გადაწყვეტილება №18722/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18722/2/2023
16.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 24.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18722/2/2023).
დავის საგანი:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
3. საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2014 წლის №29032 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2014 წლის №7-278 საგადასახადო მოთხოვნა;
3. აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2015 წლის №20832 ბრძანება;
4. აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2015 წლის №17728 ბრძანება;
5. ვალის მართვის დეპარტამენტის 2.01.2016 წლის №011-2016-000001 ბრძანება საბანკო
ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;
6. ვალის მართვის დეპარტამენტის 1.11.2017 წლის №011-2017-226864 ბრძანება საბანკო
ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;
7. ვალის მართვის დეპარტამენტის 18.12.2019 წლის №011-2019-471775 ბრძანება საბანკო
ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;
8. შემოსავლების სამსახურის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანება;
9. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31431 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 289 258 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 153 007
ჯარიმა - 76 504
საურავი - 59 747
პროცედურული გარემოებები
მომჩივანმა 17.11.2022 წელს აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2014 წლის №29032 ბრძანება, 6.06.2014 წლის №7-278 საგადასახადო მოთხოვნა; 16.06.2015 წლის №007-116 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა; 12.06.2015 წლის №20832 ბრძანება; 22.05.2015 წლის №17728 ბრძანება; ვალის მართვის დეპარტამენტის 2.01.2016 წლის №011-2016-000001, 1.11.2017 წლის №011-2017-226864, 18.12.2019 წლის №011-2019-471775 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანებები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31431 ბრძანებით საჩივარი:
ა) აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2014 წლის №7-278 საგადასახადო მოთხოვნის, 16.06.2015 წლის №007-116 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2.01.2016 წლის №011-2016-000001 ბრძანების ნაწილში დარჩა განუხილველი;
ბ) საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 1.11.2017 წლის №011-2017-226864 და 18.12.2019 წლის №011-2019- 471775 ბრძანებების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31431 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
რაც შეეხება, გასაჩივრებულ დოკუმენტებში მითითებულ შემოსავლების სამსახურის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანებას აღნიშნული ბრძანება 9.10.2014 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 26.03.2015 წლის №8960/2/14 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სადავო საკითხები:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა
ფაქტების აღწერა
I. კომპანიას საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 12.01.2015 წლის დასკვნა, 12.06.2015 წლის №20832 ბრძანება და 16.06.2015 წლის №007-116 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გავრცელდა და ჩაბარებულად ჩაითვალა 5.10.2015 წელს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მომჩივანი აღნიშნულ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს გაეცნო 3.03.2016 წელს.
შემოსავლების სამსახურში გადამხდელმა საჩივარი წარადგინა 17.11.2022 წელს
II. კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2.01.2016 წლის №011-2016-000001 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო
ა) ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით 13.01.2016 წელს და
ბ) გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემით 3.03.2016 წელს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია 17.11.2022 წელს
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
I. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ გადამხდელისთვის მხოლოდ 21.10.2022 წელს გახდა ცნობილი მასზე საგადასახადო ტვირთის დაკისრების თაობაზე. 2013 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში კომპანიის წარმომადგენელი იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შეზღუდული ჰქონდა წვდომა კომპანიის ფინანსურ და სხვა დოკუმენტებთან. ასევე გადამხდელისთვის უცნობია, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყენებულ იქნა თუ არა თანხების გადაანგარიშების პროცესში სომხეთიდან მოპოვებული აქტები, ხოლო ასეთი აქტების გამოყენების შემთხვევაში, რატომ არ იქნა გადაანგარიშებული დარიცხული თანხები. მიუთითებს, რომ სადავო საკითხები დამატებით უნდა იქნეს შესწავლილი და შემოწმებამ უნდა გაითვალისწინოს ის დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს კომპანიის ან/და მისი დირექტორის მიერ საწარმოს სასარგებლოდ ხარჯების გაწევას, რაც უნდა გამოიქვითოს. მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელმა საჩივარში მითითებული არგუმენტებით ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ კომპანიის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 16.06.2015 წლის №007-116 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
II. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2.01.2016 წლის №011-2016-000001 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 3.03.2016 წელს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 17.11.2022 წელს.
სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ კომპანიის საჩივარი ვალის მართვის დეპარტამენტის 2.01.2016 წლის №011-2016-000001 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის, საჩივართან დაკავშირებით მიღებული შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს აქტები ჩაბარდა 21.10.2022 წელს.
ასევე აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად ჩაბარდა შპს ---------- დაკავშირებული აუდიტის დეპარტამენტი 16.04.2021 წლის №007-126 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის გამოცემის საფუძველი იყო აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2021 წლის №11175 ბრძანება, ხოლო აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო 25.03.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი.
აღნიშნული აქტები გაცნობის შემდგომ, კანონით დადგენილ ვადებში გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით აქტების ნაწილი დარჩა განუხილველი, ხოლო ნაწილი არ დაკმაყოფილდა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ნებისმიერი დაინტერესებული პირის უფლებამოსილია მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიკუთვნებული ისეთი საკითხების გადასაწყვეტად, რაც პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ამასთან მიუთითებს ამავე კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილზე, პირველ ნაწილზე, და განმარტავს რომ კომპანიის საქმიანობაა მოგების მიღების მიზნით ეკონომიკური აქტივობების განხორციელება.
13.12.2022 წლის ბრძანებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადამხდელის მიერ აქტების ჩაბარების ფაქტზე. ამ ნაწილთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ სახელდება ორი ალტერნატიული თარიღი: 2015 წლის 5 ოქტომბერი და 2016 წლის 3 მარტი. ამ პერიოდში შეუძლებელია გადამხდელი გაცნობოდა საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემულ აქტებს, რადგან ის არ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელი ინფორმაციის მოპოვებაც, სსიპ შემოსავლების სამსახურს, ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, თავისუფლად შეუძლია, ხოლო პროგრამულად წაკითხვის დაფიქსირება ან ტექნიკურ შეცდომას უკავშირდება ან არა ავტორიზებულ წვდომას, რასთან დაკავშირებითაც გადამხდელს არ გააჩნია ინფორმაცია.
ფაქტია, რომ 21.10.2022 წელს გადამხდელი პირველად გაეცნო სადავო აქტებს და დაუყონებლივ გახადა ისინი სადავო, რადგან ის არ ეთანხმებოდა შინაარსობრივ საკითხებს. კერძოდ შემოწმების აქტში, ზოგადად მითითებულია, რომ საწარმოს უფიქსირდება სხვადასხვა ქვეყნიდან საქონლის შემოტანა, ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტები არ იქნა წარდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელის ინფორმაციით ეს დოკუმენტაცია წარდგენილია შემოსავლების სამსახურში, რის გამოც მას ჰქონდა მოლოდინი, რომ გადაანგარიშდებოდა დარიცხული თანხა.
შემოწმებიდან გასულია 8 წელი, საჭირო პერიოდი, რომ ეს ინფორმაცია რაზეც შემოსავლების სამსახური ხდის სადავოდ, ამოღებული იქნას შესაბამისი ბაზებიდან ან/და არქივიდან.
აღნიშნული შეფასება ცდება საგადასახდო კანონმდებლობით დადგენილ უფლებებს, კერძოდ არსებული საოპერაციო საქმიანობის ფარგლებში, რა საფუძვლით არის დარიცხული გადასახადი დაუსაბუთებელია. ამასთან, გადამხდელისათვის მხოლოდ 21.10.2022 წელს გახდა ცნობილი მასზე საგადასახადო ტვირთის დაკისრების თაობაზე, 2013 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში კომპანიის წარმომადგენელი იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შეზღუდული ჰქონდა წვდომა კომპანიის ფინანსურ და სხვა დოკუმენტებთან. ხოლო 2017 წლიდან 2022 წლის 21 ოქტომბრამდე მისთვის არც ერთ უწყებას არ უცნობებია მისი კომპანიის მიმართ მიმდინარე ვალდებულებებისა და მისი შესრულების თაობაზე. ასევე მისთვის უცნობია, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყენებული იქნა თუ არა თანხების გადაანგარიშების პროცესში სომხეთიდან მოპოვებული აქტები, ხოლო ასეთი აქტების გამოყენების შემთხვევაში, რატომ არ იქნა გადაანგარიშებული საგადასახადო თანხები.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და მიაჩნია, რომ აუცილებელია რომ ეს საკითხი დამატებით იქნეს შესწავლილი მასთან ერთად აუდიტის დეპარტამენტის მიერ და მათი მხრიდან გათვალისწინებულ იქნას ის დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს კომპანიის ან/და მისი დირექტორის მიერ გადამხდელის სასარგებლოდ ხარჯების გაწევას, რაც უნდა გამოიქვითოს შემოსავლების ნაწილში და შემცირდეს ან/და გაუქმდეს დარიცხული გადასახადები.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მით უფრო როდესაც ეს წარმოადგენს არა აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტს, არამედ შემზღუდავ აქტს უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული და განმარტებული, რაც აქტის კანონიერების ფორმალური საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში დასაბუთება, გადაანგარიშების პრინციპები და განმარტება არ ყოფილა მოწოდებული, რაც არ უნდა ყოფილიყო კანონიერად მიჩნეული შემოსავლების სამსახურის მიერ.
ამდენად, ითხოვს გადასახადის გადაანგარიშება მოხდეს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად (გააცნოს გაანგარიშება სანამ ჩაბარდება გადაანგარიშება დასკვნის სახით) სადაც მიეცემა საშუალება წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, გადაანგარიშების პროცესში ასევე გამოყენებულ იქნას კომპანიის განმარტება, ანგარიშსწორების დოკუმენტები, ბუღალტრული და სააღრიცხვო ფაილები და გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4, მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად: 4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
I. აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 12.01.2015 წლის დასკვნას, 12.06.2015 წლის №20832 ბრძანებას და 16.06.2015 წლის №007-116 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. აღნიშნული აქტები წერილობითი ფორმით 2-ჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, იურიდიულ მისამართზე (ქ.------------), თუმცა ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 15.09.2015 წელს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 5.10.2015 წელს.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე აღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს გაეცნო 3.03.2016 წელს.
შემოსავლების სამსახურში გადამხდელმა საჩივარი წარადგინა 17.11.2022 წელს გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
II. ვალის მართვის დეპარტამენტის 2.01.2016 წლის №011-2016-000001 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო ა) ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით 13.01.2016 წელს და ბ) გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემით 3.03.2016 წელს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 17.11.2022 წელს გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივანი განმარტავს, რომ სადავო აქტები ჩაბარდა 21.10.2022 წელს. ვინაიდან 2013 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში კომპანიის წარმომადგენელი იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შეზღუდული ჰქონდა წვდომა კომპანიის ფინანსურ და სხვა დოკუმენტებთან, ხოლო პროგრამულად წაკითხვის დაფიქსირება ან ტექნიკურ შეცდომას უკავშირდება ან არა ავტორიზებულ წვდომას, რასთან დაკავშირებითაც გადამხდელს არ გააჩნია ინფორმაცია.
მომჩივნის არგუმენტებს, დავების საბჭო ვერ მიიჩნევს გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან კომპანია მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტების გამოცემის საფუძვლებზე (საგადასახადო შემოწმების აქტზე, მის საფუძველზე გამოცემულ ბრძანებასა და საგადასახადო მოთხოვნაზე) 2014 წელს დავას აწარმოებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ხოლო სადავო აქტის ჩაბარება და გაცნობა ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგების რისკის მატარებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია.
ამდენად, მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31431 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2014 წლის №7-278 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს საჩივარი წარდგენილი ჰქონდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც 9.10.2014 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 26.03.2015 წლის №8960/2/14 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ამავე საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით მომჩივანმა 17.11.2022 წელს კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს.
ხოლო შემოსავლების სამსახურის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანებასთან დაკავშირებით მომჩივანი კვლავ მომართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2014 წლის №7-278 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპანიის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2014 წლის №7-278 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მომჩივნის მიერ 17.11.2022 წელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით სადავო იყო აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2014 წლის №7-278 საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 3.06.2014 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2014 წლის №29032 ბრძანება და 6.06.2014 წლის №7-278 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც 9.10.2014 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 26.03.2015 წლის №8960/2/14 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე (აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2014 წლის №7-278 საგადასახადო მოთხოვნაზე), იმავე ორგანოს (შემოსავლების სამსახურის) მიერ მიღებული, 4.08.2014 წლის №35935, ბრძანება, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31431 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება, შემოსავლების სამსახურის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანებას, მასზე არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე (შემოსავლების სამსახურის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანებაზე), იმავე ორგანოს (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს) მიერ მიღებული, 26.03.2015 წლის №8960/2/14, გადაწყვეტილება, შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
3. საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 1.01.2016 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანებები, მათ შორის სადავო 1.11.2017 წლის №011-2017-226864 და 18.12.2019 წლის №011-2019-471775 ბრძანებები. ~
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნის/ოქმის ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში მოთხოვნა/ოქმში ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების დაფიქსირებული თანხები შესაბამისი სავადოებით გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან, 3 სამუშაო დღის გასვლისთანავე ავტომატურ რეჟიმში დროებითი აღრიცხვის ბარათიდან გადატანილი უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.
ვალის მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 1.01.2016 წლის პერიოდიდან ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომლის შესაბამისად რამდენჯერმე დაკორექტირდა საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 1.11.2017 წლის №011-2017-226864 და 18.12.2019 წლის №011-2019-471775 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანებების გამოცემა მართებულია და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის ბრძანების ამ ნაწილში გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.