გადაწყვეტილება №24970/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24970/2/2025
14 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:------- (პ/ნ --------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 03.04.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ას 26.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 24970/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 22.10.2024 წლის N 22662 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 14.02.2025 წლის N 2589 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის N 4795 ბრძანება.
სადავო თანხა:
დღგ - 1 654.29 ლარი.
ფაქტების აღწერა
5.09.2024 წელს მომჩივანმა №-----/21 განცხადებით მიმართა საბაჟო ორგანოს და ითხოვა საბაჟო ტერიტორიაზე მის სახელზე შემოსატანი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენება.
მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 10.06.2024 წლის N 21-10-20/----- წერილით, უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათის გავრცელებაზე. აღნიშნული უარი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.10.2024 წლის N 22662 ბრძანებით, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეესწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მომჩივნის სახელზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მართლზომიერების საკითხზე გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 22.10.2024 წლის N 22662 ბრძანება არ გასაჩივრებულა. შემოსავლების სამსახურის 22.10.2024 წლის N 22662 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 14.02.2025 წლის N 2589 ბრძანება, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელებაზე.
საბაჟო დეპარტამენტის 14.02.2025 წლის N 2589 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.03.2025 წლის N 4795 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, მე-60 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებზე, 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტზე.
დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ: მომჩივანი არის საქართველოს მოქალაქე და იმავდროულად ----- მოქალაქეც, რომელსაც 2023 წლის 4 სექტემბერს საქართველოდან გასვლა და 2024 წლის 1 სექტემბერს საქართველოში შემოსვლა განხორციელებული აქვს ----- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტით და ამასთან, მის სახელზე შევსებული N C----- (23.01.2025) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დასტურდება, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეულია ----- გამოგზავნილი საქონელი საერთო საბაჟო ღირებულებით 7 525.76 ლარი. ვინიდან მითითებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი პირობაა პირის „უცხოეთში“ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნა, ხოლო ----- მომჩივნისთვის „უცხოეთად“ არ განიხილება და მის სახელზე ----- გამოგზავნილი საქონლის იმპორტზე საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელების საფუძველი არ არსებობს. საგადასახადო კოდექსის 60-ე მუხლის მე-4 ნაწილით აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 22.10.2024 წლის N 22662 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ საბაჟო დეპარტამენტის 14.02.2025 წლის N2589 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ----- არ ითვლება მისთვის „უცხო ქვეყნად“. საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტი არ განსაზღვრავს, რომ ორმაგი მოქალაქე არ სარგებლობს ამ შეღავათით. იგი არის საქართველოს მოქალაქე და იმყოფებოდა ----- 07.09.2023 წლიდან 1.09.2024 წლამდე, ანუ 12 თვის განმავლობაში, რაც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ ნორმებს
საბაჟო დეპარტამენტის სადავო ბრძანება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და ნორმატიულ აქტებში გათვალისწინებულ დებულებებს. აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტს, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდი 6 თვეზე მეტი ხნით - 2023 წლის 4 სექტემბერს გაემგზავრა და 2024 წლის 1 სექტემბერს დაბრუნდა საქართველოში. მის მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულება არ აღემატება 15 000 ლარს და საქონელი არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის.
შემოსავლების სამსახურმა არასწორად განმარტა „უცხოეთის“ ცნება და უარი უთხრა იმ საფუძველით, რომ ორმაგი მოქალაქეობის გამო ----- მის შემთხვევაში „უცხოეთად“ არ ითვლება. კანონში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც ზღუდავს ორმაგი მოქალაქეების უფლებას აღნიშნული შეღავათით სარგებლობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია. საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც ორმაგი მოქალაქეებისთვის დამატებით შეზღუდვებს აწესებს საგადასახადო შეღავათებზე.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და აღიარდეს მისი უფლება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობაზე. ასევე მოხდეს, უკვე გადახდილი დღგ-ის გადასახადის დაბრუნება (1 654.29 ლარი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28- ე–97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
შემოსავლების სამსახურის 22.10.2024 წლის N 22662 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეესწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მომჩივნის სახელზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მართლზომიერების საკითხზე გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 22.10.2024 წლის N 22662 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 14.02.2025 წლის N 2589 ბრძანება, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელებაზე უარის თქმის საფუძველია მომჩივნის მიერ წარდგენილი და საბაჟო ორგანოში არსებული ინფორმაციის დამატებითი შესწავლის შედეგად დადგენილი შემდეგი გარემოებები:
- მომჩივანი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს და იმავდროულად,----- მოქალაქეს;
- 2023 წლის 4 სექტემბერს საქართველოდან გასვლა და 2024 წლის 1 სექტემბერს საქართველოში შემოსვლა მომჩივანს განხორციელებული აქვს ----- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტით N -----;
- მომჩივნის სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი გამოგზავნილია -----დან.
მომჩივანს მიაჩნია, რომ ორმაგი მოქალაქეებისთვის დამატებით შეზღუდვები საგადასახადო შეღავათებზე საბაჟო ორგანომ დააწესა უკანონოდ. არის საქართველოს მოქალაქე და იმყოფებოდა ----- 04.09.2023 წლიდან 01.09.2024 წლამდე, ანუ 12 თვის განმავლობაში. იგი აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა 6 თვეზე მეტი ხნით, მის მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულება არ აღემატება 15 000 ლარს და საქონელი არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის.
შემოსავლების სამსახური გასაჩივრებულ ბრძანებაში მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ პირს წარმოეშვას საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტში მითითებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება, აუცილებელია მისი უცხოეთში 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნა. ვინაიდან მოქალაქეობა არის შესაბამის ქვეყანასთან პირის სამართლებრივი კავშირი, საბაჟო დეპარტამენტმა ----- მისი მოქალაქეობის ქვეყანა, -----, „უცხოეთად“ არ განიხილა და მიიჩნია, რომ არ არსებობს მის სახელზე ----- გამოგზავნილი საქონლის იმპორტზე საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელების საფუძველი.
საქმეზე მხარეების არგუმენტაციის გათვალისწინებით, დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის „უცხოეთის“ ცნების განმარტება, რომელიც ეფუძნება მხოლოდ პირის მოქალაქეობრივ კავშირს შესაბამის ქვეყანასთან, წარმოადგენს აღნიშნული ნორმის არასწორ ინტერპრეტაციას. კერძოდ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მომჩივანი იმ ქვეყნის მოქალაქეა, საიდანაც განხორციელდა საქონლის იმპორტი, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმ დასკვნისთვის, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობები და შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მხოლოდ მისი მოქალაქეობრივ კავშირზე დაყრდნობით არამართლზომიერია.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის N 473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის N 4795 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და აღიარდეს მისი უფლება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობაზე. ასევე მოხდეს, უკვე გადახდილი დღგ-ის გადასახადის დაბრუნება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს და იმავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს. 2023 წლის 4 სექტემბერს საქართველოდან გასვლა და 2024 წლის 1 სექტემბერს საქართველოში შემოსვლა მომჩივანს განხორციელებული აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტით. მომჩივნის სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი გამოგზავნილია უცხო ქვეყნიდან. 05.09.2024 წელს მომჩივანმა განცხადებით მიმართა საბაჟო ორგანოს და ითხოვა საბაჟო ტერიტორიაზე მის სახელზე შემოსატანი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენება რაზედაც უარი ეთქვა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199 „დ.დ“