გადაწყვეტილება №23065/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23065/2/2024
03 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 14.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23065/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები:
ა) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
ბ) არარეზიდენტ საწარმოზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
გ) ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2024 წლის №225-4 საგადასახადო მოთხოვნა;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 20.03.2024 წლის №225-916 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება;
3. შემოსავლების სამსახურის 25.04.2024 წლის №9707 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 760 064,45 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 038 391
დღგ - 49 485
საშემოსავლო გადასახადი - 988 906
ჯარიმა - 519 296
საურავი - 202 377,45
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა, შეძენას ძირითადად ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური პირებისგან და რეალიზაციას - ექსპორტის სასაქონლო რეჟიმით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2023 წლის №28120 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 24.05.2022 წლიდან 14.11.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 14.03.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2024 წლის №5920 ბრძანება და ამავე თარიღის №225-4 საგადასახადო მოთხოვნა.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მთელ ქონებაზე 20.03.2024 წლის №225-916 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება
აღნიშნული აქტები 10.04.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.04.2024 წლის №9707 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები:
ა) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
ბ) არარეზიდენტ საწარმოზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
გ) ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია შემდეგი:
- გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შემოტანილი აქვს კარტოფილი, რომლის რეალიზაციის დოკუმენტი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ მოიპოვება. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნულის რეალიზაცია მოხდა სრულად ადგილობრივ ბაზარზე, ფასთან დაკავშირებით არ არის წარდგენილი რაიმე ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული მონაცემები, რომლის მიხედვით, 1 კგ. კარტოფილის საშუალო შეწონილი ფასი შესაბამის პერიოდებში შეადგენს 1,27 ლარს (დღგ-ის გარეშე). აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 453 390 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 178 450 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული არის კარტოფილის რეალიზაციის ნაწილი. გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
- იმპორტის დეკლარაციებზე თანდართული დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს ტრანსპორტირების მომსახურებას უწევდა არარეზიდენტი კომპანია. შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 104-ე და 134-ე მუხლების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაიბეგრა არარეზიდენტ საწარმოზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- შემოწმების შედეგად შედგენილია ნაღდი ფულადი საშუალებების მოძრაობა. გადასახადის გადამხდელი ძირითადად შემოსავალს იღებდა და შეძენებსაც ახორციელებდა ნაღდი ანგარიშსწორებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული მასალებით ირკვევა, რომ ადგილობრივ შეძენებზე შედგენილ გამარტივებულ შესყიდვებში მოცემულია ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. შემოწმების შედეგად, შეძენის ხარჯების გაანგარიშებისთვის გამოყენებულია სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებულია 25%-იანი რენტაბელობით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, გაანგარიშდა გონივრული (კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული საკასო შემოსავლის 10%) და არაგონივრული ნაშთი. აღნიშნული თანხების საწარმოში არსებობა ან რაიმე ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა არ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გაანგარიშებაში ინფორმაციის წარუდგენლობისთვის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო მ/წლის 18 აპრილს 13:30 საათზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა დავაზე. ამასთან, არ ყოფილა წარდგენილი განცხადება საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით.
ასევე მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე, 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით:
- შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შემოტანილი აქვს კარტოფილი, რომლის რეალიზაციის დოკუმენტი არ არის წარდგენილი. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნულის რეალიზაცია მოხდა სრულად ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო ფასთან დაკავშირებით არ არის წარდგენილი რაიმე ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული მონაცემები და აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა;
- საწარმოს ტრანსპორტირების მომსახურების გამწევი არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხები არ იყო დაბეგრილი გადახდის წყაროსთან;
- შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტები. მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, არ არის წარდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ფინანსთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ხილის ექსპორტთან ასოციაციას შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით: საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით:
1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
2. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
მომჩივნის მიერ საჩივრის წარმოდგენის შემდგომ საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (რამდენიმე მცდელობის მიუხედავად) ვერ მოხერხდა მომჩივანთან დაკავშირება, მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ფინანსთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ხილის ექსპორტთან ასოციაციას შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ.
საჩივართან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2024 წლის №52675-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შემოტანილი აქვს კარტოფილი, რომლის რეალიზაციის დოკუმენტი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ მოიპოვება. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნულის რეალიზაცია მოხდა სრულად ადგილობრივ ბაზარზე, ფასთან დაკავშირებით არ არის წარდგენილი რაიმე ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული მონაცემები. შემოწმების შედეგად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, იმპორტის დეკლარაციებზე თანდართული დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს ტრანსპორტირების მომსახურებას უწევდა არარეზიდენტი კომპანია და შემოწმების შედეგად გადახდის წყაროსთან დაიბეგრა არარეზიდენტ საწარმოზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხები. ასევე, გაანგარიშდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ როგორც დავის პირველ ეტაპზე, ასევე ამ ეტაპზეც, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ იყო მითითებული კონკრეტული არგუმენტები, ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებები, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და ამასთან, არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა 20.03.2024 წლის №225-916 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 239-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 20.03.2024 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არგუმენტს არ წარმოადგენს, ითხოვს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ვალის მართვის დეპარტამენტის 16.07.2024 წლის №67466-21-17 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელს 20.03.2024 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა არაღიარებული საგადასახადო დავალიანება - 1 760 681.51 ლარი, ზედმეტობა - 4 099.00 ლარი.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, კომპანიის მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელება მართებულია და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს:
1. საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები:
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შემოტანილი აქვს კარტოფილი, რომლის რეალიზაციის დოკუმენტი არ არის წარდგენილი. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნულის რეალიზაცია მოხდა სრულად ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო ფასთან დაკავშირებით არ არის წარდგენილი რაიმე ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული მონაცემები და აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა;
საწარმოს ტრანსპორტირების მომსახურების გამწევი არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხები არ იყო დაბეგრილი გადახდის წყაროსთან;
შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება.
გადაწყვეტილება
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ როგორც დავის პირველ ეტაპზე, ასევე ამ ეტაპზეც, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ იყო მითითებული კონკრეტული არგუმენტები, ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებები, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და ამასთან, არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, კომპანიის მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელება მართებულია და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 104; 134; 154; 159; 239;