საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/423-18
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე 3/423-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 ივნისი, 2022 წელი
ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - ელისო ჟორჟოლიანი
მოსარჩელე: ი/მ ---- ------------ (პ/ნ -----------------)
წარმომადგენელი: ----- ------------.
მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი: ---- ------------
მოპასუხე: ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი: ----- -------------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 06 თებერვლის №846581 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 07 მარტის №174561 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 აპრილის №5111 ბრძანება.
1.4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 აპრილის №8027 ბრძანება.
1.5. ბათილად იქნას ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის №5742/2/2018 გადაწყვეტილება.
1.6. ბათილად იქნას ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის №5640/2/2018 გადაწყვეტილება.
დავის არსი:
სადავო 2018 წლის 06 თებერვლის №846581 და 2018 წლის 07 მარტის №174561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა სსკ-ის 286-ე მუხლის 1(2)-ე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია – 5000- 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
2018 წლის 05 თებერვალს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა „ფორდის“ მარკის სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით --------, რომლითაც მძღოლი ---- --------- (პ/ნ ------------) ახორციელებდა ინდივიდუალური მეწარმის ----- -----------ს (პ/ნ -------------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი დახერხილი ხე-მასალის (ძელის) ტრანსპორტირებას. მითითებულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერზე გამოწერილი იყო ხე-ტყის №0357156718 სასაქონლო ზედნადები, რითაც 2018 წლის 05 თებერვალს ი/მ ------ ---------- (პ/ნ ---------------) შპს „----- -----------“-ს (ს/ნ ---------) აწვდიდა 1102 ლარის ღირებულების 1,9 მ3 ძელს.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, 2018 წლის 06 მარტს გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით: ----------. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფ/პ ---- -------- (ს/ნ -----------) ახორციელებდა ი/მ ---- ----------ს (ს/ნ ----------) სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ხე-მასალა) ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2018 წლის 06 მარტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველომ მიმართა ამავე დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს. შემოწმებით დადგინდა, რომ ავტომობილზე სახ. ნომრით: ----------, განთავსებული დახერხილი ხის მასალის მოცულობა შეადგენს 2.05 მ3, ხოლო ხის მასალის საერთო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 1230 ლარია დღგ-ის ჩათვლით.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას ი/მ ---- ----------ს (პ/ნ --------------) მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში არსებული 2018 წლის 06 თებერვლის №846581 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა სსკ-ის 286- ე მუხლის 1(2)-ე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია – 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა. 2018 წლის 05 თებერვალს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა „ფორდის“ მარკის სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით -------, რომლითაც მძღოლი ----- --------- (პ/ნ -----------) ახორციელებდა ინდივიდუალური მეწარმის ----- --------ს (პ/ნ -----------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი დახერხილი ხე-მასალის (ძელის) ტრანსპორტირებას. მითითებულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერზე გამოწერილი იყო ხე-ტყის №0357156718 სასაქონლო ზედნადები, რითაც 2018 წლის 05 თებერვალს ი/მ ----- ----------- (პ/ნ -----------) შპს „------- -----------“-ს (ს/ნ ------------) აწვდიდა 1102 ლარის ღირებულების 1,9 მ3 ძელს.
მტკიცებულება:
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 06 თებერვლის №846581 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.16-17);
3.1.2. საქმეში არსებული სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 07 მარტის №174561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა სსკ-ის 286-ე მუხლის 1(2)-ე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია – 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, 2018 წლის 06 მარტს გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით: ---------. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფ/პ ---- -------- (ს/ნ ----------) ახორციელებდა ი/მ ----- -------ს (ს/ნ -----------) სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ხე-მასალა) ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე.
მტკიცებულება: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 07 მარტის №174561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; მოხსენებითი ბარათი (ს.ფ.82;83-85);
3.1.3. საქმეში არსებული მასალებით საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2018 წლის 06 მარტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველომ მიმართა ამავე დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს. შემოწმებით დადგინდა, რომ ავტომობილზე სახ. ნომრით: ----------, განთავსებული დახერხილი ხის მასალის მოცულობა შეადგენს 2.05 მ3, ხოლო ხის მასალის საერთო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 1230 ლარია დღგ-ის ჩათვლით.
მტკიცებულება; ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.86-91; 97-101);
3.1.4. საქმეში არსებული მასალებით - ბორტზე განთავსებული საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესწავლილ იქნა ბორტზე გამოწერილი ხე-ტყის №0357156718 სასაქონლო ზედნადები, რომლის მე-20 გრაფაში ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი, ნომერი დაფიქსირებული იყო შეძენის დამადასტურებელი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №0345636071.
ხე-ტყის №0345636071 სასაქონლო ზედნადებით - 2017 წლის 01 დეკემბერს ი/მ ----- --------მ შპს „------“-სგან (ს/ნ ----------) შეიძინა 15416,5 ლარის ღირებულების 28,03 მ3 დახერხილი ხის მასალა სასაქონლო ზედნადების ცხრილის მე-8 სვეტში პროდუქციას (ფიცარსა და ძელს) მითითებული აქვს შემდეგი ფირნიშის ნომრები: 0000405730, 0000405731, 0000405732, 0000405733, 0000405734, 0000405735, 0000405736, 0000405737, 0000405738, 0000405739, 0000405740, 0000405741, 0000405742, 0000405743. ხოლო აღნიშნული ზედნადების მე-20 გრაფაში ხე-ტყის შეძენის დოკუმენტად დაფიქსირებულია ელ. ზედნადები №0249932826.
მტკიცებულება: სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.28-35;102–108);
3.1.5. საქმის მასალებით - დადგენილია, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის №5640/2/2018 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა - ი/მ ---- ---------ს (პ/ნ -------------) საჩივარი 2018 წლის 07 მარტის №174561 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 აპრილის №8027 ბრძანების გაუქმების შესახებ.
მტკიცებულება: ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის №5640/2/2018 გადაწყვეტილება (ს.ფ. 43-47);
3.1.6. საქმის მასალებით - დადგენილია, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის №5742/2/2018 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა - ი/მ ------ ----------ს (პ/ნ -------------) საჩივარი 2018 წლის 06 თებერვლის №846581 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 აპრილის №5111 ბრძანების გაუქმების შესახებ.
მტკიცებულება: ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის №5742/2/2018 გადაწყვეტილება (ს.ფ. 49-53);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებაა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობის და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი/მ ----- -------ს (პ/ნ ----------) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უნდა დაუბრუნდეს ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩასატარებლად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ 2018 წლის 06 თებერვლის №846581 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი; 2018 წლის 07 მარტის №174561 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 აპრილის №5111 ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 აპრილის №8027 ბრძანება; ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის №5742/2/2018 გადაწყვეტილება და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის №5640/2/2018 გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონ შესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49.1. მუხლით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: ა) შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები; ვ) გამოიყენონ სანქცია იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელმაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა; თ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამრღვევთა მიმართ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და მიიღონ დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 05 თებერვალს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა „ფორდის“ მარკის სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით -------, რომლითაც მძღოლი ----- -------- (პ/ნ -----------) ახორციელებდა ინდივიდუალური მეწარმის ----- ------------ს (პ/ნ -----------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი დახერხილი ხე-მასალის (ძელის) ტრანსპორტირებას. მითითებულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერზე გამოწერილი იყო ხე-ტყის №0357156718 სასაქონლო ზედნადები, რითაც 2018 წლის 05 თებერვალს ი/მ ----- ----------- (პ/ნ ----------------) შპს „----------“-ს (ს/ნ -------------) აწვდიდა 1102 ლარის ღირებულების 1,9 მ3 ძელს. აღნიშნული ფაქტის და სსკ-ის 286-ე მუხლის 1(2)-ე ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 06 თებერვლის №846581 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა სანქცია – 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა. (ს.ფ.16-17);
ასევე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, 2018 წლის 06 მარტს გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით: ---------. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფ/პ ---- ---------- (ს/ნ -----------) ახორციელებდა ი/მ ------ --------ს (ს/ნ -----------) სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ხე-მასალა) ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე.
აღნიშნული ფაქტის და სსკ-ის 286-ე მუხლის 1(2)-ე ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა სსკ-ის 286-ე მუხლის 1(2)-ე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია – 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა (ს.ფ.82;83-85);
დადგენილია, რომ საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2018 წლის 06 მარტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველომ მიმართა ამავე დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს. შემოწმებით დადგინდა, რომ ავტომობილზე სახ. ნომრით: ---------, განთავსებული დახერხილი ხის მასალის მოცულობა შეადგენს 2.05 მ3, ხოლო ხის მასალის საერთო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 1230 ლარია დღგ-ის ჩათვლით. (ს.ფ.86-91; 97-101);
ბორტზე განთავსებული საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესწავლილ იქნა ბორტზე გამოწერილი ხე-ტყის №0357156718 სასაქონლო ზედნადები, რომლის მე-20 გრაფაში ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი, ნომერი დაფიქსირებული იყო შეძენის დამადასტურებელი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №0345636071.
ხე-ტყის №0345636071 სასაქონლო ზედნადებით 2017 წლის 01 დეკემბერს ი/მ ------ -----------მ შპს „-------“-სგან (ს/ნ -----------) შეიძინა 15416,5 ლარის ღირებულების 28,03 მ3 დახერხილი ხის მასალა. სასაქონლო ზედნადების ცხრილის მე-8 სვეტში პროდუქციას (ფიცარსა და ძელს) მითითებული აქვს შემდეგი ფირნიშის ნომრები: 0000405730, 0000405731, 0000405732, 0000405733, 0000405734, 0000405735, 0000405736, 0000405737, 0000405738, 0000405739, 0000405740, 0000405741, 0000405742, 0000405743. ხოლო აღნიშნული ზედნადების მე-20 გრაფაში ხე-ტყის შეძენის დოკუმენტად დაფიქსირებულია ელ. ზედნადები №0249932826.
6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას – მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების არსებობა სავალდებულოა და ამასთან იგი უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
სასამართლო საგადასახადო კოდექსის 269-ე და 270-ე მუხლების განმარტებებიდან გამომდინარე, მიუთითებს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ქმედების სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის ითვალისწინებს ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობას: უნდა არსებობდეს ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა; ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად (განზრახი ან გაუფრთხილებლობით); გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედგეს შორის, ამდენად, თუ არ არსებობს კანონით საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედება, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
მითითებული კოდექსის მე-11 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განზრახ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მის ჩამდენს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა ისინი ან შეგნებულად უშვებდა მათ. მე-12 მუხლი კი განმარტავს, რომ რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა ისინი.
ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ ცალკეულ შემთხვევაში პირის (კომერციული ან არაკომერციული იურიდიული პირის) განზრახ ქმედებას (გარკვეულ შემთხვევაში უმოქმედობასაც, რაც შეიძლება გამოხატული იყო კანონის მოთხოვნათა შესაბამისი მოქმედების განუხორციელებლობაში) შესაძლოა არც მოჰყვეს შედეგი, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს ქმედების შედეგის მიხედვით შეფასების საფუძველი. ანუ, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ზიანის არ მიყენების ფაქტი, ვერ იქნება ქმედების სამართლებრივად სწორედ შეფასებისა და სანქციის გამოყენება არ გამოყენების განსაზღვრის კრიტერიუმი. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ვიდრე სახელმწიფოს მიმართ ზიანის მიყენების ფაქტის დადგენა და შესაბამისი სანქციის დაკისრება მოხდება, საყურადღებოა თავად სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რომელიც როგორც წესი საქართველოს საგადასახადო კოდექსითაა გათვალისწინებული.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო იზიარებს ი/მ ------ -----------ს (ს/ნ -------------) არგუმენტაციას, რომ კუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებისას გადამზიდ პირს, ორივე შემთხვევაში თან ჰქონდა ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები ელ 0362841202 (ს.ფ 34) და ელ-0357156718 (ს.ფ 30) მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებების ელ 0362841202 და ელ 0357156718 მე-20 გრაფაში (ხე-ტყის პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება) და სასაქონლო ზედნადების მე-8 სვეტში (ფირნიშის/ცნობის ნომერი) დაფიქსირებული ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების და ხე-ტყის ფირნიშის ნომრების მითითების მართლზომიერება.
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ადგენს ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოყენების სავალდებულობას. შესაბამისად ცხადია, რომ ზედნადები შევსებული უნდა იყოს კანონის დადგენილი წესით მასში არსებული ყველა რეკვიზიტის დაცვით.
ზემოაღნიშნული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილი ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობას უკავშირებს ზედნადების არარსებობას, შესაბამისად მნიშვნელოვანია გაირკვეს, როდესაც მეწარმეს ხარვეზით შევსებული დოკუმენტი აქვს, შესაძლებელია თუ არა იგი განხილული იქნას ზედნადებად.
ამ მიმართებით საყურადღებოა ამავე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად ამ მუხლის პირველი მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია - ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე): ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ დოკუმენტში, რომელსაც სასაქონლო ზედნადები ჰქვია, არ არის მითითებული დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა, ასეთი დოკუმენტი სასაქონლო ზედნადებად არ განიხილება.
2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 252-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები;
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი ზედნადების 21-ე სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ასევე წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყის ტრანსპორტირებისას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, 2018 წლის 05 თებერვალს და 2018 წლის 06 მარტს ი/მ ----- ---------ს (ს/ნ ----------) კუთვნილი საქონლის (ხე მასალის) ტრანსპორტირებისას მძღოლს ------ ------------ს (პ/ნ -------------) და ---- ------------ს თან ჰქონდათ ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები - ელ 0362841202 და ელ-0357156718.
მართალია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-3.2 ნაწილის შესაბამისად მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, მაგრამ სანქციის გამოყენების შესაძლებლობას კანონმდებელი უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზედნადებში აღნიშული არ არის: ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.
განსახვავებულ წესს არც მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №994 ბრძანება ადგენს, კერძოდ: 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ელ 0362841202 და ელ-0357156718 ზედნადებებში მითითებულია: ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი და ნომერი, ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და გვარი, პირადი ნომერი - გამყიდველის (გამგზავნი) მყიდველი დასახელება გ) საქონლის დასახელება და რაოდენობა - დახერხილი ხე-მასალა; (ს/ფ.30-34).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ყველა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ხე-ტყის ტრანსპორტირებისას სავალდებულოა სასაქონლო ზედნადები შევსებული იყოს სრულად და მასში მითითებული ყველა რეკვიზიტი უნდა ასახავდეს ზუსტ მონაცემებს, თუმცა ამ მოთხოვნის დარღვევის არსებობისას 286-ე მუხლის მე-3.2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობას კანონი უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სასაქონლო ზედნადებში - არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე): ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
თუ მივიჩნევთ, რომ ი/მ ----- ---------ს მიერ დარღვეული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 3.2 მუხლის გამოყენება ვერ მოხდებოდა ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, სასამართლოს მიაჩნია გამოყენებული უნდა ყოფილიყო ამავე კოდექსის 291-ე მუხლი.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საკასაციო სასამართლოს განმარტებით - ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-463-451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია“.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადაო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამრღვევთა მიმართ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და მიიღონ დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 06 თებერვალს და 07 მარტს, ი/მ ----- ----------ს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი დახერხილი ხის-მასალის ტრანსპორტირება, ხდებოდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით, თუმცა დარღვეული იყო მისი შევსების წესი და შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, რაც ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებულ დასჯად ადმინისტრაციულ გადაცდომას წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელების დაკისრება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენს, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2018 წლის 06 თებერვლის№846581 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2018 წლის 07 მარტის №174561 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი;
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 აპრილის №5111 ბრძანება;
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 აპრილის №8027 ბრძანება; ბათილად უნდა იქნას ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის №5742/2/2018 გადაწყვეტილება; ბათილად უნდა იქნას ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის №5640/2/2018 გადაწყვეტილება და დაევალოს საგადასახადო ორგანოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც ი/მ ----- ----------ს მიმართ მოხდება ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა საქართველოს სსკ-ის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით (ს/ფ.54), ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე–13; 22-ე; 24-ე; 32-ე; 331-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ს; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ი/მ ----- ----------ს (პ/ნ -----------) სარჩელი.
1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 06 თებერვლის №846581 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი;
1.2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 07 მარტის №174561 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი;
1.3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 აპრილის №5111 ბრძანება;
1.4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 აპრილის №8027 ბრძანება;
1.5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის №5742/2/2018 გადაწყვეტილება;
1.6. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის №5640/2/2018 გადაწყვეტილება.
1.7. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ი/მ ---- --------ს საჩივრებთან დაკავშირებით.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, მოპასუხეებს დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11).
4. გადაწყვეტილების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე
მალხაზ ჩუბინიძე
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს, გადამოწმებულ იქნა სატრანპორტო საშუალება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირება ხდებოდა სასაქანლო ზედნადების გარეშე. მოსარჩელეს დაეკისრა სსკ-ის 286-ე მუხლის 1(2)-ე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია – 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა. საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2018 წლის 06 მარტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველომ მიმართა ამავე დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს. ექსპერტიზის სამართველომ დაადგინდა, რომ ავტომობილზე განთავსებული დახერხილი ხის მასალის მოცულობა შეადგენდა 2.05 მ3, ხოლო ხის მასალის საერთო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 1230 ლარია დღგ-ის ჩათვლით.
სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესწავლილ იქნა ბორტზე გამოწერილი ხე-ტყის №0357156718 სასაქონლო ზედნადები, რომლის მე-20 გრაფაში ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი, ნომერი დაფიქსირებული იყო შეძენის დამადასტურებელი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №0345636071. ხე-ტყის №0345636071 სასაქონლო ზედნადებით 2017 წლის 01 დეკემბერს მოსარჩელემ შეიძინა 15416,5 ლარის ღირებულების 28,03 მ3 დახერხილი ხის მასალა სასაქონლო ზედნადების ცხრილის მე-8 სვეტში პროდუქციას (ფიცარსა და ძელს) მითითებული აქვს შემდეგი ფირნიშის ნომრები: 0000405730, 0000405731, 0000405732, 0000405733, 0000405734, 0000405735, 0000405736, 0000405737, 0000405738, 0000405739, 0000405740, 0000405741, 0000405742, 0000405743. ხოლო აღნიშნული ზედნადების მე-20 გრაფაში ხე-ტყის შეძენის დოკუმენტად დაფიქსირებულია ელ. ზედნადები №0249932826.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უნდა დაუბრუნდეს ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩასატარებლად.
დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12; მე–13; 22-ე; 24-ე; 32-ე; 331-ე; 261 მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მე-10 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 257-ე; მე-8; 53-ს; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსი პირველი, 49-ე, 136-ე, 270-ე, 286-ე მუხლებით.