ბრძანება N 15830

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.07.2023
№ დოკუმენტი 15830
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15830

04 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 7 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 7 თებერვლის №21528/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №006-694 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირზე გადახდილი თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემოწმების აქტში მითითებულია, რომ აუდიტის დეპარტამენტი ტრანზაქციის კვალიფიკაციის განსაზღვრისას დაეყრდნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციას, თუმცა დაუდგენელია თუ რა სახის ინფორმაციაზეა საუბარი მაშინ, როცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს არც საჩივრის ავტორი კომპანიისაგან და არც მომწოდებელი არარეზიდენტი კომპანიებისგან არ მიუღია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა შპს „-------"-ის მიერ გადახდილი თანხების კვალიფიკაციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 ივლისის №21682 და 2021 წლის 16 სექტემბრის №29026 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი მაისიდან 2021 წლის პირველი ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ამავე თარიღის №33761 ბრძანება და №006–694 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 459 822 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 906 500 ლარი, ჯარიმა 958 580 ლარი და საურავი 594 742 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მობილური ტელეფონების შეძენა და რეალიზაცია. საწარმოს იჯარით აქვს აღებული ორი მაღაზია ქალაქ ------- და -------. საწარმო შეძენებს ახორციელებს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის საშუალებით არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს არარეზიდენტი კომპანიისგან ------- იმპორტის საშუალებით შემოტანილი აქვს მობილური ტელეფონები და ღირებულებას იხდის უნაღდო ანგარიშსწორებით. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ზედმეტად გადარიცხული აქვს 10 590 723 ლარი (ექვივალენტი დოლარის). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2020 წლის მაისიდან 2021 წლის ივლისამდე საანგარიშო პერიოდში ზემოაღნიშნული თანხა საწარმოს მიერ გადარიცხული იყო ავანსად, არარეზიდენტი მომწოდებელი კომპანიის ანგარიშზე. შემოწმებით განისაზღვრა საწარმოს მიერ ავანსად გადახდილი თანხა პერიოდების მიხედვით. „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ 2016 წლის 29 დეკემბრის №615 საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, არაბეთის გაერთიანებული საემიროები წარმოადგენს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საწარმოს მიერ არარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილი ავანსის თანხა დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდესის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) ავანსის გადახდა.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები, რომლის/რომელთა საგადასახადო კანონმდებლობით:

ა) იურიდიული პირი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან;

ბ) იურიდიული პირის მიერ მიღებულ ან/და განაწილებულ მოგებაზე დაწესებული არ არის მოგების გადასახადი ან მოგების გადასახადის განაკვეთი საქართველოში არსებული მოგების გადასახადის განაკვეთის 1/3-ს არ აღემატება.

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, იმ ქვეყნების ან/და ქვეყნების ცალკეული ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლებიც ამ კოდექსის მიზნებისათვის შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება, ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

,,შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №515 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცებულია შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი. დადგენილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებია არაბთა გაერთიანებული საემიროები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს არარეზიდენტი კომპანიისგან იმპორტის საშუალებით შემოტანილი ჰქონდა მობილური ტელეფონები და ღირებულებას იხდიდა უნაღდო ანგარიშსწორებით, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ზედმეტად უფიქსირდებოდა 10 590 723 ლარის გადარიცხვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2020 წლის მაისიდან 2021 წლის ივლისამდე საანგარიშო პერიოდში ზემოაღნიშნული თანხა საწარმოს გადარიცხული ჰქონდა ავანსად არარეზიდენტი მომწოდებელი კომპანიის ანგარიშზე.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში გადარიცხული ავანსის თანხა მართლზომიერად იქნა დაბეგრილი მოგების გადასახადით. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირზე გადახდილი თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მობილური ტელეფონების შეძენა და რეალიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის საშუალებით არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ არარეზიდენტი მომწოდებელი კომპანიის ანგარიშზე გადარიცხული იყო თანხა ავანსად,. არაბეთის გაერთიანებული საემიროები წარმოადგენს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, საწარმოს მიერ არარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილი ავანსის თანხა დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982; 275

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №515 დადგენილება, მუხლი 1