ბრძანება N 8971

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 18.04.2024
№ დოკუმენტი 8971
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8971

18 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის პირველი მარტის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 აპრილის სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №88200/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 სექტემბრის №006-408 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია გადაანგარიშება განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების შესაბამისად, რომლის მაგალით 2-ში განხილული ფაქტობრივი გარემოების და შეფასების შედეგად, კომპანიის მიმართ საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სრულად შემცირდება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 თებერვლის №2745 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 31 დეკემბრის №42644 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. შპს „-------“ (ს/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულბებზე დარიცხული/დასარიცხი ჯარიმისგან;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 აპრილის №10982 ბრძანებით განიმარტა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 თებერვლის №2745 ბრძანება, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. განიმარტოს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა სადავო საკითხის შესწავლისას იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით;

2. აღნიშნული განმარტება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 თებერვლის №2745 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 თებერვლის №2745 და 30 აპრილის №10982 ბრძანებების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 18 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „-------“ (ს/ნ -------) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 94 596 ლარის ოდენობით.. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 19 სექტემბრის №006-408 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით, იმისათვის, რომ პირის საქმიანობა ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობად და შესაბამისად ასეთი საქმიანობის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიები (პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები) საქართველოში შექმნილად, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად დაბეგვრის მიზნებისთვის არსებითია, რომ ვირტუალური ზონის პირი საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაქმნელად იყენებდეს საქართველოში დაქირავებული პირ(ებ)ის შრომას, მათ შორის, აუცილებლად შესაბამისი პროფილური განხრით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სახელფასო განაცემი არსებითად უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი პროფესიების მიხედვით საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ ხელფასს. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია მისი ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით და დამფუძნებლის მიერ დივიდენდის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილი გადააკვალიფიციროს პროფილური განხრით დაქირავებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად. ამ მიზნით, პროფილური განხრით დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემის ოდენობა შესაძლებელია აღებულ იქნეს შესაბამისი პროფესიის მიხედვით საქართველოს შრომით ბაზარზე ხელფასის შესახებ არსებული მონაცემის მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში საინფორმაციო ტექნოლოგიები არსებითად ჩაითვლება საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილად, მათი საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებულ მოგებაზე (მოგების განაწილებაზე) გავრცელდება მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათი.

შესაბამისი პროფილური განხრით დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემის ოდენობის დადგენის მიზნით, განხორციელდა ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, ვირტუალური ზონის საწარმოებიდან, რომლებიც დაკავებულნი არიან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობით და იმ კომპანიებიდან, რომლებსაც არ აქვთ ვირტუალური ზონის საწარმოს სტატუსი, მაგრამ დაკავებულნი არიან ანალოგიური საქმიანობით ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. 2018-2022 წლებში კერძო სექტორში დასაქმებული პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების და ინჟინრების საშუალო ხელფასის ოდენობის შესახებ მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობით დაკავებული პირების საშუალო ყოველთვიური დარიცხული ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 4 865 ლარის ოდენობით. აღნიშნული მონაცემის გათვალისწინებით, საწარმოს პარტნიორის მიერ დივიდენდის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილი გადაკვალიფიცირდა პროფილური განხრით დაქირავებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად. შედეგად, კორექტირებას დაექვემდებარა საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 თებერვლის №2745 ბრძანების შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

„ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის №89 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი უქმდება, თუ ვირტუალური ზონის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სტატუსი გამოყენებულ იქნება გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს დამფუძნებელი ფინეთის რესპუბლიკის მოქალაქე -------, შესამოწმებელ პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა 637 დღის განმავლობაში და შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ითვლება საქართველოს რეზიდენტად. დამფუძნებლის მიერ საწარმოდან გატანილია თანხები დივიდენდის სახით და დაბეგრილია გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით. საგადასახადო შემოწმების შედეგად გაუქმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათი და საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი. ასევე, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 თებერვლის №2745 და 30 აპრილის №10982 ბრძანებების აღსრულების შედეგად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების შესაბამისად, გადაანგარიშდა დარიცხული თანხები, კერძოდ, საწარმოს პარტნიორის მიერ დივიდენდის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილი გადაკვალიფიცირდა პროფილური განხრით დაქირავებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და შედეგად, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა დარიცხული თანხები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით და მხარეთა არგუმენტაციით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი არის საქართველოს რეზიდენტი პირი, საწარმოს არ ჰყავს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირები, კომპანია საკონსულტაციო მომსახურებას უწევს ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებლებს პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა საინფორმაციოტექნოლოგიურ სფეროში. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლი მიღებული აქვს ფინეთის რესპუბლიკის რეზიდენტი კომპანიებისგან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში გაწეული მომსახურებიდან.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებაზე და განმარტავს, რომ თუ დამფუძნებელი რეზიდენტია, არის სპეციალისტი და შემოსავალი მიღებული აქვს დივიდენდის სახით, რომელიც დაბეგრილია წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, შექმნილი პროგრამული პროდუქტი უნდა ჩაითვალოს საქართველოში შექმნილად და შესაბამისად, ასევე სადავო არ უნდა გახდეს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხი. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საწარმოს საქმიანობა შეესაბამება „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და განსახილველ შემთხვევაში შესრულებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის დადგენილი მოთხოვნები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2022 წლის 8 თებერვლის №2745 ბრძანების შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა 35 884 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს არამართლზომიერად მიაჩნია პარტნიორის მიერ დივიდენდის სახით დეკლარირებული შემოსავლის ნაწილის ხელფასის სახით მიღებულად განხილვა. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გააუქმოს საგადასახადო შემოწმების შედეგად სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გააუქმოს საგადასახადო შემოწმების შედეგად სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი; 3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს დამფუძნებელი შესამოწმებელ პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა 637 დღის განმავლობაში და შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ითვლება საქართველოს რეზიდენტად. დამფუძნებლის მიერ საწარმოდან გატანილია თანხები დივიდენდის სახით და დაბეგრილია გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით. საგადასახადო შემოწმების შედეგად გაუქმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათი და საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი. ასევე, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 თებერვლის №2745 და 30 აპრილის №10982 ბრძანებების აღსრულების შედეგად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების შესაბამისად, გადაანგარიშდა დარიცხული თანხები, კერძოდ, საწარმოს პარტნიორის მიერ დივიდენდის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილი გადაკვალიფიცირდა პროფილური განხრით დაქირავებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და შედეგად, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა დარიცხული თანხები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს არამართლზომიერად მიაჩნია პარტნიორის მიერ დივიდენდის სახით დეკლარირებული შემოსავლის ნაწილის ხელფასის სახით მიღებულად განხილვა. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გააუქმოს საგადასახადო შემოწმების შედეგად სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 981(1); 99(ჟ); 101; 154