გადაწყვეტილება №19006/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.05.2023
№ დოკუმენტი №19006/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19006/2/2023

6.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 4.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19006/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.10.2021 წლის №9887/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2023 წლის №070-4 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 206 153,98 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 103 029

დღგ - 71 743

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - (- 370)

მოგების გადასახადი - 11 857

საშემოსავლო გადასახადი - 14 441

ქონების გადასახადი - 5 358

ჯარიმა - 43 595

საურავი - 59 529,98

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 9.09.2019 წლის აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ღვინის წარმოება ყურძნისგან.

შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს 2017 წელს შეძენილი აქვს ვაზის ნერგები 181 500 ლარის ღირებულების, რომელიც 26.12.2017 წლის ხელშეკრულებით გასესხებული აქვს შპს „---------“-ზე წლიური 12 % სარგებლით.

შემოწმებით შესწავლილ იქნა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, წარმოდგენილი აღრიცხვის პროგრამა და ვინაიდან სესხის საგანს წარმოადგენს ვაზის ნერგები, აღნიშულ ოპერაციაზე დარიცხული სარგებელი ვერ ჩაითვლება ფინანსურ ოპერაციად, ფინანსურ ინსტრუმენტად საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, შესაბამისად აღნიშნულ ოპერაციაზე დარიცხული სარგებელი, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 29.01.2019 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ჩაატარა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია საწარმოს კუთვნილ ობიექტზე ყვარელი, სოფ. ---------. ინვენტარიზაციის შედეგად აღწერილ იქნა კომპანიის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე წარმოებაში გამოსაყენებელი დამხმარე მასალები, ხოლო ალკოჰოლური სასმელები (ღვინო, საბრენდე სპირტი) მისი დათვლის და აზომვის სპეციფიკიდან გამომდინარე დათვლილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მონიტორინგის სამმართველოს მიერ დათვლილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (დამხმარე მასალები) ფაქტობრივად არსებული რაოდენობრივი ნაშთი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა 29.01.2019 წლის მდგომარეობით არსებული ბუღალტრული ნაშთი, რომელმაც შეადგინა თვითღირებულებით 152 599 ლარი. კომპანიას 29.01.2019 წლის მდგომარეობით გააჩნდა ალკოჰოლური სასმელების ბუღალტრული ნაშთი: ღვინო საფერავი 2018 წლის 206 930 ლიტრი, ღვინო ქინძმარაული 2018 წლის 310 000 ლიტრი, ღვინო ვაზისუბანი 2018 წლის 6 440 ლიტრი, ღვინო წინანდალი 2018 წლის 53 510 ლიტრი, ღვინო რქაწითელი 2018 წლის 49 790 ლიტრი, სპირტი 225 000 ლიტრი (აბსოლუტური ალკოჰოლის შემცველი საბრენდე სპირტი). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 4.03.2019 წლის დასკვნის საფუძველზე კომპანიას 29.01.2019 წლის მდგომარეობით გააჩნდა ფაქტობრივი ნაშთი: ღვინო საფერავი 2018 წლის 197 000 ლიტრი, ღვინო ქინძმარაული 2018 წლის 315 000 ლიტრი, ღვინო ვაზისუბანი 2018 წლის 64 000 ლიტრი, ღვინო წინანდალი 2018 წლის 55 454 ლიტრი, ღვინო რქაწითელი 2018 წლის 150 000 ლიტრი, სპირტი 197 000 ლიტრი (აბსოლუტური ალკოჰოლის შემცველი საბრენდე სპირტი). აღნიშნული დასკვნის საფუძველზე საბრენდე სპირტის ინვენტარიზაციის მომენტისათვის საწარმოს კუთვნილ ცისტერნებში სადაც მოთავსებული იყო საბრენდე სპირტი ტემპერატურა შეადგენდა 6-დან 7-მდე გრადუს ცელსიუსს. საწარმოს მიერ ბუღალტრულად აღრიცხული საბრენდე სპირტი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის აღრიცხული, რომელიც გაიანგარიშება აბსოლუტური ალკოჰოლის შემცველი საბრენდე სპირტის 20 გრადუს ცელსიუსზე. ინვენტარიზაციის შედეგად დათვლილ და ბუღალტრული მონაცემების ანალიზისას გამოვლინდა სხვაობები. კერძოდ: ღვინის ზედმეტობა ღვინო ქინძმარაული 2018 წლის 5 000 ლიტრი, ღვინო ვაზისუბანი 2018 წლის 57 560 ლიტრი, ღვინო წინანდალი 2018 წლის 1 944 ლიტრი, ღვინო რქაწითელი 2018 წლის 100 210 ლიტრი. ღვინის დანაკლისი ღვინო საფერავი 2018 წლის 9 930 ლიტრი.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა საბრენდე სპირტის (აბსოლუტური ალკოჰოლის შემცველი საბრენდე სპირტი) დანაკლისი 260 816 ლიტრი ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებულ მონაცემებთან შედარებით. მომჩივნის ახსნა-განმარტებით ბუღალტრულ აღრიცხვაში სპირტის რაოდენობა აღრიცხული იყო პირობითად, რაც განსხვავდებოდა ფაქტობრივი გარემოებებისგან. კერძოდ, საწარმომ წინსწრებით აღრიცხა ღვინისგან საბრენდე სპირტის გამოხდა. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ინვენტარიზაციის მასალებით აღმოჩენილი ზედმეტად გამოსახდელი ღვინის გამოსავლიანობით გაინაშთა სპირტის დანაკლისი, რის შედეგადაც საბოლოოდ დადგინდა საბრენდე სპირტის (აბსოლუტური ალკოჰოლის შემცველი საბრენდე სპირტი) დანაკლისი 8 768 ლიტრი 269 185 ლარის საბაზრო ღირებულებით. შემოწმების შედეგად და მომჩივნის ახსნაგანმარტების საფუძველზე ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი ღვინო საფერავის დანაკლისი და ღვინო ქინძმარაულის ზედმეტობის რაოდენობის განაშთვა მოხდა, რადგან „ვაზის და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად შესაძლებელია ამ ჯიშის ღვინოების არევა ერთმანეთში რის შედეგადაც დადგინდა 4 930 ლიტრი ღვინო საფერავის დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 29 580 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად ასევე გამოვლინდა სხვა დამხმარე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი 32 139 ლარის საბაზრო ღირებულებით.

შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო სტანდარტით აბსოლუტური ალკოჰოლის შემცველი საბრენდე სპირტის 20 გრადუს ცელსიუსზე მოცულობის განსაზღვრა, ასევე სპირტის დანაკარგის რეზერვუარში შენახვისათვის განსაზღვრული ყოველთვიური ნორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით №2-206 (მე-5 მუხლი). ინვენტარიზაციით დადგენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე განისაზღვრა საბაზრო ფასი და გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული 10 %-იანი ჯარიმით.

ინვენტარიზაციის შედეგად, ასევე გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველობა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე შეძენა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 1 612 ლარის საბაზრო ღირებულებით, აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმო დაჯარიმდა, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია აღნიშნული დანაკლისი მისი გამოვლენის მომენტში დაადეკლარიროს მიწოდებად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2019 წლის №070-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.12.2019 წლის №44579 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 21.10.2021 წლის №9887/2/2020 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების (დანაკლისის) გამოყვანასთან დაკავშირებით, მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული და დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. ვაზის ნერგების გასესხებით მიღებული სარგებლის დღგ-ით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით ხელშეკრულების საგანის გათვალისწინებით, ხელახლა შეაფასოს ოპერაციის კვალიფიკაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის დასკვნის თანახმად, 26.12.2017 წელს შპს „----------“-თან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით შპს „----------“-ზე გასესხებული იქნა 181 500 ლარის ღირებულების ვაზის ნერგები წლიური 12%-იანი სარგებლით. სესხის საგანს წარმოადგენს ვაზის ნერგი (საქონელი), რომელიც საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არ წარმოადგენს ფინანსურ ოპერაციას, ფინანსურ ინსტრუმენტს. საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-15 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე დაყრდნობით და საკითხის განხილვისას გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, აღნიშნულ ოპერაციაზე დარიცხული სარგებელი წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. მიმდინარე გადაანგარიშების შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით აღნიშნული საკითხით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით, კერძოდ ექსპერტიზის №001227019 დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჩატარებული აზომვების და მიღებული შედეგების სავარაუდო, დასაშვები ცდომილება განისაზღვრა ექსპერტის მიერ +-2%-მდე ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადაანგარიშებით ექსპერტიზის მიერ დადგენილ ფაქტობრივ მონაცემებში გათვალისწინებული იქნა აღრიცხული ღვინის და საბრენდე სპირტის მოცულობის ცდომილება +-2%. მიმდინარე გადაანგარიშების შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით აღნიშნული საკითხით დარიცხული თანხები დაკორექტირდა, შემცირდა. კერძოდ, შემოწმებით გამოვლენილი ღვინის და საბრენდე სპირტის დანაკლისი განულდა.

აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 16.02.2023 წლის №070-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აქტის მიხედვით, საწარმოს 2017 წელს შეძენილი აქვს ვაზის ნერგები 181 500 ლარის ღირებულების, რომელიც 26.12.2017 წლის ხელშეკრულებით გასესხებული აქვს შპს „-----------“-ზე წლიური 12% სარგებლით. აუდიტორის შეფასებით შემოწმებით შესწავლილ იქნა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, წარმოდგენილი აღრიცხვის პროგრამა და ვინაიდან სესხის საგანს წარმოადგენს ვაზის ნერგები, აღნიშნული ოპერაციაზე დარიცხული სარგებელი ვერ ჩაითვლება ფინანსურ ოპერაციად, შესაბამისად აღნიშნულ ოპერაციაზე დარიცხული სარგებელი წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით. ამ ნაწილში საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.10.2021 წლის N9887/2/2020 გადაწყვეტილება.

საკითხი გადახედილი უნდა იქნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.10.2021 წლის №9887/2/2020 გადაწყვეტილების შესაბამისად.

აქტის მიხედვით 29.01.2019 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ჩაატარა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია საწარმოს კუთვნილ ობიექტზე ყვარელი სოფ. --------. ინვენტარიზაციის შედეგად აღწერილ იქნა კომპანიის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე წარმოებაში გამოსაყენებელი დამხმარე მასალები, ხოლო ალკოჰოლური სასმელები (ღვინო, საბრენდე სპირტი) მისი დათვლის და აზომვის სპეციფიკიდან გამომდინარე დათვლილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. აუდიტორის შეფასებით დადგინდა საბრენდე სპირტის (აბსოლუტური ალკოჰოლის შემცველი საბრენდე სპირტი) დანაკლისი 8 768 ლიტრი 269 185 ლარის საბაზრო ღირებულებით. აქტის მიხედვით, საზოგადოებას გამოუვლინდა ღვინო საფერავის სახეობაში დანაკლისი 4 930 ლიტრი, 29 580 ლარის საბაზრო ღირებულებით.

საზოგადოება არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს პოზიციას რაოდენობრივი დანაკლისის დადგენის მეთოდოლოგიაში. საგადასახადო ორგანომ სპირტის მიხედვით დანაკლისი დაიყვანა სპირტის დანაკლისამდე - სითხეში სპირტის აბსოლუტური შემცველობის გაანგარიშების გზით - უწყლო სპირტი.

საგადასახადო ორგანოს მიერ, ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის პროცესში, გათვალისწინებულია დანაკარგების მხოლოდ ერთი სახეობა - შენახვა რეზერვუარში, დადგენილი ნორმის ფარგლებში - 0,05.

თუმცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 5.03.2019 წლის №2- 206 ბრძანების მე-5 მუხლით, განსაზღვრულია მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების რამდენიმე სახეობა და მათი ზღვრული ოდენობები პროცენტებში:

- შენახვა რეზერვუარში (ყოველთვიურად) 0,05;

- დაძველება ცისტერნაში ტკეჩზე (ყოველთვიურად) – 0,08;

- დაძველება კასრში (ყოველთვიურად,) 0,33;

- გადატუმბვა სატრანსპორტო კონტეინერიდან სტაციონალურ ცისტერნაში და პირიქით - სტაციონალური ცისტერნიდან სატრანსპორტო კონტეინერში - 0,16.

ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობები არ ასახავს საზოგადოების რეალურ დანაკარგებს, საზოგადოების კონკრეტული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და საწარმოო ციკლის თავისებურებების გათვალისწინებით. დანაკარგები არის გაცილებით მეტი.

საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანისას, საგადასახადო ორგანომ დანაკლისზე (რომლის აბსოლუტურ ოდენობა სადავოა) გაავრცელა საბაზრო ფასი, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას. რევიზიის აქტის მიხედვით, შეუძლებელია იმის გარკვევა თუ როგორ დადგინდა, შემოწმებით, საბაზრო ფასი. საგადასახადო ორგანომ ერთეული ლიტრი ღვინის სპირტის ფასი დაადგინა 30,7 ლარის ოდენობით (269 185:8 768=30,7 ლარი). 1 ლიტრი ღვინო საფერავის ფასი - 6 ლარის ოდენობით (29 580:4 930=6). საბაზრო ფასის დადგენისას საგადასახადო ორგანოს მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს საგადასახადო კოდექსის მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის დადგენილი წესი. საგადასახადო ორგანოს მიერ, საბაზრო ფასის განსაზღვრისას, უგულებელყოფილია მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა. კერძოდ, არ არის გამოყენებული საბაზრო ფასის განსაზღვრის დროს კანონმდებლობით დადგენილი 30 დღიანი ვადა:

- საგადასახადო კანონმდებლობა საბაზრო ფასისათვის აღიარებს ერთ თვიან (30 კალენდარული დღე) ინტერვალს. საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ განხორციელებული ოპერაციის კვალიფიკაციის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ის გარემოება, რომ მომჩივნის მიერ შპს „----------“-ზე გადაცემულია ვაზის ნერგები, ხოლო მისაღები აქვს იგივე მახასიათებლების, თუმცა სხვა საქონელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ოპერაცია წარმოადგენს გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციას, რომლის დროსაც მომჩივნის მხრიდან განხორციელებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საბჭოს 21.10.2021 წლის №9887/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი ვაზის ნერგების გასესხებით მიღებული სარგებლის დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლას. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება საბჭოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის საკითხთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის დასკვნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის და გათვალისწინების საფუძველზე შემოწმების პროცესში გამოვლენილი ღვინის და საბრენდე სპირტის დანაკლისი განულდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ საბრენდე სპირტის დანაკლისის საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2023 წლის №070-4 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს ვაზის ნერგების გასესხებით მიღებული სარგებლის დღგ-ით დაბეგვრის საფუძვლით განხორციელებული დარიცხვის კორექტირება საბჭოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.10.2021 წლის №9887/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს 2017 წელს შეძენილი აქვს ვაზის ნერგები, რომელიც 26.12.2017 წლის ხელშეკრულებით გასესხებული აქვს წლიური 12 % სარგებლით. შემოწმებით შესწავლილ იქნა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, წარმოდგენილი აღრიცხვის პროგრამა და ვინაიდან სესხის საგანს წარმოადგენს ვაზის ნერგები, აღნიშულ ოპერაციაზე დარიცხული სარგებელი ვერ ჩაითვლება ფინანსურ ოპერაციად, ფინანსურ ინსტრუმენტად, შესაბამისად აღნიშნულ ოპერაციაზე დარიცხული სარგებელი ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

ინვენტარიზაციის შედეგად, ასევე გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველობა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე შეძენა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 1 612 ლარის საბაზრო ღირებულებით, აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმო დაჯარიმდა, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია აღნიშნული დანაკლისი მისი გამოვლენის მომენტში დაადეკლარიროს მიწოდებად.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭოს მიაჩნია, რომ საბჭოს 21.10.2021 წლის №9887/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი ვაზის ნერგების გასესხებით მიღებული სარგებლის დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლას. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება საბჭოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9).

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 161 (1'"ა"), 168(4"ფ").