გადაწყვეტილება №21727/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21727/2/2023
27 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლე ბ ა
მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“- ის 27.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21727/2/2023).
დავის საგანი:
პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის 12.12.2023 წლის №31100 ბრძანება.
სადავო თანხა - 8 724 ლარი.
ფაქტების აღწერა
9.01.2023 წელს ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 31.12.2022 წლის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის ჩამოწერა (გაუქმება), 8 724 ლარის ოდენობით. ზედმეტად გადახდილი თანხა წარმოშობილია დღგ-ის 2015 წლის თებერვლის დეკლარაციით შემცირებული თანხით.
აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.08.2023 წლის №20742 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 5.10.2023 №20777/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 12.12.2023 წლის №31100 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-4 მუხლის მე-8 ნაწილით, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-20 პუნქტით და განმარტა, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა არ შეასრულა დავების განხილვის საბჭოს 5.10.2023 №20777/2/2023 გადაწყვეტილება, არ შეისწავლა გადაწყვეტილებით განსაზღვრული საკითხები. არ არსებობს არანაირი მითითებაც კი რაც შესწავლას დაადასტურებდა.
შემოსავლების სამსხურის ბრძანება არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და ბათილად უნდა იქნას ცნობილი. საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატურ რეჟიმში ჩამოწერას. მას ზედმეტად არანაირი გადასახადი არ აქვს გადახდილი. არსებული ზედმეტობა წარმოადგენს დადებით სხვაობას გადახდილ და ჩასათვლელ დღგ-ს შორის. ეს გამოწვეულია ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი საშუალების შეძენისას გადახდილი დღგ-ს ჩათვლით და რაც ზედმეტად გადახდილად ვერ ჩაითვლება. გადამხდელს ზედმეტობის დაბრუნებაზე არანაირი მოთხოვნა არ წარუდგენია.
საგადასახადო ორგანოს მიერ მოყვანილი ნორმა, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილი, ხანდაზმულობის გამო გადასახადის გადამხდელის წარდგენას კრძალავს და არანაირად არ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენას კრძალავს და არ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათიდან თანხის ჩამოწერას, თუნდაც ზედმეტად გადახდილისა. შემოსავლების სამსახურის ქმედება უკანონოა და ამ გზით ჩამოწერილი თანხები პირადი აღრიცხვის ბარათზე უნდა აღდგეს.
2023 წელს საწარმომ გაასხვისა კუთვნილი ქონება. საწარმომ პირნათლად შეასრულა განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება. 2018-2023 წლებამდე არ ფუნქციონირებდა. ამავე პერიოდში მომჩივანი ფლობდა ქონებას, რომელზეც ქონების გადასახადის დეკლარაციები წარდგენილი აქვს. აცხადებს, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხები საწარმოს საკუთრებაა.
ითხოვს შემოსავლების სამსახურის 12.12.2023 წლის №31100 ბრძანების ბათილად ცნობას და პირადი აღრიცხვის ბარათიდან ჩამოჭრილი თანხის აღდგენას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია. ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია).
ამავე ინსტრუქციის 21-ე მუხლის თანახმად:
1. თუ გადასახადის გადამხდელის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების თანხას ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნია ზედმეტად გადახდილი თანხები.
2. საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
3. გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით და ,,ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
4. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მიზნით საგადასახადო ორგანო ახორციელებს ამ მეთოდური მითითების მე-18 მუხლით გათვალისწინებულ პროცედურებს (გარდა ავტომატური დაბრუნების შემთხვევებისა), რის შემდეგაც აფორმებს დასკვნას ზედმეტობის არსებობის შესახებ დანართი №9 ფორმის შესაბამისად.
5. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
სადავო საკითხზე წარმოდგენილი მომსახურების დეპარტამენტის 8.09.2023 წლის №"--------" წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2.06.2020 წლის №14473 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ №13446 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაში. ზემოაღნიშნული ცვლილების მიხედვით, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ, ყოველი წლის პირველ იანვარს, გადასახადის გადამხდელს, უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია, ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია). გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს 31.12.2022 წლის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტად გადახდილი 8,724.00 ლარი, რაც წარმოშობილია დღგ-ის 2015 წლის თებერვლის დეკლარაციით შემცირებული თანხით. მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2020 წლიდან 01.01.2023 წლამდე პერიოდში არ ფიქსირდება გატარებული ოპერაცია. 15.06.2023 წლიდან წარმოდგენილია დეკლარაციები: 15.06.2023 წელს დღგ-ის 2023 წლის მაისის ნულოვანი დეკლარაცია. 11.07.2023 წელს დღგ-ის 2023 წლის ივნისის დეკლარაცია, რომლის საფუძველზე დარიცხულია 9 595 ლარი. 15.06.2023 წელს მოგების გადასახადის 2023 წლის მაისის ნულოვანი დეკლარაცია. 11.07.2023 წელს მოგების გადასახადის 2023 წლის ივნისის ნულოვანი დეკლარაცია. 15.06.2023 წელს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების 2023 წლის მაისის ნულოვანი დეკლარაცია. 11.07.2023 წელს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების 2023 წლის ივნისის ნულოვანი დეკლარაცია. 16.06.2023 წელს დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილია ქონების გადასახადის დეკლარაციები: 2020 წლის დეკლარაციის საფუძველზე დარიცხულია 309 ლარი. 2021 წლის დეკლარაციის საფუძველზე დარიცხულია 247 ლარი. 2022 წლის დეკლარაციის საფუძველზე დარიცხულია 198 ლარი.
ქონების გადასახადის დეკლარაციებით თანხები დარიცხულია შესაბამისი სავადო თარიღებით, რამაც გამოიწვია 1.01.2023 წლის სავადო თარიღზე დავალიანების წარმოშობა 803.00 ლარის ოდენობით. დეკლარაციების დაგვიანებისათვის საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით დარიცხულია ჯარიმები. 16.06.2023 წელს გადახდილია 1 020.00 ლარი, ხოლო 26.06.2023 წელს გადახდილია 9 667.50 ლარი, 3.08.2023 წლის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტობა 0.17ლარი.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის მიხედვით მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 31.12.2022 წლის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმებისთვის, აღნიშნულ ზედმეტად გადახდილ თანხაზე 1.01.2023 წლის მდგომარეობით გასული უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა და აგრეთვე, გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უნდა უფიქსირდებოდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია (მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია)).
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, საკითხის განხილვის დროს მხარეთა მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 31.12.2022 წლის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის 9.01.2023 წელს ავტომატურად გაუქმების აუცილებელი და საკმარისი პირობები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი ოპერაციის გატარების გზით 31.12.2022 წლის მდგომარეობით მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღდგენილი უნდა იქნას ამავე თარიღისთვის არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის ნაშთი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.12.2023 წლის №31100 ბრძანება;
3. მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი ოპერაციის გატარების გზით, 31.12.2022 წლის მდგომარეობით, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღადგინოს ამავე თარიღისთვის არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის ნაშთი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ითხოვს შემოსავლების სამსახურის 12.12.2023 წლის №31100 ბრძანების ბათილად ცნობას და პირადი აღრიცხვის ბარათიდან ჩამოჭრილი თანხის აღდგენას.
ფაქტობრივი გარემოებები
განხორციელდა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 31.12.2022 წლის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის ჩამოწერა.ზედმეტად გადახდილი თანხა წარმოშობილია დღგ-ის 2015 წლის თებერვლის დეკლარაციით შემცირებული თანხით.
აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.08.2023 წლის №20742 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 5.10.2023 №20777/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 12.12.2023 წლის №31100 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი ოპერაციის გატარების გზით 31.12.2022 წლის მდგომარეობით მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღდგენილი უნდა იქნას ამავე თარიღისთვის არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის ნაშთი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
2,4(8).