გადაწყვეტილება N 3/3162-17

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 15.02.2018
№ დოკუმენტი 3/3162-17
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე №3/3162-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 თებერვალი, 2018 წელი

თბილისი

შესავალი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი

მოსარჩელე: -----------

წარმომადგენელი: ----------

მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი: -----;

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 06 თებერვლის საგადასახადო ოქმი N156208.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის ბრძანება N9972;

სარჩელში აღინიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ 06.02.2017 წ. შედგენილ იქნა N156208 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელე თითქოს ოქმის შედგენის დღეს და დროს ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლზე მითითებით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. მოსარჩელე არ ეწევა არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას, თავისი ნათესავის ----------ის თხოვნით და დავალებით შეიძინა მისთვის აავტომანქანის საბურავები 25.01.2017 წელს და არა 06.02.2017 წ. საგადასახადო ორგანოს არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს სამართლდარღვევის ორგანოს ვიდეომასალა. სამართალდარღვევის ოქმზე არ არის დამრღვევის ხელმოწერა და არც ხელმოუწერლობის მიზეზია მითითებული 06.02.2017 წ. N156208 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 12.04.2017 წ. N9972 ბრძანებით მოსარჩელის საჩივარი სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებულ ახსნა-განმარტებაში მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო. დამატებით, განმარტეს, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 06 თებერვლის N156208 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და 2017 წლის 12 სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის ბრძანება N9972 გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. სსიპ შემოსვლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ 2017 წლის 6 თებერვლის 12:35 საათზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N156208, რომლის თანახმადაც, მოქალაქე ----------ის შეეგარდა სანქცია 500 ლარის ოდენობით. საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი: მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრების მიერ 2017 წლის 6 თებერვალს 12 საათზე და 19 წუთზე გადამოწმდა ა/მ სახ. ნომრით ---------. დადგინდა, რომ ---------- ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევით, რაც ჯარიმდება სსკ-ის 273-ე მუხლით, ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი. სამართალდარღვევის ოქმი შედგა ზედნადების (0285159773) საფუძველზე, ოქმს თან ერთვის შესაბამისი ვიდეო მასალა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 14 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB789085 (იხ. ს.ფ. 91)

 

3.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ----------მა წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა 2017 წლის 06 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის N156208 ბათილად ცნობა;

 

3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის N9972 ბრძანების - „ფ/პ ----------ის 2017 წლის 7 მარტის საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე“ - თანახმად, ფ/პ -----------ის 2017 წლის 07 მარტის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განიმარტა ბრძანების გასაჩივრების წესი და ვადა.

ბრძანებაში აღინიშნა, რომ 2017 წლის 6 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ----------, რა დროსაც დადგინდა, რომ ხდებოდა ----------ის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ქონების ტრანსპორტირება N0285159773 სასაქონლო ზედნადებით. აღნიშნული კონტროლის პროცედურის განხორციელებისას დადგინდა, რომ ---------- ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესის დარღვევით. აღნიშნული დარღვევის გამო, მას შეუდგინეს საგადასახადო სამართლადარღვევის ოქმი N156208, რომელსაც იგი სსკ-ის 273-ე მუხლით დაჯარიმდა 500 ლარით. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტორნული საინფორმაციო ბაზის მონაცემების თანახმად, დადგინდა რომ 2012-2017 წლების განმავლობაში ----------ის სამართალდარღვევის ოქმში მითითებული საქონლის მსგავსი ტიპის საქონლის ტრანსპორტირების არაერთი ფაქტი. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით 2017 წლის 7 თებერვლიდან ---------- რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად. შემოსავლების სამსახურის დავების განხილის საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. სამართლებრივი საფუძველი: საგადასახადო კოდექსის 51-ე; 66-ე; 269-ე, 273-ე მუხლები, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების პირველი მუხლი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ----------ის ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. ს.ფ 14-15)

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის N9972 ბრძანება (იხ. ს.ფ. 42-44).

 

3.4. საქმეზე წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრების მიერ გაჩერებული იქნა შპს ----------ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ----------, რომელიც ახდენდა შპს ----------ს საქონლის ტრანსპორტირებას შესაბამისი ზედნადების საფუძელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- CD ჩანაწერი (იხ. ს.ფ. 93).

 

3.5. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 25 იანვრის Nელ-0285159773 სასაქონლო ზედნადების თანახმად ----------მა შპს ----------სგან შეიძინა საბურავი ----------, საქონლის ერთეული ფასი 88.000, საქონლის ფასი 352 00 ფასი. ასევე საბურავი ---------, საქონლის რაოდენობა 10 000, საქონლის ერთეული ფასი 49 000, საქონლის ფასი 490 000 ფასი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სასაქონლო ზედნადები (იხ.ს.ფ. 104).

 

3.6. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი იქნა:

1) 2014 წლის 27 აპრილის სასაქონლო ზედნადები N-0112159446; „რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა ----------გან შეიძინა 1 ერთეული საბურავი;

2) 2016 წლის 26 სექტემბრის სასაქონლო ზედნადები Nელ-0263898151, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 4 ცალი VER 916;

3) 2013 წლის 25 თებერვლის სასაქონლო ზედნადები Nელ-0053015585, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძიენა 2 ერთეული R623;

4) 2017 წლის 07 მაისის სასაქონლო ზედნადების Nელ-0303585183, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძიენა 4 ერთეული საბურავი;

5) 2016 წლის 19 აგვისტოს სასაქონლო ზედნადების Nელ-0256531194, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა EABILEAD RS01 5 ცალი;

6) 2012 წლის 11 მაისს სასაქონლო ზედნადები Nელ-0006596731, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 1 ერთეული pr 12 136j;

7) 2013 წლის 4 დეკემბრის სასაქონლო ზედნადების Nელ-0092464389, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 1 ერთეული pr 12 136j;

8) 2014 წლის 23 დეკემბრის სასაქონლო ზედნადები Nელ-0151423999, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძნა 2 ერთეული საბურავი;

9) 2013 წლის 08 აგვისტოს სასაქონლო ზედნადები Nელ-0285551480, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 3 ერთეული საბურავი;

10) 2013 წლის 11 აგვისტოს სასაქონლო ზედნადები Nელ-0075600406, რომლის თანახმადაც მოსარჩეკე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 2 ერთეული pr 12 136j;

11) 2017 წლის 27 იანვრის სასაქონლო ზედნადები Nელ-0285551480, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 1 ერთეუილი ზეთის ფილტრი;

12) 2013 წლის 07 ივლისის სასაქონლო ზედნადები Nელ-0070598774, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 2-2 ერთეული ზეთი.

13) 2013 წლის 10 თებერვლის სასქონლო ზედნადები Nელ-005228961, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 5-5 ერთეული ზეთი და ზეთის ფილტრი;

14) 2012 წლის 20 აგვისტოს სასაქონლო ზედნადები Nელ-0025110874, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 2 ერთეუილი სამუხრუჭე ხუნდი 2 ერთეული ზეთის ფილტრი და 1 ერთეუილი ზეთი;

15) 2015 წლის 07 დეკემბრის სასაქონლო ზედნადები Nელ-0210445523, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 05 და 1ლ, 12 ერთეული აკრილის ლაქი, განმაზავებელი და განმშრობი (სულ 120 ლარის ღირებულების);

16) 2013 წლის 12 აგვისტოს სასაქონლო ზედნადები Nელ-0075720505, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა სხვადასხვა დასახებეის 11 ერთეული პროდუქცია, 211 ლარის ღირებულების.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადებები (იხ.ს.ფ. 45-61)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი სარჩელის ფაქტობრივი და სამართალებრივი თვალსაზრისით შემოწმებისშედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრიაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანენა; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

ამ კოდექსის 22.1. მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსასზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტაციული კოდექსის 2.1.“დ“ მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივიაქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

6.3. სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი - სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 6 თებერვლის N156208 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და 2017 წლის 14 აპრილის N9972 ბრძანება - წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. „დ“ მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესბამისად, სადავო აქტების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმდეს მოცემული დავის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

6.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისადგანსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგენს საქართველოს საბაჟო საზღვრაზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურრთიერთობაში მონაწილე პირის, გადასხადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამ კოდექსის 43.4. მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრუებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასხადის გადამხდელს ეკისრბა ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითგათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

6.5. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 06 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევი N156208 ოქმის საფუძველზე მოსარჩელე ---------- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე საფუძველზე შეეფარდა ჯარიმა - 500 ლარი, ვინაიდან იგი აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. ოქმში მითითებულია, რომ „სამართალდარღვევის ოქმი შედგა ზედნადების (0285159773) საფუძველზე“

- 06.02.2017 წლის N156208 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ----------მა გაასაჩივრა ადმინისტრაციული წარმოების წესით, სსიპ შემოსავების სამსახურში და მოითხოვა ამ ოქმის ბათილად ცნობა.

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 აპრილის N9972 ბრძანებით ----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

6.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49.1. „თ“ მუხლით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართვეოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: თ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართალდარღვევათა ოქმები და მიიღონ დადგენილებები ადმინისტრციული სახდელების დაკისრების შესახებ;

ამ კოდექსის 51.1. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დ) უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა; ი) განახორციელონ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება და დასახონ შესაბამისი ღონისძიებები საგადასახადო სამართა;დარღვევათა გამომწვევი მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად; კ) გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას, და აღკვეთონ საგადასხადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით. პ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადპ სამართალდარღვევისათვის პირის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამდენად, საგადასახადო პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისათვის აუცილებელია სამი საფუძელი: ნორმატიული, ე.ი. უნდა არსებობდეს ნორმა, რომელიც ადგენს ვალდებულებას და სანქციის მისი შეუსრულებლობისთვის, ფაქტიური - საგადასახადო სამართალდარღვევა და პროცესუალური - ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს სახდელს საგადასახადო სამართალდარღვევისთვის.

 

ამ კოდექსის 271.1. მუხლის თანახმად, საგადსახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადპ ორგანოს უფლებამოსილი პირი ან ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებული პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა - იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

6.7. გადასახადების ადმინისტრირების შესახებ „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით მოწესრიგებულია გადამხდელად აღრიცხვის წესი.

მითითებული აღრიცხვის წესის პირველი მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მოიცავს გადასახადის გადამხდელისათვოს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებასა და რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიუტერულბაზაში (საგადასახადო აღიცხვის ერთიან რეესტრში) შეტანას. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართვეოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც, იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისგან) ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის ვალდებულება დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლით. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, გარდა ამ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებბულია დაბეგვრისგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით.

ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციის (აღრიცხვას), გარდა იმ პირებისა, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

 

6.9 საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმის წარმოება მოწესრიგებულია საგადასახადო კოდექსითა და „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით.

 

მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-6 მუხლის თანახმად, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ (გარდა ამ წესის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 236 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისა) დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი და გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი, აგრეთვე პროცედურებში მონაწილე სხვა პირი, რომლებსაც უფლება აქვთ ოქმის შენიშვნის გრაფაში დააფიქსირონ გამოვლენილი განსაკუთრებული ფაქტები და გარემოებები.

 

ამ წესის 69.1. მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლპბა. ამ ნორმის მე-2 ნაწილით საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოიცავს საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, საქმის განხილვის, სანქციის შეფარდების, გადაწყვეტილების მიღების და მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის პროცედურებს. ამ მუხლის მე-3 ნაწილის საგადასახადი სამართალდარღვევის საქმეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს შესაბამისი საგადასახადო ორგანო ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული პირი, ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყების საფუძველია საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენა, რაც ფიქსირდება №30 დანართის შესაბამისი ოქმით ან საგადასახადო შემოწმების აქტით.

ამ წესის 70.1. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და შესაძლებელია შედგეს, როგორც წერილობითი (რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას), ისე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.

 

მითითებული წესის 71.1. მუხლით, საგადასახადო სამართადარღვევუის საქმე განიხილება სამართალდარღვევის გამოვლების ადგილზე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ.

 

6.10. სასამართლოს მოსაზრებით, საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის ვალდებულება წარმოშვება პირის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად, შესაბამისად, პირისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, პასუხისმგებლობის დასკირებისას უნდა დადგინდეს, ეწევა თუ არა ეს პირი ეკონომიკურ საქმიანობას, რომელი საქმიანობის შედეგად მას არ გააჩნია თუ არა კანონისმიერი ვალდებულება საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა.

 

6.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეკონომიკური საქმიანობის განმარტება მოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა ეკონომიკური ოპერაციებისა და სხვა მოქმედებების განხორციელება, რომლებსაც პირი ახორციელებს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1. მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომმელბზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებებ, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

6.13. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 236.1. მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.

ამ კოდექსის 237-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში.

 

6.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულა წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

ამასთან, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, თუ დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოსმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოს განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მანდ უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა.

 

6.15. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევა უფლებამოსილი პირების მიერ გამოვლინდა მას შემდეგ, რაც გადამოწმებულ იქნა შპს ----------ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანა სახ. ნომრით ----------. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ სამართალდამრღვევი სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე არ იმყოფებოდა. საქმეში წარმოდგენილი ვიდეომასალით დასტურდება, რომ ავტომანქანის გადამოწმების დროს დარღვევა არ გამოვლინდა, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა საეჭვოდ მიიჩნია.

27.919297 წლის N0285159773 ზედნადების თანახმად, შემძენ პირს წარმოადგენდა ----------, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან არ იკვეთება, რომელი კონკრეტული ქმედების საფუძველზე იქნა მიჩნეული ---------- სამართალდარღვევად, თუმცა შენიშვნებისა და განმარტებების გრაფაში აღინიშნა: ოქმზე თანდართული ვიდეომასალა N028159773 სასაქონლო ზედნადები. ამდენად, ----------ის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველს წარმოადგენს N0285159773 სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ შპს ----------სგან შეიძინა 4 ერთეული საბურავი ----------, საქონლის ერთეული ფასი 88.000, საქონლის ერთეული ფასი 49.000, საქონლის ფასი 490.000 ფასი, მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა 842 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის განმარტებით, საბურავები შეძენილი იქნა სხვა ფიზიკური პირის დავალებით. ამასთან განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ აღნიშანული გარემოება არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული.

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას არ ესწრებოდა დამრევი მოსარჩელე ----------, ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილი არ ყოფილა უშუალოდ ----------ის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის გამოვლენის გზით, არამედ დადგტენილ იქნა, მხოლოდ ერთი კონკრეტული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, სადაც მყიდველ პირად დაფიქსირებულია მოსარჩელე, საგადასახადო ორგანო ასევე მიუთითებს მოსარჩელის მიერ 2012-2013-2014-2015-2016 წლების სასაქონლო ზედნადებების საფყძველზე სხვადასხვა კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან შეძენილ მცირე ოდენობის საქონელზე. თუმცა ფაქტობრივად არ იქნა დადგენილი და გამოკვლეული აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული ოპერაციები განხორციელებული იყო თუ არა ეკონომიკური საქმიანობის მიზნით. კერძოდ, შეძენილი საქონელი რეალურად მიიღო თუ არა შემძენმა ----------მა და მიწოდების შემდგომ მოსარჩელემ განახორციელა თუ არა, როგორც შემსყიდველმა პირმა ეკონომიკური საქმიანობა.

 

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის არსებობა დაადგინა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა დადგენის გარეშე და მიიჩნია, რომ მოსარჩელე ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე, რაც სასამართლოს მოსაზრებით, ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმებით მოთხოვნებს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 2012-2013-2014-2015-2016 წლებში და 17.01.2017 წლის სასაწონლო ზედნადების საფუძველზე სხვადასხვა კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან შეძენილი აქვს საქონელი არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტს, ვინადაინ აღნიშნული გარემოება უნდა დადასტურდეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

 

6.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს მხრიდან ადგილი ჰქონდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევას.

 

6.17. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლით იმპერატიულად განისაზღვრა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონდე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯამების საფუძველზე, ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე მხარეს, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტზე ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას არ შეუსწავლია და არსებითად არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, სახელდობრ, არ იქნა დადგენილი რეალურად ჰქონდა თუ არა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნდა თუ არა ----------ს გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. მოსარჩელის ქმედების მიზანი გახლდათ სამეწარმეო საქმიანობა თუ პირადი მოხმარება. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და დადგენის შედეგად, უნდა მომხდარიყო მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედების სამართლებრივი შეფასება ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმათა გათვალისწინებით და საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა/არარსებობის დადგენა.

 

6.18. სასამართლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა თუ არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

6.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე გრადინგერი ავსტრიის წინააღმდეგ

(Gradiger v. Austria) განაცხადი no. 15963/90, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ესა თუ ის სამართალდარღვევა და სანქცია, ამ სამართალდარღვევის ხასიათისა და მისთვის დადგენილი საქნციის სიმკაცრის გათვალისწინებით, შიდასახელმწიფოენრივ კანონმდებლობაში მათი ადმინისტრაციულ დარღვევად და ადმინისტრაციულ სახდელად კატეგორიზაციის მიუხედავად, შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და სისხლის სამართლის სასჯელი შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა მიჩნეული იქნეს სისხლის სამართალწარმოებად და მასზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე) მოქმედება უნდა გავრცელდეს (პუნქტები 35-36).

საქართველოს კონსიტუტციის 40.3. მუხლის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცების შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

6.20. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანდ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინეტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 06 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N156208 და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონდე ყველა გარემოების დადგენა-გამოკვლევის, ამ გარემოებატა სამართლებრივი შეგასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს და მათილად უნდა იქნეს ცნობილი მათი გამოცემის მომენტიდან.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე --------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები - სსიპ შემოსალვების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 06 თებერვლის საგადასახადი სამართალდარეღვევის ოქმი 156208 და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის ბრძანება N9972 მათი გამოცემის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები მოიცავს სახელმწიფო ბაჟს.

ამავე კოდექსის 53.1. მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2. მუხლის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ----------ის მიერ წინამდებარე სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი.

ამრიგად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაეკისრო -----------ის სასარგებლოდ, წინამდებარე სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 22-ე; 261.3; 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადი მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 06 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 156208;

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის ბრძანება N9972;

4. დაეკისროს მოპასუხე სსიპ შემოსვლების სამსახურს ----------ის სასარგებლოდ, წინამდებარე სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, N6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

6. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი