გადაწყვეტილება №94767/1/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№94767/1/2025
21 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 26.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №------/1/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის დღიდან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლაში გათვალისწინება;
3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის ოდენობა და აღნიშნული დანაკლისის მიწოდებად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №023-25 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3451 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 235 870,83 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 123 529
დღგ - 62 217
მოგების გადასახადი - 45 336
საშემოსავლო გადასახადი - 15 976
ჯარიმა - 91 322
საურავი - 21 019,83
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საყოფაცხოვრებო პროდუქციით საბითუმო ვაჭრობა, კერძოდ, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საავეჯე მასალისგან ავეჯის დამზადება რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 18.08.2014 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 23.03.2024 წელს.
აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.05.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №023-25 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3451 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ არ აწარმოებს ბუღალტერიას. არ აქვს დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებზე ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებისა და ფასნამატის (55.67%) გათვალისწინებით დადგინდა 2021 წლის საწყისი ნაშთი 25 814 ლარი. დამუშავდა 2021 წლის საანგარიშო პერიოდი, გაანგარიშდა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლისა და შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის ღირებულების გათვალისწინებით შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №2219 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 55.67%.
შედეგად, მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 12.04.2021 წელს. შესაბამისად, გაანგარიშდა საწარმოს 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.
ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაცია შპს „-------“-ის დებიტორ-კრედიტორების შესახებ, გადამხდელის მიერ დეკლარირებული ხელფასის ოდენობა (1 560 ლარი), დოკუმენტური ხარჯების ღირებულება და პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება) მიხედვით საკასო შემოსავლად ჩაითვალა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავლის გათვალისწინებით გაანგარიშდა სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი.
გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ინფორმაცია, რომ მის მიერ გაცემულია სესხი სალაროდან 110 500 ლარის ოდენობით ურთიერთდამოკიდებულ კომპანია შპს „------“-ზე (კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი არის შპს „------“-ის დირექტორისა და დამფუძნებლის მეუღლე), 17.12.2023 წელს. შემოწმებით, აღნიშნული სესხის გაცემა ვერ დგინდება, ვინაიდან აღნიშნული ოდენობის თანხის საწარმოში არსებობა არ დასტურდება. ასევე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „-----"-დან აღნიშნული სესხის მიზნობრიობაზე და თანხის გახარჯვასთან დაკავშირებით. კომპანიის განმარტებით, მიღებული სესხის თანხა დაიხარჯა სარემონტო სამუშაოებისთვის და ინვენტარის შესაძენად, თუმცა აღნიშნული მიზეზით გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება. გადამხდელის მიერ აღნიშნული განმარტების გარდა რაიმე სახის დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, აღნიშნული სესხის თანხა არ იქნა გათვალისწინებული ხარჯის ნაწილში, ისევე, როგორც გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სალაროში ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებით. გადამხდელს 2021- 2023 წლებში არ უფიქსირდება სახელფასო განაცემები გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში.
შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის ოდენობამ შეადგინა 63 906 ლარი. სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე და 154-ე მუხლებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილი გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობისას გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. იგივე მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებები. ანალოგიური პრინციპით განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. საწარმო საბუღალტრო აღრიცხვას ახორციელებს ორისის პროგრამით და შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა მათ მიერ მოთხოვნილი ყველა სახის დოკუმენტაცია.
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულ გაანგარიშების შედეგებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებათა გამო.
1. ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გამოყენება - ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი 55,7% გავრცელდა მთელ შესამოწმებელ პერიოდზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია. აღნიშნული ინვენტარიზაციის შედეგები გასაჩივრებულია. ინვენტარიზაციის შედეგებს არ ეთანხმება, ვინაიდან საზოგადოების ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს საავეჯე მასალას და ამზადებს ავეჯს, საკუთარი მუშა ხელის მეშვეობით. საწარმოს წარმოების პროცესში დასაქმებული ჰყავს 4 ხელოსანი, ყოველი შეკვეთის მიღებისას ითვლიან კონკრეტული მასალის რაოდენობას, მომწოდებელიდან იძენს მასალას, საწარმოში ხდება მასალის შესაბამის ზომაზე დაჭრა, ზედაპირების დამუშავება და შემდგომ შესაბამისი ავეჯის აწყობას. გაურკვეველია საიდან და როგორ დადგინდა ფასნამატი, როდესაც საზოგადოება არ ყიდის მასალას, ყიდის მხოლოდ მზა პროდუქციას, ხოლო მზა პროდუქციის საბაზრო ფასის შეპირისპირება უნდა მომხდარიყო ამ პროდუქციის წარმოების თვითღირებულებასთან (კალკულაციით, საწარმოო დანახარჯებით, კომუნალურები, ხელფასი, მასალა და ა. შ. ).
2. დღგ-ის გაანგარიშება - არ ეთანხმება დღგ-ის გაანგარიშებას აღნიშნული ფასნამატით, ასევე, შემოსავლების გაანგარიშების დროს არ არის გათვალისწინებული შესამოწმებელი პერიოდისათვის საზოგადოებაში არსებული სასაქონლო ნაშთი 135 420 ლარი (დღგ-ს გარეშე). რომელიც ასევე აღნიშნული ფასნამატით ჩაითვალა რეალიზებულად და არასამართლიანად გაიზარდა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი, და დღგ-ით დასაბეგრი ბაზა.
დირექტორის ხელფასად განაცემის დაბეგვრა - სალაროში ნაღდი ფული გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული საზოგადოების მიერ შესამოწმებელ პერიოდში სხვა იურიდიულ პირზე გაცემული სესხი, რომელზეც წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტები, იმ მიზეზით რომ სესხის მიმღებთან არ ჩანდა სესხით მიღებული თანხის გამოყენება, აღნიშნულზე შეუძლია მტკიცებულებები(დოკუმენტების სახით), რომ სესხის მიმღებმა ეს თანხა ნამდვილად გამოიყენა ეკონომიკურ საქმიანობაში(შეძენილი აქვს ინვენტარი, გაარემონტა ფართი). შემოწმებას ასევე არ გაუთვალისწინებია დამფუძნებლის შენატანი საზოგადოებაში სესხის სახით, რომელიც დამფუძნებელს შეტანილი აქვს მარაგების შესაძენად და გატანილი არ აქვს, და არის აღიარებული კრედიტორულ დავალიანებად. შესაბამისად არაგონივრული ნაშთი არ უნდა დაიბეგროს ხელფასად და უნდა ჩაითვალოს დამფუძნებელზე სესხის დაბრუნებად. ნაღდი ფულია გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული ყველა ხარჯი, რომელიც საზოგადოებამ გასწია ეკონომიკური საქმიანობისთვის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტერიას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №2219 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 32 576.21 ლარის აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და ასევე, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 194 734.69 ლარის ოდენობით, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ინვენტარიზაციის ფასნამატი 55.67% (აღნიშნული ფასნამატი გასაჩივრებული იყო შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, სადაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა)) - 303 148 ლარის ოდენობით.
მომჩივანი კატეგორიულად არ ეთანხმება ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატს. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით კი ინვენტარიზაციის შედეგები მომჩივნის მიერ გასაჩივრებული იყო შემოსავლების სამსახურში და აღნიშნული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ სალაროში ნაღდი ფული გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული საზოგადოების მიერ შესამოწმებელ პერიოდში სხვა იურიდიულ პირზე გაცემული სესხი მოპასუხემ განმარტა შემდეგი:
შპს „------“-ს მიერ სესხის გაცემა სალაროდან 110 500 ლარის ოდენობით ურთიერთდამოკიდებულ კომპანია შპს „------“-ზე ვერ დადგინდა. გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია აღნიშნული სესხის მიზნობრიობაზე და თანხის გახარჯვასთან დაკავშირებით. კომპანიის განმარტებით მიღებული სესხის თანხა დაიხარჯა სარემონტო სამუშაოებისთვის და ინვენტარის შესაძენად, თუმცა, აღნიშნული მიზეზით გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არ ფიქსირდება. მომჩივნის მიერ არც დავის წარმოების ეტაპზე არ არის წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებები სესხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ წარუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის დღიდან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლაში გათვალისწინება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს არ აქვს დღგ-ის ჩათვლა მიღებული შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრ რეალიზებულ საქონელზე. გადამხდელმა შემოწმების პროცესში მომწოდებლებს გამოაწერინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაზეც მოითხოვა ჩათვლა. საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დაზუსტდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის ჩათვლების ოდენობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 12.04.2021 წელს, მოხდა დღგ-ის გადამხდელად დადგომის ვალდებულების დღიდან გამოწერილი ანგარიშფაქტურების ჩათვლა. შემოწმების დასრულებამდე მომწოდებლების მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურების ჩათვლაც, მაგრამ რამდენიმე ანგარის-ფაქტურის ჩათვლა არის გამორჩენილი, ასევე რეგისტრაციის პერიოდისათვის არსებულ ნაშთზე არ მომხდარა ან/ფაქტურების ჩათვლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს ინვენტარიზაციის შედეგად გამოუვლინდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 194 734.69 ლარის, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ინვენტარიზაციის ფასნამატი 55.67%) - 303 148 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც საანგარიშო პერიოდში დაერიცხა დღგ. აღნიშნულ საქონელზე გადამხდელს არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. ასევე, გადამხდელს არ აქვს დღგ-ის ჩათვლა მიღებული შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრ რეალიზებულ საქონელზე. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში მომწოდებლებს გამოაწერინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაზეც მოითხოვა ჩათვლა. შედეგად, შემოწმებით დაზუსტდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის ჩათვლების ოდენობა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ რამდენიმე ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლა არის გამორჩენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დღგ-ის რეგისტრაციის პერიოდისთვის არსებულ ნაშთზე მოხდა ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლა. ასევე გადამხდელმა შემოწმების პროცესში მომწოდებლებს გამოაწერინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაზეც მოითხოვა ჩათვლა. შესაბამისად, შემოწმებით მოხდა მომწოდებლების მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურების ჩათვლაც.
მომჩივანს დავის წარმოების ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები, კონკრეტულად რომელი ანგარიშ-ფაქტურები არის გამორჩენილი. ამასთან, არც საჩივარში არ უთითებს ანგარიშ-ფაქტურებს მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის ოდენობა და აღნიშნული დანაკლისის მიწოდებად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №2219 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 32 576.21 ლარის აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და ასევე სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 194 734.69 ლარის, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ინვენტარიზაციის ფასნამატი 55.67%) - 303 148 ლარის ოდენობით. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა მარტის თვის მოგების გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში არ ასახა ინვენტარიზაციის მიერ გამოვლენილი სმფების დანაკლისი, დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ 96-ე 97-ე, 983 მუხლებსა და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
ინვენტარიზაციის აქტით ირკვევა, რომ ასეთი შეპირისპირება და მზა პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში არ მომხდარა. ინვენტარიზაციით აღმოჩენილია აღურიცხავი სასაქონლო-მარაგები, რაც რეალურად არის საწარმოში წარმოებული მზა პროდუქცია, ხოლო ამ მზა პროდუქციის წარმოებაზე გაწეული მასალების დანახარჯები ინვენტარიზაციის შედეგად ჩათვალეს დანაკლისად. ამრიგად, ინვენტარიზაციის აქტში ასახული აღურიცხავი საქონელი არის საწარმოში წარმოებული პროდუქცია, რომელიც დამზადებულია საწარმოს მიერ ზედნადებით შეძენილი მასალებისგან. რადგანაც ინვენტარიზაციით გაანგარიშებული დანაკლისი არ შეესაბამება რეალობას, საზოგადოებას მისი დეკლარირება არ მოუხდენია. ჩვენ ვითხოვთ ფასნამატის გაანგარიშება მოხდეს ჩვენს მიერ წარმოდგენილი კალკულაციების მიხედვით. შემოწმების პერიოდშიც რომ მომხდარიყო რეალიზებული ავეჯის თვითღირებულების გაანგარიშება ფასნამატი რეალურად იქნებოდა მნიშვნელოვნად განსხვავებული(ჩვენი გაანგარიშებით ფასნამატი შეადგენს 20-22%-ს. ) დანაკლისი განხილული იქნა უსასყიდლო მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით. რომელიც სწორად გაანგარიშებული ფასნამატის შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება, ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №2219 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 32 576.21 ლარის აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და ასევე, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 194 734.69 ლარის, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ინვენტარიზაციის ფასნამატი 55.67%) - 303 148 ლარის ოდენობით. ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილია ოქმები. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანაკლისი საწარმოს მიერ არ იყო დაბეგრილი და დეკლარირებული შესაბამის პერიოდში. შედეგად, დანაკლისი დაიბეგრა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით.
მომჩივანი განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგები არარეალური იყო, შესაბამისად, არ მოუხდენია დანაკლისის დაბეგვრა. შემოწმებით, დანაკლისი დაიბეგრა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით. აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ ინვენტარიზაციის შედეგები მომჩივნის მიერ გასაჩივრებული იყო შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში და საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტი დაეყრდნო ინვენტარიზაციის შედეგებს და შესაბამისად მოხდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის დღიდან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლაში გათვალისწინება;
3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის ოდენობა და აღნიშნული დანაკლისის მიწოდებად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13540 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №27444 ბრძანება და №023-25 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 235 871 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ არ აწარმოებს ბუღალტერიას. არ აქვს დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებზე ინფორმაცია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, 12 უწყვეტი თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივანს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2021 წლის 12 აპრილს.შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 1601 , 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გაანგარდა საწარმოს 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.
ასევე, შემოწმებით, ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაცია მომჩივანის დებიტორკრედიტორის შესახებ, გადამხდელის მიერ დეკლარირებული ხელფასის ოდენობა (1 560 ლარი), დოკუმენტური ხარჯების ღირებულება, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება) შესაბამისად საკასო შემოსავლად ჩაითვალა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავლის გათვალისწინებით შესწავლილ იქნა სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი.
შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის ოდენობამ შეადგინა 63 906 ლარი. სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე,73-ე,101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან,ინვენტარიზაციის შედეგად გამოუვლინდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 194 734.69 ლარის, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ინვენტარიზაციის ფასნამატი 55.67%) - 303 148 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც საანგარიშო პერიოდში დაერიცხა დღგ. აღნიშნულ საქონელზე გადამხდელს არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. ასევე, გადამხდელს არ აქვს დღგ-ის ჩათვლა მიღებული შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრ რეალიზებულ საქონელზე. გადამხდელმა შემოწმების პროცესში მომწოდებლებს გამოაწერინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაზეც მოითხოვა ჩათვლა.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დაზუსტდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის ჩათვლების ოდენობა.
ასევე,შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №2219 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 32 576.21 ლარის აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და ასევე სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 194 734.69 ლარის, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ინვენტარიზაციის ფასნამატი 55.67%) - 303 148 ლარის ოდენობით. ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილია ოქმები.
ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა მარტის თვის მოგების გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში არ ასახა ინვენტარიზაციის მიერ გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისი, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 983 და 286-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტის №023-25 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში,რომლის №3451 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი სამივე სადავო ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 983(2); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“.3 „ა“); 158(1); 159(1 „ა“ და ,,ბ“); 163(1 და მე-2.3 „დ“); 164(2 „ბ“); 165(1 და მე-2); 174(1); 175(1 „ა“); 176(1„ა“);