მომსახურების გაწევასა და ანაზღაურების თანხას შორის პირდაპირი კავშირი

ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) გადაწყვეტილება 03.03.1994
№ დოკუმენტი C-16/93
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

#assignedTableId-1674195586150 {width: 482.95pt; border: none; margin-left: 6.75pt; margin-right: 6.75pt; margin: 0 auto !important; }წევრი სახელმწიფო

ნიდერლანდები

საქმის ნომერი

C-16/93

მხარეები

R. J. Tolsma v. Inspecteur der OmzetbelastingLeeuwarden

თარიღი

03/03/1994

სამართლებრივი საფუძველი

1977 წლის 17 მაისის დღგ-ის მე-6 დირექტივის მე-2მუხლის 1-ლი ნაწილი (2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის„გ“ ქვეპუნქტი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმები

159-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

მომსახურების გაწევასა და ანაზღაურების თანხას შორის პირდაპირი კავშირი

ფაქტობრივი გარემოება

R. J. Tolsma (შემდგომში ფიზიკური პირი) ჰოლანდიაში, საზოგადოებრივ გზატკეცილზე უკრავს მუსიკალურ საკრავზე და იღებს შემოწირულობას.

საგადასახადო შემოწმებით, გამვლელების მიერ მუსიკოსისთვის გადახდილი თანხები ჩაითვალა მუსიკოსის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ფიზიკური პირი არ დაეთანხმა დარიცხვას და გაასაჩივრა ეროვნულ სასამართლოში. მისი განმარტებით, გზატკეცილზე მუსიკალური შესრულებისთვის გამვლელებისგან მიღებული გასამრჯელო არ ითვალისწინებს რაიმე სახის ვალდებულებას, გამვლელები თავიანთი ნებით წყვეტენ შემოწირული თანხის ოდენობას და ამდენად, აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად.

დავის გადაწყვეტის მიზნით, ეროვნულმა სასამართლომ მიმართა ევროპის სასამართლოს.

დასმული კითხვები

1.საზოგადოებრივ გზატკეცილზე მუსიკალური შესრულება ჩაითვლება თუ არა ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების საფასური წინასწარ არ არის განსაზღვრული, თუმცა საბოლოოდ ანაზღაურება მაინც ხორციელდება?

2.არის თუ არა რელევანტური ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა დადგენილი არ არის და მისი განსაზღვრა შეუძლებელია, ანაზღაურება ფაქტობრივად მოთხოვნილია და მოსალოდნელიც არის რომ იქნება გადახდილი?

სასამართლოს გადაწყვეტილება

2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

როგორც სასამართლომ C230/87-ის საქმეზე (Naturally Yours Cosmetics) დაადგინა, მომსახურების გაწევის შემთხვევაში გადასახადის დასარიცხ ბაზას წარმოადგენს ყველაფერი, რისგანაც შედგება აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება, შესაბამისად, გაწეული მომსახურება დასაბეგრია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირდაპირი კავშირი გაწეულ მომსახურებასა და მიღებულ ანაზღაურებას შორის.

დირექტივის მე-2 მუხლის მიზნებისთვის, მომსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება ანაზღაურების სანაცვლოდ გაწეულად, როდესაც მომსახურების მომწოდებელსა და მიმღებს შორის არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა, რომლითაც დადგენილია შესაბამისი ანაზღაურება.

მოცემულ ფაქტობრივ გარემოებაში, ადგილი არა აქვს მხარეებს შორის რაიმე სახის შეთანხმების არსებობას, გამვლელები თავიანთი გადაწყვეტილების შესაბამისად გასცემენ შემოწირულობას. მეორეს მხრივ, არ არსებობს კავშირი გაწეულ მომსახურებას (მუსიკის შესრულება) და სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებას შორის. გამვლელების მიერ გაღებული შემოწირულობა მუსიკალური შესრულების ხარისხზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ იმ შეგრძნებებსა და ემოციებზე, რომლებსაც ისინი ამ მუსიკისგან იღებენ. ამიტომაც, გამვლელთა ნაწილი გარკვეულ თანხას იხდის, ნაწილი კი საერთოდ არ გაიღებს შემოწირულობას. პრაქტიკულად, მიღებული ანაზღაურების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

ამდენად, ევროპის სასამართლომ დირექტივის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად მიიჩნია, რომ საზოგადოებრივ გზატკეცილზე მუსიკის შესრულება არ წარმოადგენს ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ანაზღაურება მოთხოვნილია და მისი მიღება მოსალოდნელია.