გადაწყვეტილება №24245/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24245/2/2024
13 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 4.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24245/2/2024).
დავის საგანი:
ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების საშემოსავლო გადასახადით და უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2024 წლის №006-373 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.10.2024 წლის №22523 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 871 124 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 455 621
დღგ - 200 957
მოგების გადასახადი - 58 117
საშემოსავლო გადასახადი - 196 547
ქონების გადასახადი -
ჯარიმა - 182 309
საურავი - 233 194
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 28.05.2021 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა ამერიკული კომპანიის მიერ ("-------") დაკვეთილი კლინიკური კვლევის ჩატარებას. კომპანიას, კვლევის განსახორციელებლად ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა ქვეკონტრაქტორ კომპანიასთან, რომელიც ასევე არის აშშ-ში რეგისტრირებული საერთაშორისო მკვლევარი ორგანიზაცია "-------". შესამოწმებელ პერიოდში, ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 1 116 429 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარი, რაც გადახდილია საბანკო გადარიცხვით. საგადასახადო კოდექსის 134-ე, 104-ე და 161-ე მუხლების საფუძველზე, "-------"-ს მიერ გაწეული მომსახურება დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით (10%) და უკუდაბეგვრის დღგ-ით. ასევე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2024 წლის №16744 ბრძანება და №006-373 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.10.2024 წლის №22523 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ,- მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.10.2024 წლის №22523 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული სადავო საკითხის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 175-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 732 მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომსახურების გაწევის ადგილი საქართველოა, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია "-------"-ს მიერ გაწეული მომსახურების საშემოსავლო გადასახადით და უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრა. რაც შეეხება უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ-ის ჩათვლის საკითხს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 732 მუხლზე და განმარტავს, რომ თუ პირს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის დადგენილი წესით ჩათვლის უფლება წარმოექმნება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლის უფლება ასევე ვრცელდება, თუ დღგ-ის დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანომ, კომპანიის მიერ არარეზიდენტი მომსახურების გამწევი პირისთვის გადახდილი მომსახურების თანხები დაუქვემდებარა (არარეზიდენტის) საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და არარეზიდენტი მომსახურების გამწევის მიერ კომპანიისთვის გაწეული მომსახურება დაუქვემდებარა უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრას. საგადასახადო ორგანომ ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევა არ მიიჩნია, საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლით, დღგ-ით დაბეგვრისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ საქმიანობად.
კომპანია მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია, როგორც დღგ-ით, ისე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ნაწილში იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია:
1. დღგ
- უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კომპანიის კვლევის დამკვეთი საგადასახადო მიზნებისთვის (საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლი) წარმოადგენს უცხოურ საწარმოს (არარეზიდენტ იურიდიულ პირს). - უდავოა ისიც, რომ კომპანიამ უცხოურ საწარმოს (არარეზიდენტ იურიდიულ პირს) გაუწია მომსახურება (საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლი და მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დღგ-ის მიზნებისთვის კომპანიის მიერ უცხოური საწარმოსათვის გაწეული მომსახურება წარმოადგენს უცხოეთში (აშშ-ში) გაწეულ მომსახურებას (საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლი), რადგან მომსახურების მიმღები აშშ-ში რეგისტრირებული უცხოური საწარმოა.
უდავოა ის გარემოება, რომ კომპანიას უფლება აქვს ჩაითვალოს მის მიერ არარეზიდენტი პირისთვის გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე გადახდილი დღგ (საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილი და 175-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ დღგ-ის მიზნებისთვის კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა ხდება უცხოეთში (აშშ-ში).
კომპანიის მიერ არარეზიდენტ ქვეკონტრაქტორისგან ("-------"-ამერიკა) მომსახურების შეძენა დაექვემდებარა უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრას.
უდავოა ის გარემოება, რომ კომპანიის მიერ არარეზიდენტ ქვეკონტრაქტორისგან ("-------" ამერიკა) შეძენილი მომსახურება წარმოადგენს კომპანიის მიერ არარეზიდენტი დამკვეთისთვის ("-------") გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯს, რომელზეც დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ კომპანიას შეუძლია ჩაითვალოს (საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილი, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და 175-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).
თუ არ იქნა საჩივარში არსებული მოთხოვნა დაკმაყოფილებული, კომპანია ითხოვს:
- დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კომპანია, დამკვეთთან - "-------"-ს-თან ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მდგომარეობით, დააყენოს დღგ-ის გადამხდელად და საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიისთვის დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა იმავდროულად (იმავე საანგარიშო პერიოდში) გაითვალისწინოს დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში (საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი);
- იმ შემთხვევაში, თუ აუდიტის დეპარტამენტს არ დაევალება კომპანიის რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად, მაშინ დაევალოს გადასახადის გადამხდელს გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღეში დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად წინა (2021 წელი) თარიღით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს კომპანიისთვის დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხების იმავდროულად (იმავე საანგარიშო პერიოდში) დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში (საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) გათვალისწინება.
2. არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადი
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს იმ ფაქტის დადგენა, თუ სად ითვლება, საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის, არარეზიდენტის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული მომსახურება გაწეულად. ამისთვის კი გადამწყვეტია დადგინდეს მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ადგილი (საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის „გ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტები).
უდავოა ის ფაქტი, რომ მომსახურების გამწევმა ("-------"-ამერიკა) მომსახურების გაწევისთვის დაიქირავა ქვეკონტრაქტორი ("-------"-საქართველო), რომელმაც მომსახურება ფაქტიურად გასწია საქართველოში, ვინაიდან კლინიკური კვლევა ხორციელდებოდა ქვეკონტრაქტორის ("-------" საქართველო) თანამშრომლების მიერ, რომლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში. ქვეკონტრაქტორის მიერ "-------"-ამერიკისთვის საქართველოში მომსახურების საქართველოში ფაქტობრივ გაწევას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კლინიკური კვლევებს ქვეკონტრაქტორი "-------"-საქართველო ახორციელებდა საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში.
თუმცა,"-------"-ამერიკამ "-------"-საქართველოსგან მიღებული მომსახურების საფუძველზე, თავის მხრივ განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა კომპანიისთვის. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებას წარმოადგენს სწორედ ამ გარემოების დადგენა: "-------"-ამერიკის მიერ კომპანიისთვის მომსახურების გაწევა ფაქტობრივად განხორციელდა საქართველოში, თუ აშშ-ში.
ის გარემოება, რომ ქვეკონტრაქტორმა მომსახურების გამწევს მომსახურება ფაქტიურად გაუწია საქართველოში არ ნიშნავს ავტომატურად, რომ "-------"-ამერიკის მიერ კომპანიისთვის მომსახურების გაწევა მოხდა ასევე საქართველოში. "-------"-ამერიკამ მოახდინა ქვეკონტრაქტორისგან - "-------"-საქართველოსგან მიღებული კლინიკური კვლევების შედეგების დამუშავება და კომპანიასთან შეთანხმებული მომსახურების სახით მიწოდება. ამასთან, "-------" ამერიკის თანამშრომლები "-------"-საქართველოსგან მიღებულ ინფორმაციის დამუშავებას ახორციელებდნენ აშშ-ში. შესაბამისად, საგადასახადო სამართლებრივი თვალსაზრისით "-------" ამერიკის მიერ კომპანიისთვის მომსახურების ფაქტიურად გაწევის ადგილია აშშ-ი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ "-------"-ამერიკის მიერ კომპანიისთვის მომსახურების ფაქტობრივი გაწევა განხორციელდა საქართველოში, "-------"-ამერიკის მიერ კომპანიისთვის მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები არ წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებს (საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის „გ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტები).
საგადასახადო კოდექსის (79-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-80 მუხლის მე-3 ნაწილი, 104-ე მუხლის პირველი ნაწილი და 134-ე მუხლის პირველი ნაწილი) შესაბამისად, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი. შესაბამისად, კომპანიას "-------"-ამერიკისთვის გადარიცხულ მომსახურების თანხებზე არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადის დაკავების ვალდებულება არ ეკისრებოდა.
ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კომპანიისთვის დარიცხული არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადის კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით, - გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, - 10 პროცენტით.
საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით იბეგრება საგადასახადო აგენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა დასაბეგრი პირის მიერ, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში, ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ამ მომსახურების გაწევაში.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს, უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის პირველი ნაწილისგან განსხვავებული საფუძვლით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 732 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, ამავე კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ჩათვლის მიღების საფუძველია, - უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხა, თუ პირს აღნიშნული თანხის დადგენილი წესით ჩათვლის უფლება წარმოექმნება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, ჩათვლა არ ხორციელდება იმ გაანგარიშების მიხედვით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია 3 წელი.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა ამერიკული კომპანიის მიერ ("-------") დაკვეთილი კლინიკური კვლევის ჩატარებას, რომლის განსახორციელებლად ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა ქვეკონტრაქტორ, აშშ-ში რეგისტრირებულ საერთაშორისო მკვლევარ ორგანიზაცია "-------"-სთან. შესამოწმებელ პერიოდში, ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რომელმაც შეადგინა 1 116 429 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარი, გადახდილია საბანკო გადარიცხვით, "-------"-ს მიერ გაწეული მომსახურება დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და უკუდაბეგვრის დღგ-ით.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას როგორც დღგ-ით, ისე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ნაწილში და მიიჩნევს, რომ დღგ-ის მიზნებისთვის კომპანიის მიერ უცხოური საწარმოსათვის გაწეული მომსახურება წარმოადგენს უცხოეთში (აშშ-ში) გაწეულ მომსახურებას, რადგან მომსახურების მიმღები აშშ-ში რეგისტრირებული უცხოური საწარმოა და რომ კომპანიას უფლება აქვს ჩაითვალოს მის მიერ არარეზიდენტი პირისთვის გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე გადახდილი დღგ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ დღგ-ის მიზნებისთვის კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა ხდება უცხოეთში (აშშ-ში). თუ არ იქნა მოთხოვნა დაკმაყოფილებული, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს კომპანია, დამკვეთთან -"-------"-თან ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მდგომარეობით, დააყენოს დღგ-ის გადამხდელად და კომპანიისთვის დარიცხული უკუდაბეგვრის დღგის თანხა, იმავე საანგარიშო პერიოდში, გაითვალისწინოს დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაევალოს გადასახადის გადამხდელს გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღეში დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად წინა (2021 წელი) თარიღით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს კომპანიისთვის დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხების, იმავე საანგარიშო პერიოდში, დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინება. ის გარემოება, რომ ქვეკონტრაქტორმა მომსახურების გამწევს მომსახურება ფაქტიურად გაუწია საქართველოში არ ნიშნავს ავტომატურად, რომ "-------" მერიკის მიერ კომპანიისთვის მომსახურების გაწევა მოხდა ასევე საქართველოში, "-------"-ამერიკამ მოახდინა ქვეკონტრაქტორისგან - "-------"-საქართველოსგან მიღებული კლინიკური კვლევების შედეგების დამუშავება და კომპანიასთან შეთანხმებული მომსახურების სახით მიწოდება. ამასთან, "-------"-ამერიკის თანამშრომლები "-------"-საქართველოსგან მიღებულ ინფორმაციის დამუშავებას ახორციელებდნენ აშშ-ში. შესაბამისად, საგადასახადო სამართლებრივი თვალსაზრისით "-------" ამერიკის მიერ კომპანიისთვის მომსახურების ფაქტიურად გაწევის ადგილია აშშ-ი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ "-------"-ამერიკის მიერ კომპანიისთვის მომსახურების ფაქტობრივი გაწევა განხორციელდა საქართველოში, "-------"-ამერიკის მიერ კომპანიისთვის მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები არ წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებს, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი. შესაბამისად, კომპანიას "-------" ამერიკისთვის გადარიცხულ მომსახურების თანხებზე არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადის დაკავების ვალდებულება არ ეკისრებოდა. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს კომპანიისთვის დარიცხული არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადის კორექტირება (შემცირება).
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების ანალოგიური არგუმენტები/გარემოებები. ამასთან დამატებით აღნიშნა, რომ კომპანიამ მიიღო არარეზიდენტი კომპანიისგან დაკვეთა კლინიკურ კვლევაზე ერთ-ერთ წამალთან დაკავშირებით, ვინაიდან თავად კომპანიას არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია, რომ ეს სამედიცინო კვლევა ეწარმოებინა თვითონ, ერთ-ერთ კომპანიას მიმართა კერძოდ, "-------"-საქართველოს, რომელმაც თქვა, რომ თვითონ შეასრულებდა კვლევას, მაგრამ ხელშეკრულება დაადებინა არარეზიდენტ კომპანიასთან "-------"-ამერიკასთან. ანუ, "-------"საქართველომ (ქართულმა კომპანიამ) მომსახურება გაუწია დედა კომპანიას "-------"-ამერიკას (არარეზიდენტ კომპანიას), ხოლო ამ უკანასკნელმა თავის მხრივ მომსახურება გაუწია მომჩივანს. რამდენად იყო ეს ოპერაცია დღგ-ით დასაბეგრი გაიარეს კონსულტაციები ჯანდაცვის სისტემაში და ლიცენზირებულ პირთან და აღნიშნული ოპერაცია არ განიხილეს დღგ-ით დასაბეგრად, რადგან იგი ითვლებოდა ამერიკაში გაწეულად, მაგრამ აღნიშნული სხვა კუთხით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი დასაბეგრ ბრუნვად და დაიბეგრა უკუდაბეგვრის დღგ-ით. ვინაიდან მათი მოსაზრებით ოპერაცია არ წარმოადგენდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, ამიტომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაც არ განუხორციელებიათ. რადგან შემოწმებით უკუდაბეგვრის დღგ დაარიცხეს, კომპანიას ჩათვლის უფლებაც წარმოეშვა და აქვთ, მაგრამ დღგ-ის გადამხდელად არ იყო რეგისტრირებული კომპანია, როცა უკუდაბეგვრის დღგ დაარიცხეს. ამიტომ ფიქრობს, ხომ არ უნდა დადგეს დღგ-ის გადამხდელად წინა თარიღით, თუმცა გარკვეული შეზღუდვაა, რადგან აღნიშნული მხოლოდ ნებაყოფლობით რეგისტრაციისას არის შესაძლებელი. თვლის რომ კომპანია არ უნდა დაზარალდეს შეცდომის გამო, ამიტომაც მოითხოვა რათა დავალებოდა აუდიტის დეპარტამენტს კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე წინა თარიღით დაყენება და ჩათვლის უფლების მიცემა. ამდენად, დღგ-ის ნაწილში, რომლის დარიცხვაც მათი პოზიციით არ ეკუთვნის, ითხოვს მისი მოთხოვნის გათვალისწინებას ისე, რომ არ დაზარალდეს გადასახადის გადამხდელი. ასევე მნიშვნელოვანია საშემოსავლო გადასახადის დარიცხვაც,"-------" ამერიკამ დაუკვეთა "-------" საქართველოს, ხოლო ამ უკანასკნელმა გაწია მომსახურება, ხოლო კომპანიამ მომსახურების ღირებულება გადაუხადა "-------"-ამერიკას, აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანო თვლის, რომ საქართველოში გაწეულია მომსახურება და მომსახურების ღირებულება წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, რასაც ვერ გაიზიარებს, რადგან თვლის, რომ საქართველოში არსებული წყაროდან შემოსავალი მიიღო არა ამერიკულმა კომპანიამ, არამედ საქართველოს კომპანიამ. თვლის, რომ მომსახურება საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის ამერიკაშია გაწეული და არ არის დასაბეგრი საშემოსავლო გადასახადით. "-------"-საქართველომ რომ მომსახურება გაუწია "-------"-ამერიკას (საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის), ეს დაიბეგრა საქართველოში და გამოდის, რომ "-------"-ამერიკამ გასწია მომსახურება და დაიბეგრა ის, რაც "-------"-საქართველომ დაბეგრა, ანუ მეორედ იბეგრება ერთი და იგივე ან სავარაუდო ნამეტი თანხა საქართველოში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ ვინაიდან მომსახურების გაწევის ადგილი საქართველოა, "-------"-ს მიერ გაწეული მომსახურების საშემოსავლო გადასახადით და უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია, ასევე, იზიარებს უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ-ის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით განმარტებას, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996-ე ბრძანების 732 მუხლის თანახმად, პირს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის დადგენილი წესით ჩათვლის უფლება წარმოექმნება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი და მომჩივანი არც ამჟამად არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება სადავო საკითხის ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კომპანიისთვის დარიცხული არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადის კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა ამერიკული კომპანიის მიერდაკვეთილი კლინიკური კვლევის ჩატარებას. კომპანიას, კვლევის განსახორციელებლად ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა ქვეკონტრაქტორ კომპანიასთან, რომელიც ასევე არის აშშ-ში რეგისტრირებული საერთაშორისო მკვლევარი ორგანიზაცია.შესამოწმებელ პერიოდში, ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 1 116 429 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარი, რაც გადახდილია საბანკო გადარიცხვით. სსკ-ის 134-ე, 104-ე და 161-ე მუხლების საფუძველზე, გაწეული მომსახურება დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით (10%) და უკუდაბეგვრის დღგ-ით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება სადავო საკითხის ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
104,136,175,176.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება :მუხლი 732