გადაწყვეტილება №18747/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.03.2023
№ დოკუმენტი 18747/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18747/2/2023

9.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -----------------ი (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ის 30.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18747/2/2023).

 

დავის საგანი:

აღიარებული საგადასახდო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ქონებაზე ყადაღის დადება და საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 17.05.2022 წლის №011-2363 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 17.05.2022 წლის №011-2022-100629 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანება;

3. შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №268 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს 2022 წლის 17 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 14 209.87 ლარი, საურავი 6 374.22 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 202 694.79 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 17 მაისს საწარმოს მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №011-2363 ბრძანება.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 17 მაისის №011-2022-100629 ბრძანება საწარმოს საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის თაობაზე, რომლის საფუძველზეც ჩამოიწერა 0.09 ლარი.

აღნიშნული ბრძანებები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №268 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, 241-ე მუხლის პირველი და მე-9 ნაწილებით, 243-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის №011-2363 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების და 2022 წლის 17 მაისის №011-2022-100629 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღინიშნავს, რომ კომპანიას აქვს სადავო საგადასახადო დავალიანება, რომელიც დაერიცხა 2021 წლის 15 მარტის №001-42 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე და რომელიც პირის მიერ არ არის აღიარებული, აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა ამ ეტაპისთვის გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში.

არ ეთანხმება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებას, ვინაიდან საგადასახადო დავალიანება არ არის პირის მიერ აღიარებული და არც იმის რეალური საფრთხე არ არსებობს, რომ აღიარების შემთხვევაშიც კი კომპანია ვერ გადაიხდის შესაბამის საგადასახადო დავალიანებას, პირიქით, ყადაღა ზღუდავს და მთლიანად აფერხებს კომპანიის საქმიანობას, რაც ხელს შეუშლის კომპანიას, რომ მომავალში საჭიროებიდან გამომდინარე დაფაროს საგადასახადო დავალიანება. გამომდინარე ზემოაღნიშნულისა, თვლის, რომ კომპანიას არამართებულად დაედო ყადაღა მთლიან ქონებაზე და წარმოადგენს დამატებით არგუმენტებს, აღნიშნული ბრძანების არამართებულობასთან დაკავშირებით:

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ისეთი იძულებითი ღონისძიებები, როგორიცაა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება/რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა და სხვა, თუმცა აღნიშნული ღონისძიებები ზოგადადაც და ბრძანებაში მითითებული საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლი გამოიყენება აღიარებული საგადასახადო დავალიანებების მიმართ. ხოლო გასაჩივრებული ბრძანებით, კომპანიას ყადაღა დაედო მთელ მის ქონებაზე არაღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო, კონკრეტულად კი საგადასახადო შემოწმებისა და 2021 წლის 15 მარტის №001-42 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხული სადავო საგადასახადო დავალიანების გამო, რომელიც საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში და შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება შეჩერებულია საგადასახადო დავის დასრულებამდე.

2. თეორიულად საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს უფლებას აძლევს პირის ქონებას დაადოს ყადაღა სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფადაც, თუკი არსებობს პირის მიერ ქონების გასხვისების საშიშროება, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. გამომდინარე იქედან, რომ ასეთი საშიშროება რეალურად არ არსებობს და ამასთან, აღნიშნული მუხლის გამოყენება დავაში არსებული კომპანიის მიმართ არ აღიარებულ დავალიანებაზე პრაქტიკაში არ ხდება, მიაჩნია რომ ეს მუხლი დისკრიმინაციულად იქნა გამოყენებული კომპანიის მიმართ. თუ დავაყენებთ საკითხს იმის შესახებ, თუ რამდენი მიმდინარე დავაა შემოსავლების სამსახურში/დავების განხილვის საბჭოში და აქედან რამდენის მიმართ გამოიყენება ასეთი ღონისძიება, მარტივი მისახვედრი გახდება, რომ ასეთი რადიკალური მიდგომების გამოყენება არ აღიარებული დავალიანების შემთხვევაში არ ხდება, შესაბამისად გამოდის, რომ შემოსავლების სამსახურმა მაინც და მაინც მის მიმართ გამოიყენა ასეთი ზომა, რაც მიაჩნია, რომ უსამართლო და დისკრიმინაციული ხასიათის ქმედებაა შემოსავლების სამსახურის მხრიდან.

3. ამასთან ძალიან საყურადღებოა ის გარემოება, რომ ყადაღა დაედო არა კომპანიის ძირითად საშუალებას (რაც კიდევ არ გამოიწვევდა კომპანიის საქმიანობის სრულად გაჩერებას) არამედ მთელ ქონებას მ.შ. საქონელს, რაც იწვევს კომპანიის პარალიზებას და გამორიცხავს იმას რომ კომპანიამ გააგრძელოს ეკონომიკური საქმიანობა. კომპანიას გააჩნია სპეციფიკური საქონელი, რომლის რეალიზაცია დროულად თუ არ მოხდა მისი რეალიზაცია გარკვეულია პერიოდს შემდეგ ვეღარ მოხდება ან მოხდება მიზერულ ფასად. აღნიშნულის გამო მიადგება ძალიან დიდი ზიანი იმ პირობებში, რომ მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიმართ დისკრიმინაციულად იქნება გამოყენებული ეს ღონისძიება რაც არ გამოიყენება სხვა კომპანიების მიმართ. ამიტომ უკიდურეს შემთხვევაში თანახმაა ყადაღა დაედოს სარეალიზაციო საქონლის გარდა სხვა დანარჩენ საქონელს.

4. ფაქტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიმართ დისკრიმინაციულად მთელს ქონებაზე ყადაღის დადება მოხდა საკანონმდებლო ხარვეზის გამო, რომელიც, როგორც შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტში აცხადებენ აღმოფხვრილია, მაგრამ პროგრამული და გარკვეული ტიპის ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ხერხდება არასწორად გამოწერილი ბრძანების გაუქმება. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მიუხედავათ მისთვის სრულიად მიუღებელია ისეთი ქმედება შემოსავლების სამსახურის მხრიდან, მიაჩნია რომ გარკვეული ტიპის ხარვეზები ნებისმიერ ორგანიზაციაში შეიძლება არსებობდეს, თუმცა თუ ორგანიზაცია გამოავლენს ასეთ ხარვეზებს თვლის, რომ ასეთი ხარვეზების შედეგები თავად ამ სამსახურმა უნდა აღმოფხვრას ამ ასეთი შეცდომების ნეგატიური შედეგების გამო ზარალი კერძო სექტორის კომპანიებს არ უნდა მიადგეთ.

ამ ყველაფრიდან გამოდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ არაღიარებულ დავალიანებაზე ზოგადად შემოსავლების სამსახურის მიერ არ ხდება ყადაღის დადება, ყადაღა დაედო არასარეალიზაციო საქონელს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია პროგრამულ ხარვეზზე, ითხოვს: სადავო აქტების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ქონებაზე ყადაღის დადება და საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა.

ამავე კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ კომპანიას ყადაღა დაედო მთელ ქონებაზე არაღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო, კონკრეტულად კი აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 15 მარტის №001-42 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სადავო საგადასახადო დავალიანების გამო, რომელიც საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში და შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება შეჩერებულია საგადასახადო დავის დასრულებამდე. თუმცა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე სასამართლოს განჩინება ამ დრომდე არ ჩაბარებია.

საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ თუ შემოსავლების სამსახურში არ იქნება წარდგენილი განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე, მაშინ პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების ასახვა ხდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების სახით, რაც რეგულირდება „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით.

მხარეთა არგუმენტების გაანალიზების, წარმოდგენილი მასალების შეფასების და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები საჭიროებს დამატებით შესწავლას/გამოკვლევას, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დამატებით შესწავლას საჭიროებს საგადასახადო დავალიანების აღიარებულად ჩათვლის კანონთან შესაბამისობის საკითხი. შედეგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №268 ბრძანება;

3. საჩივარი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.