ბრძანება N 5077
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5077
16.03.2023
შპს „------------“ (ს/ნ ------------)
(მის.: ------------)
2023 წლის 22 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა შპს „------------" (ს/ნ------------) 2023 წლის 22 იანვრის №78315/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 დეკემბრის № 001-230 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია: გადამხდელი ითხოვს საზღვარგარეთ ტვირთების გადაზიდვისას გახარჯული საწვავის, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯებში გათვალისწინებას და შესაბამისად დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ოქტომბრის №26486 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „ ------------“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე, 2022 წლის 7 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 12 დეკემბრის №31242 ბრძანება და ამავე თარიღის №001-230 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 391 695 ლარი, მათ შორის, გადასახადი 131 762 ლარი, ჯარიმა 130 642 ლარი, საურავი 129 291 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა გადაზიდვების მომსახურება. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელის საკუთრებაშია სამი სატვირთო მანქანა და სამი მისაბმელი, რომელიც რეალიზებულია პერიოდის ბოლოს. გადაზიდვების ძირითადი ნაწილი განხორციელებულია რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით. გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, ვერ მოხერხდა დირექტორთან დაკავშირება, ამასთან არ ფიქსირდება საზღვრის კვეთა და არც რაიმე სხვა დოკუმენტური მტკიცებულება ან არსებითი მიზეზი, რაც გამოიწვევდა მის არაკონტაქტურობას შემოწმების მიმართ. გადამხდელი დაჯარიმებულია ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო. გადამხდელის მიერ, კერძოდ ყოფილი დამფუძნებელიდირექტორის და ბუღალტრის მიერ მოწოდებულია საქმიანობის პროცესში გამოწერილი ინვოისების მცირე ნაწილი და საბანკო ამონაწერები არასრულად (17.06.2019 - 16.06.2020 წლები). შემოწმებით დგინდება, რომ 2022 წლის 19 ივლისს შპს „ ------------“ (ს/ნ ------------) 100%-იანი წილის მესაკუთრემ და დირექტორმა ------------ 100%-იანი წილი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ----------. ეს ყოველივე დასტურდება, საჯარო რეესტრის 2022 წლის 19 ივლისს წარდგენილი ბ22090100 განცხადებით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შემდგომ დგინდება, რომ კომპანიის მიერ, 2020 წლის ოქტომბრის თვეში განაწილებულია დივიდენდი 85 000 ლარის ოდენობით, ასევე დივიდენდი განაწილებულია 2022 წლის ივლისის თვეში 1 250 000 ლარი, აღნიშნული ოპერაციები ასევე დაბეგრილია წყაროსთან და ასახულია საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თვის დეკლარაციებში (რის გამოც შპს „------------“ (ს/ნ ------------) წარმოეშვა დავალიანება ბიუჯეტის მიმართ 380 797 ლარის ოდენობით).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით. შესწავლილ იქნა გადამხდელის კუთვნილი სატვირთო ავტომობილების საზღვრის კვეთების შესახებ ინფორმაცია და შემოწმებით, დადგინდა განკარგვადი ფულის ნაშთები პერიოდების მიხედვით, არსებული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად შესაბამის პერიოდებში, სესხის საბაზრო პროცენტად მიჩნეულ იქნა 20% (საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად). გაცემული სესხის თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. შემოწმებით გაანგარიშებული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ჩაითვალა დაქირავებული პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საკითხის განხილვაზე შემმოწმებელის ზეპირსიტყვიერი განმარტებით და საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებაა, რომ კომპანიის მიერ 2020 წლის ოქტომბრის თვეში განაწილებულია დივიდენდი 85 000 ლარის ოდენობით, ასევე დივიდენდი განაწილებულია 2022 წლის ივლისის თვეში 1 250 000 ლარი, აღნიშნული ოპერაციები ასევე დაბეგრილია წყაროსთან და ასახულია საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თვის დეკლარაციებში (რის გამოც შპს „------------“ (ს/ნ ------------) წარმოეშვა დავალიანება ბიუჯეტის მიმართ 380 797 ლარის ოდენობით). იმის გათვალისწინებით, რომ შპს „------------“ შემოწმების პერიოდში არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, ვერ მოხერხდა დირექტორთან დაკავშირება და შესაბამისად არ წარუდგენია შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტური მტკიცებულებები/ინფორმაცია, შეუძლებელი იყო იმის დადგენა თუ რა ფულადი სახსრებიდან მოხდა დივიდენდების გაცემა. აუდიტორმა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნული თანხები მიჩნეულ იქნა განკარგვად ფულის ნაშთად პერიოდების მიხედვით, შესაბამისად დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში არ იქნა წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ და ვინაიდან არსებული ინფორმაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. შპს „ ------------“ (ს/ნ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს საზღვარგარეთ ტვირთების გადაზიდვისას გახარჯული საწვავის, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯებში გათვალისწინებას და შესაბამისად დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა გადაზიდვების მომსახურება. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელის საკუთრებაშია სამი სატვირთო მანქანა და სამი მისაბმელი, რომელიც რეალიზებულია პერიოდის ბოლოს. შემოწმებით დგინდება, რომ 2022 წლის 19 ივლისს მომჩივანმა 100%-იანი წილის მესაკუთრემ და დირექტორმა 100%-იანი წილი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა სხვა ფიზიკურ პირს.
იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა არასრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ გადახდილად ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა არსებული ხარჯი, ხოლო გაცემულ დივიდენდები გადაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9); 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 101(2„ბ“); 154(1„ა“);