გადაწყვეტილება №18633/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18633/2/2023
31.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“- ის 11.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18633/2/2023).
დავის საგანი:
შეძენილი უძრავი ქონების ძირითად საშუალებად განხილვის საფუძველით დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და ქონების გადასახადის დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2022 წლის №136-4 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24664 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 117 854 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 64 645
დღგ - 57 973
მიწა-არასასოფლო - 340
ქონების გადასახადი - 6 332
ჯარიმა - 33 110
საურავი - 20 099
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელმა 2019 წლის მარტის თვეში სს „------ სგან “ (ს/ნ „--------“) შეიძინა უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით - ს/კ ------). აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სერია ეა- №-------, დღგ-ის თანხა 40 961 ლარი). კომპანია დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 31 ივლისს და 2019 წლის დეკემბერში სრულად ჩაითვალა აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხა.
„დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 17 მარტის №7536 ბრძანების, საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-6, მე-10 ნაწილების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 731 მუხლის საფუძველზე, 2019 წლის დეკემბერში ეა-12 №1408358 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი თანხა დაექვემდებარა გაუქმებას. ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება მოხდა 2021-2028 საგადასახადო წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში 32 769 (40 961/10*8) ლარის 1/8 ნაწილი თითოეული წლის მიხედვით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით შემცირდა 2019 წლის დეკემბერში ჩათვლილი დღგ, ხოლო 2021 წლის დეკემბერში დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 4 096 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია, რომ 2022 წლიდან 2028 წლის ჩათვლით, დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში ჩაითვალოს 32 769 ლარის 1/8 ნაწილი თითოეული წლის მიხედვით (4 096 ლარი).
შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ქონების გადასახადის გაანგარიშების დროს არ აქვს გათვალისწინებული აღნიშნული შენობა-ნაგებობები. საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე, 203-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად, შეძენილი შენობა-ნაგებობები გათვალისწინებულ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების, მათ შორის მიწის გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2022 წლის №8895 ბრძანება და 11.04.2022 წლის №136-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24664 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 28-ე ნაწილზე და ამავე მუხლის 31-ე ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-7 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-13 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-6 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-10 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 731 მუხლზე.
ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 205-ე მუხლზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ შეძენილი უძრავი ქონების ძირითად საშუალებად განხილვის საფუძვლით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მოგების მიღების მიზნით ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება. მისი მატერიალურ-ტექნიკური საჭიროება არ მოითხოვს მასშტაბური მოცულობის და ღირებულების ქონების გამოყენების აუცილებლობას. შესაბამისად, უძრავი ქონება, რაც იქნა შეძენილი, ვერ იქნებოდა გამოყენებული ძირითად საშუალებად და განკუთვნილი იყო კომერციული საქმიანობის ძირითადი მიზნის, მოგების მისაღებად. ამის მიუხედავად, შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკა, შეძენილ ქონებაზე გაუქმდა დღგ-ის ჩათვლა და დაერიცხა ქონების გადასახადი.
მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ მიეცა პოზიციისა და მოსაზრების წარდგენის საშუალება იმ გარემოებაზე, რაც შემოწმების მიერ მიჩნეული იქნა პრობლემურად. შემოწმების პროცესი უნდა განხორციელებულიყო ინდივიდუალური შეფასებისა და შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით, რაც დაირღვა საგადასახადო ორგანოს მიერ. კერძოდ, შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკა, ასევე საჭიროებები, თუ რამდენად იყო ქონება გამოყენებული ძირითად საშუალებად და არა სარეალიზაციოდ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ შეძენილი ქონება წარმოადგენს შენობა-ნაგებობას, არ ადასტურებს, რომ აღნიშნული აქტივი ძირითადი საშუალებაა. შემმოწმებელი ვალდებულია სრულფასოვნად შეისწავლოს და შეაფასოს ქონების ფუნქცია და მესაკუთრის მიერ მისი ამ მიზნით გამოყენების გარემოებები.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მით უფრო, როდესაც ეს წარმოადგენს არა აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტს, არამედ შემზღუდავ აქტს უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული და განმარტებული, რაც აქტის კანონიერების ფორმალური საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 28-ე ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობაა პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით. ამავე მუხლის 31-ე ნაწილის შესაბამისად, ძირითადი საშუალებაა მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის დოკუმენტებია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება:
ა) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, და ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას;
ბ) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება არ აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა;
გ) ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:
გ.ა) თუ დღგ-ის გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად;
გ.ბ) დღგ-ის გადამხდელს, გარდა ამ ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულისა, უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად
ამავე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ს რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება შემდეგი წესით: დასაბეგრ პირს, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უფლება აქვს ძირითად საშუალებაზე მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისთვის ყოველწლიურად გასაუქმებელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება:
ა) უძრავ ნივთზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით;
ბ) სხვა ძირითად საშუალებებზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან ძირითადი საშუალებების მიწოდების დროს, ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი/გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება საგადასახადო წლების მიხედვით ამ ძირითადი საშუალებების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად. ამ ნაწილის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 731 მუხლის მიხედვით:
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან ძირითადი საშუალებების მიწოდების დროს, ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი/გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება საგადასახადო წლების მიხედვით, ამ ძირითადი საშუალებების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის 73-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წლებიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ (რეგისტრაციის საგადასახადო წლის ჩათვლით) დარჩენილი წლების მიხედვით, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად, კერძოდ:
ა) დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება ამ ინსტრუქციის 73-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად როგორც ოპერაციებისთვის, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ისე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია;
ბ) დასაბეგრ პირს უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს დეკემბრის საანგარიშო პერიოდისა სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად მხოლოდ ისეთ ოპერაციებში, რომლებზეც გააჩნია ჩათვლის მიღების უფლება.
2 1 . იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის 1 იანვრამდე და რეგისტრაციის თარიღამდე ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებებზე ვერ განახორციელა დღგ-ის ჩათვლა, უფლება აქვს 2021 წლიდან ჩათვლისთვის განსაზღვრული დარჩენილი წლების პროპორციულად განსაზღვრული დღგ-ის თანხა ჩაითვალოს ყოველი წლის ბოლოს დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად.
„დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 მარტის №7536 ბრძანების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-6, მე-10 ნაწილების და გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 731 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დროს, ძირითადი საშუალებებზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის 73-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წლებიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ (რეგისტრაციის საგადასახადო წლის ჩათვლით) დარჩენილი წლების მიხედვით, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად. ამავე მუხლის 21 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის 1 იანვრამდე და რეგისტრაციის თარიღამდე ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებებზე ვერ განახორციელა დღგ-ის ჩათვლა, უფლება აქვს 2021 წლიდან ჩათვლისთვის განსაზღვრული დარჩენილი წლების პროპორციულად განსაზღვრული დღგ-ის თანხა ჩაითვალოს ყოველი წლის ბოლოს დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
ამავე კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
ამავე კოდექსის 205-ე მუხლის თანახმად:
1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.
2. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
3. საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა 2019 წლის მარტის თვეში სს „---------“ შეიძინა უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით). აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-------- (დღგ 40 961 ლარი). კომპანია დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 31 ივლისს და 2019 წლის დეკემბერში, სრულად ჩაითვალა აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხა. შემოწმებით, 2019 წლის დეკემბერში ჩათვლილი თანხა დაექვემდებარა გაუქმებას. ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება მოხდა 2021-2028 საგადასახადო წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში, (40 961/10*8) 32 769 ლარის 1/8 ნაწილი თითოეული წლის მიხედვით. ასევე, შეძენილი შენობა-ნაგებობები გათვალისწინებულ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას.
მომჩივნის განმარტებით შეძენილი უძრავი ქონება ვერ იქნებოდა გამოყენებული ძირითად საშუალებად და განკუთვნილი იყო მოგების მისაღებად. საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკა, ასევე საჭიროებები, თუ რამდენად იყო ქონება გამოყენებული ძირითად საშუალებად და არა სარეალიზაციოდ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ შეძენილი ქონება წარმოადგენს შენობა-ნაგებობას, არ ადასტურებს, რომ აღნიშნული აქტივი ძირითადი საშუალებაა.
აუდიტის დეპარტამენტი 1.02.2023 წლის №------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციაში ფაქტობრივ გარემოებებზე დამატებით აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ უძრავი ქონება შეძენილი იყო შემდგომში რეალიზაციის მიზნით. გადასახადის გადამხდელი ზემოაღნიშნულ აქტივს ფლობს 2019 წლიდან, თუმცა ამ ხნის განმავლობაში არ განხორციელებულა აქტივის რეალიზაცია. ხოლო, გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს გზების კეთილმოწყობა და სხვა საქმიანობა არასოდეს განუხორციელებია.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მთავარი პრეტენზიაა რამდენად სწორად განისაზღვრა ქონების ფუნქცია, რამდენად განეკუთვნება ეს ქონება ძირითად საშუალებას. ქონება არის კარკასი, არ არის განხორციელებული სარემონტო სამუშაოები და შეუძლებელია გამოყენებული იქნეს იმისათვის რა კრიტერიუმებსაც განსაზღვრავს შემოსავლების სამსახური და შეიძლება მიენიჭოს ძირითადი საშუალების სტატუსი. არსებობს სპეციალური მოთხოვნები, კერძოდ უნდა იყოს აქტივი, გამოყენებული 1 წელზე მეტი ვადით და მთელი რიგი კრიტერიუმები (გამოყენებული წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან იჯარით გადაცემის, ადმინისტრაციული მიზნით), რომლის არსებობა სავალდებულოა და შესაძლებელი გახდებოდა ქონების ძირითად საშუალებად განხილვა. ის რომ კომპანია ქონებას დიდი ხანია ფლობს არ შეიძლება გახდეს ძირითად საშუალებად განხილვის საფუძველი. აღნიშნული ქონება ახლაც გატანილია გასაყიდად, თანაც მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გამოიყენება კომპანიის მიერ. შეიძლება მათემატიკურად ერთი და იგივე შედეგი დადგეს, მაგრამ მთავარია კვალიფიკაცია და სამართლებრივი შინაარსი, რადგან ამას მოყვა ქონების გადასახადის დარიცხვა, რასაც არ ეთანხმება. კომპანია ეწევა საგზაო-სარემონტო სამუშაოებს, ხოლო წესდებით არ აქვს შეზღუდული სხვა საქმიანობის განხორციელება, კვლავაც აღნიშნავს, რომ შეძენილი იქნა გასაყიდად და გატანილია გასაყიდად უკვე 3-4 წელია. ამდენად, ძირითადი აქცენტია ქონების ძირითად საშუალებად განხილვა და კითხვა პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით 2019-2020 წლებზე ჩათვლის გაუთვალისწინებლობაზე.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით) შეძენილია 2019 წლის მარტის თვეში, დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირებულია 2019 წლის 31 ივლისს და 2019 წლის დეკემბერში, სრულად ჩაითვალა აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხა. ამასთან აღსანიშნავია, რომ „უძრავი ნივთის გადახდის ვადის განვადების ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულება“ საჯარო რეესტრის 2019 წლის 27 მარტის ამონაწერის შესაბამისად, დამოწმებულია 2019 წლის 23 მარტს, უფლების რეგისტრაცია 2019 წლის 27 მარტს, ხოლო ამავე ამონაწერის თანახმად, ვალდებულებაში მითითებულია და შესაბამისად ირკვევა, რომ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე, მყიდველი არ იყო უფლებამოსილი გამყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე რაიმე სამართლებრივი ფორმით განეკარგა/დაეტვირთა ნასყიდობის საგანი.
საბჭო მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს ჩათვლა ეკუთვნოდა იმ პერიოდში, როდესაც ქონება დაკვალიფიცირდა ძირითად საშუალებად, კერძოდ მაშინ როცა ნასყიდობის საგანზე, უძრავ ქონებაზე მიიღო მისი განკარგვის უფლება, რაც მანამდე შეზღუდული ქონდა და აღნიშნული უფლება კი, როგორც ირკვევა გადასახადის გადამხდელმა მიიღო 2019 წლის დეკემბრის თვეში და განახორციელა ჩათვლა.
ამგვარად საბჭო მიიჩნევს, რომ შეძენილი უძრავი ქონების ძირითად საშუალებად განხილვა მართებულია, მაგრამ ჩათვლის პროპორციულად გადანაწილების მარეგულირებელი, არც შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის და არც საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველი არ დგინდება, ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ, 2019 წლის დეკემბერში სრულად მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება არამართლზომიერია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს, რომ:
- დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, გადასახადის გადამხდელს სრულად ეკუთვნის დღგ-ის ჩათვლის მიღება 2019 წლის დეკემბერში, აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გაუქმებული დღგ-ის ჩავლის აღდგენა და შემოწმებით დღგ-ში დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება;
- ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, შეძენილი უძრავი ქონების ძირითად საშუალებად განხილვის საფუძვლით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24664 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, გაუქმებული დღგ-ის ჩათვლის აღდგენა, დღგ-ში დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.