გადაწყვეტილება №23245/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23245/2/2024
11 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 11.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23245/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20651 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2024 წლის №006-137 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2024 წლის №11914 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 553 635,76 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 284 085
დღგ - 206 091
საშემოსავლო გადასახადი - 77 994
ჯარიმა - 141 899
საურავი - 127 651,76
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-642 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20651 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დღგ-ის ნაწილში ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების და საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20651 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლილი იქნა საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დაბეგვრის საკითხი. ამასთან, გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია/ინფორმაცია კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, კერძოდ, ანგარიშვალდებული პირის მიერ საბანკო ანგარიშებიდან საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების მოძრაობის დამადასტურებელი ინფორმაცია, მათ შორის, გატანილი თანხების ნაწილის გადახდის/გახარჯვის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (კრედიტორული დავალიანების დაფარვა, საწესდებო კაპიტალის შემცირება, სხვა მცირე ფასიანი ხარჯების ანაზღაურება). შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლილი იქნა დღგში დარიცხვის საკითხი. ამასთან, გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა დოკუმენტაცია/ინფორმაცია კომპანიის მიერ ბინების რეალიზაციის ნაწილში დაბეგრილი/დასაბეგრი ოპერაციების შესახებ (ფიზიკურმა პირმა შესამოწმებელი პერიოდის წინა საანგარიშო პერიოდში შეიძინა უძრავი ქონება წინარე ხელშეკრულებით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში გააფორმა კომპანიასთან შეთანხმება, სადაც იცვლება მისაწოდებელი ქონება (გაზრდილია ფართის მოცულობა და შესაბამისად ღირებულებაც), ამავე შეთანხმებით, ფიზიკურ პირს გადასახდელად დარჩენილი აქვს 35 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რომელიც შემოწმების მიერ ქონების საკუთრების გადაცემის მომენტში დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით, თუმცა გადამხდელის მიერ მოწოდებული მტკიცებულებებით (წინა საანგარიშო პერიოდებში საბანკო ოპერაციებით) დგინდება, რომ ფიზიკურ პირს ზემოაღნიშნული თანხის ნაწილი გადახდილი აქვს წინა საანგარიშო პერიოდებში). დამატებით გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2024 წლის დასკვნის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 3.04.2024 წლის №006-137 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.05.2024 წლის №11914 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით შესწავლის შედეგად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა ორივე სადავო საკითხთან მიმართებით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს არ აქვს არგუმენტები/მტკიცებულებები წარმოდგენილი დამატებით შესამცირებელი საგადასახადო ვალდებულებების შესახებ.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
26.01.2023 წლის საჩივართან ერთად აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა მეხსიერების ბარათი დალუქული კონვერტით, სადაც მოთავსებული იყო ინფორმაცია (დოკუმენტები) ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ და სალაროს ამონაწერი, სადაც ჩანს შემოწმების მომენტში სალაროს ნაშთი შეადგენს 216 309,11 ლარს. ინფორმაცია სალაროს ნაშთის შესახებ მიწოდებული იქნა აუდიტისთვის მეილზეც, ამჟამად მესამედ წარმოადგენს სალაროს ამონაწერს და ანგარიშვალდებული პირების ანგარიშებზე თანხების მოძრაობის ამონაწერს და მათ მოკლე გაშიფრულ ანგარიშს, თუ საით იყო მიმართული ნაღდი ფული (დანართი 2, 16 ფურცელი). ვინაიდან აღნიშნული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად მასზე დაკავებული საშემოსავლო გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 25%-ს - ამ შემთხვევაში 54 077,28 ლარს (216 309,11/0,8*20%), რომელსაც დაემატება ხელფასზე გადასახდელი 11 687 ლარი 2019 წლიდან და სულ გადასახდელი არის 65 764 ლარი და არა 77 992 ლარი. მოითხოვს კიდევ ერთხელ შედარდეს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, გამოიკვეთოს დამატებით რა თანხები იწვევს დასაბეგრი თანხის სხვაობას და მივიღოთ სწორი გადასახდელი თანხა. მოვითხოვთ სალაროს ნაშთის ბოლო მიდგომით დაანგარიშებას, რაც გამორიცხავს ერთიდაიგივე თანხის 2-ჯერ დაბეგვრას. რადგან კომპანიის მიერ მიწოდებულია სალაროს ბრუნვა ნაშთებით, ამჯერად ვითხოვთ გადმოგვეცეს აუდიტისგან მათ მიერ გამოყვანილი და დათვლილი სალაროს ნაშთი შესაბამისი ბრუნვებით, რომელსაც შევადარებთ და კითხვასაც პასუხი გაეცემა. საგადასახადო მოთხოვნით და გადაანგარიშებით დღგ-ის ნაწილში გადასახდელი დარჩა 206 091 ლარი. თავიდანვე ბუნდოვანი იყო დღგ-ის ნაწილი განსაკუთრებით 2020-2021-2022 წლების დეკემბრის თვეებში და მიუთითა წინა საჩივარში დამატებით გადასახდელი თანხების წარმომავლობის ბუნდოვანება: რადგან აქ იბეგრებოდა როგორც ავანსი, ისე ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რომელიც 2021 წლიდან არ წარმოადგენს დაბეგვრის საფუძველს და მიწის მეპატრონეთა გადასაცემი ბინების ღირებულება. 2019 წლის დეკემბრის თვეში გადასახდელად დარჩა გადაანგარიშების შემდეგ 38 534 ლარი. ამ თვეში კომპანიის მიერ ყველა მიღებული ავანსი დაბეგრილია სრულად, მიწის მეპატრონეთა ბინების ღირებულების დღგ გაწეული ხარჯის მიხედვით (დანართი 3) 2019 წლის დეკემბრის თვეში შეადგენს 33 146 ლარს. თუ გადავხედავთ საჯარო რეესტრში ბინების რეგისტრაციას აქ რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი ბინა, რომლის დარჩენილი გადასახადი აღიარდა შემოსავლად და შეადგინა აუდიტის მონაცემებით 5 388 ლარი. ამ შემთხვევაში ის დაიბეგრა 2020 წლის ივნისის თვეში, როდესაც მოხდა საბოლოო ანგარიშსწორება. რაც შეეხება 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის 46 029 ლარის გადახდას აუდიტის მოწოდებული მონაცემებით მხოლოდ მიწის მეპატრონეთა ბინების ღირებულებიდან გადასახადს შეესაბამება, რომელიც ამ შემთხვევაში შეადგენს 41 068 ლარს (დანართი 1), გასარკვევია რა იწვევს განსხვავებას. მოითხოვს დაზუსტებას. 2021 წლის დეკემბრის თვეში დამატებით დაერიცხა დღგ 56 735 ლარი, მოწოდებული ინფორმაციით ეს გადასახადი ეკუთვნის მიწის მესაკუთრეთა ბინების ღირებულება, რომლის გადასახადმა კომპანიის გაანგარიშებით შეადგინა 27 916 ლარი (დანართი 1), რომელსაც ემატება ამ თვეში გადაუხდელი 28 354,12 ლარი დღგ - განსხვავება 464,88 ლარი. მოვითხოვთ დაზუსტებას. შენიშვნა: შეიძლება მოხდეს ცვლილება - 5 248,51 ლარი დღგ-ის შემცირება ნოემბრის თვის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. 2021 წლის ნოემბრის თვეში დამატებით დაერიცხა 8 290 ლარი დღგ, ამ თვეში ყველა შემოსული თანხა დაბეგრილი აქვს და გადახდილია დღგ. მოითხოვს დაზუსტებას რა თანხას დაერიცხა 8 290 ლარის დღგ, თუ ის დაკავშირებულია ---ის ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან, რომელსაც დარჩენილი ჰქონდა გადასახდელი ამ თვეში შემოტანილი 31 120 ლარის (10 000 $) გარდა 34 406 ლარი (11 000$) და რომელიც გადაიხადა ა/წლის დეკემბრის თვეში და იქვე დაიბეგრა. თუ რორივე თანხა დაიბეგრებოდა ნოემბრის თვეში დასაბეგრი იქნებოდა 10 000+11 000 $=21 000$*3,112 კურსით 65 352 ლარი, რომლის დღგ იქნება 9 968,95 ლარი, საიდანაც 4 747,12 ლარი დღგ დეკლარირებული და გადახდილია ნოემბრის თვეში, დანარჩენი 5 248,37 ლარი (5 221,83 კურსიდან გამომდინარე) დღგ დეკემბრის თვეში, რომ არ მოხდეს ორმაგი დაბეგვრა ის ამოღებული უნდა იქნას დეკემბრის თვის დასაბეგრი თანხებიდან ან დარჩეს დეკემბრის თვეში და არ დაემატოს ნოემბერს.
8 290 ლარის (შემცირების შემდეგ 9 995-1 705 ლარი) დამატებითი დარიცხვაც არ იქნება საჭირო, რადგან ის უკვე დარიცხული და დეკლარირებულია თანხის შემოტანისას ნოემბერ-დეკემბრის თვეებში (დანართი 4 - ----ის პირადი ბარათი). 8 290 ლარი ზედმეტად დაერიცხა და გასაუქმებელია. 2022 წლის თებერვლის თვის 27 063 ლარის დღგ-ის დარიცხვიდან გასარკვევია 3 295,94 ლარი დღგ. აღნიშნულ თვეში მიღებული თანხა ჯამში შეადგენს 221 279,45 ლარს, ამ თანხიდან 28 762,2 ლარი ეკუთვნის ---ს (ბინა 28), რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის მაისის თვეში, მაისის თვეშივე სრულად დაიბეგრა ხელშეკრულების თანხა 60 500 აშშ დოლარი, მიუხედავად 57 500 აშშ დოლარის შემოტანისა, რადგან იქვე გაუფორმდა ბინა რეესტრში. დარჩა 9 500 აშშ დოლარი დაბეგრილი მაგრამ მხოლოდ შემოსატანი, რომელიც შემოიტანა 2022 წლის თებერვალში. რაც შეეხება დარჩენილ დასაბეგრ თანხას 2022 წლის თებერვალში ის შეადგენს 221 279,45-28 762,2=192 517,25 ლარს, რომლის დღგ 29 367,04 ლარია, დეკლარირებული კი 5 599,98 ლარი, დასაბეგრი სხვაობა კი შეადგენს 23 767,06 ლარს ნაცვლად აუდიტის მიერ დარიცხული 27 061 ლარისა.
მოვითხოვთ შემცირდეს დარიცხული გადასახადი 3 295,94 ლარით. საყურადღებოა შემდეგი: 19.02.2018 წელს გაუფორმდა (ბინა 20 და ბინა 21) ნასყიდობის ხელშეკრულება ----ს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 22.02.2018 წელს. აღნიშნული განეკუთვნება წინა საგადასახადო შემოწმების პერიოდს (2015-2018) და დაბეგრილი იქნა სრულად 246 410 ლარი, 37 587,97 ლარი დღგ-ით. 20.03.2019 წლის შეთანხმების საფუძველზე (ასლი შეთანხმება ურთიერთობის მოშლის შესახებ დანართი 5, 8 ფურცლად) ხელშეკრულება გაუქმდა. გადახდილი დღგ-ის თანხა უკან დასაბრუნებლად არ დადეკლარირებულა და შესაბამისად არც დაბრუნებულა, მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გაგზავნილი აუდიტთან, რათა ჩაესვათ დაწერილ და ჩასწორებულ აქტში, მაგრამ რატომღაც ყურადღების მიღმა დარჩა, მოითხოვს აქტში დაფიქსირდეს არა მარტო კომპანიის მიერ გადაუხდელი თანხები, არამედ ზედმეტად გადახდილი (დასაბრუნებელი) გადასახადის თანხებიც. აღნიშნული ბინებიდან ბინა 21 დღემდე არარეალიზებულია და მისი რეალიზაციისას შესაძლებელია მეორედ მოჰყვეს დასაბეგრ ბაზაში. ყველა ზემოთ აღნიშნულ თანხებს მიეცეს შესაბამისი კორექტირება, აუდიტმა მიაწოდოს გარკვეულ თანხების წარმომავლობაზე შესაბამის დაწვრილებითი ანგარიში, სადაც გამოყოფილი იქნება ავანსის, ბარტერის და რეალიზაციის დასაბეგრი თანხები კონკრეტული ხელშეკრულების მითითებით, რომელიც არსებით გავლენას ახდენს შემდგომი პერიოდის დაბეგვრის სწორად წარმართვაზე და როდესაც იცვლება კომპანიის გადასახადის თანხა, იქვე დაზუსტდეს კონკრეტულად და არა ზოგადად დამატებით დასაბეგრი თანხის წარმომავლობა, რომელიც დამატებით კითხვას არ გამოიწვევს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: +
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20651 ბრძანებით, დღგ-ის ნაწილში ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების და საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლილი იქნა საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დაბეგვრის საკითხი. ამასთან, გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია/ინფორმაცია კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, კერძოდ, ანგარიშვალდებული პირის მიერ საბანკო ანგარიშებიდან საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების მოძრაობის დამადასტურებელი ინფორმაცია, მათ შორის, გატანილი თანხების ნაწილის გადახდის/გახარჯვის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (კრედიტორული დავალიანების დაფარვა, საწესდებო კაპიტალის შემცირება, სხვა მცირე ფასიანი ხარჯების ანაზღაურება). შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლილი იქნა დღგ-ში დარიცხვის საკითხი.
ამასთან, გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა დოკუმენტაცია/ინფორმაცია კომპანიის მიერ ბინების რეალიზაციის ნაწილში დაბეგრილი/დასაბეგრი ოპერაციების შესახებ (ფიზიკურმა პირმა შესამოწმებელი პერიოდის წინა საანგარიშო პერიოდში შეიძინა უძრავი ქონება წინარე ხელშეკრულებით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში გააფორმა კომპანიასთან შეთანხმება, სადაც იცვლება მისაწოდებელი ქონება (გაზრდილია ფართის მოცულობა და შესაბამისად ღირებულებაც), ამავე შეთანხმებით, ფიზიკურ პირს გადასახდელად დარჩენილი აქვს 35 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რომელიც შემოწმების მიერ ქონების საკუთრების გადაცემის მომენტში დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით, თუმცა გადამხდელის მიერ მოწოდებული მტკიცებულებებით (წინა საანგარიშო პერიოდებში საბანკო ოპერაციებით) დგინდება, რომ ფიზიკურ პირს ზემოაღნიშნული თანხის ნაწილი გადახდილი აქვს წინა საანგარიშო პერიოდებში). დამატებით გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.05.2024 წლის №11914 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20651 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20651 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლილი იქნა საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დაბეგვრის საკითხი. ამასთან, გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია/ინფორმაცია კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, კერძოდ, ანგარიშვალდებული პირის მიერ საბანკო ანგარიშებიდან საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების მოძრაობის დამადასტურებელი ინფორმაცია, მათ შორის, გატანილი თანხების ნაწილის გადახდის/გახარჯვის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (კრედიტორული დავალიანების დაფარვა, საწესდებო კაპიტალის შემცირება, სხვა მცირე ფასიანი ხარჯების ანაზღაურება). შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 160 (5); 73 (4,9); 101; 154.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.