გადაწყვეტილება №21918/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21918/2/2024
17 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 10.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21918/2/2024).
დავის საგანი:
ძირითადი საშუალების (მიწის ნაკვეთის) შეძენაზე გაწეული ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2023 წლის №007-320 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33109 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 449 144 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 806 060
დღგ - (-62 512)
საშემოსავლო გადასახადი - 857 095
ქონების გადასახადი - 11 477
ჯარიმა - 499 149
საურავი - 143 935
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.10.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში, სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულებაში, ასახული აქვს 14 405 897 ლარი. აღნიშნულის შესწავლით ირკვევა, რომ პირს გამოქვითვებში შეყვანილი აქვს შეძენილი მიწის ღირებულება, ხოლო, 2021 წელს შეძენილი სხვა ძირითადი საშუალებების ღირებულება შეადგენს 357 339 ლარს (დღგ-ის გარეშე). საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის და შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0224 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, ვინაიდან მიწა არაამორტიზირებადი აქტივია, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ხარჯებში გამოქვითვის უფლება.
გამომდინარე აქედან, შემცირებული იქნა 2021 წელს სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 16.11.2023 წლის №28240 ბრძანება და №007-320 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33109 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 136-ე მუხლის პირველი ნაწილით, 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 111-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 112-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილით და ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, განმარტა, რომ ვინაიდან მიწა, კანონმდებლობის მიხედვით, არაამორტიზებადი აქტივია, გადამხდელს არ ჰქონდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად აღიარების უფლება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და მართლზომიერად მიაჩნია მიწის შესაძენად გაწეული ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღება. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლებმა ხარჯებიდან ამოიღეს ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯი, რითაც გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადების შემცირება არ ყოფილა მიზანი, ვინაიდან არ აქვს კომპანია და არის მეწარმე ფიზიკური პირი, თვლის, რომ ყველა ძირითადი საშუალება, რომელიც შეიძინა არის მისი ხარჯი და გამოიქვითება მთლიანი შემოსავლებიდან. რეალიზაციის შემთხვევაში კი მთლიანად გაითვალისწინება შემოსავალში.
მოითხოვს მოხდეს ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯებში გათვალისწინება და შესაბამისად დარიცხული თანხის და დაკისრებული სანქციების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული
საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.
2. ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხელოვნების ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს (გარდა შენობა-ნაგებობებისა) და სხვა არაამორტიზებად აქტივებს. ამასთანავე, ამორტიზაცია არ ერიცხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და ბიოლოგიურ აქტივს. 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული.
საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა საწარმოს კაპიტალში შეტანილისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების ღირებულება იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას.
შემოწმებისას დადგინდა, რომ 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში, სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულებაში, ასახული აქვს 14 405 897 ლარი. აღნიშნულის შესწავლით ირკვევა, რომ პირს გამოქვითვებში შეყვანილი აქვს შეძენილი მიწის ღირებულება, ხოლო, 2021 წელს შეძენილი სხვა ძირითადი საშუალებების ღირებულება შეადგენს 357 339 ლარს (დღგ-ის გარეშე). საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხოლო შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0224 სიტუაციური სახელმძღვანელოს თანახმად, ვინაიდან მიწა არაამორტიზირებადი აქტივია, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ხარჯებში გამოქვითვის უფლება. გამომდინარე აქედან, შემცირდა 2021 წელს სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება.
მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, მომჩივანს ძირითადი საშუალების (მიწის ნაკვეთის) შეძენაზე გაწეული ხარჯი გამოქვითული ჰქონდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯებში, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენაზე გაწეული ხარჯის ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯებში გაუთვალისწინებლობის შესახებ მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს ძირითადი საშუალების (მიწის ნაკვეთის) შეძენაზე გაწეული ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33109 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, მომჩივანს ძირითადი საშუალების (მიწის ნაკვეთის) შეძენაზე გაწეული ხარჯი გამოქვითული ჰქონდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯებში, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენაზე გაწეული ხარჯის ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯებში გაუთვალისწინებლობის შესახებ მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 105(2); 111(2)