ბრძანება N 3716
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3716
27.02.2023
შპს „--------“ (ს/ნ -------)
(იურ. მის.:-------- ;
ფაქტ. მის.: -------)
2023 წლის 21 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 და 9 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №9; №11) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ --------) №78285/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №001-268 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლების გაანგარიშებას და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. მიუთითებს, რომ კომპანიას არ აქვს არცერთი სამართალდარღვევა, ადგილი არ აქვს აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას. ასევე, საბუღალტრო აღრიცხვა ნაწარმოებია კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით. საქონელი ძირითადად შეძენილია იმპორტის გზით, რომელზეც არსებობს შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია. ნაწარმოებია გაანგარიშებები, ასევე ინვენტარიზაციის გზით დაფიქსირებულია საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთები. შესაბამისად, გადამხდელს გააჩნია დაბეგვრასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია (ინვოისები, საბაჟო დეკლარაციები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები), რითაც შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. თუმცა არ მომხდარა აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა შემოწმების მიერ. აცხადებს, რომ ბუღალტრულ ჩანაწერებში ცალკეული ოპერაციების გამოტოვება, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით, არ შეიძლება გამხდარიყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი.
გადამხდელის განმარტებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შემთხვევაშიც კი, დაფიქსირებული ფასნამატი არარეალურია, რადგან რიგ შემთხვევებში სარეალიზაციო ფასებს და ფასნამატს განსაზღვრავდა თავად გადამხდელი. შემოწმების მიერ ფასნამატი აღებულია დოკუმენტური რეალიზაციებიდან, რომელიც შეადგენს საერთო შემოსავლების მხოლოდ 6%-ს. გადამხდელი აცხადებს, რომ იგი წარმოადგენს მეოთხე კატეგორიის საწარმოს, შესაბამისად, მიუთითებს მარაგების თვითღირებულების აღრიცხვის წესზე. მიუთითებს, რომ კომპანია მარაგების ტრანსპორტირების ხარჯებს უმეტეს შემთხვევაში არასწორად ანაწილებდა თვითღირებულებაზე ან საერთოდ არ ასახავდა მათ. ზოგ შემთხვევაში, ტრანსპორტირების და შეძენის სხვა ხარჯები მიკუთვნებულია საერთო და ადმინისტრაციულ ხარჯზე. ასევე, არასწორად არის განსაზღვრული უცხოურ ვალუტაში შეძენილი საქონლის ღირებულება ლარში. ასეთ შემთხვევაში საქონლის ღირებულება ლარში ფორმირდება ავანსის გადახდის მომენტში არსებული კურსის შესაბამისად და არა საქონლის იმპორტის რეჟიმში მოქცევის მომენტში არსებული კურსის შესაბამისად.
გადამხდელის განმარტებით, რეალიზაციების უმეტეს ნაწილს შეადგენს საცალო რეალიზაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი საქონლის მიწოდებისთანავე ანაღდებს მიწოდებული საქონლის ღირებულებას და იღებს გარკვეულ ფასდაკლებას. ასევე, ფასდაკლებას იღებს რამდენიმე საქონლის ერთად შეძენის შემთხვევაში და ნაკლებად რეალიზებადი საქონლის შეძენის შემთხვევაში. აცხადებს, რომ გადამხდელს გააჩნია რამდენიმე დამკვეთთან ელ. ფოსტაზე გაგზავნილი ინვოისები, რომელიც უკავშირდება არადოკუმენტურ რეალიზაციებს. რაც წარმოადგენს, ფაქტობრივად, კომპანიის მიერ გაცხადებულ საქონლის სარელიზაციო ფასებს კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის. გადამხდელი ასევე, არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული მისაღები შემოსავლების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრას რაც განხილულ იქნა გაცემულ სესხად. მიუთითებს, რომ ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოტოვებულია დირექტორზე/დამფუძნებელზე თანხის საქვეანგარიშოდ (კონვერატციის მიზნით) გაცემის ოპერაციის ბუღალტრული გატარება. ხოლო უცხოურ ვალუტაში სალაროში ნაღდი ფულის მიღება გატარებულია, როგორც დამფუძნებლის შენატანი. დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც გამოიწვია სალაროში თვეების ჭრილში არაგონივრული ნაშთის დაფიქსირება. ბუღალტრულ ანგარიშზე (1120, ნაღდი ფული უცხოურ ვალუტაში) ფულადი სახსრების მოძრაობა უკავშირდება დირექტორის/დამფუძნებლის მიერ განხორციელებულ კონვერტაციის ოპერაციებს და არა დამფუძნებლის მიერ განხორციელებულ შენატანებს. ფულის კონვერტაციის ნაცვლად გატარებულია ფულის მიღება დამფუძნებლისგან, მაშინ, როდესაც დამფუძნებელზე თანხა გაცემულია სალაროდან კონვერტაციისთვის და კონვერტირებული თანხა შეტანილია კომპანიის სალაროში
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადახდილი ავანსის დაბეგვრას მოგების გადასახადით. მიუთითებს, რომ საქონელი იმპორტირებულია ჩინეთიდან. შემოწმებამ ინვოისზე გაკეთებული ჩანაწერის მიხედვით, ჩათვალა, რომ მომწოდებელი რეგისტრირებული იყო ჰონგ კონში, რაც არამართლზომიერია. აგრეთვე, ჰონგ კონგი განეკუთვნება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელიც უპირობოდ არ განიხილება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანად, თუ არარეზიდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება საკმარისი მტკიცებულება. ამასთან, აღნიშნულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, გადამხდელი წარდგენილ საჩივარში უთითებს ბარათზე არსებული ზედმეტობის მიხედვით მოგების გადასახადის ჩათვლისა და დაბეგვრის პერიოდის ცვლილების საფუძვლით სანქციის ოდენობაზე. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელმა საკითხის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ წარადგენს მომწოდებლის რეზიდენტობის ცნობასა და სარეგისტრაციო მონაცემებს, რომლითაც დგინდება, რომ იგი რეგისტრირებულია ჩინეთში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ივლისის №19543 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------" (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33490 ბრძანება და ამავე თარიღის №001-268 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 044 161 ლარი, მათ შორის, გადასახადი 444 777 ლარი, ჯარიმა 417 461 ლარი, საურავი 181 923 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „-------“ გადამხდელად დარეგისტრირებულია 2018 წლის 28 ივნისს, ამავე თარიღშია რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად. საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით. საწარმო საქმიანობას ახორციელებს მის.: "--------" . გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს ელექტრონულად, ბუღალტრულ პროგრამა სუპერფინში, საქონლის ჩამოწერები განხორციელებულია წლიურად. ამასთანავე ნიშანდობლივია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ საქონლის რეალიზაცია ხდებოდა ძირითადად სალარო აპარატით, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი ბრუნვის 6%-ს. წარმოდგენილი მასალების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის მიერ სალაროთი რეალიზაციისას ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 20-24%-ს, ხოლო შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი 2019-2022 წლების მიხედვით დგინდება 41%, 59%, 35% და 31%. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო დოკუმენტაციის შესაბამისად, სრულყოფილად არ ხდებოდა სმფ-ების მოძრაობის აღრიცხვა და შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტის ზუსტი განსაზღვრა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით. შემოწმებით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელიც დაიყო ძირითად კატეგორიებად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ, ფასნამატის გაანგარიშების მიზნით გამოყენებულ იქნა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 2019-2022 წლებში დამატებით დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმების მიერ შპს „-------“ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამა „SUPERFIN“-ში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის იანვრიდან საწარმოს ყოველი თვის ბოლოს ძირითადად უფიქსირდება სალაროს უძრავი ნაშთი. პროგრამულად შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში სალაროს ანგარიშზე ფულადი სახსრების შემოსვლა ფიქსირდება ძირითადად ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შედეგად სალარო-აპარატით რეალიზაციის ოდენობით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთი შეადგენს 9 323 ლარს. შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების (08.07.2019, ბრძანება №22708) შესაბამისად განსაზღვრულ იქნა ყოველი თვის ბოლოს ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი, რომელიც წარმოადგენს შესაბამის თვეში გაწეული საკასო ხარჯებისა და საკასო შემოსავლის ჯამის 10%-ს (აღნიშნული ნაშთის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა სამეურნეო დანიშნულებისთვის დირექტორის მიერ გატანილი თანხების ის ნაწილი, რომელთა დანიშნულებისამებრ ხარჯვა დასტურდებოდა), ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად. შესაბამისად, სხვაობა გაანგარიშებულ ნაშთსა და სააღრიცხვო პროგრამაში მითითებულ უძრავ ნაშთს შორის განხილულ იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. გაანგარიშებულ იქნა სესხის სარგებლის ოდენობა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის (20%) გათვალისწინებით, რომელიც ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. ამასთანავე, ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, გაანგარიშების მიხედვით რიგ შემთხვევაში ფიქსირდება აღნიშნული ფულადი ნაკადების ცვლილება/შემცირება, რაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ. კერძოდ, გაცემული სესხის ფარგლებში დაბრუნებულ თანხებზე გადამხდელს მიეცა ჩათვლა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა გადასახადი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში და შესაბამისი ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შესამოწმებელ პერიოდში შპს „--------“ მიერ ხორციელდება ახალი ავტონაწილების შეძენა ჩინეთში, ქარხნიდან, (ძირითადი მომწოდებელია ერთი ორგანიზაცია, რომელთანაც გადახდები ხორციელდება საბანკო ანგარიშიდან). შემოწმებით დგინდება, რომ აღნიშნული საქონლის შეძენა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისგან (ჰონგ კონგი). შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98² მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად. შემოწმებით დგინდება, რომ შპს „------ სისტემატურად ახორციელებდა ავანსის გადახდას, რაზედაც არ ახდენდა დეკლარირებას. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დაკორექტირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი და ჩასათვლელი თანხები, აღნიშნულზე გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლებთან დაკავშირებით. კერძოდ, კომპანიას არ აქვს არცერთი სამართალდარღვევა, ადგილი არ აქვს აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას. ასევე, საბუღალტრო აღრიცხვა ნაწარმოებია კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით. საქონელი ძირითადად შეძენილია იმპორტის გზით, რომელზეც არსებობს შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია. ნაწარმოებია გაანგარიშებები, ასევე ინვენტარიზაციის გზით დაფიქსირებულია საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთები. შესაბამისად, გადამხდელს გააჩნია დაბეგვრასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია (ინვოისები, საბაჟო დეკლარაციები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები), რითაც შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტში გაკეთებულ ჩანაწერზე, სადაც აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს ელექტრონულად, ბუღალტრულ პროგრამა სუპერფინში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპრტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოტოვებულია დირექტორზე/დამფუძნებელზე თანხის საქვეანგარიშოდ გაცემის ოპერაციის გატარება. ხოლო უცხოურ ვალუტაში სალაროში ნაღდი ფულის მიღება გატარებულია, როგორც დამფუძნებლის შენატანი. დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რამაც გამოიწვია სალაროში თვეების ჭრილში არაგონივრული ნაშთის დაფიქსირება. ამასთან, ბუღალტრულ ანგარიშზე ზოგ შემთხვევაში გატარებები უკავშირდება განხორციელებულ კონვერტაციებს და არა დამფუძნებლის შენატანებს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრისას, დადგენილი ნაშთის ოდენობა საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) ავანსის გადახდა.
ამავე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები, რომლის/რომელთა საგადასახადო კანონმდებლობით:
ა) იურიდიული პირი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან;
ბ) იურიდიული პირის მიერ მიღებულ ან/და განაწილებულ მოგებაზე დაწესებული არ არის მოგების გადასახადი ან მოგების გადასახადის განაკვეთი საქართველოში არსებული მოგების გადასახადის განაკვეთის 1/3-ს არ აღემატება.
ხოლო, თუ, უცხო ქვეყნის ან უცხო ქვეყნის ცალკეული ტერიტორიების საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიმე იურიდიული პირის მიმართ ადგილი აქვს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას, აღნიშნული ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები ამ ნაწილში ითვლება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, იმ ქვეყნების ან/და ქვეყნების ცალკეული ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლებიც ამ კოდექსის მიზნებისათვის შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება, ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
„შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილებით დამტკიცებული ჩამონათვლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანად განიხილება ჰონგ კონგი.
შემოსავლების სამსახური სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა, მისი განმარტებით, ავანსის მიმღები კომპანიის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, აგრეთვე, გადამხდელმა მზაობა გამოთქვა მომწოდებელი კომპანიის რეზიდენტობისა და სარეგისტრაციო ადგილთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპრტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; ბ) ამ ბრძანების სარეოზლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.