირებულია -------- კორპორატიული საქმეების რეესტრში. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე კომპანიას საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, მდებარე: ------ შენობა N------ კვ.მ, რომლის ნაწილიც (13346.40 კვ.მ-დან 5000 კვ.მ) 2022 წლის 7 თებერვლის საკუთრების მინდობის შესახებ ხელშეკრულების საფუძელზე მართვაში გადაცემული აქვს შპს "-------". აღნიშნული ხელშეკრულებითვე განსაზღვრულია, რომ საკუთრების მიმნდობი უზრუნველყოფს ხარჯებს დაკავშირებულს მინდობილ საკუთრებასთან (2.2. პუნქტი) და საკუთრების მიმნდობის საკუთრებას წარმოადგენს ქონების ყველა ნაყოფი (2.3. პუქნტი).
სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლებს საკუთრების მინდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეთოთხმეტე თავით (724-729 მუხლები) მოწესრიგებულია საკუთრების მინდობის საკითხი, კერძოდ, საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად. მინდობილი მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში არ ხდება საკუთრების დათმობა, პირიქით აღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ მართალია მინდობილი პირი საქმიანობას ახორციელებს მიმნდობის რისკითა და ხარჯით და ასევე აღნიშნული მართვიდან მოგებას (ნაყოფს) იღებს მინდობილი პირი.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ეკონომიკური საქმიანობის ლეგალურ დეფინიციას ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი კი მოიცავს იმ საქმიანობის ჩამონათვალს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება, კერძოდ, ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება: სახელმწიფო ხელისუფლების, ეროვნული მარეგულირებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა; საქველმოქმედო საქმიანობა; რელიგიური საქმიანობა; დაქირავებით მუშაობა; ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე; საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით.
6.3. საქართველოს საგადასახდო კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას) ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). ამ პირებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძნებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მოიცავს გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებასა და რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრი) შეტანას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ პუნქტის შესაბამისად. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვას ექვემდებარება უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება.
ამავე ინსტუქტიის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად: 1. თუ პირი საგადასახადო აღრიცხვის გარეშე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოს მისი საგადასახადო აღრიცხვა. 2. თუ საგადასახადო ორგანოსათვის ცნობილი გახდა პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ, საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვის მიზნით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძნებით დამტკიცებული ინსტრუქციის 71 მუხლის მე-4, მე 7 და მე-10 ნაწილების თანახმად: 4. უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის, მისი მუდმივი დაწესებულების, აგრეთვე არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციების, კომპანიების, ფირმების და სხვა მსგავსი წარმონაქმნების საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით. საგადასახადო ორგანოს წარედგინება ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დადასტურებული საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება – მხოლოდ მისი ნოტარიულად დადასტურებული თარგმანი ქართულ ენაზე. 7. საგადასახადო ორგანო, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას, ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადასახადის გადამხდელთა რეესტრში. 10. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვა უქმდება: ა) პირის მიერ საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან; ბ) საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე ადმინისტრაციული წარმოების/სამართალწარმოების დასრულების თარიღიდან.
როგორც ზემოთ აღინიშნა, დადგენილია რომ ------- რეგისტრირებული ოფშორული კომპანია „-------“ საკუთრებაშია ქ. ------ში, რომელიც მინდობის ხელშეკრულებით სხვა პირისთვის გადაცემულია მართვაში. ამასთან მხარეთა შორის უდავოა, რომ უცხოური საწარმოს მიერ არ ხორციელდება ზემოაღნიშნულ ქონებაზე კუთვნილი ქონების გადასახადის დეკლარირება და შესაბამისად გადახდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა შპს „----- “ საგადასახადო აღრიცხვა, სამართლებრივი ფორმა უცხოური საწარმო ---- (ს/ნ ----). იმის გათვალისწინებით, რომ არარეზიდენტი საწარმო შპს „------“ საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში უფიქსირდება უძრავი ქონება, საგადახადო კანონმდებლობით, მას წარმოეშვება ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, ქონების გადასახადში წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია შპს „--------“ საგადასახადო აღრიცხვა, კერძოდ, უცხოური საწარმო -------- (ს/ნ --------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არარეზიდენტი საწარმოს შპს „-----“ საგადასახადო აღრიცხვა, შესაბამისად, უცხოური საწარმო ----- (ს/ნ -----) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამგვარად, შპს „------“ მიერ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე 2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადაიხდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახილად.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „-----“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. ქუთაისი, ვ. კუპრაძის ქ. N 11) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია რომ, მომჩივანია შპს, რომელიც არანაირ საქმიანობას საქართველოში არ აწარმოებს და არც რაიმე საწარმოს მართავს საქართველოს ტერიტორიაზე. მოსარჩელეს საქართველოში არსებული მისი ქონება მართვაში აქვს გადაცემული საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საქართველოში რეგისტრირებულ ქართულ კომპანიაზე როგორც მინდობილი მესაკუთრე. დადგენილია, რომ უცხოური საწარმოს მიერ არ ხორციელდება ზემოაღნიშნულ ქონებაზე კუთვნილი ქონების გადასახადის დეკლარირება და შესაბამისად გადახდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა შპს-ს საგადასახადო აღრიცხვა. ქონების გადასახადში წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია შპს-ს საგადასახადო აღრიცხვა, კერძოდ, უცხოური საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია.
გადაწყვეტილება
სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში ;
დასაბუთება
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367 369-ე მუხლებით.