ბრძანება N 11282

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.06.2025
№ დოკუმენტი 11282
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11282

03 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ --------------ის (ს/ნ --------------------)

(მის.: -----------------------------------------)

2025 წლის 14 და 30 აპრილის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი და 15 მაისის სხდომებზე (ოქმი №33 და ოქმი №39) განიხილა ფ/პ --------------ის (ს/ნ --------------------) 2025 წლის 14 აპრილის №----/1/2025 და 30 აპრილის №-----/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 სექტემბრის №081-170 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი ეთანხმება სარდაფის და კომერციული ფართის დღგ-ით დაბეგვრას, მაგრამ არ ეთანხმება საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას და განმარტავს, რომ აღნიშნული ბინები მას საკუთრებაში გადაეცა 2015 წელს, ხოლო მათი რეალიზაცია განახორციელა 2020- 2021 წლებში, ისე რომ მათი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ მომხდარა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზებული კომერციული ფართების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და განმარტავს, რომ აღნიშნულ აქტივი მას საკუთრებაში ჰქონდა ორ წელზე მეტი ვადით და ამასთან არ გამოუყენებია ეკონომიკურ საქმიანობაში.

3. მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

საჩივრის წარმოდგენის ვადასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის პოზიციაზე, რომლითაც ითხოვს გასაჩივრების ვადის აღდგენას და საჩივრის განსახილველად დაშვებას. მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმების მიმდინარეობის, საგადასახადო შემოწმების აქტისა და მოთხოვნის შედგენის მომენტში იმყოფებოდა ------------ში. ამასთან, აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად საზღვრის კვეთისას მებაჟე ოფიცრებმა აცნობეს, რომ მას გააჩნდა საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულის შემდეგ, საგადასახადო შემოწმების მასალები ჩაიბარა 2025 წლის 11 აპრილს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილი 2022 წლის 8 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2022 წლის 27 სექტემბრის №24731 ბრძანება და 28 სექტემბრის №081-170 საგადასახადო მოთხოვნა ფ/პ --------------ს (ს/ნ --------------------) წერილობითი ფორმით 2-ჯერ (2022 წლის 4 ოქტომბერს და 2022 წლის 13 ოქტომბერს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, მისამართზე - ქ. ----ი, ----ის ქ. №---, თუმცა ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2022 წლის 7 ნოემბერს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და ,,საგადასახადო მოთხოვნის“ საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2022 წლის 27 ნოემბერს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

ამავე მუხლის, მე-10 ნაწილით თანახმად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-490-485(2კ-16)), სადაც გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაშვებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ: „საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის გამოყენებისათვის მომჩივანმა უნდა დაადასტუროს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც საჩივრის შეტანას შეუძლებელს ხდიდა ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას. საგადასახადო კოდექსი არ განსაზღვრავს, რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად, ამდენად, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტური შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს“.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც პირი საქართველოში არ იმყოფებოდა საგადასახადო შემოწმებისას, ასევე არ იმყოფებოდა 2022 წლის 8 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, მის საფუძველზე გამოცემული 2022 წლის 27 სექტემბრის №24731 ბრძანების და 28 სექტემბრის №081-170 საგადასახადო მოთხოვნის პირისთვის გაგზავნის დროს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანმა შეძლო დაესაბუთებინა საჩივრების ვადაში წარდგენის შეუძლებლობა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, რამაც განაპირობა გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი 30 დღიანი გასაჩივრების ვადის გასვლა.

ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრის წარდგენის ვადის გაშვება უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და შესაბამისად საჩივრები დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მაისის №13144 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ --------------ის (ს/ნ --------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 8 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 სექტემბრის №24731 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 28 სექტემბრის №081-170 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 197 432 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 121 625 ლარი, ჯარიმა 40 709 ლარი და საურავი 35 098 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

. ფ/პ --------------მა (ს/ნ --------------------) ქალაქ ----ში -----ის ქუჩაზე ააშენა საცხოვრებელი კორპუსი. აქედან მის საკუთრებაში გადასული სამი კომერციული ფართი და ოთხი ბინა გაყიდა 2020-2021 წლებში. ფ/პ -------ი არაა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

. გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) (მათ შორის, მშენებარე) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

2. ამ კარის მიზნებისთვის ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება:

ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა;

ბ) საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების განმახორციელებელი პირების საქმიანობა, გარდა ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის საქმიანობისა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;

გ) ქონების გამოყენება რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით.

3. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო, მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საქმის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელს 2020 წელს რეალიზებული აქვს 3 საცხოვრებელი ბინა, ხოლო 2021 წელს 1 საცხოვრებელი ბინა.

2020 წელს რეალიზებულ ბინებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ოპერაციის განხორციელების დროს მოქმედი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) (მათ შორის, მშენებარე) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია. აღნიშნული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ 3 საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკურ საქმიანობად. ხოლო თავის მხრივ, თუ აღნიშნული ბინების რეალიზაცია არ იქნება განხილული ეკონომიკურ საქმიანობად, მაშინ ის ვერ შეფასდება, როგორც დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია. შესაბამისად, 2020 წელს საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერია.

ასევე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს 2021 წლის პირველი იანვრიდან საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელიც შეეხება მათ შორის საცხოვრებელი ფართის მიწოდების დაბეგვრის საკითხს, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად: დღგ-ით დასაბეგრ პირად პირი განიხილება იმ შემთხვევაში თუ მისი საქმიანობა ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, ამასთან ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში კერძოდ: არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა. განსხვავებით არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდებასა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება იმ შემთხვევაშიც კი თუ მას აქვს ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათი.

2021 წელს მომჩივნის მიერ განხორციელებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არ დასტურდება, გადასახადის გადამხდელის მხრიდან აღნიშნული ბინის მიწოდების განხორციელება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში.

საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია არ წარმოადგენს დასაბეგრი პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებას, რის გამოც საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის ნაწილში დარიცხული დღგ ექვემდებარება გაუქმებას.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ 2020-2021 წლებში რეალიზებული საცხოვრებელი ბინების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია, როგორც რეზიდენტი ფიზიკური პირი, ასევე, არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ განიხილება ფასიანი ქაღალდის/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენის/პროცენტის მიღების მიზნით. ამასთანავე, აქტივის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება მხედველობაში არ მიიღება, თუ მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დასრულების მომენტიდან მის მიწოდებამდე გასულია 2 წელი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს კომერციული ფართების რეალიზაციის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებისგან, ვინაიდან რეალიზებული კომერციული ფართები, გადასახადის გადამხდელს 2 წელზე მეტი ვადით ჰქონდა საკუთრებაში და ამასთან, მოცემული ფართები, მათ რეალიზაციამდე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, არ ყოფილა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული.

ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს კომერციული ფართების/სარდაფის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი და თუ არ დადასტურდება რეალიზაციამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მათი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, აღნიშნულის საფუძვლით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ --------------ის (ს/ნ --------------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ 2020-2021 წლებში რეალიზებული საცხოვრებელი ბინების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს კომერციული ფართების/სარდაფის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი და თუ არ დადასტურდება რეალიზაციამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მათი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, აღნიშნულის საფუძვლით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ეთანხმება სარდაფის და კომერციული ფართის დღგ-ით დაბეგვრას, მაგრამ არ ეთანხმება საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას.ასევე, არ ეთანხმება რეალიზებული კომერციული ფართების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13144 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №24731 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №081-170 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 197 432 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 121 625 ლარი, ჯარიმა 40 709 ლარი და საურავი 35 098 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ მომჩივანმა ააშენა საცხოვრებელი კორპუსი. აქედან მის საკუთრებაში გადასული სამი კომერციული ფართი და ოთხი ბინა გაყიდა 2020-2021 წლებში. აღნიშნული პირი არაა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან,გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ 2020-2021 წლებში რეალიზებული საცხოვრებელი ბინების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

ასევე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს კომერციული ფართების/სარდაფის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი და თუ არ დადასტურდება რეალიზაციამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მათი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, აღნიშნულის საფუძვლით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82(1 „ვ.გ“); 157(1.7); 158(1.2 და მე-3); 159(1 „ა“); 160( „ა“); 161(1 „ა.ა“.8); 163(1.6 „ბ“); 269(7);