გადაწყვეტილება №80548/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№80548/1/2023
05.07.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --------- (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------- 24.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №80548/1/2023).
დავის საგანი:
მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმება და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №065-30 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.04.2023 წლის №7181 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 15 320 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 10 181
დღგ - 6 868
საშემოსავლო გადასახადი - 3 313
ჯარიმა - 3 564
საურავი - 1 575
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 4.04.2015 წლიდან. 15.07.2015 წლიდან სარგებლობს მიკრო ბიზნესის სტატუსით. აღნიშნული სტატუსი გადამხდელს მინიჭებული აქვს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადება-რეალიზაციის საქმიანობაზე. მომჩივნის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების რეალიზაცია. გარდა ამისა, შესამოწმებლ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით, შესრულებული აქვს კაპიტალური რემონტისა (შეკეთება) და რეკონსტრუქციის, გზის შეკეთებისა და არხის მშენებლობის სამუშაოები.
აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
2021 წელს მომჩივნის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 113 064 ლარი. 2021 წლის სექტემბერში მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის, 86-ე მუხლის, 85-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივანს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის სტატუსი 2021 წლიდან და 2021 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 79- ე-82-ე მუხლების შესაბამისად. გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
მომჩივანი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის, ასევე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის სექტემბერში მომჩივნის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს. მომჩივანი 20.09.2021 წლიდან დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად, დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №065-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.04.2023 წლის №7181 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 83-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 84-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 85-ე მუხლზე, 86-ე მუხლზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-ე ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების დროს დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და ასევე, ასოციაცია „--------“ (ს/ნ --------) მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელთანაც ფ/პ --------- შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. საექსპერტო მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შემოწმებით გამოქვითულია 2021 წლის ერთობლივი შემოსავლიდან. ფ/პ --------- შესამოწმებელ პერიოდში, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით, შესრულებული აქვს კაპიტალური რემონტისა (შეკეთება) და რეკონსტრუქციის, გზის შეკეთებისა და არხის მშენებლობის სამუშაოები.
აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებზე გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. შემოწმებამ იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით და ხარჯად გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ ფორმა №2-ებით გაცხადებული ხარჯის 75%. რაც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე-116-ე ნაწილებით დადგენილ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ შეღავათებს, გადამხდელს არ აქვს აღნიშნული შეღავათებით სარგებლობის უფლება.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში არ არის ასახული 2020-2021 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ მცირე მეწარმეებზე დაწესებული შეღავათები. 2020 წელს პანდემიის გამო ოჯახმა მიიღო მძიმე ეკონომიური ზარალი და იძულებული გახდა მონაწილეობა მიეღო სახელმწიფო შესყიდვებში. როგორც მისთვის ცნობილი იყო მცირე მეწარმე იხდიდა შემოსავლების 1%, რომელსაც კეთილსინდისიერად იხდიდა ყოველთვის. დღგ-ის გადამხდელი არ ყოფილა არასდროს და ბრუნვა პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე არ აცდენილა 99 999 ლარს.
მომჩივანი მიუთითებს „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №286 დადგენილებასა და საქართველოს მთავრობის 16.06.2020 წლის №372 დადგენილებაზე და ითხოვს მოეხსნას დაკისრებული სანქციები, რათა გააგრძელოს ნორმალური ფუნქციონირება და აწარმოოს მცირე ბიზნეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე.
საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს.
საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიკრო ბიზნესის სტატუსი მიმდინარე საგადასახადო წელს უქმდება, თუ ფიზიკური პირი დარეგისტრირდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ამ კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნის (ერთობლივი შემოსავლის ოდენობის შეზღუდვა) დარღვევიდან 15 დღის ვადაში არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, მას გაუუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი და გამოვა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის მე-102 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანი 15.07.2015 წლიდან სარგებლობს მიკრო ბიზნესის სტატუსით. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით, შესრულებული აქვს კაპიტალური რემონტისა (შეკეთება) და რეკონსტრუქციის, გზის შეკეთებისა და არხის მშენებლობის სამუშაოები. 2021 წელს მომჩივნის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 113 064 ლარი. 2021 წლის სექტემბერში მომჩივნის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს და წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო გადასახადის გადამხდელი არ წარმოადგენს ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული მონაცემები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმება და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
2021 წელს მომჩივნის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 113 064 ლარი. 2021 წლის სექტემბერში მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, მომჩივანს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის სტატუსი 2021 წლიდან და 2021 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 79- ე-82-ე მუხლების შესაბამისად. გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
მომჩივანი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის, ასევე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის სექტემბერში მომჩივნის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს. მომჩივანი 20.09.2021 წლიდან დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად, დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.
აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.04.2023 წლის №7181 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 83"ა", 84(1), 85, 81(1), 102(1), 158(1), 159(1"ა"), 165(1), 282(1).