ბრძანება № 32249
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 32249
21 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ „---------“ (პ/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 12 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა ფ/პ ----------- (პ/ნ ------------) №21297/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №081-259 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 13 ივნისის №13164 ბრძანებას და ითხოვს მის გაუქმებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით უძრავი ქონებების რეალიზაციაზე დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. ასევე, საბაჟოზე შემოტანილი სერვერების, კომპიუტერებისა და ანტიმაინერების შემოწმებით რეალიზებულად განხილვას და დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე უსასყიდლოდ გადაცემული ბინების საბაზრო ღირებულების შემოწმების მიერ გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
4. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს.
5. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №13164 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ---------- (პ/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 ოქტომბრის №25408 ბრძანება და ამავე თარიღის №081-259 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 195 137 ლარი, მათ შორის, გადასახადი 710 048 ლარი, ჯარიმა 334 694 ლარი და საურავი 150 395 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შემოწმების პროცესში, ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ფ/პ---------- ინვესტირების მიზნით საქართველოში ყიდულობს ბინებს შავი კარკასის მდგომარეობით, არემონტებს და ყიდის მათ. ამასთან, გადასახადის გადამხდელს საბაჟოზე უფიქსირდება სერვერების, კომპიუტერებისა და ანტიმაინერების შემოტანა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია აღნიშნული ტექნიკის ადგილმდებარეობის ან მიზნობრიობის შესახებ. შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნული ტექნიკა ჩაითვალა მიწოდებად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, აუდირებული ფასნამატით. ასევე, შემოწმებით დაიბეგრა რეალიზებული ბინების მიწოდება, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების გათვალისწინებით, მიწოდების საანგარიშო პერიოდში.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ გადაჭარბა 100 000 ლარს. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები. ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებულმა დღგ-ით დასაბეგრმა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციებით მიღებულმა ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადაჭარბა 2021 წლის 30 ნოემბერს. ოპერაცია, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა შეადგენს 2 074.26 ლარს (დღგ-ის გარეშე). დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 847 528 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე 175-ე, 176-ე მუხლების შესაბამისად დღგ-ის ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა საბაჟო დეკლარაციები და ანგარიშ-ფაქტურები სულ 23 309 ლარი (დღგ).
2021-2023 წლებში გადასახადის გადამხდელს არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე ჩუქებით გადაცემული აქვს ბინები და მიწები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 103-ე და 104-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, შემოწმებით წყაროსთან დაბეგვრას დაექვემდებარა ---------- მიერ ფიზიკურ პირებზე უსასყიდლოდ გადაცემული ბინების საბაზრო ღირებულება, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა.
საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ პირს 2020-2022 წლებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის მიხედვითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დაუდგინდა 2021 და 2022 წლებში ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაცია წარმოდგენილი არ არის.
შემოწმებით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში 2020-2022 წლებში ფ/პ ---------- საკუთრებაშია 28 ერთეული უძრავი ქონება მ.შ. ავტოსადგომი, ბინა, სარდაფი მდებარე ქ. ----------,(საკადასტრო კოდები--------) და ავტოსატრანსპორტო საშუალებები (-----------). ამასთან, საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება ძირითადად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ, რომელიც არსებითად ემთხვევა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ქონებების სარეალიზაციო ღირებულებას, ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში (-----------) გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულია შედარებით დაბალი ღირებულებები, ამიტომ გათვალისწინებული იქნა საჯარო რეესტრში არსებული ხელშეკრულებებიდან ინფორმაცია. ----------- ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში არსებული ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილია 2014 წლის 11 აპრილს 9 000 ლარად, აღნიშნულზე გადამხდელმა დატოვა იგივე ღირებულება 2020-2022 წწ-ში. შემოწმების მიერ მოძიებული იქნა ინფორმაცია მსგავსი ძირითადი საშუალებების ღირებულების შესახებ, რამაც შეადგინა 18 200 დოლარი საჯარო რეესტრში არსებული იპოთეკის ხელშეკრულებით. ასევე, ------------- - აღნიშნულ საკადასტრო კოდზე შეძენილია ბინა ნასყიდობაგამოსყიდვის უფლებით 112.21 კვ.მ 15 000 დოლარად, რომელზეც გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული ოპერაცია შინაარსით წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებას. შემოწმების პროცესში მოძიებული იქნა იმავე ტერიტორიაზე არსებული ძირითადი საშუალების ღირებულება, რამაც 120 000 დოლარი შეადგინა. გადამხდელის მიერ დაფიქსირებულია შედარებით დაბალი ღირებულებები, ამიტომ გათვალისწინებული იქნა საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია.
გადასახადის გადამხდელს არცერთ საანგარიშო პერიოდში არ განუხორციელებია ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაერიცხა ქონების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად:
1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.
3. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.
საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №13164 და 6 სექტემბრის №21770 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ---------- (პ/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ჩატარდა საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით, აღნიშნული შემოწმების დროს არ არის პროცედურული და სამართლებრივი ნორმები დარღვეული. შესაბამისად გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან მიმართებაში,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება, დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი და გამოყენებული უძრავი ქონებების გასხვისებას შემოსავლის მიღების მიზნით. ------------ უძრავი ქონებების შეძენა უფიქსირდება 2014 წლიდან, მაგრამ დღემდე სრული უძრავი ქონებების ჯამიდან გასხვისებულია მხოლოდ 9 ერთეული ქონება, რომელთაგან უმეტესი გასხვისება პირდაპირი გაგებით გაყიდვას და მიზნად შემოსავლის მიღებას არ წარმოადგენდა. ამავდროულად, ქონებები გასხვისებულია დროის საკმაო დისტანციით, მინიმალური ფასნამატითა და სხვაობით. ასევე, რეალობას არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ ძირითადად უძრავი ქონება (ბინები) შეძენილია შავი კარკასით შემდგომში მათი რემონტისა და მაღალ ფასში გაყიდვის მიზნით. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში განხილულია თითოეული უძრავი ქონების ყიდვის მიზნობრიობა და წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობითაც აცხადებს, რომ მოქალქე ---------- დღეის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან არ მიუღია შემოსავალი/სარგებელი და თითოეული უძრავი ქონება განკუთვნილია მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის.
რაც შეეხება, საბაჟოზე შემოტანილი სერვერების, კომპიუტერებისა და ანტიმაინერების შემოწმებით რეალიზებულად განხილვას და დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვას, მომჩივანი განმარტავს, რომ ყოველი შესყიდული ქონება (სერვერი, 17 კომპიუტერი, ანტიმაინერი) კვლავ ---------- საკუთრებაშია და განთავსებულია პირადი მოხმარების საწყობში (----------), მათი შესყიდვა შემდგომი რეალიზაციის მიზნით არ მომხდარა (წარმოდგენილია ფოტომასალა). აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწომების აქტში აღნიშნული ჩანაწერი მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციის არსებობის თაობაზე და ამის შესაბამისად მიღებული თანხის ჯამში 100 000 ლარზე გადაჭარბება არ შეესაბამება რეალობას და მომჩივანი ვერ ჩაითვლება ეკონომიკური საქმიანობის მქონედ, დღგ-ით დასაბეგრ პირად.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ ფ/პ --------- არ უნდა ჩაითვალოს მეწარმე ფიზიკურ პირად. გამომდინარე იქიდან, რომ იგი საქართველოში არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ ერთ-ერთი გაჩუქებული ქონება ეკუთვნის მომჩივნის მეუღლეს (ქორწინების რეგიტრაცია დასტურდება დანართად წარმოდგენილი მტკიცებულებით), შესაბამისად, რიგის მემკვიდრეზე ქონების გაჩუქება არ წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრის დანართად წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, 2020-2022 წლებში მომჩივანს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. აცხადებს, რომ საგადასახადო კოდექსის მიხედვით შემოსავალში ჩასათვლელი ნუსხიდან მომჩივანს არ უფიქსირდება შემოსავლის არცერთი სახე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პირველი და მეორე სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ფ/პ --------- (პ/ნ ----------) საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება).
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ---------- (პ/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრის დანართად წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვროს ფ/პ -------- (პ/ნ ----------) საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.:----------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 13 ივნისის №13164 ბრძანებას და ითხოვს მის გაუქმებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით უძრავი ქონებების რეალიზაციაზე დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. ასევე, საბაჟოზე შემოტანილი სერვერების, კომპიუტერებისა და ანტიმაინერების შემოწმებით რეალიზებულად განხილვას და დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე უსასყიდლოდ გადაცემული ბინების საბაზრო ღირებულების შემოწმების მიერ გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
4. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს.
5. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ფ/პ ინვესტირების მიზნით საქართველოში ყიდულობს ბინებს შავი კარკასის მდგომარეობით, არემონტებს და ყიდის. ამასთან, გადასახადის გადამხდელს საბაჟოზე უფიქსირდება სერვერების, კომპიუტერებისა და ანტიმაინერების შემოტანა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია აღნიშნული ტექნიკის ადგილმდებარეობის ან მიზნობრიობის შესახებ. შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნული ტექნიკა ჩაითვალა მიწოდებად. ასევე შემოწმებით დაიბეგრა რეალიზებული ბინების მიწოდება, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების გათვალისწინებით, მიწოდების საანგარიშო პერიოდში.
გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ გადაჭარბა 100 000 ლარს. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
2021-2023 წლებში გადასახადის გადამხდელს, არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე ჩუქებით გადაცემული აქვს ბინები და მიწები. შემოწმებით წყაროსთან დაბეგვრას დაექვემდებარა ფიზიკურ პირებზე უსასყიდლოდ გადაცემული ბინების საბაზრო ღირებულება, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის და გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა.
დადგინდა, რომ პირს 2020-2022 წლებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის მიხედვითაც დაუდგინდა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაცია წარმოდგენილი არ არის.
შემოწმებით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ-ის საკუთრებაშია 28 ერთეული უძრავი ქონება და ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ზოგიერთ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულია შედარებით დაბალი ღირებულებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:263;158(1);159)1);160(3);163(1,2);164(1,2);100(3);103(1);101(2);154(1);205(12);206(1);270;272;275