გადაწყვეტილება №22040/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.04.2024
№ დოკუმენტი 22040/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22040/2/2024

29 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 23.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22040/2/2024).

 

დავის საგანი:

საბჭოს 2.06.2023 წლის №80591/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №007-380 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 726 864.16 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 325 229

დღგ - 123 242

საშემოსავლო გადასახადი - 201 987

ჯარიმა - 162 809

საურავი - 238 826.16

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს ----------, ---------- და ---------- ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ბავშვის საწოლების, თეთრეულის და სხვა მსგავსი საქონლის იმპორტი და ადგილობრივი რეალიზაცია, რისთვისაც ---------- ბაზრობის ტერიტორიაზე იჯარით აქვს აღებული ფართი.

აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2019 წლის №46986 და 10.03.2020 წლის №7097 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.02.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შემოწმების შედეგები აისახა 18.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

- გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით (საბუღალტრო პროგრამა ორისი), რეალიზაციაზე ჩამოწერილი საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა ვერ მოხერხდა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესაბამისი პერიოდების შემოსავალი განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 22.10.2019 წლის №36431 ბრძანების შესაბამისად ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით, სადაც გადამხდელის მიერ სხვადასხვა საქონელზე მითითებული იყო ფასნამატები, რომელთა საერთო საშუალო ფასნამატი შეადგენდა 13.96%-ს. აღნიშნული პროცენტის გამოყენებით გამოთვლილია დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და 22.10.2019 წლის საქონლის ნაშთის გათვალისწინებით გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული საქონლის, როგორც თვითღირებულება, ასევე, 13.96%-ის გათვალისწინებით მიღებული შემოსავალი, რაც პროპორციით გადანაწილდა თვეების მიხედვით, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 1.02.2020 წლის მდგომარეობით ვინაიდან გადამხდელის მიერ ვერ მოხერხდა სმფ-ების ნაშთის მოწოდება, საბიუჯეტო ვალდებულება დღგ-ში გაანგარიშდა 1.02.2020 წლის მდგომარეობით სმფ-ების ნულოვანი ნაშთის დაშვების პირობით.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- გადამხდელს არ აქვს აღრიცხული საწარმოში შემოსული/გასული ფულადი სახსრები. გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებს შორის. აღნიშნული სხვაობა განხილულია დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან.

გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2020 წლის №38226 ბრძანება და ამავე თარიღის №007-515 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.03.2021 წლის №7882 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.03.2021 წლის №7882 ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 19.03.2021 წლის №7882 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 3.11.2021 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზე დარიცხვა შემცირდა სულ 333 415 ლარით, მათ შორის, გადასახადი 222 275 ლარით, ჯარიმა 111 140 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა 30.11.2021 წლის №007-449 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 23.12.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.05.2022 წლის №11104 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, სმფ-ების ნაშთში გაითვალისწინოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის ფარგლებში კომისიის წევრების მიერ მაღაზიებში (----------) დამატებით აღწერილი სმფ-ები და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 3.05.2022 წლის №11104 ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 3.05.2022 წლის №11104 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 20.01.2023 წლის დასკვნის თანახმად შემცირებას დაექვემდებარა სულ 305 555 ლარი, მათ შორის, გადასახადი 204 034 ლარი და ჯარიმა 101 521 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 21.02.2023 წლის №007-32 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8027 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2.06.2023 წლის №80591/1/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8027 ბრძანება; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სადავო საკითხი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2.06.2023 წლის №80591/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილია საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში, ასევე წარდგენილ განცხადებაში და ზეპირი განმარტებისას აცხადებდა რომ გააჩნდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ (მისი დავალებით) ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალები, რაც საშუალებას მისცემდა დაეზუსტებინა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის თვითღირებულება, ნაცვლად აღნიშნული მასალებისა გადამხდელის მიერ წარდგენილია შიდა ძალებით ჩატარებული ინვენტარიზაციის მონაცემები. შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №32131 ბრძანება და ამავე თარიღის №007-380 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 22.10.2019 წლის №36431 ბრძანება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვის/შეთავაზების ჩატარების შესახებ, რომლითაც დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. აღნიშნული ინვენტარიზაცია არ იქნა დასრულებული და არ ჩაბარებია შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტები.

აღნიშნულის შემდგომ გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2019 წლის №46986 ბრძანება კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ, რომლითაც დაინიშნა კომპანიის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ხოლო ბრძანების მე-2 ნაწილის მიხედვით: „შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით“. აღნიშნული ბრძანების ვადა გაგრძელდა რამდენჯერმე 28.02.2020 წლის №5942 ბრძანებით, 2.04.2020 წლის №10051 ბრძანებით, 16.07.2020 წლის №19781 ბრძანებით, 8.09.2020 წლის №26615 და 30.10.2020 წლის №32482 ბრძანებებით და შემოწმების ვადა საბოლოოდ განისაზღვრა 22.01.2021 წლის ჩათვლით.

აღნიშნული ბრძანებებით არ მომხდარა შესამოწმებელი პერიოდის კორექტირება, ხდებოდა მხოლოდ შემოწმების ვადის გადაწევა ანუ პირველადი ბრძანებიდან გამომდინარე შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

შემოწმების შედეგებზე გამოიცა 18.12.2020 წლის შემოწმების აქტი, რომელში შესამოწმებელი პერიოდი მითითებულია 1.01.2017 წლიდან 1.02.2020 წლამდე პერიოდი. ამავე აქტში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის აუდიტორის შეფასების ნაწილში მითითებულია, რომ „ცალკეულ შემთხვევაში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების დანართი №5-ის მიხედვით“.

ამდენად კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების თაობაზე ბრძანებით განსაზღვრული შემოწმების პერიოდი არ ემთხვევა შემოწმების აქტში მითითებულ შემოწმების პერიოდს, შესაბამისად მიაჩნია რომ აღნიშნული შემოწმების აქტი გამოცემულია საფუძვლის გარეშე და ითხოვს მის ბათილად ცნობას.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების მეთოდის პროცედურული ნაწილიდან გამომდინარე მეთოდური მითითებები გამოიცემა საგადასახადო ორგანოსთვის (და არა გადამხდელისათვის), როგორც შიდა მოხმარების დოკუმენტი. ესე იგი მათ არ აქვთ სავალდებულო ძალა შესასრულებლად გადასახადის გადამხდელისათვის, საგადასახადო ორგანომ საგადასახდო შემოწმების აქტში დარიცხვის საფუძვლად არ უნდა მიუთითოს რომელიმე მეთოდური მითითებების ან სიტუაციური სახელმძღვანელოს ნორმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტორის შეფასებაში აღნიშნული ნორმის მითითება აგრეთვე წარმოადგენს პროცედურულ დარღვევას. ამდენად დარღვეულია როგორც აქტის გამოცემის საფუძველი, ასევე აუდიტორის შეფასების ნაწილი და დარიცხვის საფუძველი, შესაბამისად ითხოვს შემოწმების აქტის ბათილად ცნობას.

რაც შეეხება, სადავო საგადასახადო მოთხოვნას, აუდიტის დეპარტამენტი აგრეთვე არღვევს საქართველოს ფინანსა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტს და იმის მტკიცებით რომ ვერ წარადგინა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის გადაწყვეტილება არ დააკორექტირა დარიცხული თანხა.

აღნიშნულიდან გამომდინარე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საგადასახადო მოთხოვნა ბრძანების და აქტის, დარიცხვის საფუძვლისა და შეფასების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანხმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2.06.2023 წლის №80591/1/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ: მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2022 წლის 10 იანვარს (----------) მონიტორინგის სამსახურმა გააკეთებინა ინვენტარიზაცია. აღმოჩნდა დანაკლისი, აღიარა მომჩივანმა დარღვევა და დაიბეგრა შესაბამისი კანონმდებლობით. ამ შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს აქვს სასაქონლო - მატერიალური მარაგები, აქვს დარღვევაც, რომელიც რეალობასთან ახლოსაა. ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიაში შიდა ძალებით ჩატარდა ინვენტარიზაციაც, რევიზიაც და გაკეთდა გადაანგარიშებაც. აღმოჩნდა დარღვევები, მხოლოდ არა იმ რაოდენობით, რაც ბოლო აქტშია დარიცხული.

მხარეთა არგუმენტების, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინვენტარიზაციის მასალები ან სხვა მტკიცებულებები საბოლოო ნაშთის განსაზღვრასთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი მომჩივნის მიერ წარდგენილი მასალების/მტკიცებულებების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 2.06.2023 წლის №80591/1/2023 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სადავო საკითხი გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ:

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილია საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში, ასევე წარდგენილ განცხადებაში და ზეპირი განმარტებისას აცხადებდა რომ გააჩნდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ (მისი დავალებით) ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალები, რაც საშუალებას მისცემდა დაეზუსტებინა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის თვითღირებულება, ნაცვლად აღნიშნული მასალებისა გადამხდელის მიერ წარდგენილია შიდა ძალებით ჩატარებული ინვენტარიზაციის მონაცემები. შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის მიერ მითითებულ სხვა არგუმენტებს, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 2.06.2023 წლის №80591/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბჭოს 2.06.2023 წლის №80591/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2.06.2023 წლის №80591/1/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ: მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2022 წლის 10 იანვარს მონიტორინგის სამსახურმა გააკეთებინა ინვენტარიზაცია. აღმოჩნდა დანაკლისი, აღიარა მომჩივანმა დარღვევა და დაიბეგრა შესაბამისი კანონმდებლობით. ამ შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს აქვს სასაქონლო - მატერიალური მარაგები, აქვს დარღვევაც, რომელიც რეალობასთან ახლოსაა. ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიაში შიდა ძალებით ჩატარდა ინვენტარიზაციაც, რევიზიაც და გაკეთდა გადაანგარიშებაც. აღმოჩნდა დარღვევები, მხოლოდ არა იმ რაოდენობით, რაც ბოლო აქტშია დარიცხული.

მხარეთა არგუმენტების, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინვენტარიზაციის მასალები ან სხვა მტკიცებულებები საბოლოო ნაშთის განსაზღვრასთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი მომჩივნის მიერ წარდგენილი მასალების/მტკიცებულებების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით (საბუღალტრო პროგრამა ორისი), რეალიზაციაზე ჩამოწერილი საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა ვერ მოხერხდა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესაბამისი პერიოდების შემოსავალი განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 22.10.2019 წლის №36431 ბრძანების შესაბამისად ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით, სადაც გადამხდელის მიერ სხვადასხვა საქონელზე მითითებული იყო ფასნამატები, რომელთა საერთო საშუალო ფასნამატი შეადგენდა 13.96%-ს. აღნიშნული პროცენტის გამოყენებით გამოთვლილია დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და 22.10.2019 წლის საქონლის ნაშთის გათვალისწინებით გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული საქონლის, როგორც თვითღირებულება, ასევე, 13.96%-ის გათვალისწინებით მიღებული შემოსავალი, რაც პროპორციით გადანაწილდა თვეების მიხედვით, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 1.02.2020 წლის მდგომარეობით ვინაიდან გადამხდელის მიერ ვერ მოხერხდა სმფ-ების ნაშთის მოწოდება, საბიუჯეტო ვალდებულება დღგ-ში გაანგარიშდა 1.02.2020 წლის მდგომარეობით სმფ-ების ნულოვანი ნაშთის დაშვების პირობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ მითითებულ სხვა არგუმენტებს, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 2.06.2023 წლის №80591/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 261;