ბრძანება N 24667

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.11.2025
№ დოკუმენტი 24667
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24667

07 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ქ. ---) 2025 წლის 10 სექტემბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 10 სექტემბრის №142036/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აგვისტოს №001- 187 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიებისათვის გადახდილი თანხების დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანია არარეზიდენტ პირებს უწევდა საორგანიზაცო მომსახურებას, კერძოდ, დამკვეთის სახელით და მის სასარგებლოდ აორგანიზებდა ამ პირის მიერ შეძენილი საქონლის/მომსახურების კლიენტისათვის მიწოდებას. გადამხდელი აღნიშნავს, რომ თანხები ერიცხებოდათ დამკვეთის კლიენტისაგან, საიდანაც მათ მხოლოდ მომსახურების საკომისიო რჩებოდათ და ადგილი არ ჰქონია არარეზიდენტისაგან მომსახურების მიღებას.

ამასთან, მომჩივანი განმარტავს, რომ თუ უკუდაბეგვრის დღგ იქნებოდა დარიცხული, უნდა მომხდარიყო მისი დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებაც. აგრეთვე, თუ ოპერაცია არარეზიდენტისაგან მიღებულ მომსახურებად განიხილებოდა, საწარმო არ უნდა ჩათვლილიყო საგადასახადო აგენტად, რადგან კომპანია არის თიზ-ის საწარმო. აცხადებს, რომ განსახილველი შემთხვევა არ ექცევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის რეგულირებაში და შესაბამისად, არ არის საქართველოში დასაბეგრი.

ამასთან, მიუთითებს, რომ ხელახალი შემოწმების ფარგლებში არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ამონაწერები აქვს საგადასახადო ორგანოს მიღებული, შესაძლებელია თანხები ჩარიცხულია იმ პირებისთვის, რომლებზეც უკვე წარდგენილი ჰქონდათ რეზიდენტობის ცნობები. ასევე, მომჩივნისათვის გაუგებარია რაზე დაყრდნობით დაადგინა შემოწმებამ, რომ თანხის მიმღები პირები არიან ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებულები.

2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას. უკუდაბეგვრის წესით დარიცხულ დღგ-სთან დაკავშირებით აცხადებს, რომ განსაკუთრებით მოცემულ ნაწილში, კომპანიის შეცდომას წარმოადგენდა მხოლოდ ის, რომ იგი არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ვინაიდან აღნიშნულის ვალდებულება არც გააჩნდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 ივლისის №16777 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 11 აგვისტოს №18055 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-187 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 6 104 030 ლარი, მათ შორის გადასახადი 3 516 677 ლარი, ჯარიმა 991 063 ლარი და საურავი 1 596 288 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აპრილის №7149 ბრძანების შესაბამისად ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა სრულყოფილად წარმოდგენილი ქართული და უცხოური ბანკების ანგარიშებიდან ამონაწერები, რაც აუცილებელი იყო შესამოწმებელი პერიოდის სამეურნეო ოპერაციების და საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად შეფასებისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შვეიცარიის კონფედერაციის შესაბამისი უწყებიდან შპს „---ს“ (ს/ნ ---) კუთვნილი საბანკო ანგარიშის ამონაწერების გამოთხოვა. შვეიცარიის კონფედერაციის შესაბამისი ორგანოდან მიღებული მასალების შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ ჰქონდა წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები. 2023 წლის იანვარსა და თებერვალში განხორციელებული იყო ტრანზაქციები, როგორც ევროს, ასევე დოლარის ანგარიშებზე. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არ არის განსაზღვრული თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის გასაწევი მომსახურების სახეები და შესაბამისად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი, თიზ-ის საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა არ იქნა განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად. ამასთან, შემოწმების პროცესში მინდობილმა პირმა განაცხადა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, ინვოისები და ა.შ.) იყო კონფიდენციალური ხასიათის და არ იქნა წარმოდგენილი შემოწმებისათვის, რის გამოც გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სრულყოფილად შესწავლა ვერ მოხერხდა. კომპანიამ ვერ წარმოადგინა იმ პირთა რეზიდენტობის ცნობებიც, ვისზეც გადახდილი იყო თანხები, აქედან გამომდინარე შემოწმებისათვის უცნობია რომელი ქვეყნის რეზიდენტებს წარმოადგენდნენ თანხის მიმღები პირები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომპანიის მიერ მიღებული მომსახურების ღირებულება დაიბეგრა დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით. გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 65-ე მუხლის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო (შემდგომ − თიზ-ის საწარმო) არის „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საწარმოთა რეგისტრაციის ნორმების შესაბამისად. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საქმიანობისა.

ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს საბაჟო კოდექსით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის (გარდა საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისა) გასაწევი მომსახურების სახეები, რომელიც გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ჩაითვლება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებულ ნებადართულ საქმიანობად.

ამავე კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით იბეგრება, საგადასახადო აგენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა დასაბეგრი პირის მიერ, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში, ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ამ მომსახურების გაწევაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღები არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არის დასაბეგრი პირი.

ამასთანავე, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების მიმღების ფიქსირებული დაწესებულებისთვის, რომელიც არ მდებარეობს იქ, სადაც მომსახურების მიმღებია დაფუძნებული, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ფიქსირებული დაწესებულების მდებარეობის ადგილი. დაფუძნების ადგილის ან ფიქსირებული დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღებს აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:

ბ) პროცენტები – ამ კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით;

ბ 1) როიალტი – 5 პროცენტით;

ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით;

ამავე მუხლის 1¹ ნაწილის მიხედვით შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ „ბ¹“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:

ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის მიერ არ არის განსაზღვრული თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის გასაწევი მომსახურების სახეები და შესაბამისად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი, თიზ-ის საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა არ იქნა განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად. აგრეთვე, შემოწმების პროცესში მინდობილმა პირმა განაცხადა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, ინვოისები და ა.შ.) იყო კონფიდენციალური ხასიათის და არ იქნა წარდგენილი შემოწმებისათვის, რის გამოც გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სრულყოფილად შესწავლა ვერ მოხერხდა.

აგრეთვე, ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა სრულყოფილად წარმოდგენილი ქართული და უცხოური ბანკების ანგარიშებიდან ამონაწერები, შემოწმებამ მიზანშეწონილად მიიჩნია შვეიცარიის კონფედერაციის შესაბამისი უწყებიდან გამოეთხოვა შპს „---ის“ კუთვნილი საბანკო ანგარიშის ამონაწერები.

შვეიცარიის კონფედერაციის შესაბამისი ორგანოდან მიღებული მასალების შესწავლით დადგინდა, რომ 2023 წლის იანვარსა და თებერვალში განხორციელებული იყო ტრანზაქციები, როგორც ევროს, ასევე დოლარის ანგარიშებზე. ამასთან, კომპანიამ ვერ წარმოადგინა იმ პირთა რეზიდენტობის ცნობებიც, ვისზეც გადახდილი იყო თანხები და შემოწმებისათვის უცნობია თუ რომელი ქვეყნის რეზიდენტებს წარმოადგენდნენ ისინი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „---ის“ მიერ არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).

კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიებისათვის გადახდილი თანხების დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას. უკუდაბეგვრის წესით დარიცხულ დღგ-სთან დაკავშირებით აცხადებს, რომ განსაკუთრებით მოცემულ ნაწილში, კომპანიის შეცდომას წარმოადგენდა მხოლოდ ის, რომ იგი არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ვინაიდან აღნიშნულის ვალდებულება არც გააჩნდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებების თანახმად, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის მიერ არ არის განსაზღვრული თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის გასაწევი მომსახურების სახეები და შესაბამისად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი, თიზ-ის საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა არ იქნა განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად. აგრეთვე, შემოწმების პროცესში მინდობილმა პირმა განაცხადა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, ინვოისები და ა.შ.) იყო კონფიდენციალური ხასიათის და არ იქნა წარდგენილი შემოწმებისათვის, რის გამოც გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სრულყოფილად შესწავლა ვერ მოხერხდა.

აგრეთვე, ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა სრულყოფილად წარმოდგენილი ქართული და უცხოური ბანკების ანგარიშებიდან ამონაწერები, შემოწმებამ მიზანშეწონილად მიიჩნია შვეიცარიის კონფედერაციის შესაბამისი უწყებიდან გამოეთხოვა გადამხდელის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ამონაწერები.

შვეიცარიის კონფედერაციის შესაბამისი ორგანოდან მიღებული მასალების შესწავლით დადგინდა, რომ 2023 წლის იანვარსა და თებერვალში განხორციელებული იყო ტრანზაქციები, როგორც ევროს, ასევე დოლარის ანგარიშებზე. ამასთან, კომპანიამ ვერ წარმოადგინა იმ პირთა რეზიდენტობის ცნობებიც, ვისზეც გადახდილი იყო თანხები და შემოწმებისათვის უცნობია თუ რომელი ქვეყნის რეზიდენტებს წარმოადგენდნენ ისინი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 25; 99 (1,ნ); 161 (1); 162 1; 134 (1); 131; 154 (1); 269 (7).