გადაწყვეტილება №22675/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.08.2024
№ დოკუმენტი 22675/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22675/2/2024

09 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 25.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22675/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №002-296 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.03.2024 წლის №4840 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 273 578,6 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 163 412

დღგ - 147 312

საშემოსავლო გადასახადი - 16 100

ჯარიმა - 46 916

საურავი - 63 250,6

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 23 თებერვალს, ხოლო დღგის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. გადასახადის გადამხდელი ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს ფქვილს და აწარმოებს როგორც თონის პურს (ფიქსირებული გადამხდელის სტატუსით), ასევე საცხობში სხვადასხვა ცომეულს. გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ არ აწარმოებს ბუღალტერიას.

საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმება ფასნამატის განსასაზღვრად ვერ დაეყრდნო დოკუმენტურ რეალიზაციას (ყოველ საანგარიშო პერიოდში დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება მთლიანი რეალიზაციის თვითღირებულების 5% ნაკლებია) და ვერც მიმდინარე კონტროლის შედეგებს (არ არის ჩატარებული), აღებული იქნა მსგავსი საწარმოს აუდირებული ფასნამატი - 20% (გადამხდელი აღნიშნავს, რომ თავადაც მსგავსი ფასნამატი აქვს) და გავრცელებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე. ასევე, შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დაყრდნობით, ჩატარდა ანალიტიკური პროცედურები შესამოწმებელ პერიოდამდე არსებულ პერიოდზე და საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უწევს 1.01.2020 წლიდან. საგადასახადო კოდექსის 951 მუხლისა და „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, 1.01.2020 წლიდან მომჩივანს გაუუქმდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და როგორც თონიდან, ასევე საცხობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. შემოწმებით გადასახადის გადამხდელს გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი და განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე (2021 წლამდე მოქმედი 161-ე) მუხლების გათვალისწინებით მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №002-296 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.03.2024 წლის №4840 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 951 , 955 და 956 მუხლებზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების პირველ მუხლზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის“ პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებზე და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 491 , 61-ე, 73-ე, 157-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 79-ე, მე-80, 81-ე, მე-100, 102-ე და 43-ე მუხლებზე.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს ფქვილს და აწარმოებს როგორც თონის პურს (ფიქსირებული გადამხდელის სტატუსით), ასევე საცხობში სხვადასხვა ცომეულს. გადამხდელის ახსნა-განმარტების თანახმად, ის არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი 20%.

ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დაყრდნობით, შემოწმების მიერ ჩატარდა ანალიტიკური პროცედურები შესამოწმებელ პერიოდამდე არსებულ პერიოდზე და რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2020 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, 2020 წლის პირველი იანვრიდან ი/მ ------- გაუუქმდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და როგორც თონიდან, ასევე საცხობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგით.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, 2022 წელს თონიდან მიღებული შემოსავლისა (24 229 ლარი) და საცხობიდან მიღებული შემოსავლის (262 753 ლარი) გამიჯვნის პრინციპთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ყოველი წლის შემოსავალი განსაზღვრულია გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსელის ცხრილით, შემოწმების მიერ მოხდა მხოლოდ აღნიშნული გამიჯნული შემოსავლის გადამოწმება, რასაც კორექტირება არ განუცდია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის 2019 წლის შეძენები და მხოლოდ საცხობზე მიკუთვნებულმა შეძენებმა (ფასნამატის გავრცელების გარეშე) 2019 წლის 12 უწყვეტი თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს. ამასთან, შემოწმებით ხანდაზმულ პერიოდზე ფასნამატის გავრცელება არ განხორციელებულა. შემოწმებით დადგენილ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის/დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრა განხორციელდა შეძენილი პროდუქციის თვითღირებულების საფუძველზე, რამაც 2020 წლის პირველი იანვრიდან გამოიწვია მეწარმის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. თუმცა, აღნიშნულთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან - 1.01.2020 წლიდან, ანუ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა (100 000 ლარიანი ზღვარი) დაადგინა (გაიანგარიშა) ხანდაზმული პერიოდიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მეწარმის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და მის შესაბამისად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვროს 1.01.2020 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე, 282-ე და 272-ე მუხლებზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიუხედავად საკითხის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა (აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვროს 1.01.2020 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)), დღგ-ის რეგისტრაცია უუქმებს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსს და როგორც თონიდან, ასევე საცხობიდან მიღებული შემოსავალი ებეგრება დღგ-ით, რაც მის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. 2020 წლის იანვრიდან ყოველთვიურად გადახდილია ფიქსირებული გადასახადი. ითხოვს ფიქსირებული გადასახადის ნაწილში მიღებულ შემოსავალზე არ გავრცელდეს დღგ.

ვინაიდან არასოდეს ჰქონია განზრახვა გადასახადების შემცირებისა და გადასახადისგან თავის არიდების, აღნიშნული დარღვევები გამოწვეულია გამოუცდელობის და არცოდნის გამო, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სრულად მოიხსნას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული ჯარიმის და საურავის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 23 თებერვალს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. გადასახადის გადამხდელი ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს ფქვილს და აწარმოებს როგორც თონის პურს (ფიქსირებული გადამხდელის სტატუსით), ასევე საცხობში სხვადასხვა ცომეულს. არ აწარმოებს ბუღალტერულ აღრიცხვას. დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე შემოწმებით გავრცელებული იქნა მსგავსი საწარმოს აუდირებული ფასნამატის (20%). საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უწევს 1.01.2020 წლიდან, ამავე თარიღიდან მომჩივანს გაუუქმდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და როგორც თონიდან, ასევე საცხობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგით. შემოწმებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის 5.03.2024 წლის №4840 ბრძანებით დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და მის შესაბამისად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვროს 1.01.2020 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №002-296 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №002-296 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს ფქვილს და აწარმოებს როგორც თონის პურს (ფიქსირებული გადამხდელის სტატუსით), ასევე საცხობში სხვადასხვა ცომეულს. გადამხდელის ახსნა-განმარტების თანახმად, ის არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი 20%.

ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დაყრდნობით, შემოწმების მიერ ჩატარდა ანალიტიკური პროცედურები შესამოწმებელ პერიოდამდე არსებულ პერიოდზე და რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 01.01.2020 წლიდან. შესაბამისად, გაუუქმდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და როგორც თონიდან, ასევე საცხობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგით.

გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 956(1-დ) 269(7); 282; 159; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161;