ბრძანება N 17868
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17868
24 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
------- (პ/ნ -------)
(მის: -------, -------)
2023 წლის 3 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 ივლისის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა ------- (პ/ნ -------) №112528/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება 2023 წლის 27 ივნისის №------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხულ დღგ-ს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, ოჯახისთვის შემოიტანა საქონელი და არასწორად დაერიცხა გადასახდელი.
აღნიშნულზე მითითებით არ ეთანხმება საბაჟო დეკლარაცია-ფორმა 4-ით დარიცხული დღგ-ს და ითხოვს გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 27 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში, ------- რესპუბლიკის მხრიდან, მგზავრებისთვის განკუთვნილ დარბაზში შემოვიდა ------- (პ/ნ -------), რომელსაც თან ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი – თეთრეული და პირსახოცი (საერთო წონით 20 კგ).
ვინაიდან, ------- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე 2023 წლის 8 ივნისს ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით, შესაბამისად, 30 კალენდარული დღის განმავლობაში მეორედ – 2023 წლის 27 ივნისს მის მიერ დეკლარირებულ საქონელზე ვერ გავრცელდა აღნიშნული შეღავათი და საქონელი დაექვემდებარა გაფორმებას. გამომდინარე აქედან, 2023 წლის 27 ივნისს დარეგისტრირდა №------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომლის მიხედვითაც დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 338 ლარი, ხოლო ------- იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 60.84 ლარი.
აქვე გაცნობებთ, რომ ------- საქონლის გაფორმებისას არ წარმოუდგენია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი) და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მოხდა სარეზერვო მეთოდით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად.
------- ხშირად (2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 27 ივნისამდე პერიოდში 356 გასვლა – შესვლა) გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ამასთან ერთად, აღნიშნულ პირს 2023 წელს უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 13 შემთხვევა, გამომდინარე აქედან, მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი მოქმედი საბაჟო ფორმალობები.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
ამავე საკანონმდებლო აქტის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
დადგენილია, რომ მომჩივანმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე 2023 წლის 8 ივნისს ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით. შესაბამისად, მომჩივნისთვის 30 კალენდარული დღის განმავლობაში მეორედ – 2023 წლის 27 ივნისს მის მიერ დეკლარირებულ საქონელზე საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ამდენად, მომჩივანი ვერ ისარგებლებს მის მიერ შემოტანილ საქონელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით და მისი კუთვნილი საქონლის დეკლარირებას დაქვემდებარება მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ №------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელი შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საბაჟო დეკლარაცია-ფორმა 4-ით დარიცხული დღგ-ს და ითხოვს გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, მგზავრებისთვის განკუთვნილ დარბაზში შემოვიდა მოქალაქე, რომელსაც თან ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი – თეთრეული და პირსახოცი (საერთო წონით 20 კგ).
ვინაიდან, მოქალაქემ 2023 წლის 8 ივნისს ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით, შესაბამისად, 30 კალენდარული დღის განმავლობაში მეორედ – 2023 წლის 27 ივნისს მის მიერ დეკლარირებულ საქონელზე ვერ გავრცელდა აღნიშნული შეღავათი და საქონელი დაექვემდებარა გაფორმებას. გამომდინარე აქედან, დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომლის მიხედვითაც დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 338 ლარი, ხოლო იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 60.84 ლარი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელი შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199(დ.ბ);