ბრძანება N 20415

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.09.2025
№ დოკუმენტი 20415
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

17 სექტემბერი 2025

N 20415

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.:---) 2025 წლის 8 აგვისტოს

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 8 აგვისტოს №97436/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ივლისის №007-169 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ საქმიანობა დაიწყო 2014 წლიდან იჯარით აღებულ ფართში, 2024 წლის 28 დეკემბრიდან კი გახსნა მეორე ობიექტი. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ ფასნამატი დათვლილია შესამოწმებელი პერიოდის ბოლო ორი თვის ფასების მიხედვით, ანუ ახალი ობიექტის გახსნის შემდგომ არსებული ფასებით, რომელიც არის უფრო მაღალი ვიდრე დანარჩენ შესამოწმებელ პერიოდში. მიუთითებს, რომ მხოლოდ ორი თვის მონაცემებით დათვლილი ფასნამატის გავრცელება წინა წლებზე არ არის მართებული მიდგომა, რადგან ახალი ობიექტის გახსნიდან გამომდინარე 2025 წლის მხოლოდ ორმა თვემ იქონია გავლენა ფასნამატის ზრდაზე. აქედან გამომდინარე, ითხოვს თითოეულ წელს მიუსადაგდეს თავისი დოკუმენტური ფასნამატი. განმარტავს, რომ აღნიშნული ასევე გავლენას იქონიებს სალაროში ნაღდი ფულის მოცულობაზე. გადასახადის გადამხდელი ასევე, ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა შემმოწმებელთან ერთად გაიაროს სასაქონლო ჯგუფების 11 კატეგორიისა და ფასნამატის სისწორის საკითხი და მოხდეს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1632 და 20 მარტის №5083 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 24 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 10 ივლისის №15635 ბრძანება და ამავე თარიღის №007-169 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 167 190 ლარი, მათ შორის, გადასახადი 101 543 ლარი, ჯარიმა 49 326 ლარი, საურავი 16 321 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით შპს „---" გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 10 ოქტომბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2016 წლის 7 ივლისს. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ქალაქ ---ში ---ის ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ქიმიით, ბავშვთა მოვლის საშუალებებით, ჭურჭლით, საკანცელარიო საქონლით, სათამაშოებით და სხვა წვრილმანი ნივთებით საცალო ვაჭრობა. სარელიზაციო საქონლის შეძენა ხდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე იმპორტის სასაქონლო ოპერაციებით ჩინეთიდან. შეძენილი აქვს როგორც დასაბეგრი, ასევე დაუბეგრავი კატეგორიის საქონელი. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა, საბანკო ამონაწერები და სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაცია. წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში საქონელი არ არის სახეობრივად და რაოდენობრივად აღრიცხული, შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა შემოწმების მიერ ვერ განხორციელდა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 24 თებერვლის №3213 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად დადგენილი სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის საბაზრო ღირებულება დადგინდა 1 452 934 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით. შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის თვითღირებულების დათვლა. ინვენტარიზაციის ფაქტობრივი აღწერის მასალებზე დაყრდნობით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის-2025 პირველი თებერვლისთვის დადგინდა სმფ-ის ნაშთის თვითღირებულება და შესაბამისად განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (რპთ). თავის მხრივ რპთ დაიყო 11 სასაქონლო ჯგუფად შეძენაში მათი წილების პროპორციულად. ასევე, მთლიან რპთ-ში გამოიყო საცალო რეალიზაციის ნაწილი და მიყენებულ იქნა შემოწმებით დაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატები. თავის მხრივ, ფასნამატების მიყენებისას გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გაშიფრული დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ფასნამატები. შემოწმებით მიღებული დასაბეგრი და დაუბეგრავი ბრუნვები დღგ-ის თვეებში გადანაწილებულ იქნა შესაბამისი დაბეგვრის კატეგორიაში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში, თუმცა ვერ ხდება საქონლის აღრიცხვა სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით. ანგარიშებს ფლობს სს „---სა“ და სს „---ში“. საწარმო განთავსებულია ორ მაღაზიაში სადაც ფიქსირდება ხუთი სალარო აპარატი და ორი საბანკო ტერმინალი. საწარმოს შემოსავალი დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდით.

პირველ თემაში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოწმების პროცესში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლის საფუძველზე, გაანგარიშებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმებით დათვლილი შემოსავლისათვის გამოკლებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები და სხვა ხარჯები. ამასთანავე, გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშებში დაფიქსირებული დანახარჯები ან/და შემოსავლები ასეთის არსებობის შემთხვევაში. გამოვლენილი სხვაობა, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, კერძოდ დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს და განმარტავს, რომ 2025 წლის ფასნამატის გავრცელება წინა წლებზე არ არის მართებული მიდგომა, რადგან 2024 წლის 28 დეკემბერს გახსნა ახალი ობიექტი, რომლის ფასებიც განსხვავდებოდა ძველ ობიექტში არსებული ფასებისგან, აქედან გამომდინარე 2025 წლის მხოლოდ ორმა თვემ იქონია გავლენა შესამოწმებელი პერიოდის ფასნამატის ზრდაზე. შესაბამისად, ითხოვს არ იქნეს გამოყენებული 2025 წლის ორი თვის მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატი წინა წლებზე და თითოეულ წელს მიუსადაგდეს თავისი დოკუმენტური ფასნამატი.

მიუთითებს, რომ აღნიშნული ასევე გავლენას იქონიებს სალაროში ნაღდი ფულის მოცულობაზე. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის განსაზღვრის პროცედურის შედეგად დადგენილი სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის საბაზრო ღირებულება დადგინდა 1 452 934 ლარი დღგ-ის ჩათვლით.

შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის თვითღირებულების დათვლა. ინვენტარიზაციის ფაქტობრივი აღწერის მასალებზე დაყრდნობით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის- 01.02.2025 თარიღისთვის დადგინდა სმფ-ის ნაშთის თვითღირებულება და შესაბამისად განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (რპთ). თავის მხრივ რპთ დაიყო 11 სასაქონლო ჯგუფად შეძენაში მათი წილების პროპორციულად.

ასევე მთლიან რპთ-ში გამოიყო საცალო რეალიზაციის ნაწილი და მიყენებულ იქნა შემოწმებით დაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატები. თავის მხრივ ფასნამატების მიყენებისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ გაშიფრული დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ფასნამატები. შემოწმებით მიღებული დასაბეგრი და დაუბეგრავი ბრუნვები დღგ-ის თვეებში გადანაწილებულ იქნა შესაბამისი დაბეგვრის კატეგორიაში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად თითოეული წლის მიხედვით. კერძოდ, 2022 წელს საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს - 37,38%; 2023-37,20%; 2024-78,25% და 2025-75,34%. (საშუალო 56,23%). აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ის ჯგუფი რომელშიც რპთ-ს ყველაზე დიდი წილი უკავია ( “სამზარეულო” -26,89%, “საოჯახო ქიმია”-15,30%, “ჰიგიენა”-11,49%) გავრცელებულია გადამხდელის მიერ გაშიფრული მისივე დოკუმენტური ფასნამატი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ნაწილობრივ იზიარებს გადასახადის გადამხდელის პოზიციას და აღნიშნავს, რომ 2025 წლის ინვენტარიზაციის ფასნამატის გამოყენება 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე, თუ შესაძლებელია 2024 წლის დოკუმენტური ფასნამატის დადგენა არ არის მიზანშეწონილი.

ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების/დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადგინდა 2024 წლის დოკუმენტური ფასნამატი, აღნიშნული ფასნამატის გამოყენებით განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების/დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადგინდა 2024 წლის დოკუმენტური ფასნამატი, აღნიშნული ფასნამატის გამოყენებით განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმიანობის საგანს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ქიმიით, ბავშვთა მოვლის საშუალებებით, ჭურჭლით, საკანცელარიო საქონლით, სათამაშოებით და სხვა წვრილმანი ნივთებით საცალო ვაჭრობა.

შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის თვითღირებულების დათვლა. ინვენტარიზაციის ფაქტობრივი აღწერის მასალებზე დაყრდნობით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის-2025 პირველი თებერვლისთვის დადგინდა სმფ-ის ნაშთის თვითღირებულება და შესაბამისად განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (რპთ). თავის მხრივ რპთ დაიყო 11 სასაქონლო ჯგუფად შეძენაში მათი წილების პროპორციულად. ასევე, მთლიან რპთ-ში გამოიყო საცალო რეალიზაციის ნაწილი და მიყენებულ იქნა შემოწმებით დაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატები. თავის მხრივ, ფასნამატების მიყენებისას გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გაშიფრული დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ფასნამატები. შემოწმებით მიღებული დასაბეგრი და დაუბეგრავი ბრუნვები დღგ-ის თვეებში გადანაწილებულ იქნა შესაბამისი დაბეგვრის კატეგორიაში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

შემოწმებით დათვლილი შემოსავლისათვის გამოკლებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები და სხვა ხარჯები. ამასთანავე, გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშებში დაფიქსირებული დანახარჯები ან/და შემოსავლები ასეთის არსებობის შემთხვევაში. გამოვლენილი სხვაობა, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, კერძოდ დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების/დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადგინდა 2024 წლის დოკუმენტური ფასნამატი, აღნიშნული ფასნამატის გამოყენებით განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1); 12 (1).