გადაწყვეტილება №20064/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20064/2/2023
14 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 26.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20064/2/2023).
დავის საგანი:
დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის დაკისრებული ჯარიმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.05.2023 წლის №CB1471137 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13641 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 200 ლარი.
ფაქტების აღწერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2021 წლის №996 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რომელის დროსაც გამოვლინდა, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულ იქნა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, დაქირავებულ პირთა რეესტრში არ იყო შეყვანილი ობიექტზე მყოფი დაქირავებული 1 მომუშავე პირი (-------), რისთვისაც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.06.2023 წლის №13641 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამოწმების პროცესში საწარმოს წარმომადგენლების მიერ არ მომხდარა დოკუმენტის წარდგენა (სტაჟირების ხელშეკრულება), რაც დაადასტურებდა ობიექტზე მყოფი ფიზიკური პირის სტაჟირებას.
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
პირი, რომელიც არ იყო რეგისტრირებული „დასაქმებულ პირთა რეესტრში“ არის სტაჟიორი, არ იღებს ანაზღაურებას (ხელფასს). მასთან ხელშეკრულება (სტაჟირების გავლის შესახებ) გაფორმებულია 22.05.2023-ში, სადაც 3,1 პუნქტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი. (საჩივარზე ატვირთული დოკუმენტაცია). ვინაიდან №2428 სიტუაციურ სახელმძღვანელოში მოყვანილი მსჯელობის შესაბამისად სტაჟიორის მიერ მიღებული შემოსავალი, როგორც შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან განიხილება ხელფასად, ხოლო აღნიშნულ შემთხვევაში სტაჟიორები არ იღებენ ანაზღაურებას ამიტომ შპს ------- არ ეკისრება გადახდის წყაროსთან დაკავების და საგადასახადო დეკლარაციაში ასახვის ვალდებულება, ასევე არ ეკისრება დასაქმებულ პირთა რეესტრში ანაზღაურების გარეშე მყოფი სტაჟიორების ასახვის ვალდებულება.
16.06.2023 წლის №13641 ბრძანებაში მოყვანილი არგუმენტი, რომ გადამოწმების პროცესში არ მომხდარა არანაირი სახის დოკუმენტის წარდგენა რაც დაადასტურებდა ობიექტზე მყოფი ფიზიკური პირის სტაჟირებას გამოწვეულია შემდეგი გარემოებიდან. ხელშეკრულებები არ ინახება ობიექტებზე, (ინახება სათაო ოფისში მოსაშვილის 11), რის გამოც ფიზიკურად ვერ წარუდგენდნენ საგადასახადო ინსპექტორს და როდესაც ობიექტიდან შემოწმების დროს დარეკეს სათაო ოფისში ინსპექტორი არ დაელოდა ხელშეკრულების გადაგზავნას, ობიექტის და სათაო ოფისის სატელეფონო საუბრის მიმდინარეობისას გამოწერა სამართალდარღვევის ოქმი და სიტყვიერი განმარტება მისცა, რომ „აეტვირთათ საჩივარი რს-ზე და გაუუქმებდნენ ჯარიმას“. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე საგადასახადო ინსპექტორიც საქმის კურსში იყო, რომ ოქმს ადგენდა არასწორად და ანაზღაურების გარეშე მყოფი სტაჟიორები არ ექვემდებარებიან დასაქმებულ პირთა რეესტრში ასახვას.
მომჩივანი ითხოვს №CB1471137 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13641 ბრძანების სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება, ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის თანახმად, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.
მომჩივანი მიუთითითებს, რომ პირი, რომელიც არ იყო რეგისტრირებული „დასაქმებულ პირთა რეესტრში“ არის სტაჟიორი, არ იღებს ანაზღაურებას (ხელფასს). მასთან ხელშეკრულება (სტაჟირების გავლის შესახებ) გაფორმებულია 22.05.2023 წელს, სადაც 3,1 პუნქტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
მომჩივნის არგუმენტაციით, მას არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ობიექტზე მყოფი ფიზიკური პირის სტაჟირებას. მისი განმარტებით, ხელშეკრულებები არ ინახება ობიექტებზე, (ინახება სათაო ოფისში მოსაშვილის 11), რის გამოც ფიზიკურად ვერ წარუდგენდნენ საგადასახადო ინსპექტორს და როდესაც ობიექტიდან შემოწმების დროს დარეკეს სათაო ოფისში ინსპექტორი არ დაელოდა ხელშეკრულების გადაგზავნას.
საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი 22.05.2023 წლის ხელშეკრულებით დასტურდება, ის ფაქტი რომ ------- იყო სტაჟიორი, შესაბამისად, შპს ------- არ წარმოადგენს სამართალდამრღვევ პირს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მომჩივანი წარმოადგენს სამართალდამრღვევ პირს. შესაბამისად, მის მიმართ შედგენილი 22.05.2023 წლის №CB1471137 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.05.2023 წლის №CB1471137 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13641 ბრძანება;
4. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, უზრუნველყოს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის დაკისრებული ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2021 წლის №996 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რომელის დროსაც გამოვლინდა, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულ იქნა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, დაქირავებულ პირთა რეესტრში არ იყო შეყვანილი ობიექტზე მყოფი დაქირავებული 1 მომუშავე პირი, რისთვისაც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.06.2023 წლის №13641 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 12(3); 2885; 304(1)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება