ბრძანება N 628

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.01.2024
№ დოკუმენტი 628
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 628

18 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 3 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) 2024 წლის 3 იანვრის №86450/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №259-40 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი განმარტავს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია მოხდა შეცდომით, რეალურად არ იყო ზღვარს მიახლოვებული და გადაცდენილი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში. აცხადებს, რომ როგორც კი შენიშნა ეს ფაქტი, მაშინავე მიმართა შემოსავლების სამსახურის ---ის ფილიალს, სადაც გაირკვა, რომ რეალურად არ უნდა მომხდარიყო რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად. განმარტავს, რომ დააწერინეს ახსნა-განმარტებითი წერილი, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული ზემოაღნიშნული. ამის შემდგომ მიენიჭა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. გადამხდელი ითხოვს აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებას ან მიენიჭოს დღგ-ის გადამხდელის კვალიფიციური სტატუსი და მიეცეს უფლება დააზუსტოს შემოწმებული პერიოდი, რათა მოახდინოს დღგ-ის თანხის ჩათვლა. აღნიშნავს, რომ კრედიტორების მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ასევე აცხადებს, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩათვლების ნაწილი აჭარბებს დასაბეგრი რეალიზაციის დღგის თანხას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16177 ბრძანების საფუძველზე ი/მ ---ს (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33206 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №259-40 18 იანვარი 2024 N 628 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 18 129 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 11 039 ლარი, ჯარიმა 5 520 ლარი და საურავი 1 570 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელი ვაჭრობას ახორცილებს სრულად საცალოდ. ანგარიშსწორება ხორციელდება, როგორც საკონტროლო-სალარო აპარატის, ასევე ტერმინალის მეშვეობით. 2021 წლის სექტემბრიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი და ადეკლარირებს მცირე მეწარმის ყოველთვიურ საშემოსავლო დეკლარაციას. 2022 წლის ნოემბრიდან რეგისტირებულია დღგ-ის არაკვალიფიციურ გადამხდელად წარდგენილი აქვს დღგ-ის ნულოვანი დეკლარაციები.

მეწარმესთან მიმდინარე კონტროლისა და ინვენტარიზაციის პროცედურები ჩატარებული არ არის. შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით შეძენლი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება შეადგენს 267 567 ლარს, ხოლო დეკლარირებული შემოსავალი 181 000 ლარს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ახსნა- განმარტება, სადაც მიუთითებს, რომ 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 40 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).

ყოველივე აღნიშნულის ანალიზით დგინდება, რომ მეწარმის მიერ სმფ-ების სარეალიზაციო ფასი დეკლარირდება თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. გადამხდელი არ აწარმოებს ბურალტრულ აღრიცხვას, მათ შორის არც მცირე მეწარმისათვის მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების ხელთ არსებული მასალებით ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით. შემოწმებამ იხელმძაღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მულის მე-5 ნაწილის შესაბამისად და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შეძენები და რპთ გაიშიფრა 2 ნაწილად, დღგ-ის რეგისტრაციამდე და შემდგომ, განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღისთვის არსებული სმფ-ების ნაშთი. საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით (15 ჯგუფი), თითოეული ჯგუფისათვის განისაზღვრა. აუდირებული ფასნამატი (ამასთანავე გადამხდელის ჩართულობით გაიშიფრა ბოლო პეიოდის რეალიზაცები და დადგინდა გადამხდელის რეალური ფასნამატიც, რაც შესაბამისობაშია აუდირებულთან, საშუალოდ 12%), რაც გავრცელდა რპთ-ზე საქონლის სახეობებისა და პერიოდების ჭრილში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბურნვა. გადამხდელს დაირცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირს შეუძლია დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში იგი დღგ-ის გადამხდელად განიხილება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული ვადისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი განმარტავს, რომ აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში და განმარტავს, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას, თუ იდენტიფიცირდება მიღებული (დასადასტურებელი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც მითითებული დასაბეგრი ოპერაციის პერიოდი (თვე) მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ, დასაშვებია, გადასახადის გადამხდელს მიეცეს უფლება დაადასტუროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დღგ-ის ჩათვლისთვის დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელდეს დღგ-ის ჩათვლა.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო თავის მხრივ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს მიენიჭოს დღგ-ის გადამხდელის კვალიფიციური სტატუსი და მიეცეს დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33206 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №259-40 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 18 129 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 11 039 ლარი, ჯარიმა 5 520 ლარი და საურავი 1 570 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 1651; 174; 175; 176.