ბრძანება N 18586
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18586
31 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2023 წლის 2 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2 ივნისის №81452/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 მაისის №005-54 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას და დასაბეგრი ბრუნვის ე.წ. „აგროსვას“. მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება უნდა მოხდეს შესაბამისი დეკლარაციის შესავსები გრაფების მიხედვით.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს ანგარიშვალდებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების სესხად კვალიფიკაციას და მოგების გადასახადით დაბეგვრას, ასევე, სესხზე გაანგარიშებული სარგებლის ხელფასის სახით განაცემად მიჩნევას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელი აცხადებს, რომ გაცემული თანხებით საწარმოს მიერ დაფარულია მასალების მომწოდებელი საწარმოს კრედიტორული დავალიანებები, თუმცა ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოტოვებულია შესაბამისი გატარება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 იანვრის №287, 20 თებერვლის №3015 და 27 თებერვლის №3643 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 12 თებერვლიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 3 მაისის №9730 ბრძანება და ამავე თარიღის №005-54 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 179 453 ლარი, მათ შორის გადასახადი 88 895 ლარი, ჯარიმა 44 448 ლარი და საურავი 46 110 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. საწარმოს საქმიანობის სფეროა სამშენებლო მომსახურების გაწევა. გადამხდელს ძირითადად მომსახურებები გაწეული აქვს შპს „----------“- თვის და შპს „----------“-თვის 2020 წლის პირველ ნახევარში, ხოლო შემდეგი პერიოდიდან კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით შპს „----------“ დებიტორულ დავალიანებად აქვს აღრიცხული 294 078 ლარი, ხოლო შპს „----------“ დებიტორულ დავალიანებად - 53 900 ლარი. შემოწმების მასალებით და საწარმოს დირექტორის ახნა-განმარტებით ზემოაღნიშნული თანხები შპს „----------“ და შპს „----------“ გადახდილი აქვთ და ეს თანხები საწარმომ დირექტორზე გასცა ხელფასად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, დირექტორზე გაცემული ხელფასის თანხით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.
2. გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით (1430 ანგარიშზე), ანგარიშვალდებულ ფიზიკურ პირებზე 2020 წლიდან უფიქსირდება გაცემული თანხები და მოჰყვება უძრავ ნაშთად 3 წლის მანძილზე, აღნიშნულზე გადამხდელს დოკუმენტი არ წარმოუდგენია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა მიჩნეულ იქნა გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო უპროცენტო სესხზე დაანგარიშებული სარგებელი (ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით) დაიბეგრა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მასალებით და საწარმოს დირექტორის ახნაგანმარტებით დადგინდა, რომ ბუღალტრულ აღრიცხვაში დებიტორულ დავალიანებად დაფიქსირებული თანხა საწარმოს ფაქტობრივად მიღებული აქვს და აღნიშნული თანხა ხელფასის სახით არის გაცემული საწარმოს დირექტორზე. შესაბამისად, შემოწმების მიერ გაიზარდა გადასახადის გადამხდელის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით (1430 ანგარიშზე) გადამხდელს ანგარიშვალდებულ ფიზიკურ პირებზე 2020 წლიდან უფიქსირდება გაცემული თანხები და მოჰყვება უძრავ ნაშთად 3 წლის მანძილზე. ამასთან, აღნიშნულზე გადამხდელს დოკუმენტი არ წარუდგენია. შედეგად შემოწმების მიერ მითითებული თანხა მიჩნეულ იქნა გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე დაანგარიშებული სარგებელი (ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით) დაიბეგრა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას და დასაბეგრი ბრუნვის ე.წ. „აგროსვას“.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს ანგარიშვალდებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების სესხად კვალიფიკაციას და მოგების გადასახადით დაბეგვრას, ასევე, სესხზე გაანგარიშებული სარგებლის ხელფასის სახით განაცემად მიჩნევას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების მასალებით და საწარმოს დირექტორის ახნაგანმარტებით დადგინდა, რომ ბუღალტრულ აღრიცხვაში დებიტორულ დავალიანებად დაფიქსირებული თანხა საწარმოს ფაქტობრივად მიღებული აქვს და აღნიშნული თანხა ხელფასის სახით არის გაცემული საწარმოს დირექტორზე. შესაბამისად, შემოწმების მიერ გაიზარდა გადასახადის გადამხდელის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
2. ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით (1430 ანგარიშზე) გადამხდელს ანგარიშვალდებულ ფიზიკურ პირებზე 2020 წლიდან უფიქსირდება გაცემული თანხები და მოჰყვება უძრავ ნაშთად 3 წლის მანძილზე. ამასთან, აღნიშნულზე გადამხდელს დოკუმენტი არ წარუდგენია. შედეგად შემოწმების მიერ მითითებული თანხა მიჩნეულ იქნა გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე დაანგარიშებული სარგებელი (ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით) დაიბეგრა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მე-2 სადავო ნაწილში, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“).