გადაწყვეტილება №21161/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.01.2024
№ დოკუმენტი 21161/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21161/2/2023

29 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 26.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21161/2/2023).

 

დავის საგანი:

1. მეორადი მილების და შავი ლითონის ჯართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა;

2. საქონლის შეძენის ხარჯად მიღებული შემოსავალის 75%-ის ჩათვლა და ნაშთად დარჩენილი საქონლის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის გაზრდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2023 წლის №024-44 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22793 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 210 413,32 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 126 007

დღგ - 21 735

საშემოსავლო გადასახადი - 104 272

ჯარიმა - 62 991

საურავი - 21 415,32

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 15.09.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2023 წლის №024-44 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22793 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. მეორადი მილების და შავი ჯართის ლითონის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმებისას შედგა საქონლის მოძრაობის ცხრილი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტის გარეშე რეალიზებული აქვს როგორც მეორადი მილები, ასევე შავი ლითონის ჯართი და ვერ ხერხდება მყიდველის იდენტიფიცირება. პირს აღნიშნული საქონლის რეალიზაცია არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მიწოდება. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დღგ-ით უნდა დაებეგრა შავი ლითონის ჯართის და მეორადი მილების მიწოდება. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163- ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტის გარეშე რეალიზებული აქვს როგორც მეორადი მილები, ასევე შავი ლითონის ჯართი. ამასთან, ვერ ხერხდება მყიდველის იდენტიფიცირება. პირს აღნიშნული საქონლის რეალიზაცია არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კატეგორიულად მიუღებელია დარიცხული თანხები და უნდა მოხდეს ხელახალი გადაანგარიშება მომჩივნის ჩართულობით. საკითხის განხილვა აუდიტის დეპარტამენტში უნდა მოხდეს მომჩივნის მონაწილეობით, რათა მაქსიმალურად დადგინდეს რეალური სიტუაცია და რეალური აქტი იქნას მიღებული.

ამ მომენტისთვის მითითებულია რამდენიმე საკვანძო საკითხი, რაც განხილვის მომენტში სიტყვიერად გავრცობილი იქნება და მეტი საშუალება იქნება პოზიციის გაგებისა.

შემმოწმებელი თვითონ მიუთითებს აქტში, რომ მოხდა მეორადი მილების რეალიზაცია და შავი ლითონის ჯართის რეალიზაცია, ამ ორივე რეალიზაციაზე, მაშინ როცა შავი ლითონის რეალიზაცია მოხდა მისი მითითებით და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დღგ-ის ნულოვანი განაკვეთი მოქმედებს, რატომ არიცხავს ნულოვან განაკვეთს დაქვემდებარებულ რეალიზაციას 18 პროცენტს და რატომ აერთიანებს ამ ორ სრულიად განსხვავებულ დაბეგვრის ოპერაციებს ერთ ოპერაციაში და ბეგრავს დღგ-ით. შემოწმების აქტში რეალიზაციის აღწერაში მიუთითებს და უბრალოდ შეუსაბამობაა საგადასახადო კოდექსთან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტის გარეშე რეალიზებული აქვს როგორც მეორადი მილები, ასევე შავი ლითონის ჯართი და ვერ ხერხდება მყიდველის იდენტიფიცირება. მომჩივანს აღნიშნული საქონლის რეალიზაცია არ აქვს დაბეგრილი დღგით.

მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმების დროს სრულყოფილად ვერ მოხდა ინფორმაციის მიწოდება შემმოწმებლებისთვის. საქონელი შეძენილია წყალმომარაგების კომპანიისგან, როგორც ჯართი, შემდეგ მოხდა გასუფთავება და გაიყიდა როგორც მილები. საქონლის რეალიზაციაზე არსებობს როგორც სასაქონლო ზედნადებები, ისე ხელშეკრულებები. მილების რეალიზაცია დაბეგრილია დღგ-ით. შემმოწმებელს ვერ მიეწოდა ინფორმაცია, რომ რეალიზებული მილები წარმოადგენს (უკავშირდება) შეძენილ ჯართს, ამის გამო ჯართი ჩათვალა ნაშთად დარჩენილად. უნდა მოხდეს აღნიშნული შეძენა-რეალიზაციის დაკავშირება. ჯართის შეძენა, გასუფთავება და რეალიზაცია ხდებოდა ერთი და იგივე ადგილზე, მყიდველი ახდენდა ადგილზე აზომვას და დიამეტრის და სიგრძის მიხედვით ხდებოდა რეალიზაცია. შესაძლებელია იდენტიფიცირება რა გაიყიდა ჯართად და რა გაიყიდა მილებად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

 

2. საქონლის შეძენის ხარჯად მიღებული შემოსავალის 75%-ის ჩათვლა და ნაშთად დარჩენილი საქონლის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის გაზრდა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში შედგა საქონლის მოძრაობის ცხრილი, რომლის მიხედვით დადგინდა ისეთი საქონლის რეალიზაცია, რომლის შეძენის დოკუმენტიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთ საქონელზე ხარჯად გაანგარიშებულ იქნა ამ საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 75%. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების თანახმად, მას არ გააჩნია სმფ-ების ნაშთი, ამიტომ საქონლის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი, ნაშთად დარჩენილი სმფ-ები მთლიანად იქნა რეალიზებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რითაც გადასახადის გადამხდელს გაეზარდა შემოსავალი. შემოწმებისას ასევე შედგა ფულის მოძრაობის ცხრილი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კომპანიის დირექტორს (---------- პ/ნ ----------), საწარმოს თანხებით შეძენილი აქვს პირადი მოხმარების საქონელი (წამლები, საკვები, საწვავი და ა.შ), ასევე კომპანიის ანგარიშიდან გატანილი აქვს თანხები, რომლის გახარჯვის მიზნობრიობაც ვერ დგინდება. აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე (---------- პ/ნ ----------) გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს რეალიზებული აქვს ისეთი საქონელი, რომლის შეძენის დოკუმენტიც არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთ საქონელზე ხარჯად გაანგარიშებულ იქნა ამ საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 75%. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების თანახმად, მას არ გააჩნია სმფ-ების ნაშთი, ამიტომ საქონლის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი, ნაშთად დარჩენილი სმფ-ები მთლიანად იქნა რეალიზებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შემოწმებით განსაზღვრული ფულის მოძრაობის ცხრილის მიხედვით, დირექტორს საწარმოს თანხებით შეძენილი აქვს პირადი მოხმარების საქონელი, ასევე კომპანიის ანგარიშიდან გატანილი აქვს თანხები, რომლის გახარჯვის მიზნობრიობაც ვერ დგინდება. აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას უსაბუთო მილები არ გაუყიდია და შესაძლებელია მილის გარე დიამეტრის და შიდა დიამეტრის გამო მომხდარიყო სახელწოდების ცვლილება თუმცაღა ეს არ ნიშნავს, რომ მილი ან ნაშთში დარჩა ან უსაბუთო გაყიდა, რეალიზებული მილები ყველა არის საბუთით მიღებული და აქ დამატებით შესწავლის შემთხვევაში ნათელი იქნება ყველაფერი.

გადახდის წყაროსთან თანხის დარიცხვა როცა ხორციელდება, დღევანდელი პრაქტიკა ძალიან დამახინჯებულია და მიმართულია მეწარმის დაზიანებისკენ. მაშინ როცა ხდება სალაროში არსებული თანხის გამოანგარიშება და შემდგომ ამ თანხაზე 25 პროცენტი საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა, თუ სალაროში განისაზღვრა რა თანხა უნდა ყოფილიყო და იმ შემთხვეაში თუ მეწარმე ყველაზე მოკლე გზით აიღებდა იმ თანხას ხელფასად უნდა დაეკავებინა 20 პროცენტი და დაბეგრილი 80 პროცენტი შეეძლო კანონის დარღვევის გარეშე აეღო და ამ შემთხვევაში სალაროს თანხა რეალური თანხა ჯამში იქნებოდა 80 პროცენტს დამატებული 20 პროცენტი ჯამში 100 პროცენტი, ხოლო შემმოწმებლის მიერ გამოყენებული პრაქტიკით გამოდის, რომ სალაროში დაადგინა 100 პროცენტი თანხა და მანიპულირებით ეს 100 პროცენტი გახადა არ არსებული 125 პროცენტი, რეალური თანხა რაც უნდა იყოს სალაროში ეს ხომ უნდა მოიცავდეს გადასახადს მიმატებული დაბეგრილი თანხა და ამ მიდგომით ეს ასე არ არის.

იმ შემთხვევაში თუ დაჯდა რაღაც თანხა, ორიენტირი უნდა გაკეთდეს ჯერ ამ კონკრეტული თანხის დანაწილებაზე ისე, რომ არ გასცდეს ჯამში დადგენილ თანხას და შემდეგ თუ არ მოხდა თანხის გადახდა, დეკლარირება, სწორედ მაგიტომ არსებობს საჯარიმო სანქციები, ისე ხომ არ შეიძლება არსებობდეს ჯარიმა არა დეკლარირებულზე და კიდევ ხელოვნურად მოვახდინოთ ამ თანხის გაბერვა.

სალაროში ბუღალტრულადაც რომ დაუშვათ დავეთანხმოთ და მოვინდომოთ გადახდა ის 25 პროცენტი თანხა რა ფორმით უნდა შეიტანოს მეწარმემ საწესდებო კაპიტალის სახით თუ სესხის სახით, ის ფული ფირმას არ გამოუმუშავები ხომ, არც ჯარიმის თანხა არ არის, არის კუთვნილი გადასახადი შემმოწმებლის მიდგომით, თუ არ არსებობდა სალაროში იმდენი თანხა ბუღალტრულად როგორ უნდა მოხდეს მისი გასწორება ძალიან საინტერესოა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით შედგენილია ნაღდი ფულის მოძრაობის ცხრილი, ძირითადად დარიცხვა გამოიწვია ნაშთად დარჩენილი საქონელის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავლებმა და მომჩივნის მიერ დაფიქსირებული ხარჯის 75%-ით გათვალისწინებამ.

საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლას საჭიროებს საქონლის შეძენა-რეალიზაციის და რეალიზებული საქონლის სახეობის საკითხები, ასევე შესასწავლია სადავო საკითხთან დაკავშირებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების საკითხი. აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22793 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია მეორადი მილების და შავი ლითონის ჯართის რეალიზაციასთან დაკავშირებით;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით, შეისწავლოს დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მეორადი მილების და შავი ლითონის ჯართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა;

2. საქონლის შეძენის ხარჯად მიღებული შემოსავალის 75%-ის ჩათვლა და ნაშთად დარჩენილი საქონლის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის გაზრდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელს დოკუმენტის გარეშე რეალიზებული აქვს როგორც მეორადი მილები, ასევე შავი ლითონის ჯართი და ვერ ხერხდება მყიდველის იდენტიფიცირება. მომჩივანს აღნიშნული საქონლის რეალიზაცია არ აქვს დაბეგრილი დღგით. მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმების დროს სრულყოფილად ვერ მოხდა ინფორმაციის მიწოდება შემმოწმებლებისთვის. საქონელი შეძენილია წყალმომარაგების კომპანიისგან, როგორც ჯართი, შემდეგ მოხდა გასუფთავება და გაიყიდა როგორც მილები. საქონლის რეალიზაციაზე არსებობს როგორც სასაქონლო ზედნადებები, ისე ხელშეკრულებები. მილების რეალიზაცია დაბეგრილია დღგ-ით. შემმოწმებელს ვერ მიეწოდა ინფორმაცია, რომ რეალიზებული მილები წარმოადგენს (უკავშირდება) შეძენილ ჯართს, ამის გამო ჯართი ჩათვალა ნაშთად დარჩენილად. უნდა მოხდეს აღნიშნული შეძენა-რეალიზაციის დაკავშირება. ჯართის შეძენა, გასუფთავება და რეალიზაცია ხდებოდა ერთი და იგივე ადგილზე, მყიდველი ახდენდა ადგილზე აზომვას და დიამეტრის და სიგრძის მიხედვით ხდებოდა რეალიზაცია. შესაძლებელია იდენტიფიცირება რა გაიყიდა ჯართად და რა გაიყიდა მილებად.

2. გადამხდელს რეალიზებული აქვს ისეთი საქონელი, რომლის შეძენის დოკუმენტიც არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთ საქონელზე ხარჯად გაანგარიშებულ იქნა ამ საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 75%. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების თანახმად, მას არ გააჩნია სმფ-ების ნაშთი, ამიტომ საქონლის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი, ნაშთად დარჩენილი სმფ-ები მთლიანად იქნა რეალიზებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შემოწმებით განსაზღვრული ფულის მოძრაობის ცხრილის მიხედვით, დირექტორს საწარმოს თანხებით შეძენილი აქვს პირადი მოხმარების საქონელი, ასევე კომპანიის ანგარიშიდან გატანილი აქვს თანხები, რომლის გახარჯვის მიზნობრიობაც ვერ დგინდება. აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით შედგენილია ნაღდი ფულის მოძრაობის ცხრილი, ძირითადად დარიცხვა გამოიწვია ნაშთად დარჩენილი საქონელის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავლებმა და მომჩივნის მიერ დაფიქსირებული ხარჯის 75%-ით გათვალისწინებამ.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლას საჭიროებს საქონლის შეძენა-რეალიზაციის და რეალიზებული საქონლის სახეობის საკითხები, ასევე შესასწავლია სადავო საკითხთან დაკავშირებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების საკითხი. აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 160; 163(1,2); 164(1); 172(4); 275.