გადაწყვეტილება №19827/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19827/2/2023
09 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 31.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19827/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 16.05.2022 წლის №12168 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №074-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11409 ბრძანება;
დარიცხული თანხა: 68 029,92 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 37 103
ჯარიმა - 10 546
საურავი - 20 380,92
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.11.2021 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით. გადასახადის გადამხდელთან დაკავშირებული ელექტრონული ბაზების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2018 წლის თებერვლის პერიოდიდან, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით. გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების, საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებისა და სრული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 330 032 ლარი (დღგ-ის გარეშე), რომელიც დაიბეგრა დღგ-ით და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 75 886 ლარი, მათ შორის გადასახადი 59 389 ლარი და ჯარიმა 16 497 ლარი (საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად).
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №074-49 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.05.2022 წლის №12168 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დღგ-ის ჩასათვლელი თანხების საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 16.05.2022 წლის №12168 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) დღგ-ის ნაწილში. ასევე, მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 2.01.2018 წელი.
აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №074-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11409 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის შესწავლის შედეგად განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, 2021 წლამდე მოქმედ საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მე2 ნაწილის და 2021 წლიდან მოქმედ 1651 მუხლის პირველ ნაწილის საფუძველზე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებისა და აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რომელიც არ ყოფილა მითითებული 25.01.2022 წელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი განცხადებით, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტმა განსაზღვრა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება და შესაბამის პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო შემოსავლების სამსახურმა აუდიტის დეპარტამენტს დაავალა დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრა დღგ-საგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციების გარეშე, აუდიტის დეპარტამენტს ეთხოვა, შესაბამის პერიოდში მოქმედი სსკ-ის 159-ე მუხლისა და საგადასახადო პრაქტიკის გათვალისწინებით, სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების თარიღიდან 1 წლის შემდგომი პერიოდიდან გააუქმოს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია და ამ უკანასკნელი პერიოდიდან მიწოდების ოპერაციები არ დაბეგროს დღგ-ით.
გადაანგარიშების დასკვნის თანახმად, ი/მ „----------“ მიერ მოხდა საჩივარში ასახული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის და მტკიცებულებების განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენა (საქონლის ხორცის წარმომავლობის დადგენა დოკუმენტებით, საბანკო ამონაწერები), ასევე შემოწმებულ პერიოდზე გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლის დოკუმენტები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები. შესაბამისად განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) დღგ-ის ნაწილში. დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 2018 წლის 2 იანვარი.
ამრიგად, გადაანგარიშებისას აუდიტის დეპარტამენტმა არ იმსჯელა გადასახადის გადამხდელის განცხადებაში მითითებულ მოთხოვნაზე, სავალდებულო რეგისტრაციიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, როდესაც დაკმაყოფილდებოდა საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირობა, ამ პირობის დადგომიდან გადასახადის გადამხდელი არ მიეჩნია დღგ-ის ვალდებულების მქონედ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელმა 11.04.2023 წლის №074-10 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში სადავო გახადა საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმებისას განსაზღვრული დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება საგადასახადო კოდექსის განსაზღვრული პირობის დადგომიდან.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას წარმოადგენდა, გასაჩივრებულ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №074-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის და 11.04.2023 წლის დარიცხული თანხების კორექტირების შესახებ №8003 ბრძანების გაუქმება და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დადგომის შემდგომ პერიოდზე მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად არ მიჩნევა და ამ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.
საჩივრის მოთხოვნას გადამხდელი ამყარებდა შემდეგ არგუმენტაციაზე:
საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 159-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა) საერთო თანხა დღგ-ის გარეშე არ აღემატება 100 000 ლარს და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 1 წელი: ა) გადასახადის გადამხდელს შეუძლია მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით; ბ) საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს დღგ-ის გადამხდელს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და მისი თანხმობის შემთხვევაში გაუუქმოს რეგისტრაცია.
საგადასახადო კოდექსის 2021 წლიდან მოქმედი რედაქციის 1651 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის თანხმობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების მიუხედავად, საკუთარი ინიციატივით გააუქმოს ამ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საგადასახადო კანონმდებლობით უშუალოდ არ არის მოწესრიგებული შემთხვევა, როდესაც გადასახადის გადამხდელს წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, მის მიერ მოცემული ვალდებულება არ სრულდება, მას დღგ-ის გადამხდელად საგადასახადო შემოწმებისას არეგისტრირებს საგადასახადო ორგანო და შესამოწმებელი პერიოდის ფარგლებში წარმოეშობა რეგისტრაციის გაუქმების უფლება.
მიუხედავად ამისა, ვინაიდან მითითებული ნორმების მიხედვით გადამხდელს აქვს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის უფლება და საგადასახადო ორგანოსაც აქვს გადამხდელის თანხმობით რეგისტრაციის გაუქმების უფლება, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის თანხმობით გადასახადის გადამხდელი მიიჩნიოს დღგ-ის არგადამხდელად იმ პერიოდიდან, რა პერიოდიდანაც იარსებებს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. მოცემულზე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან საგადასახადო შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები (განსახილველ შემთხვევაში, გადამხდელისათვის გაცნობილია განმარტებითი ბარათი მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, თუმცა განმარტებით ბარათში მითითებულია არ არის დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის უფლების თაობაზე).
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანომ მითითებულ შემთხვევაში უნდა გააცნოს გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის უფლება და გადამხდელის თანხმობისას (მოთხოვნისას) შესაბამისი პერიოდიდან მიიჩნიოს იგი დღგ-ის არგადამხდელად. მართალია, დღემდე აუდიტის დეპარტამენტში არ არსებობს საგადასახადო შემოწმების მსგავსი პრაქტიკა, მაგრამ არსებობს საგადასახადო დავების პრაქტიკა, რომლის ფარგლებში მიღებულია არაერთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული იმ პირობების დადგომის შემდგომ პერიოდზე, რომელიც გადამხდელს ანიჭებს უფლებას გააუქმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, არ მიიჩნიოს გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად და შეამციროს ამ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები (დანართი 14, საგადასახადო დავების პრაქტიკა: შემოსავლების სამსახურის 15.01.2018 წლის №467, 23.03.2017 წლის №7574, 6.03.2017 წლის №5824, 15.03.2016 წლის №6443, 12.12.2016 წლის №35580 ბრძანებები).
მომჩივანს საჩივარში ასევე დაყენებული ჰქონდა შუამდგომლობა, რომ საჩივარი განხილული ყოფილიყო ზეპირი მოსმენით გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით (გასაჩივრებულ ნაწილში მხარეთა ახსნა-განმარტებების გაცვლის საჭიროების გათვალისწინებით).
საჩივარი, მითითებული შუამდგომლობის მიუხედავად, განხილული იქნა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის გარეშე.
შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11409 ბრძანებაში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:
1) „მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს“;
2) „მომჩივანს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რომელიც არ ყოფილა მითითებული 2022 წლის 25 იანვარს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის“.
შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებულ პირველ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი არ არის „საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები“, განვმარტავთ, რომ დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლის წარმოშობა დასტურდება თვით დასკვნის დანართებით, რასთან დაკავშირებითაც არ არსებობდა დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის საჭიროება.
შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებულ მეორე გარემოებასთან დაკავშირებით, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის, მომჩივანი განმარტავს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლის წარმოშობა მიუხედავად იმისა, შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში სპეციალურად იყო თუ არა მსჯელობა მოცემულ გარემოებაზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების თანმდევი შედეგია. შესაბამისად, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებით უნდა დადგენილიყო გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის რეგისტრაციასთან დაკავშირებით და, ამასთან, გადამხდელმა ბრძანების აღსრულების ეტაპზე განცხადებით მიმართა აუდიტის დეპარტამენტს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, ჯერ აუდიტის დეპარტამენტს (აღსრულების ეტაპზე), ხოლო შემდეგ შემოსავლების სამსახურს (საჩივრის განხილვის ეტაპზე) უნდა ემსჯელა გადამხდელის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. ამის გარდა, თუ შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლის წარმოშობა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენდა, რომლის საფუძველზე გადამხდელს თავდაპირველი საგადასახადო მოთხოვნის გადასინჯვის თაობაზე შეეძლო საჩივრის შეტანა, მას მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა განემარტა აღნიშნულის შესახებ.
აუდიტის დეპარტამენტს ბრძანების აღსრულების ფარგლებში უნდა დაეკმაყოფილებინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, ხოლო შემოსავლების სამსახურს შეეძლო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე ემსჯელა როგორც ბრძანების აღსრულების შემოწმების ფარგლებში, ისე კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის (ვინაიდან საგადასახადო მოთხოვნა კორექტირებული მოთხოვნით გაუქმებულია) გადასინჯვაზე ემსჯელა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილ გარემოების საფუძველზე.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტაციის, ისე წინამდებარე საჩივარში შემოსავლების სამსახურის ბრძანებასთან დაკავშირებით დამატებით მითითებული არგუმენტაციის საფუძველზე უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11409 ბრძანება და გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №074-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და 11.04.2023 წლის №8003 ბრძანება დარიცხული თანხების კორექტირების შესახებ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დადგომის შემდგომ პერიოდზე არ მიიჩნიოს გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად და შეამციროს ამ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, 2. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა) საერთო თანხა დღგ-ის გარეშე არ აღემატება 100 000 ლარს და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 1 წელი:
ა) გადასახადის გადამხდელს შეუძლია მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით;
ბ) საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს დღგ-ის გადამხდელს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და მისი თანხმობის შემთხვევაში გაუუქმოს რეგისტრაცია.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ნებაყოფლობით ან სავალდებულო წესით გაუქმების მიზნით, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით (დანართი №III-03).
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის 1.01.2021 წლიდან მოქმედი რედაქციით, თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამავე კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურის 16.05.2022 წლის №12168 ბრძანებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, მომჩივანმა წარადგინა საჩივარში ასახული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები (საქონლის ხორცის წარმომავლობის დადგენა დოკუმენტებით, საბანკო ამონაწერები). განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) დღგ-ის ნაწილში. მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 2.01.2018 წელი.
საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ შესწავლას საჭიროებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დროს დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებთან შესაბამისობის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით შესწავლას საჭიროებს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებზე დღგ-ის დარიცხვის საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი.
ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11409 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11409 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 16.05.2022 წლის №12168 ბრძანებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, მომჩივანმა წარადგინა საჩივარში ასახული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები (საქონლის ხორცის წარმომავლობის დადგენა დოკუმენტებით, საბანკო ამონაწერები). განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) დღგ-ის ნაწილში. მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 2.01.2018 წელი. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ შესწავლას საჭიროებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დროს დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებთან შესაბამისობის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით შესწავლას საჭიროებს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებზე დღგ-ის დარიცხვის საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11409 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 1651(1); 282(1).
(2021 წლამდე მოქმედი): 159(2); 165(1);