ბრძანება N 29742
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 29742
01/10/2020
შპს --------------
(მის.: ქ. ------- )
2020 წლის 12 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2020 წლის 17 სექტემბერს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №6 9) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 12 აგვისტოს №160571/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 24 ივლისის N 006-342 სგადასახადო მოთხოვნას.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდნეტი პირების მიერ გაწული მომსახურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაკავებას. აღნიშნავს, რომ გადახდილი აქვს მომსახურების საფასური არარეზიდენტ კომპანიებზე, რომლებიც ეწევიან ხელოვანი მუშაკების (მუსიკოსების) მოძიებას და ის მუსიკოსები ემსახურებიან შპს ----- ს მომჩივანის განმარტებით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ განხორციელდა, ვინაიდან ამ ქვეყნებთან არსებობს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებები. მიუთითებს, რომ შემოწმებისათვის წარდგენილია მომსახურების გამწევი პირების რეზიდენტობის ცნობები და მომსახურების გამწევმა კომპანიებმა თავიანთ ქვეყნებში გადაიხადეს გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება , რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 09 ივლისის № 22946 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 ივლისამდე. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 13 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე 2020 წლის 23 ივლისს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის № 20843 ბრძანება და 24 ივლისის № 006-342 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 132 911 ლარი, მათ შორის, გადასახადი 67 550 ლარი, ჯარიმა 38 608 ლარი და საურავი 26 753 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის ამონაწერების და საბანკო ანგარიშების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2017-2018-2019 წლების განმავლობაში საწარმო ახორციელებდა არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებული გადასახადის გარდა, დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.
დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევდნენ სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტები, მ.შ. გერმანიის, ჰოლანდიის, ინგლისის და სხვა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არარეზიდენტი ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, კერძოდ, გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
გადასახადის გადამხდელმა შუალედური აქტის გასაჩივრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა მომსახურების გამწევი პირების რეზიდენტობის ცნობები. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებები შესაბამის ქვეყნებთან და არარეზიდენტთა საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით მათი საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება საქართველოში დაბეგვრას. სხვა მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელს განსახილველ საჩივართან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდნეტი პირების მიერ გაწული მომსახურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მომჩივანის განმარტებით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ განხორციელდა, ვინაიდან ქვეყნებთან არსებობს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებები და წარდგენილია რეზიდენტობის ცნობები.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევდნენ სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტები, მ.შ. გერმანიის, ჰოლანდიის, ინგლისის და სხვა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის ამონაწერების და საბანკო ანგარიშების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2017-2018-2019 წლების განმავლობაში საწარმო ახორციელებდა არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2(7); 80(3); 104(,,გ“); 134(1,,ე“); 154(1,,გ“)