გადაწყვეტილება №23024/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23024/2/2024
12 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 7.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23024/2/2024).
დავის საგანი:
საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №007-420 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.04.2024 წლის №8206 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 285 875. 83 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 139 486
ჯარიმა - 69 743
საურავი - 76 646. 83
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 ნოემბრის №27588 ბრძანებით ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.11.2023 წლამდე საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება, უძრავი ქონების შეძენის შედეგად (საკადასტრო კოდი: -------) წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგები აისახა 27.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც, სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი:
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 17.02.1995 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზის მონაცემებით მომჩივანმა 2020 წლის 12 მაისს ფ/პ ------- (პ/ნ -------), რომელიც ამავდროულად არის შპს „-------“ თანადამფუძნებელი, შეიძინა არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 563 430 ლარად (ხელშეკრულების თანახმად), ხოლო 2021 წლის 23 აგვისტოს მოახდინა აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია 389 640 აშშ დოლარად.
შემოწმების პროცესში ნასყიდობის საგნის საბაზრო ფასის დადგენის და საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს ზემოაღნიშნული ქონების შეფასების მოთხოვნით. 2023 წლის 7 დეკემბრის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №58542 დასკვნით ქონების საბაზრო ღირებულებამ 2020 წლის 12 მაისის მდგომარეობით შეადგინა 866 000 ლარი.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, არსებული სხვაობა - 697 430 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33396 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №007-420 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.04.2024 წლის №8206 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-19, მე-18, 73-ე, მე100, 103-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ექსპერტის მიერ შესწავლილ იქნა მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ყიდვაგაყიდვის მონაცემები საჯარო რეესტრის ბაზაში და საინფორმაციო წყაროებში დაფიქსირებული რეალიზაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე შერჩეულ ანალოგებში სათანადო კორექტირებების გათვალისწინებით მიღებულ იქნა აქტივების საბაზრო ღირებულება.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ქონების შეძენის თარიღისთვის შეძენის ფასსა და ვალის მართვის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის სარგებლად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, უცნობია თუ რა ექსპერტიზის დასკვნით იხელმძღვანელა შემმოწმებელმა და რამდენად სწორია საბაზრო ფასის გაანგარიშება, იქიდან გამომდინარე რომ, იმავე პერიოდში სადავო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი) ------- მიდამოებში კვ.მ-ის ღირებულება მერყეობდა 180-იდან 200 აშშ დოლარამდე, ამასთან იქიდან გამომდინარე რომ გზის პირზე იყო და ინფრასტრუქტურაც მოწყობილია ყველანაირად, როგოც გზებით, ასევე კომუნიკაციებით და ყველა წინაპირობა ჰქონდა მათ მიწას რომ სხვა მიწებზე მეტი ეღირებოდა. ამბობს, რომ სავარაუდოდ შემოწმებამ აიღო ან მოშორებით რეალიზებული ფართები ან/და ერთ რეალიზაციას მიაკუთვნა საშაულო ფასი.
ასევე დაფიქსირებულია შემოწმების აქტში, რომ შემდგომ პერიოდში იყო რეალიზებული ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი, 2021 წლის 23 აგვისტოს, ხოლო შეძენილი იყო 2020 წლის 15 მაისს და შემოწმების მონაცემებით შესყიდვის ღირებულება შეადგენს 150 აშშ დოლარს 1კვ.მ, ხოლო ჩვენს მიერ რეალიზებულმა თანხამ შეადგინა 120 აშშ დოლარი 1კვ.მ ფასი. არ სურდა ჩვენს კომპანიას ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია, ვინაიდან უნდოდათ გაფართოებულიყვნენ და უფრო დიდი სასტუმრო გაეხსნათ, თუმცა იმ პერიოდში იყო პანდემია კოვიდ 19 და მთელი მსოფლიო გაჩერებული იყო და უძრავ ქონებებზეც ფასები დაეცა, შესაბამისად ლოგიკურია რომ მოახდინეს რეალიზაცია 30$ ნაკლები თანხით. რეალიზაციის გადაწყვეტილებაც იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ არ ჩანდა პერსპექტივაში ტურიზმის განვითარება, რაზეც სახელმწიფოს მიერ იქნა მიღებული საკმაოდ დიდი შეღავათები.
აღნიშნავს, რომ მათ კომპანიას არ მოუხდენია რაიმე სახის გადასახადის შემცირება ან საბაზროზე მეტი თანხით უძრავი ქონების შეძენა ანდა რეალიზაცია ბუნებრივი იყო რომ COVID19 - ის შემდგომ დაეცემოდა უძრავი ქონების ფასები.
მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას/კორექტირებას. მოთხოვნის შემთხვევაში დამატებით წარმოადგენს მტკიცებულებებს თუ სხვა მიწის მფლობელები რა თანხაში ყიდდნენ ზემოაღნიშნულ პერიოდში მიწებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-11 ნაწილების თანახმად:
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
11. „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზის მონაცემებით მომჩივანმა 2020 წლის 12 მაისს საწარმოს თანადამფუძნებლისგან შეიძინა არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 563 430 ლარად, ხოლო 2021 წლის 23 აგვისტოს მოახდინა მისი რეალიზაცია 389 640 აშშ დოლარად.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2023 წლის 7 დეკემბრის N58542 დასკვნით ქონების საბაზრო ღირებულებამ 2020 წლის 12 მაისის მდგომარეობით შეადგინა 866 000 ლარი. სხვაობა 697 430 ლარი ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა 20 პროცენტიანი განაკვეთით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და შეეფარდა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
მომჩივანს ეჭვი შეაქვს საბაზრო ფასის გაანგარიშების სისწორეში, ვინაიდან, იმავე პერიოდში, სადავო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი -------) მიდამოებში ფასები (კვ.მ ღირებულება) მერყეობდა 180-იდან 200 აშშ დოლარამდე. ამასთან, იქიდან გამომდინარე რომ გზის პირზე იყო და ინფრასტრუქტურაც მოწყობილია ყველანაირად, როგორც გზებით, ასევე კომუნიკაციებით. მათ მიწის ნაკვეთს წინაპირობა ჰქონდა, რომ სხვა მიწის ნაკვეთებზე მეტი ეღირებოდა.
მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტის დამამტკიცებელი რაიმე მტკიცებულება (ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა ან სხვა რაიმე მტკიცებულება), რითაც ეჭვქვეშ დააყენებდა ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნას, რომლითაც განისაზღვრა სადავო ქონების ღირებულება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებით ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება, უძრავი ქონების შეძენის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორესთან დაკავშირებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზის მონაცემებით მომჩივანმა ფიზიკურ პირისგან, რომელიც ამავდროულად არის შპს თანადამფუძნებელი, შეიძინა არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. შემოწმების პროცესში ნასყიდობის საგნის საბაზრო ფასის დადგენის და საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს ზემოაღნიშნული ქონების შეფასების მოთხოვნით.
საგადასახადო შემოწმების მიერ, ქონების შეძენის თარიღისთვის შეძენის ფასსა და ვალის მართვის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განსაზვრულ საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 103; 154;