ბრძანება N 24561
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24561
05 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
უსფ(წ) „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 1 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა უსფ(წ) „----------“-ს (ს/ნ ----------) №82776/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №002-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად, კომპანიის მიერ გადახდილი ავანსის თანხაზე ჩათვლილი დღგ-ის კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ კომპანიამ საქმიანობა დაიწყო პანდემიის საწყის ეტაპზე, რაც გაგრძელდა თითქმის მთელი პანდემიის პერიოდის განმავლობაში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის №24214 და 2023 წლის 31 მარტის №6812 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა უსფ(წ) „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 29 ივნისიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 4 ივლისის №15788 ბრძანება და ამავე თარიღის №002-132 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 805 121 ლარი, მათ შორის გადასახადი 501 090 ლარი, ჯარიმა 268 451 ლარი და საურავი 35 580 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. „----------- (---------)“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში, საინჟინრო ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით, სარწყავი სისტემის მშენებელობა. კომპანიას აქვს მიმდინარე პროექტი საგარეჯოში. „----------- ფილიალი საქართველოში -----------ფილიალი)“ გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 29 ივნისს. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის დირექტორი არის------------. სხვადასხვა დროს შესამოწმებელ პერიოდში დირექტორები ასევე იყვნენ - ------------ ------------, ------------ ------------, ხოლო, დამფუძნებელია შპს „ ------------ - ------------“. საწარმოს შესასრულებელ ორ პროექტში მიღებული აქვს ავანსის თანხები 2020 წლის ივლისში 5 347 006 ლარი დღგ-ის ჩათვლით და მეორე პროექტზე 2021 წლის მარტში 7 353 542 ლარი. საწარმოს ფილიალმა აღნიშნული პროექტის შესასრულებლად ხელშეკრულება გააფორმა ქვეკონტრაქტორთან შპს „ ------------ ( ------------ )“, რომლის დამფუძნებელია „ ------------ ( ------------)“. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ქვეკონტრაქტორთან, შპს „------------ ( ------------ ფილიალი)“- სთან გადახდილი ავანსების ანგარიშის ნაშთი შეადგენს 2 646 712 ლარს. პირველი ავანსის თანხა გადარიცხულია 2020 წლის 31 აგვისტოს, ხოლო საბოლოო ჩარიცხვის თარიღია 2022 წლის თებერვალი, მაშინ, როდესაც 1480 ბარათის ნაშთად 2 105 688 ლარის დებიტორული დავალიანება ფიქსირდება. მიუხედავად მზარდი დებიტორული დავალიანებისა, „ ------------ ------------)“-მა გააგრძელა შპს „ ------------ ------------“-სთვის ავანსის თანხების ჩარიცხვა. შპს „ ------------ ------------“-ზე ინფორმაციის მოძიებისას დადგინდა, რომ კომპანიის ერთადერთ საქმიანობას წარმოადგენს „ ------------“-ისთვის მომსახურების გაწევა. გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 4 654 943 ლარს. 2022 წლის 24 აპრილს ფიქსირდება კომპანიის დირექტორის - ------------საზღვრის კვეთა (ქვეყნიდან გასვლა). ბაზების მიხედვით ასევე დადგინდა, რომ შპს „ ------------“-ს 2023 წლის 20 მარტის მდგომარეობით უფიქსირდება 44 995 ლარის საბიუჯეტო დავალიანება. საწარმომ შემოწმების დანიშვნის შემდეგ 2022 წლის დეკემბერში სასამართლოში შეიტანა სარჩელი ქვეკონტრაქტორის მიმართ და ითხოვს გადახდილი ავანსების უკან დაბრუნებას. რადგან საწარმოს 2022 წლის დეკემბერში სასამართლოში შეტანილი სარჩელით მოთხოვნილი აქვს ავანსის თანხის უკან დაბრუნება, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით და ავანსის თანხაზე (2 646 712 ლ., დღგ-ის თანხა 403 736 ლ.) განახორციელა ჩათვლის კორექტირება. ასევე, საწარმოს გადახდილი აქვს ავანსის თანხა რეზიდენტი კომპანიისთვის, შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდება საქონლის მიწოდება და გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ივნისში სასამართლოში აქვს შეტანილი სარჩელი თანხის დაბრუნებაზე, გადახდილი ავანსის თანხაზე ჩათვლილი დღგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით დაექვემდებარა კორექტირებას 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდით. „ ------------“-, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიღებული ავანსის თანხების განაშთვა შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით უნდა დაეწყო 2020 წლის სექტემბრის თვიდან. დეკლარირებული მონაცემების მიხედვით საწარმოს მიერ მიღებული ავანსის თანხების განაშთვა იწყება 2021 წლის ივნისის თვიდან. შემოწმება შესრულებული სამუშაოს მიხედვით და დასაკავებელი ავანსის თანხების განაშთვა განახორციელა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შემოწმებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
2. საწარმოს შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულ პირებს წარმოადგენენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე, აზერბაიჯანიდან მოწვეული თანამშრომლები. საწარმო გაცემულ ფულად ანაზღაურებასთან ერთად თანამშრომლებს უნაზღაურებს სასტუმროს, ბინების (----------, ---------) ღირებულებას. შემოწმებით, შესწავლილი იქნა გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებული მონაცემები, საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რითაც დადგინდა, რომ საწარმოს მიერ აღნიშნული ხარჯები არ არის აღიარებული თანამშრომლების სარგებლად და არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. კერძოდ, საცხოვრებელი ბინების ხარჯის ანაზღაურება, ბუღალტრულად ფიქსირდება ადმინისტრაციულ ხარჯებად. შემოწმების შედეგად აღნიშნული ხარჯები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად დაკვალიფიცირდა თანამშრომლების სარგებლად/ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით. საწარმოს ასევე, განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს „-----------“-სა და უსფ(წ) „---------“-ს შორის 2020 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, უსფ(წ) „--------“-ს მიერ გადახდილი იქნა ავანსის სახით 7 301 655 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, 2023 წლის 1 მარტამდე შპს „------------“-ს მიერ გაწეული იყო მხოლოდ 4 654 943 ლარის ღირებულების მომსახურება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ფიქსირდება აღნიშნული თანხების ავანსის და შესრულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარმოდგენილი იქნა 2022 წლის დეკემბრის თვეში გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, სადაც მითითებულია, რომ 2022 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, შპს „----------“-ს გააჩნია უსფ(წ) „-----------“-სგან ავანსად მიღებული თანხა 2 646 712.08 ლარის ოდენობით, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია სარჩელი ავანსის თანხის დაბრუნებაზე.
ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის დეკემბრის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოითხოვა შეუსრულებელ სამუშაოზე დარჩენილი ავანსის თანხის დაბრუნება, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით და დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე 2 646 712.08 ლარის ავანსის თანხის დღგ-ის თანხაზე, 403 736 ლარზე, განახორციელა ჩათვლის კორექტირება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, მომჩივანი განმარტავს, რომ მსოფლიო ბანკის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უსრულებს სარწყავი სისტემის მშენებლობის სამუშაოებს. პროექტის შესასრულებლად ხელშეკრულება გაფორმდა ქვეკონტრაქტორ კომპანიასთან. შემოწმების პროცესში თვალშისაცემი გახდა ქვეკონტრაქტორი კომპანიისთვის ჩარიცხული მზარდი საავანსო თანხა. აღნიშნულმა კომპანიამ ჯეროვნად ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, რაზეც 2022 წლის დეკემბერში სასამართლოში შეტანილი იქნა სარჩელი გადარიცხული ავანსის თანხების უკან დაბრუნების თაობაზე. ვინაიდან, ჯერ არცერთი სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა, სამუშაო პროცესის შეფერხების თავიდან ასარიდებლად, ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება ავანსების შესრულებასთან დაკავშირებით. შედეგად, კომპანიამ მიიღო გარკვეული სამუშაოები და მოხდა აღნიშნული ავანსის ნაწილობრივი განაშთვა ივლისის თვეში.
საკუთარი არგუმენტაციის დასადასტურებლად გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1 905 175 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონლის/მომსახურების მიწოდებაზე, ოპერაციის განხორციელების პერიოდი 2023 წლის ივლისის თვე, და ქვეკონტრაქტორ კომპანიასთან „აღიარებული დავალიანების შემცირების შესახებ“ გაფორმებული შეთანხმება, სადაც აღნიშნულია:
„მხარეებს შორის 2022 წლის 21 დეკემბერს ხელმოწერილ ურთიერთშედარების აქტში მითითებული, შპს „--------“-ს მიერ აღიარებული ვალი 3 689 774 ლარის ოდენობით, 2020 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების (ავანსად მიღებული) თანხის ნაწილში შემცირდეს 1 905 175 ლარით.
მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მოახდენენ აღნიშნული ოპერაციის ბუღალტრულად ასახვას საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და „აღიარებული დავალიანების შემცირების შესახებ“ გაფორმებული შეთანხმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უსფ(წ) „-------“-ს მიერ შპს „---------- (-----------)“-ისთვის გადახდილი ავანსების თანხაზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა მართლზომიერია და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით სანქცია განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უსფ(წ) „-------------“-ს (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უსფ(წ) „-------------“-ს მიერ შპს „-------------“-ისთვის გადახდილი ავანსების თანხაზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად, კომპანიის მიერ გადახდილი ავანსის თანხაზე ჩათვლილი დღგ-ის კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:174(1);175(1ა);176(1ა);179;270(1);272(1);275;269(7);